რატომ აღელვებს ქართველი საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილს უკრაინის ბედი საქართველოს ბედზე მეტად
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00

მართალია, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ევროკავშირის კომისიამ ჩვენ დაგვადანაშაულა რუსეთის პროვოცირებაში და რუსეთს მხოლოდ იმის გამო უთხრეს საყვედური, რომ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, თუმცა მოგვიანებით, აშშ-ის იმჟამინდელ პრეზიდენტსა და ევროკავშირის იმჟამინდელ ხელისუფლებას საკმაოდ ტკბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ ჯერ – მედვედევთან, შემდეგ – ისევ პუტინთან. ამ ფაქტს საქართველოს იმჟამინდელი პოლიტიკური სპექტრი, რომლებიც ახლა, ძირითადად, ოპოზიციაში არიან, საკმაოდ გაგებით შეხვდნენ და არავის აუგიც არ დასცდენია არც ევროკავშირის და არც აშშ-ის ხელისუფლების მიმართ. მეტიც, საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ევროკომისიის დასკვნაზე, რომ რუსეთის პროვოცირება მოახდინეს. მეორე მხრივ, დღეს ძალიან დიდად განიცდიან ქართული პოლიტიკური სპექტრის იგივე წარმომადგენლები რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობას რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში. ლოგიკურად გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების ნაწილისთვის მისაღებია საქართველოს ოკუპაცია, მაგრამ დაუშვებელი – უკრაინის ოკუპაცია? – ამ თემას დავით ქართველიშვილთან ერთად განვიხილავთ.
– ძალიან უცნაური შთაბეჭდილება იქმნება: რუსეთმა ჩვენი ორი რეგიონი არა მხოლოდ დაიპყრო, აღიარა კიდეც, მაგრამ საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას, დღეს კი, რაკი რუსეთმა უკრაინის რეგიონები დაიპყრო, იგივე ადამიანები მოლაპარაკების ნებისმიერ მცდელობას ღალატს უწოდებენ. უცნაური ლოგიკაა, რბილად რომ ვთქვა.
– დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკაში მთელ მსოფლიოს უწევს ორ ევროპასა და ამერიკასთან საქმის დაჭერა, სადაც ერთი ევროპაც და მეორე ამერიკაც იმ ძალების მძევალია, რომელთა პოლიტიკა აგებულია საკუთარ იდეოლოგიაზე, რომელსაც საქართველოში ვუწოდებთ გლობალური პარტიის იდეოლოგიას, ლიბერალურ ფაშიზმს. ხოლო ამერიკაში კონსერვატიული ძალები კი უწოდებენ „დიფ სთეითს“, მაგრამ, ასეა თუ ისე, „დიფ სთეითის“ გავლენა ამერიკულსა და ევროკავშირის პოლიტიკაზე თვალსაჩინოა და სწორედ ამასთან უწევს გამკლავება საქართველოს, განსაკუთრებით, ბოლო 4 წელიწადში. თუმცა ეს გავლენა არსებობდა 2008 წელსაც, უბრალოდ, ახლა გაძლიერდა, იატაკქვეშეთიდან, კულუარებიდან სააშკარაოზე გამოვიდა, განსაკუთრებით, ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში და ჯერ კიდევ 2008 წელს საქართველოსთან დამოკიდებულებით. გარდა იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმი მთლიანად იმართებოდა „დიფ სთეითის“ მიერ, ჯერ კიდევ 2008 წელს არსებობდნენ დასავლეთში პრაგმატული პოლიტიკოსები, რომლებიც აკვირდებოდნენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მეტ-ნაკლებად ცდილობდნენ პრაგმატული პოლიტიკის ელემენტების შემოტანას, თუნდაც, აშშ-საქართველოს ურთიერთობებში.
– კონკრეტულად ვინ იყვნენ ისინი?
– 2008 წლამდე პრაგმატულ პოლიტიკოსთა მთელი სპექტრი გაკვირვებით და ცოტა შეშინებული უყურებდა სააკაშვილის ხელისუფლების ზედიზედ რამდენიმე საერთაშორისო მნიშვნელობის პოლიტიკურ პროვოკაციას რუსეთისადმი. პირველი ასეთი შემთხვევა იყო 2004 წლის ზაფხულში სამაჩაბლოში განვითარებული მოვლენები, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ცალმხრივად და დემონსტრაციულად დაარღვია დაგომისის შეთანხმება. მეორე პროვოკაციულ ნაბიჯს 2006 წლის 16-17 სექტემბრის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია მოჰყვა, რის თანახმადაც, ეს ქმედება არღვევდა, ასევე, მიზანმიმართულად და დემონსტრაციულად კოდორის ხეობაში მაშინ არსებული ვითარების მარეგულირებელ მოსკოვის ხელშეკრულებას. ამას ეუთოს მხრიდანაც მკვეთრად უარყოფითი რეაგირება მოჰყვა და შესაბამის დოკუმენტში პირდაპირ ჩაიწერა, რომ ეს პროვოკაციული ნაბიჯია, რაც რუსეთს ხელ-ფეხს უხსნის, არ შეასრულოს აფხაზეთის ტერიტორიაზე ადრე მიღწეული შეთანხმებები. აგრეთვე, წაახალისებს სეპარატისტებს უფრო დიდი დოზით ჩაეხუტონ კრემლს და სახალხო დიპლომატიის დონეზე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში გადადგმულ პატარა ნაბიჯებს დაესვას წერტილი.
შემდეგი პროვოკაცია იყო 2006 წელს, როდესაც სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, საქართველომ დააკავა და შემდგომ დააპატიმრა 4 რუსი სამხედრო პირი, რომლებსაც ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. ამ პროვოკაციის არსი ის არის, რომ საქართველოზე გაცილებით ძლიერი სახლემწიფოებიც, რომლებმაც კარგად უწყიან საკუთარ ტერიტორიაზე ამა თუ იმ ქვეყნის ჯაშუშური ქსელის არსებობის შესახებ, საომარი მოქმედებების დროსაც კი იშვიათად დგამენ ისეთ ნაბიჯს, რასაც ჰქვია პოლიტიკური ალიყურის გაწვნა პოლიტიკური ოპონენტისთვის. ამიტომ ეს იყო შოკი მთელი მსოფლიოსთვის, ამ, ასევე, დემონსტრაციულად გადადგმულ ნაბიჯს მოჰყვა პოლიტიკურად და ეკონომიკურად მძიმე შედეგები. რუსეთმა საქართველოს მთელი რიგი სანქციები დაუწესა.
– რაღაც მიზანი ხომ ჰქონდა, თუნდაც, ალიყურის გაწვნა ყოფილიყო?
– 2006 წლის შემოდგომის პროვოკაციას გარკვეული ტესტის როლი უნდა შეესრულებინა, თუ რა რეაქცია ექნებოდა მოსკოვს საქართველოს ამ მკვეთრი და ხისტი ნაბიჯებისადმი, სადამდე შეიძლება, გამწვავებულიყო სიტუაცია და რა მხარდაჭერის იმედი შეიძლება, ჰქონოდა საქართველოს თავისი დასავლელი მოკავშირეებისგან. ეს ყველაფერი ამზადებდა, რაც, როგორც ჩანს, უკვე გარდაუვალი იყო – 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს და 2006-დან 2008 წლამდე ბევრი ჩვენი დასავლელი პარტნიორი მიხვდა, რომ სააკაშვილს რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული.
– სააკაშვილი დამოუკიდებლად მოქმედებდა? მას, რაც უთხრეს, ის ჩაიფიქრა, ეს ნათლად გამოაჩინა უკრაინის მოვლენებმა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის.
– რა თქმა უნდა, თავადაც იმართებოდა „დიფ სთეითის“ მიერ, რასაც დასავლელი პრაგმატული პოლიტიკოსებიც ხვდებოდნენ და ბევრი ჩვენი მართლაც მეგობარი და გულშემატკივარი პოლიტიკოსი დასავლეთში ცდილობდა, გაეფრთხილებინა სააკაშვილი, რომ არ ჩაედინა რუსეთის მაპროვოცირებელი ქმედებები, არ გაეკეთებინა რუსეთის მაპროვოცირებელი განცხადებები. კარელ დე გიუხტმა, ბელგიის იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა პრეზიდენტმა, არაერთგზის მოუწოდა სააკაშვილს, შეერბილებინა აგრესიული რიტორიკა და არ მიეცა რუსეთისთვის საბაბი, ეს რიტორიკა პროვოკაციად აღექვა. ესტონეთმაც კი, 2006 წლის თავის რეზოლუციაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ, დაგმო რუსეთის ხისტი პასუხი, საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია და საქართველოსადმი გამოცხადებული სანქციები, მაგრამ იმავე რეზოლუციით მოუწოდებდა სააკაშვილს, რომ შეერბილებინა აგრესიული რიტორიკა და არ დასდგომოდა პროვოკაციის გზას.
საერთაშორისო საკითხების ევროკომისარი ბენიტა ფერერო-ვალდნერი, რომელიც იმ დღეებში მოსკოვსა და თბილისს შორის მიმოდიოდა, რომ სიტუაცია ეკონტროლებინა, ორივე მხარეს მოუწოდებდა, თავიანთი უთანხმოებები არავითარ შემთხვევაში არ გადაეყვანათ სამხედრო მოქმედებებში. ის, უპირველესად, თბილისს მოუწოდებდა, რომ აგრესიული და მილიტარისტული პოლიტიკა კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკური რიტორიკით შეეცვალა და თუ თბილისს ცალმხრივად ამის გაკეთება არ შეეძლო, აცხადებდა, რომ თავად იყო მზად, შეესრულებინა შუამავლის როლი რუსეთსა და საქართველოს შორის.
იგივე საფრთხე დაინახა 2007 წელს აშშ-ის იმდროინდელმა ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა. მან, პირიქით, დიპლომატიური კუთხით გაააქტიურა თავისი ძალისხმევა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საქმეში. სოხუმს ეწვია იმდროინდელი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა. მიდიოდა აქტიური კონსულტაციები ბაღაფშთან. ანუ დასავლელი პრაგმატიკოსი პოლიტიკოსები, რომლებიც ან არ იყვნენ „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ, ან თამაშობდნენ, ლავირებდნენ თავიანთ პოლიტიკურ პოზიციებს, მაინც ყველანაირად ცდილობდნენ, არ მიეცათ საშუალება, თვითნებურად ემოქმედა სააკაშვილს და ფართომასშტაბიანი ომის გამომწვევი ტრიგერისა და პროვოკატორის როლი შეესრულებინა, მაგრამ დავალება სხვაგვარი იყო. იმ დავალების ფარგლებში ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. რუსეთი ჩაება ამ ომში და 2008 წლის 26 აგვისტოს პრეზიდენტმა მედვედევმა დააგვირგვინა იმით, რომ ცნო ჩვენი სეპარატისტული რეგიონების, ეგრეთ წოდებული, დამოუკიდებლობა.
– რეაქციები როგორი იყო დასავლეთის? მე მახსოვს, მაგრამ შევახსენოთ მკითხველს.
– 2008 წლის სექტემბრის დასაწყისში, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა მაშინ საფრანგეთი იყო, ბრიუსელში საგანგებო სხდომა გაიმართა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გამო და, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან სამკაციანი დელეგაცია ჩავიდა ბრიუსელში, მათ არ მისცეს საშუალეობა, ამ სხდომაში ოფიციალურად მიეღოთ მონაწილეობა. სხდომათა დარბაზშიც კი არ შეუშვეს: საქართველო-რუსეთის კონფლიქტის საკითხი საქართველოს გარეშე განიხილეს და, რაც მთავარია, რუსეთისთვის არანაირი სანქციების დაწესება არც განიხილებოდა. სარკოზი, ბერლუსკონი, რუმინეთის იმდროინდელი პრეზიდენტი, ყველა, ერთხმად აღნიშნავდა, რომ ეს არ არის იმ დონის კონფლიქტი, რამაც შეიძლება, ევროკავშირსა და რუსეთს შორის პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიკური დაპირისპირება გამოიწვიოს. ამით გამოიხატებოდა იმდროინდელი დასავლეთის რეალური მიდგომა საქართველოში განვითრებული მოვლენებისადმი. გარდა ამისა, ჩვენი სიტუაციური მოკავშირეები დასავლეთიდან ხომ მუშაობდნენ საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოქტომბერში რეზოლუციის ტექსტის შედგენაზე?! თუ ჩვენმა დელეგაციამ პირდაპირი ღალატი გამოავლინა ამ ტექსტზე ხელის მოწერით, ნუთუ საქართველოს ვერც ერთი მეგობარი ვერ გამოჩნდა დასავლურ ჰორიზონტზე, რომლებსაც შეეძლოთ, ეთქვათ, ამას ნუ აკეთებთ, ეს არ არის საქართველოს ინტერესი, ამან შეიძლება, მომავალში დიდი პრობლემები გამოიწვიოს. ყველას ექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მათ ჰქონდათ რუსეთისადმი გადამეტებული თუ რეალური შიში და კაპიტულანტური დამოკიდებულება, რომელმაც მათ არ მისცა საშუალება, არც სანქციების, არც რეზოლუციის დონეზე, აშკარად საქართველოს მხარე დაეკავებინათ. დღეს კი – 2022-2023-2024 წლებში – იგივე დასავლური ძალები ზოგი ცხინვალისა და სოხუმის მიმართულებით სამხედრო პროვოკაციისკენ გვიბიძგებდა, ზოგი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე გველაპარაკებოდა და მათ 180 გრადუსით შეტრიალებული, ტრადიციული ორმაგი სტანდარტით გაჟღენთილი თავიანთი პოლიტიკური სახე გვაჩვენეს. მაშინ, როდესაც საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია და ქვეყანას სახელმწიფოებრიობის საბოლოოდ დაკარგვის საფრთხე ემუქრებოდა, აბსოლუტურად არავინ იჩენდა, თუნდაც, პოლიტიკურ დონეზე ჩვენდამი თანადგომას, სრულმასშტაბიანი ფორმატით, მაგრამ, როგორც კი უკრაინის ბედს შეეხო ეს ყველაფერი, ამოქმედდა პოლიტიკური მანქანა, ფაქტობრივად, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებითა და ქმედებებით. აი, ესაა განსხვავება 2008 და 2024 წლებს შორის, თითქოსდა იდენტური პოლიტიკური მიცემულობის პირობებში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან