პოლიტიკა

რატომ აღარ მოქმედებს კლასიკური ფსიქოლოგიის მეთოდები თანამედროვე ადამიანის ფსიქიკის გამოსაჯანსაღებლად

№31

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 09.08, 2023 წელი

შოთა თაყაიშვილი
დაკოპირებულია

მე, როგორც დიპლომით ფსიქოლოგი, უნდა გამოვტყდე, რომ, თუმცა ფსიქოლოგიური მეთოდები ძალიან მომწონდა და აქტიურადაც ვიყენებდი თავის დროზე, აღარ მუშაობს, ყოველ შემთხვევაში, ძირეული პრობლემების გადასაჭრელად და მხოლოდ დროებით აყუჩებს პრობლემას, ანუ გადაავადებს. ფსიქოთერაპიის მთავარი პრინციპია პრობლემის მიზეზის გახსენება და გაცნობიერება, მაგრამ მხოლოდ თქმა და გაცნობიერება აშკარად არ შველის. ყოველ შემთხვევაში, იმის, რასაც ვაცნობიერებთ. ბუნებრივია, იბადება კითხვა, რატომ? ადამიანი შეიცვალა თუ გარემო? – ამ თემას თანამედროვე ფსიქოლოგიის, კერძოდ, ონტოფსიქოლოგიის წარმომადგენელთან, შოთა თაყაიშვილთან, ერთად განვიხილავთ.

– რა მოხდა? რატომ აღარ მუშაობს კლასიკური ფსიქოლოგიური მეთოდები თანამედროვე ადამიანზე?

– ძირითადი მიზეზი ის არის, რომ არ არის კრიტერიუმი. ანუ ფსიქოლოგიას არ აქვს კრიტერიუმი. არადა, როდესაც ადამიანს ვმკურნალობთ, ესე იგი, გვინდა, რომ დავეხმაროთ, ძალიან მნიშვნელოვანია კრიტერიუმი. შესაბამისად, თანამედროვე ფსიქოლოგია შედის ონტოლოგიურ განზომილებაში. „ონტო“ ბერძნულად ნიშნავს ყოფნას, ღმერთის და ადამიანის ფსიქიკის შესწავლის თანამედროვე მეთოდები მნიშვნელოვნად განსხვავდება ძველი მკვლევრების მეთოდებისგან. სხვათა შორის, ყველა ანტიკური ცივილიზაცია და კულტურა ეძებდა პასუხებს კაცობრიობის მეტაფიზიკურ პრობლემებზე. ანუ ადრე ადამიანი ეძებდა კონტაქტს ღმერთთან, პასუხებს კითხვებზე: თუ ვინ არის ადამიანი, საიდან მოდის, რა მიმართება აქვს ღმერთთან.

– ჩემი გამოცდილებით, ჩემი საკმაოდ მძიმე პრობლემა გადაიჭრა სამეცნიერო და სულიერი ცოდნის შერწყმით. არ მგონია, ეს მხოლოდ მე შემემჩნია.

– ვიცით, რომ ფსიქოლოგია ბერძნულად, სიტყვა სიტყვით, ნიშნავს მეცნიერებას სულის შესახებ და რა ვიცით სულის შესახებ?! კაცობრიობა ცდება, არასწორი გზით მიდის: ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ და გაუგებარია, რის გამო; გამეფებულია აგრესია, შური, სიძულვილი, გავრცელებულია დაავადებები. დღეს არსებული მდგომარეობა ადასტურებს, რომ კაცობრიობა ცდება. ხოლო, თუ ცდება, მაშინ ზუსტ სამეცნიერო დასკვნებს როგორ გააკეთებს ადამიანი, რომელიც ცდება?! აი, ამ თვალსაზრისით უნდა შეაფასოს ადამიანმა შექმნილი ვითარება. იმიტომ, რომ, მაგალითად, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ კონკრეტულ შედეგზე, აუცილებელია სიზუსტე და სიზუსტე საიდან გვექნება, თუ თვითონ ადამიანი არ არის ზუსტი?! დღეს ნიუტონის თეორიაც კი არ მუშაობს.

– კვანტებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

– დიახ, ამიტომ სამყარო იძულებულია, რაღაც გზები იპოვოს. გასული საუკუნის 50-ანი წლების შუახანს შეგროვდნენ იმდროინდელი საუკეთესო ფსიქოლოგები და ერთხმად თქვეს, რომ მეცნიერება შევიდა ჩიხში და გამოსავალს ვერ პოულობს. აუცილებელი იყო გამოსავლის პოვნა და უნდა გამოჩენილიყო რაღაც ახალი ცოდნა, რომელიც სიცოცხლის საწყისთან მიგვიყვანდა. ამ საკითხებს შეისწავლის თანამედროვე ფსიქოლოგია. უდიდესი ფსიქოლოგი ჰუსერლი ამბობდა, რომ ადამიანი ვერ უპასუხებს დასმულ შეკითხვებს, თუ არ შევედით იმ განზომილებაში, რასაც ეწოდება ყოფიერება, ყოფნა, ანუ ღმერთი. მიაქციეთ ყურადღება: მე არ ვლაპარაკობ რელიგიაზე, არამედ უნივერსუმზე, სამყაროს კანონებზე. თანამედროვე ფსიქოლოგიამ აღმოაჩინა კავშირი ღმერთთან, სამყაროსთან; ის, რაც ადამიანში არის ღმერთისგან. ანუ ღმერთი ადამიანში, რასაც ჩვენ ვეძახით სულს, უკვე აღმოჩენილია მეცნიერულად და მისი 15 მახასიათებელიც ჩამოთვლილია. შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ბოლო მახასიათებელია საერთო ღმერთსა და ადამიანს შორის, ანუ ის, რაც მარადიულიცაა და ისტორიასაც წერს. ამ სამყაროს მეცნიერული აღქმა უფრო სამგანზომილებიანია: იზომება მეტრებით, კილოგრამებით, გრადუსებით, მაგრამ, თუ ამ თვალსაზრისით დავაკვირდით, სულის ამბავს ვერასდროს გავიგებთ, სინამდვილეში კი სულ სხვა განზომილებებაა. დედამიწის სიჩქარეები კოსმოსშიც კი არ მუშაობს და მათი მეშვეობით, მით უფრო, სულიერებას ვერ გავზომავთ. უკვე აღმოჩენილია კონტაქტი ღმერთთან, სამყაროსთან და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ახალი ცოდნა ნათარგმნია რუსულად, ქართულად კი არ არის და არც ტერმინოლოგია გვაქვს. ადამიანის ფსიქიკის პრობლემები გამოწვეულია იმით, რომ არ არსებობს ფსიქიკური მოქმედების ზუსტი მიზეზი. სამყარო, არსი მუდმივია, არსებობდა და იარსებებს. დრო კი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ღმერთის თამაშია და ყველანი ღმერთის, არსის შიგნით ვართ. ჩვენი ტვინის კატეგორიები ამას ვერ სწვდება, მაგრამ ღმერთი არის ყველგან და ყოველთვის. ვისაც შეუძლია – წარმოიდგინოს ეს, ვისაც არა – ვერაფერს გავაწყობთ.

– რა მეთოდებით მუშაობს თანამედროვე ფსიქოლოგია?

– ნებისმიერ ადამიანს აქვს პოტენციალი, კონკრეტული ნიჭი, რომელიც უნდა გამოავლინოს. ვიღაც აცხობს პურს, ვიღაც კერავს კაბას, ვიღაც აშენებს, ვიღაც ჟურნალისტია, მთავარია, ყველა იყოს თავის ადგილას, იქ, სადაც გამოავლენს თავის პოტენციალს. მაგრამ ადამიანი დაშორდა თავის არსს და დაემორჩილა სოციალურ კანონებს. თანამედროვე ფსიქოლოგია სწორედ თავისი არსის პოვნაში ეხმარება ადამიანს. მაგრამ ადამიანმა, რომელიც მცდარ გზაზეა, როგორ უნდა შექმნას რამე ზუსტი და ღირებული?! სტერეოტიპმა უნდა გამოიყენოს ადამიანი თუ ადამიანი უნდა იყოს ყველაფრის სუბიექტი?! როდესაც ადამიანი გაზრდილია სოციალური სტერეოტიპებით, ის ემორჩილება ამ სტერეოტიპებს. შესაბამისად, რაც უფრო შორდება თავის არსს, მიზეზს, რისთვისაც გაჩნდა ამ ქვეყანაზე, მით უფრო ცუდად ხდება, იმიტომ რომ დაშორდა საკუთარ თავს და იმ კანონებს, რა კანონებითაც გაჩნდა ამ სამყაროში. ეს საკითხები არ იცის ორთოდოქსულმა ფსიქოლოგიამ, იმიტომ რომ ის ფსიქოლოგია ადამიანს ყოველთვის ზომავს სოციალური პარამეტრებით და როდესაც არ იცი არსი, ვერც უმკურნალებ ადამიანს. ყველა ადამიანს აქვს თავისი ამბიცია და უნდა თავისი ნიჭის რეალიზაცია, უნდა მეტი და მეტი გააკეთოს სიკვდილამდე. ცხოვრება რომ გაგრძელდეს, ნებისმიერი ცოცხალი არსება უნდა აკეთებდეს თავის საქმეს. დააკვირდით, ნებისმიერმა ცხოველმა იცის, რა და როდის უნდა გააკეთოს, მაგრამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ ესა და ეს უნდა გააკეთოს; თუ ქალია, ეს არ შეიძლება, თუ კაცია, ის არ შეიძლება. თანამედროვე ფსიქოლოგიის მეორე აღმოჩენაა სემანტიკური ველის გადაცემა. ბევრჯერ გექნებოდათ შემთხვევა, რომ ადამიანი გახსენდება და მაშინვე გირეკავს. ან რატომ უყურებს კატა, ნებისმიერი ცხოველი ადამიანს თვალებში და არა ფეხებში? რა ხდება მაშინ? ვინ არის ის, ვინც ამას არეგულირებს?! ეს ინფორმაცია სწორედ სემანტიკური ველის მეშვეობით გადაიცემა. ნებისმიერს აქვს თავისი ონტოლოგიური პროექტი, რისთვისაც გააჩინა ღმერთმა და როდესაც ადამიანი სცდება თავის პროექტს, ის ცუდადაა.

– და როგორ ეხმარება ადამიანს თავისი პროექტის მოძიებაში?

– ამ მისიის მოძებნა რთულია, მაგრამ პირველი კრიტერიუმია ჯანმრთელობა, თუ ადამიანს არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ეს ნიშნავს, რომ ის არის თავის პროგრამაში, თავის პროექტში, თავის ნაკადში. მეორე, აზრი არ აქვს ამ პრობლემის მიზეზების ძიებას ფსიქიკის გამოვლენილი ნაწილის დონეზე. ანუ ცნობიერების დონეზე. იმისთვის, რომ გავიგოთ მამაკაცის ან ქალის ქცევა, ჩვენ უნდა მივმართოთ ფსიქიკის იმ ნაწილს, სადაც ჩვენი პრობლემების ძირითადი მიზეზია. ფსიქიკის ეს ნაწილი უფრო ძლიერი და დიდია, ვიდრე ჩვენი პატარა ცნობიერება. მას ქვეცნობიერს უწოდებენ. ქვეცნობიერში არის კომპლექსები, ინსტინქტები, ინტუიცია და საერთოდ ყველაფერი. რაც იქ არსებობს, არის ძირითადი მიზეზი იმის, რაც ვართ, რაც გვემართება. ცნობიერება მოქმედებს ქვეცნობიერის მეთაურობით. ამის მარტივი მაგალითია ის, თუ რამდენჯერ დავუშვით შეცდომა, მისი მიზეზის გაგების გარეშე. და რატომ მოხდა ეს? ბევრი ამბობს, რომ ეს ქვეცნობიერად გავაკეთე, მაგრამ რა არის ეს ქვეცნობიერი?! ადამიანი იმართება ძალით, რომელიც მას აღემატება. ნებისმიერ სიტუაციაში ჯერ ადამიანის ქვეცნობიერი შედის და ამის შემდეგ მოქმედებს ცნობიერება იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მისმა ქვეცნობიერმა შეარჩია მისთვის.

– უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ?

– დღეს, როდესაც გვაქვს სმარტფონი და კომპიუტერი, ამის გაგება უფრო ადვილია. ცნობიერება არის მონიტორი, ეკრანი. ვიცით, რომ ამა თუ იმ მოწყობილობის ეკრანი ასახავს იმ ინფორმაციას რომელიც მოდის კომპიუტერის მატრიციდან. ჩვენ ეკრანზე ვხედავთ ინფორმაციას, რომელსაც ინტერნეტი ან ნებისმიერი სხვა პროგრამა გვიგზავნის. ასეა ჩვენი ქვეცნობიერიც: ეს არის პროგრამა, ჩვენი თვალისთვის, ჩვენი ცნობიერებისთვის უხილავი. ის აგზავნის იმპულსებს ადამიანის ცნობიერებაში და ადამიანს არაფერი დარჩენია იმას გარდა, რომ წაიკითხოს ეს ინფორმაცია და მიჰყვეს მას. და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ინფორმაცია მისთვის სასარგებლოა თუ პირიქით, საზიანო. არც იმას აქვს მნიშვნელობა, ეთანხმება თუ არა მას, ადამიანს მაინც სურს ამის გაკეთება. შემდეგ კი, ან საერთოდ ვერ ხედავს შეცდომას, ან ამართლებს და პოულობს საბაბს: მე მაინც ვერაფერს შევცვლიდი. არადა ეს ჩვენი ქვეცნობიერი ჩვენი თავის, ჩვენი „მეს“ 90 პროცენტია. ესე იგი, ვიღაცამ მოგვპარა ჩვენივე თავის 90-პროცენტიანი ნაწილი და საკუთარ თავს არ ვიცნობთ. ხოლო, თუ ჩვენი თავის 90 - პროცენტს არ ვიცნობთ, როგორ შეგვიძლია, რაღაც მოვისურვოთ, გავაკეთოთ?! სწორედ იმიტომ, რომ არ იცნობს საკუთარ თავს, ადამიანი არის უბედური, წვალობს, იტანჯება. როგორც კი შეისწავლი შენს ქვეცნობიერს, ცხოვრება ბევრად საინტერესო ხდება და იოლდება, ვინაიდან პოულობ საკუთარ თავს და უკვე ზუსტად იცი, რა გინდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა