რატომ აჩერებს აგრესიას უფრო დიდი აგრესიის საფრთხე, ომებს კი უფრო ძლიერი და გამანადგურებელი იარაღი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:34 02.10

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩარლი კირკის მკვლელობამ ცხადყო, რომ არა მხოლოდ ჩვენთან, დასავლეთშიც დაშორდნენ იმ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, რომლებისკენაც კაცობრიობა გამოქვაბულიდან გამოსვლის შემდეგ მიდიოდა. ისე მოხდა, რომ საქართველოში ადამიანს წამოიაძახეს, მაინც მოკვდები, კიბო გაქვსო; გარდაცვლილზე ითქვა, ადრე იყო ჩასაძაღლებელიო. ანუ ადამიანი დაშორდა ადამიანობას და უფრო ცხოველური იზიდავს. დამამშვიდებელი ის არის, რომ ეს არა მხოლოდ საქართველოს პრობლემა ყოფილა. რატომ უბრუნდება კაცობრიობა იმ მდგომარეობას, საიდანაც გამოვიდა? – ამ თემაზე რამაზ საყვარელიძესთან ერთად ვიმსჯელებთ.
– ადამიანი თავის დროზე ორ ფეხზე დადგა, მაგრამ ახლა ისევ ცდილობს, მოიქცეს ოთხფეხასავით, ისევ დაბრუნდეს გამოქვაბულში, როგორც ველური. რა გახდა ამის მიზეზი?
– გარანტირებულია ორ ფეხზე დგომა, როდესაც დადგები ორ ფეხზე?!
– მუდმივი ძალისხმევა უნდა.
– დიახ, წაიბორძიკებს, წაიქცევა; წაიბორძიკებს, წაიქცევა. პატარა ბავშვი ხედავს, სხვები რომ ორ ფეხზე დგანან და ამიტომ ცდილობს, თავადაც დადგეს, თორემ მისთვის არანაირი ხეირი არ არის ორ ფეხზე დგომა. ზოგადად, განვითარებამ მოიტანა ის, რომ ხელების გათავისუფლებამ დიდი პლუსი მისცა ადამიანებს, მაგრამ მისცა ადამიანებს პლუსი მორალურმა წელში გამართვამ?!
– ანუ ზნეობრივი კანონების დაცვამ? ამას გულისხმობთ?
– დიახ. ფიზიკურმა წელში გამართვამ მისცა პლუსები. მორალურმა წელში გამართვამ პლუსები მისცა ჯგუფურ, სოციალურ ცხოვრებას. ადამიანებმა დაიწყეს ერთმანეთზე ზრუნვა, მაგრამ, მეორე მხრივ, ვიცით, ვხედავთ და გასაგებიც არის, რომ დიდი ნაწილისთვის სოციალური არსებობა აუცილებელი არის გადასარჩენად, მაგრამ არიან ბევრნი, რომლებიც ინდივიდუალურად ცხოვრობენ, ინდივიდუალური გადარჩენის გზა აქვთ, მათ შორის, აგრესია კრავს ჯგუფს.
– თუ ადამიანი ხელს მიშლის, ჯობია მოკვდეს, აღარ იყოს. მარტივი ცხოველური პრინციპი მოქმედებს: ჩემს კონკურენტს ყელი უნდა გამოვღადრო.
– ეს პრინციპი იყო ათადან და ბაბადან. როდის გაჩერდა ომები? მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ისიც ატომურმა იარაღმა დაამუხრუჭა, თორემ, თავისთავად, ადამიანები ომებით ცხოვრობდნენ. გაიხსენეთ ჯვაროსნები, ქრისტეს სახელით დაიძრნენ მუსლიმების წინააღმდეგ. ქრისტეს მოძღვრება არის, მაგრამ რეალურად მსოფლიო ისტორიაში ქრისტეს მოძღვრებით მაცხოვრებელი ხალხი არ გვინახავს. ერთადერთი, რაც შეიძლება, უახლოვდებოდა მაგ პრინციპებს, იყო ტიბეტის მაცხოვრებელთა პრინციპები.
– ათონის მთის არა?
– ეს არ იყო სახელმწიფოებრივი ფორმირება, მე სახელმწიფო სტრუქტურებზე ვამბობ. სახელმწიფოს უნდა შეეძლოს თავისი მაცხოვრებლების გამოკვება, შენახვა და გადარჩენაც. როგორც კი ტიბეტმა თქვა, ჩვენ ძალადობა არ გვინდა, სულიერი ძალით დაიცავთ ჩვენს ქვეყანასო, ტანკებით შევარდა ჩინეთი და დალაი ლამამ ძლივს უშველა თავს. ძალიან მისასალმებელი და კარგი კონცეფციაა ქრისტიანობაში მოცემული და ბუდიზმშიც და ინდუიზმიც ჰუმანურია. არის ტენდენცია იმისკენ, რომ ადამიანები უკეთესები გახდნენ. იმავე აღმოსავლეთში ვიცით, არსებობდნენ ისეთი ბერები, რომლებიც ცალ ფეხზე იდგნენ, რომ მეორე ფეხით ჭიანჭველა არ მოეკლათ და ვიცით, რომ ბერების ცხოვრება არანაკლებ ჰუმანური და მომხიბვლელია, მორალური თვალსაზრისით, ქრისტიანულ სამყაროში და, მათ შორის, საქართველოში, მაგრამ ამ პრინციპებზე ქვეყნის აგების მაგალითები არ გვხვდება და რატომ?!
– ალბათ, იმიტომ, ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო.
– მგელი ახსენეთ და ველური ცხოველების მოშინაურების ძალიან ბევრი შემთხვევაა, ძალიან ალერსიანები არიან თავიანთი აღმზრდელების მიმართ, მაგრამ ყოველთვის არის რისკი, რომ რაღაც მომენტში გადაუბრუნდებათ გონება და ხდებიან ისეთები, როგორებიც იყვნენ, ანუ ველურები. თუ გახსოვთ ლოურენს ოლივიეს შესრულებით „ოტელო“, მე ფილმი მაქვს ნანახი და იქ არის კადრი, როდესაც ოტელოს შიგნიდან უმწიფდება შურისძიების განწყობა, ჯვარს ჩამოიგლეჯს და გადააგდებს, თითქოსდა უარს ამბობს ქრისტიანობაზე და კლავს დეზდემონას. დაახლოებით, ეს მდგომარეობაა, ალბათ, ბევრგან, როდესაც ადამიანები კისერზე ჩამოკიდებულ ჯვარს გადააგდებენ ან სხვა სიუჟეტს მოუძებნიან ჯვრის ტარებას, ან ჩათვლიან, რომ მეორე მხარე მტერია და იქცევიან ისე, როგორც იქცევიან. თან, ქრისტიანობა არ გეუბნება, მტერი შეიცოდეო. მეორე ლოყა მიუშვირეო, მაგრამ, ქვეყნისა და პიროვნული მტრის მიმართ დამოკიდებულებაში ქრისტიანობა უფრო ფრთხილია.
– როდესაც მკითხეს, დიახ, წერია, მარცხენა ლოყაში რომ გაგარტყამენ, მარჯვენა მიუშვირეო, როგორ უნდა გაგარტყას ადამიანმა მარჯვენა ლოყაში, თუ ცაცია არ არისო, მაშინ დავფიქრდი, რომ ეს სიტყვა სიტყვით არ უნდა გამეგო.
– დიმიტრი უზნაძეს ძალიან ბევრი საინტერესო პასაჟი აქვს და როდესაც ომის ფილოსოფიას განიხილავს, ერთ-ერთ საკითხად სიკვდილის არსს აყენებს და ამბობს, პარადოქსია, რომ ყოფით ცხოვრებაში მკვლელობა ბოროტებაა, მაგრამ ომის პირობებში, რაც მეტ ადამიანს მოკლავს ადამიანი, გმირია. ასე რომ, თვითონ სიკვდილი ზოგჯერ ბოროტებაა, ზოგჯერ – გმირობა. მეტიც, ტყუილი ცოდვაა, მაგრამ, ხომ ვიცით „ბიბლია“ და მტრის მოტყუება მისი დამარცხების მიზნით არ არის გამტყუნებული, პირიქით. დავით აღმაშენებელი ცოდვებს რომ ინანიებს, ნანობს, ადამიანს რომ შეჰპირდა, არ გესვრიო, მაგრამ ხელსაყრელ ადგილს რომ მიუახლოვდა, მოაკვლევინა.
– ისევე, როგორც გიორგი ბრწყინვალემ, ცივის მთაზე შეკრიბა მოწინააღმდეგეები მოსალაპარაკებლად და ამოწყვიტა.
– თან, შემდეგ დაედევნა მათ ოჯახებს და დედაწულიანად ამოწყვიტა.
– არადა, ასე რომ არ მოქცეულიყო, ვერ გაამთლიანებდა და გააძლიერებდა ქვეყანას.
– დიახ. მაგალითად, მკაცრად შვილის გაზრდა: სიკეთეა თუ ბოროტება? მოცარტი არ იქნებოდა მოცარტი, მამამისი რომ არ ყოფილიყო უმკაცრესი აღმზრდელი. ცხოვრებიდან ძალიან ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება, რომლებსაც ვერ შეაფასებ და რაც ცხოვრებისეულია, აღმოჩნდება, რომ ყველაფერი სწორია. ამდენად, შევხედოთ, რამ გააჩინა ეს აგრესია, რაც გაჩნდა დღეს მსოფლიოში, რითიც თქვენ დაიწყეთ. ეს, ფაქტობრივად, ომია. სადღაც წავაწყდი, ამბობდნენ, იდეოლოგიური ფუნდამენტალიზმი დაემართა მსოფლიოსო, ისლამური ფუნდამენტალიზმის ანალოგიით თუ ვიტყვით. მაგრამ საიდან გაჩნდა ეს ფუნდამენტალზმი?! გაჩნდა იქიდან, რომ ლიბერალებმა დაასკვნეს, მსოფლიო უნდა მართონ. თავის დროზე ქრისტიანებმა დაასკვნეს, რომ მსოფლიო უნდა მართონ; თავის დროზე მუსლიმებმა დაასკვნეს, რომ მსოფლიო უნდა მართონ; მაკედონელმა დაასკვნა, რომ მსოფლიო უნდა მართოს და ჩაუდგნენ სათავეში ომებს. სწორი იყო თუ მცდარი? რომმა დაასკვნა, რომ მსოფლიო უნდა ემართა და დაპყრობითი ომები რომ არ ეწარმოებინა და უზარმაზარი იმპერია არ შეექმნა, დღეს ევროპა არ გვექნებოდა და არც ევროპული ჰუმანიზმი იქნებოდა ქრისტიანობაზე დამყნობილი. ასე რომ, ძნელია მსჯელობა იმის შესახებ, რა არის სწორი და არა, ანუ მტყუანები არიან თუ არა ლიბერალები თავიანთ სურვილში, რომ მსოფლიო უნდა მართონ. მსოფლიო ბატონობის იდეა ამა თუ იმ იდეოლოგიას ყოველთვის ჰქონდა და ლიბერალურ იდეოლოგიასაც აქვს. ლიბერალური იდეოლოგია ამბობს, რომ აი, მე ადამიანის უფლებებს ვიცავ, სექსუალურ უმცირესობათა უფლებებს ვიცავ და ასე შემდეგ, ისევე, როგორც კომუნისტები ამბობდნენ, რომ მშრომელების უფლებებს ვიცავთო.
– დიახ, ოღონდ კომუნისტები მშრომელების უფლებებს იცავდნენ, მდიდრებს კი ხვრეტდნენ, ლიბერალები იცავენ, ვისაც იცავენ და დანარჩენების ამოხოცვა უნდათ.
– რა თქმა უნდა, მეც ამისკენ მივდივარ. მათი ძალისხმევაც ხელოვნურია და ყველაფერს, რაც მათ ხელოვნურ კონსტრუქციაში არ ჯდება, ანადგურებენ. აი, ამ განადგურების ტენდენციამ გააჩინა საპასუხო დღეს უკვე ლიბერალებთან ურთიერთობაში.
– ფიზიკის კანონია, ქმედება იწვევს უკუქმედებას.
– მოკლეს ჩარლი კირკი, მაგრამ, რომ არ მოეკლათ, იშვიათი ტიპის მებრძოლი იყო. ჯდებოდა სტუდენტების პირისპირ, ითხოვდა დიალოგს და იგებდა იმ დიალოგს. ანუ ერთი კაცი მთელ სტუდენტურ ლაშქარს ართმევდა ლიბერალებს. ამიტომაც მოკლეს.
– დიახ, ლიბერალურ იდეოლოგიას სასიკვდილო საფრთხეს უქმნიდა.
– ამიტომ დავიწყე ომზე ლაპარაკი და ამიტომაც გამახსენდა უზნაძე. ომში ძნელია იმის თქმა, რა არის ბოროტება და რა – არა, იმიტომ რომ ბოროტების ჩამდენს თავისი ბოროტების გასამართლებელი მოტივები აქვს. ისეთი მსოფლიო რომ არსებობდეს, მოდი, ნუ ჩავიდენთ ბოროტებას, მანამდე ვეკამათოთ ერთმანეთსო, მაშინ დასხდებოდნენ და ამ კაცს ეკამათებოდნენ; ან მოუგებდნენ ლაპარაკში, ან ვერა და უფრო დიდი შანსია, რომ ვერ მოუგებდნენ და შემდეგ უნდა დაეთმოთ ძალაუფლება. არადა ხომ ვხედავთ, რომ არ უნდათ ამ ძალაუფლების დათმობა. ხომ ვხედავთ, რა ხდება ინგლისში მიგრანტებთან დაკავშირებით?! 20 პროცენტამდე ჩამოვიდა მმართველი პარტიის რეიტინგი და სტარმერის რეიტინგი კიდევ უფრო დაბალია, მაგრამ რა – დათმობენ ძალაუფლებას?!
– მაგრამ არჩევნებში ხომ მოუწევს დათმობა?
– იქამდე ყველაფერს ეცდება, რომ არც მაშინ დათმოს. მოკლედ, სამყარო სამართლიანად არ არის შექმნილი.
– მაგრამ მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში რაღაცების საჯაროდ თქმა არ მიიჩნეოდა კარგ ტონად. ახლა თითქოს წახალისდა. ერთია, რომ ადამიანი ბუნებით მიდრეკილია უზნეობისკენ, მაგრამ მეორეა, რომ ეს წახალისდა.
– არ მგონია, რომ ადრე წახალისება აკლდა. საფრანგეთში გილიოტინაზე დასჯის სანახავად მიდიოდნენ, როგორც დღესასწაულზე.
– ამიტომ ვახსენე შეზღუდული დრო, თორემ ახლა ომებისა და მკვლელობების პირდაპირ ეთერში ჩვენებებიც წახალისებაა.
– იაპონელები დააკვირდნენ, რომ მულტიპლიკაციური ფილმები, ძირითადად, აგრესიულია და ეს ზრდის ბავშვებში აგრესიულობას. 20 საუკუნეზე მეტია, სულ იმას ამბობენ, ბოროტებას ნუ ჩაიდენთ, სიკეთე ჩაიდინეთო, მაგრამ ამ შეგონებას შედეგი არ მოუტანია. დიდი ომები გააჩერა ბირთვული იარაღის ბალანსმა. ახლა, როდესაც დაინახეს, რომ ომი ბირთული იარაღის გარეშეც შეიძლება, ისევ გაჩაღდა ომები. ასე რომ, შეგონებით სიკეთის მიღების პრინციპი შეიძლება, არ არის სწორი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან