რატომ აბრაზებს ევროკავშირს, რომ საქართველოს არ სურს ევროპელების მშვიდი ძილის უზრუნველყოფა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 28.05

ევროპელი ლიდერები არ მალავენ, რომ სანამ უკრაინა რუსეთს ებრძვის, ისინი არიან მშვიდად და თავს გრძნობენ დაცულად; მეტიც, რამდენიმე წლით ომის გახანგრძლივებაზეც საუბრობენ, იმ იმედით, რომ იმ დროისთვის ევროკავშირი მზად იქნება თავის დასაცავად. მეორე მხრივ, საქართველოს სანქციებს უწესებენ და არც თუ დაფარული მოტივით: საკმარის აგრესიას არ ვიჩენთ რუსეთის მიმართ. ჩვენდამი განსაკუთრებული აგრესიულობით ბალტიისპირელი პოლიტიკოსები გამოირჩევიან, რაც გასაგებია, ვინაიდან, სტრატეგიულად, ბალტიისპირეთია რუსეთის შემდეგი სამიზნე, რის საფრთხეც შესუსტდებოდა, თუკი საქართველო სამხრეთიდან შეუჩიჩხინებდა რუსეთს. რატომ გაშიშვლდა მოტივები ასე ურცხვად? – ამ თემას ირაკლი გოგავასთან ერთად განვიხილავთ.
– რატომ ბრაზობენ ასე დაუფარავად, რომ ხელს არ ვუწყობთ მათ კიდევ უფრო მეტ სიმშვიდეს? რატომ აღარ არის საჭირო პოლიტიკური ინტერესის კეთილშობილური მოტივებით შენიღბვა?
– ზოგადად, აშკარაა პოლიტიკური ლიდერების დეგრადაცია. ჩვენ ვხედავთ, რა ხარისხის ლიდერები ჰყავს ევროპის წამყვან ქვეყნებს. როდესაც ვადარებთ ძველი თაობის პოლიტიკოსებს, როგორებიც იყვნენ ჩერჩილი, ადენაუერი, ვილი ბრანტი, ცასა და დედამიწასავით განსხვავებაა. მათთვის ზნეობა არ არის პრიორიტეტი და შესაბამისი ვითარებაც გვაქვს ევროპის კონტინენტზე – ომი და უბედურება. ნათელია, რომ უკრაინელი ხალხის ბრძოლას საკუთარი ქვეყნისთვის თავიანთი ინტერესებისთვის იყენებენ და როგორც თქვენ ბრძანეთ, არც მალავენ ამას. ხოლო ჩვენთვის გაკვეთილი ის უნდა იყოს, რომ არავის მივცეთ ნება, გამოგვიყენოს, როგორც ეს მოხდა 2004 წელს ან 2008-ში, რუსეთთან ომის დროს. ეს იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების კლასიკური მაგალითები. დღეს, მადლობა ღმერთს, არავინ აძლევს მათ ამის საშუალებას და ამიტომაც არიან გაბრაზებული საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებაზე.
– შეიძლება, ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც შეასრულებს უცხოს ნებას, მაგრამ აქ გადამწყვეტი ფაქტორი მაინც ხალხია, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მოსახლეობა იბრძვის. ხშირად მიფიქრია, რამ დააჯერა ისინი იმაში, რომ ქართველები ასე იოლად გაწირავდნენ თავს დემოკრატიისთვის. ვფიქრობ, კოალიციის ოპერაციებში ჩვენი მონაწილეობის გამო გადაწყვიტეს, რომ ჩვენ გვწყუროდა ომი.
– ისინი მიჩვეულები არიან, იმიტომ რომ 2004 წლიდან საქართველო სულ გარედან იმართებოდა. შემდეგ „ოცნების“ პირველ წლებშიც იგივე ტენდენცია გაგრძელდა, მათ ნების- მიერ სურვილსა და ახირებას ხელისუფლება იღებდა. 2019 წლიდან, შარლ მიშელის შეთანხმებაზე უარის თქმით, ეს ამბავი დასრულდა და როდესაც უკვე წითელი ხაზების გადალახვა და სასამართლო სისტემისა და პროკურატურის, ცესკოს კონტროლის აღება მოინდომეს თავიანთ ხელში, აქ უკვე ანტიკოლონიური აჯანყება დაიწყო და ამას დაერთო 2022 წელს მეორე ფრონტის გახსნის თემაც. ამდენად, მიჩვეულები იყვნენ და გაუკვირდათ, რას ჰქვია, არ გვემორჩლებიან ჩვენი მორჩილი შეგირდები. ეს ბუნებრივიცაა, როდესაც შენ მართვის ყველა სადავეს აძლევ უცხოეთს, შედეგიც არ დააყოვნებს. სწორი გზაა სუვერენიტეტისთვის ბრძოლა, ეს 24-საათიანი საქმეა, გაჩერება არ შეიძლება, მცირე ქვეყნებისთვის, მით უმეტეს და სწორედ ამიტომ გვაქვს მშვიდობა, მშვიდობის გარეშე კი განვითარება არ არსებობს. სიმშვიდეში ქვეყანა მაინც ვითარდება, რაც უნდა ცუდი ხელისუფლება ჰყავდეს.
– ჩვენი საზოგადოების ნაწილი დღემდე არ იჯერებს, რომ მტრებსაც და პარტნიორებსაც საკუთარი მიზნებისთვის ვჭირდებით, რაც არც კარგია და არც ცუდი. თუ აირია, ხომ ყველას მოხვდება ნამსხვრევი, იმის მიუხედავად, იჯერებს თუ არა?
– რომ გააანალიზო ვითარება და მიზეზშედეგობრივი კავშირები გააბა, ამას გარკვეული ცოდნაც სჭირდება, გამოცდილებაც, კარგი მასწავლებლებიც. საქართველოში კი ბოლო 30 წელია, სოროსის სემინარებზე სხვა რა უნდა ესწავლათ?! რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში პირდაპირ ურეცხავენ ტვინს ახალგაზრდებს და ყალბ ორიენტირებს უდებენ თავში. მათ სხვა ინფორმაციაზე წვდომა არ აქვთ. თან, პროპაგანდას ექვემდებარებიან. მეცნიერების კვლევით, ადამიანების 70 პროცენტამდე რაოდენობა მოწყვლადია პროპაგანდისადმი. როდესაც არ არსებობს ალტერნატიული წყაროები. ჩვენთან არის ალტერნატიული წყაროები, ამიტომ მთლად 70 პროცენტი არ ექვემდებარება პროპაგანდას, მაგრამ, დაახლოებით, 20 პროცენტი ექვემდებარება და არაადეკვატური მოთხოვნებიც აქვთ. ვერ ხედავენ მოვლენებს შორის მიზეზშედეგობრივ კავშირებს.
– მესმის, რომ ისინი აწარმოებდნენ პროპაგანდას, მაგრამ საქართველოს ისტორიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის ნორმალური სახელმძღვანელოების დაბეჭდვა არ შეიძლებოდა? ქართული ლიტერატურა იძლევა იმის საშუალებას, რომ გამოიტანო სწორი დასკვნები და არ გახდე ზომბი.
– არ შეიძლებოდა, რადგან გარე მართვაზე გადასვლა ნიშნავს, რომ უცხოეთი, უპირველესად, შევიდა განათლების სისტემაში და ჯანდაცვის სისტემაში, ეს ორი სფეროა მათი მთავარი სამიზნე და ამ ორ სფეროში დღემდე ჰყავთ თავიანთი ხალხი ჩანერგილი. ამ ორს ემატება საგარეო საქმეთა სამინისტროც. შესაბამისად, თუ ამ სფეროებს აკონტროლებ, შენ შეგიძლია, გააკონტროლო ნებისმიერი სახელმწიფოს პოლიტიკა და თაობები შესაბამისად აღზარდო. ხომ გვყავდა ისეთი მინისტრები, როგორებიც არიან ლომაია ან ჩხენკელი, რომლებმაც დეგრადაცია მოახდინეს განათლების სისტემის და სრულად დანერგეს ბოლონიური სისტემა, რის შედეგსაც ვხედავთ. ოღონდ ქართულმა ოჯახმა მაინც აჯობა განათლების ლიბერალურ სისტემას და მადლობა ღმერთს, ახალგაზრდების უმრავლესობა არ აჰყვა იმ ჭიაკოკონობას, რაც რუსთაველის გამზირზე მოაწყვეს. ანუ ოჯახი მაინც ძლიერია საქართველოში, თუმცა რაღაც რაოდენობა მაინც გადაიბირეს, უფრო, ალბათ, რეგიონიდამ ჩამოსული ახალგაზრდები, რომელთა დედა ან მამა უცხოეთშია წასული სამუშაოდ, მაგრამ ეს მაინც მცირე ნაწილია. 161 000 სტუდენტია საქართველოში, მათ აქციებში კი მონაწილეობს რამდენიმე ათასი. ეს მრავლისმეტყველი ფაქტია.
– თავისი ცოდვები ეყოფა, მაგრამ სააკაშვილის დროს ნარკოტიკების შოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ „ოცნების“ ხელისუფლების დროს ნარკოტიკი დაიყარა. რატომ გახდა ასეთი ხელმისაწავდომი, რა იყო მიზანი, ისევ გარე მოთხოვნა?
– ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია იყო დასავლეთის ერთ-ერთი მოთხოვნა. ამას ლობირებდა სოროსის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია „თეთრი ხმაური“. ეს იმ ტექნოლოგიის ნაწილია, რის მიხედვითაც, თუ გინდა, ერი დაიმორჩილო, მისი აქტიური ნაწილი, ენერგიით აღსავსე და ასეთი ბევრი არ არის, მაქსიმუმ, 10-15 პროცენტია ნებისმიერ საზოგადოებაში, უნდა „შესვა“ ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე, პორნოგრაფიაზე, აზარტულ თამაშებზე, რომ წინააღმდეგობა ნაკლებმა გაგიწიოს, ხოლო, ვინც წინააღმდეგობას გაგიწევს, ან „ფეისბუქს“ გაუთიშავ, ან სანქციებს დაუწესებ წერტილოვნად. ანუ ნარკომანიის ხელშეწყობა არის საზოგადოების დამორჩილების მექანიზმი. ასე გაუკეთეს თავის დროზე ჩინეთს, როდესაც ოპიუმის ომები იყო და დღემდე უკეთებენ ამას ევროპის ბევრ ქვეყანას. ეს ყოვლად დაუშვებელია. ნარკომანიას უკომპრომისო ბრძოლა უნდა გამოეცხადოს. ვინც გამოთქვამს სურვილს, უნდა უმკურნალო, მაგრამ დაუშვებელია, თავისუფლად იყიდებოდეს ნარკოტიკი. შესაბამისად, ორივე ხელით მივესალმები, რომ ხელისუფლება ამკაცრებს ნარკოპოლიტიკას.
– ამ ღამის კლუბებს რა ეშველება, რთულად წარმომიდგენია. ეს სიკვდილის მანქანებია.
– კლუბურ ნარკოტიკს გულისხმობთ, ალბათ.
- დიახ, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა ღამის კლუბში.
– სპეციალური პატრული უნდა იყოს კლუბის შიგნითაც და გარეთაც, რომ გააკონტროლოს კლუბური ნარკოტიკის რეალიზაციის პროცესი.
– ხომ გვახსოვს, გახარიას დროს „ბასიანზე“ ძალიან სამართლიანი და სწორი შეტევა, მაგრამ ვერ მოერია სისტემა.
– ნარკოტიკი თუ იყიდება, ის დაწესებულება უნდა დაიხუროს და ერთჯერადად გაყიდვის ფაქტზეც კი უზარმაზარი ჯარიმები უნდა დაწესდეს. ნარკომანია კლავს ახალგაზრდობას, სპობს მის კოგნიტურ თვისებებს, უქვეითებს შემეცნების უნარს, ბედნიერების შეგრძნების უნარს და გვყავს კიდეც ზომბები. მარტო მეთადონის პროგრამაშია რამდენიმე ათეულ ათასი მომხმარებელი. მასობრივია და სკოლაშიც კი შეაღწია. ერის გენოფონდი ნადგურდება და ამასთან შეგუება არ შეიძლება.
– ევროპამ უნდა იძინოს მშვიდად და, მათი აზრით, ჩვენ არასაკმარის ძალისხმევას გავიღებთ საამისოდ, მაგრამ, მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანს არ სთხოვენ, გახდნენ მათი მშვიდი ძილის გარანტები. ფაშინიანს არაფერი უთხრეს, რომ მოსკოვში ჩავიდა.
– კლასიკური ორმაგი სტანდარტია, რაც ახასიათებს ევროკავშირს და არ უნდა გაგვიკვირდეს. ზოგადად, დასავლური სისტემა ტყუილზეა აგებული, ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ისინი მოქმედებენ საკუთარი მერკანტილური ინტერესებით. როდესაც ლაპარაკობენ ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და სხვა მაღალფარდოვან თემებზე. უნდა გვესმოდეს, რომ ამ დროს უნდათ შენი გამოყენება ან რაღაც უბედურებაში გარევა. ასე რომ, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ კრიტიკული აზროვნება და ვიმოქმედოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში. იმიტომ რომ სამხრეთ კავკასიას არანაირი ევროკავშირი და ევრაზიის კავშირები არ სჭირდება. თუ სამხრეთ კავკასია გაერთიანდება ერთიან ეკონომიკურ სივრცედ, იქნება საკმაოდ მდიდარი, თვითკმარი რეგიონი, რომელიც სწრაფად განვითარდება, 17-მილიონიანი ბაზრითა და თავის დაცვის უფრო მეტი ბერკეტით, ვინაიდან ვიცით, რომ ძალა ერთობაშია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან