პოლიტიკა

რას უკავშირდებოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში და როგორ გაინაწილეს ირანმა, თურქეთმა და რუსეთმა სამხრეთ კავკასია

№7

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 24.02, 2021 წელი

ამერიკა და რუსეთი
დაკოპირებულია

მართალია, საქართველომ უარი თქვა თურქეთის მიერ შემოთავაზებულ „სამს პლუს სამი“ ფორმულაში მონაწილეობაზე, მაგრამ, ფაქტია, რომ ირანი-რუსეთი-თურქეთი, სანამ ევროკავშირი მეტად პასიურია, ხოლო აშშ-ში პოსტ-საარჩევნოდ ლაგდებიან, ურთიერთობის სრულიად ახლებურ ფაზაში გადადიან და გავლენების გადანაწილებასაც ახლებურად ცდილობენ. ბუნებრივად იბადება კითხვა: რატომ პასიურობს დასავლეთი საქართველოში, ანუ სამხრეთ კავკასიაში, მით უფრო, რომ, ერთი მხრივ, მას ამ რეგიონში საქართველოს გარდა, ფაქტობრივად, არ ჰყავს საიმედო და ერთგული მოკავშირე, მეორე მხრივ კი, სამხრეთ კავკასიაში გავლენის შესუსტება დასავლეთს გავლენას ახლო აღმოსავლეთშიც შეუმცირებს და პრობლემებს შეუქმნის შავ ზღვაზეც. რატომ პასიურობს დასავლეთი, თუ აქტიურობს და ჩვენ არ ვიცით? – ამ თემებს აკაკი ასათიანთან ერთად განვიხილავთ.

– მართალია, საქართველომ უარი თქვა ერდოღანის ფორმულაში მონაწილეობაზე, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია დასავლეთის პასიურობა. არ არის მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის ეს რეგიონი?

– მოდი, ვილაპარაკოთ შეერთებულ შტატებზე.

– მეც ზრდილობის გამო ვთქვი დასავლეთი, თორემ აშშ ვიგულისხმე.

– ევროკავშირში მძიმე მდგომარეობაა არა მარტო პანდემიის გამო, არამედ სრული გაუგებრობაა, ბევრი თვალსაზრისით. ამაზე საუბარი დიდ დროს წაიღებს. მაგრამ, მოკლედ რომ ვთქვათ, გზა, რომელიც მათ აირჩიეს, გაუგებარია. ან კონფედერაცია უნდა აერჩიათ, ან თავისუფალი ქვეყნების კავშირი და შუაში რომ შეჩერდნენ და ფედერაცია მოინდომეს, გაიჭედა ეს სისტემა და აი, უკვე გავიდა ევროკავშირიდან ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა – დიდი ბრიტანეთი. ამდენად, ევროპა გამოვაკლოთ, ლათინური ამერიკა აქ არ თამაშობს და გვრჩება შეერთებული შტატები. დიდი ბრიტანეთიც, რამდენადაც საამისოდ სცალიათ, იმიტომ რომ ტრადიციული ინტერესები და ფესვები აქვთ ახლო აღმოსავლეთში, სხვა რომ არაფერი, სადაზვერვო აგენტურის სახით ჩანერგილი, სულ ცოტა, სამასი წელია. მე მგონია, რომ შეერთებული შტატები ამას არ დათმობს, უბრალოდ, თავისებური თამაშია.

ავიღოთ სირიის მაგალითი: ამერიკელებმა რუსეთს სირია უქციეს მინიავღანეთად, ფაქტობრივად, ჩაფლეს იქ, პუტინის ასტროლოგს უნდა ვკითხოთ, ალბათ, რა ჯანდაბად ჩაეკვეხნენ იქ ან აფრიკაში, ან ლათინურ ამერიკაში და ვიეტნამთანაც რატომ წამოიწყეს ახალი თამაში. ეს არის ფანტომური ტკივილები, აი, ადამიანს ფეხს რომ მოაჭრიან, მაგრამ ის მოჭრილი ფეხი მაინც რომ სტკივა, რუსეთს სტკივა საბჭოეთის დაჭრილი საცეცები: ჩვენ და უკრაინას გვეპოტინება, ხანდახან ყაზახეთსაც ეცემა. სინამდვილეში კი, მგონია, რომ დასავლეთმა რუსეთს დროებით შეატოვა აზერბაიჯანი და სომხეთი, თან, იმ პერსპექტივით, რომ სომხებმა ჩაიხვიეს წყენა, რადგან მიხვდნენ, რომ მთლად რუსეთის იმედად ყოფნა ხეირს არ დააყრით, ხოლო ამაში თურქეთის მონაწილეობა და ირანის გააქტიურება ცალკე პრობლემას შეუქმნის რუსეთს. მომხდარის შედეგს ვნახავთ, მაქსიმუმ, 5 წელიწადში, თუ რა სახეს მიიღებს რუსების ვითომ გამარჯვება ყარაბაღის ბოლო ომის ფასად. როგორც ჩანს: გაიყვეს სამხრეთ კავკასია და ჩვენ მივცურავთ, ნელა, მაგრამ ადრინდელზე სწრაფად დასავლეთისკენ, კერძოდ, „ნატოსკენ“.

– იმის თქმა გინდათ, რომ ამ სამეულმა ხელი ჩაიქნია საქართველოზე?

– ისინი რაღაცნაირად ცდილობენ, რომ საქმეში გავიდნენ, თავის დროზე გიჟური იდეაც არსებობდა, რომ საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის ფედერაცია შექმნილიყო. ასეთი რამ ვერ იქნება: ჩვენ ან „ნატოს“ წევრები გავხდებით მალე ან შეერთებული შტატების გავლენის სფერო ვიყავით და უფრო მეტად გავხდებით. ჩვენთვის მთავარია, რომ იყოს ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების გარანტიები.

– სწორედ ამ გარანტიებს ვერ ვხედავ მე. მე ვერ ვხედავ და არის?

– ეს იქნება, რაკი შეატოვეს რუსეთს სომხეთი და აზერბაიჯანი, დომინოს პრინციპი ხომ მუდმივმოქმედია?! საბჭოეთი რომ აფრიკაში გადატრიალებას მოაწყობდა, მერე ამერიკა მოაწყობდა სხვაგან, ანუ ანელებდნენ ერთმანეთს, საბჭოეთის დასუსტებისა და დაშლის შემდეგ ეს პრინციპი შესუსტდა, მაგრამ ახლა, რაკი პუტინს ასე უნდა, პუტინის რუსეთის იმ სახით არსებობის დღეები, რაც ახლაა, დათვლილია. გასაგებია, რომ „დღეებში“ ვგულისხმობ წლებს. რაც რუსეთში ხდება, არ დამთავრდება, სულ სხვა რამეში გადაიზრდება. იმ ხალხს უნდა შეხედონ, ვინც რუსეთში ქუჩაში გამოდის, ეს მომავალი თაობაა და მათ ხვალ-ზეგ შვილებიც წამოეწევიან, წინა თაობები მიდიან და რაოდენ სამედიცინო დეგენერატიც უნდა იყოს ნავალნი, მასაც კი ესარჩლებიან. საქმე ნავალნი არ არის. ამას მე ვხედავ, რუსეთშიც ხედავენ, დასავლეთშიც. ამას წინათ ინტერვიუ მისცა ბოლტონმა, ტრამპის უშიშროების საკითხებში მრჩეველმა და შემდეგ მისგან განდგომილმა და თქვა, ჩვენთან ჭიდაობას, რუსეთს ურჩევნია, ჩინეთს მიხედოსო. ვიმეორებ, მგონია, რომ სამხრეთ კავკასიაც სირიასავით შეატოვეს რუსეთს. ეს უთქმელი პირობაა თუ დათქმული, არ ვიცით, მაგრამ პოლიტიკაში უთქმელი პირობები უფრო მუშაობს, ვიდრე დათქმული. პროპუტინისტურ გადაცემებში უკვე სამჯერ ითქვა, გასაგებია, ბაიდენი საქართველოს ჩაითრევს „ნატოშიო“. კაციშვილს ხმა არ ამოუღია, არადა ისეთი ხალხი ესწრებოდა იმ გადაცემებს… ადრე წივილ-კივილი ატყდებოდა, რას ჰქვია, არ გავატანთო, მაგრამ „გაატარეს“, როგორც მოცემულობა. ეს ნიშანდობლივია, იმიტომ რომ პირდაპირ პუტინი გველაპარაკება სოლოვიოვის გადაცემებით.

– ნავალნი ახსენეთ და ამიტომ უნდა გკითხოთ. ჩვენთან ხშირად ამბობენ, რომ პუტინის რუსეთი უნდა დაიშალოს. რა, ნავალნის რუსეთი სხვანაირი იქნება? ის იზიარებს დე-ფაქტო აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ აღიარებას.

– ნავალნი პუტინზე უარესია.

– სწორედ, ამას გეკითხებით: ჩვენთვის რა განსხვავებაა პირობითად პუტინის და პირობითად ნავალნის რუსეთებს შორის?

– ჩვენთვის ის მნიშვნელობა აქვს, რომ პუტინი აი, აგვისტოს ომამდე, ყირიმამდეც კი შერაცხადი ტიპი იყო, ხოლო ნავალნი სრულიად გაუგებარი ვინმეა და ვინმეს წარმოუდგენია ნავალნის მიერ მართული რუსეთი?! რუსეთი ვერ იარსებებს ნავალნის ხელში ან ნავალნის ვინ დაანებებს რუსეთს?! ჩემი ღრმა რწმენით, ახლა მიმდინარეობს პროცესი, რის მიხედვითაც, სამხრეთ კავკასია ასე გაიყოფა – ყარაბაღის გამო სომხეთი და ვითომ აზერბაიჯანიც რჩებიან რუსეთის გავლენის სფეროდ, მათ კი გავლენა მხოლოდ ჯარის ჩაყენებით იციან და ჯანდაბას, იდგნენ – 5 000 კაცი სომხეთში ჰყავთ, 2 000 – ყარაბაღში, 7 000 სამხედროს კი ქვეყნის გარეთ საბჭოთა კავშირი ძლივს ინახავდა. ამას დაამატეთ სირია, ყირიმი და დონბასი და ბევრი სხვა რამეც.

– ირანი სად დაპატიჟა თურქეთმა, სად მოიაზრებს მის გავლენას?

– იმიტომ დაპატიჟა, რომ თურქეთს ძალა არ ჰყოფნის რუსეთის გასაწონასწორებლად. რუსეთსაც არ ჰყოფნის ძალა, მაგრამ უფრო მეტი აქვს, ვიდრე თურქეთს. ირანი გამოთიშული იყო ამ თემებიდან და სიხარულით წამოვიდა ამ შემოთავაზებაზე და თავისი კონცეფცია წამოაყენა. ეს მათი მცდელობაა, დარჩნენ მოთამაშეებად სამხრეთ კავკასიაში. მაგრამ ამის ძალა მათ არ აქვთ. წინა ინტერვიუში ვთქვი, მეთვრამეტე საუკუნე მეორდება-მეთქი, მაგრამ მეთვრამეტე საუკუნეში აქ სხვა არავინ იყო: რუსეთი, ოსმალეთი და სეფიანთა ირანი, ანუ სპარსეთი. ახლა ხომ ასე არ არის?! ახლა არიან შეერთებული შტატები და ჩინეთი და ძალიან სერიოზული ინტერესი აქვს ორივეს. ჩინეთს ეკონომიკური ინტერესი აქვს და არც თუ შორეულ პერსპექტივაში – პოლიტიკური და შორეულში შეიძლება, სამხედროც ჰქონდეს, ხოლო შეერთებულ შტატები ხედავს ამას და ჩინეთის შემოშვებაც არ უნდა. ჩვენ კი ერთხელაც რაღაც არჩევანს გავაკეთებთ – აი, ანაკლიასთან დაკავშირებით რაც მოხდა, ჩვენს ხარჯზე რომ უნდა გაბედნიერებულიყო ამერიკა. ის, რომ რუსეთის გამო ამერიკისკენ ვარ, სულაც არ ნიშნავს, რომ ჩემი სამშობლოს წინააღმდეგი ვიქნები, როგორც ჩვენი ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელია განწყობილი: მთავარია, ამერიკა იყოს კარგად და ჩვენ რომც ამოვწყდეთ, მე ხომ დამაპურებს და შემიფარებსო. მაგრამ ამერიკელებმაც იციან, ვისთან აქვთ საქმე ოპოზიციის სახით და თავს იკავებენ, რომ იდიოტები და კრეტინები არ ეძახონ პარლამენტში არშესვლის გამო, მაგრამ ეს სხვა თემაა. ისევ ჩვენს თემას დავუბრუნდეთ: ვიმეორებ, ეს არ არის გაფორმებული გარიგება, ეს არ არის სიტყვიერი შეთანხმებაც კი, ეს არის უსიტყვო შეთანხმება და რამდენიმე წელიწადში ჩაეტევა მისი შესრულება. მთავარია, ჩვენ არ ავირიოთ აქ, იმიტომ რომ ერთადერთი, ვისთვისაც აქ არეულობაა ხელსაყრელი, ეს არის რუსეთი, თუ ჩვენთან რამე უნდა შეიცვალოს, ეს აუცილებლად მშვიდობიანად უნდა მოხდეს.

– ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩამოსული და ისე მშვიდად გაატარა ეს ამბავი ჩვენმა ოპოზიციამაც, მედიამაც, დასავლურმა წარმომადგენლობებმა.

– ბაიდენის ადმინისტრაციამ ირანს შეიძლება, აღუდგინოს ძველი შეთანხმება, რომელიც ტრამპმა გააუქმა, თუმცა ტრამპმა სწორად გააუქმა, მაგრამ ამერიკის ადმინისტრაციას არც ამის ეშინია, რადგან ვარაუდობენ, რომ 5 წელიწადში ირანს 2 ბომბის მასალა ექნება. გვესმის, ხომ შეფარდება? აქეთ 2 ბომბი დ იქით - 20 000.

– ეს კი მესმის, მაგრამ ერთი ატომური ბომბიც რომ საკმარისია ჩვენთვის, ესეც მესმის.

– თუ ასროლინეს – კი, მაგრამ ირანის ხელმძღვანელობა გიჟი არ არის. იმდენად უპასუხისმგებლოები არ არიან, რომ ბომბი ესროლონ ვინმეს. ამ ტიპის აჰმადინეჯადიც კი არ იყო, ის ხელისუფლებასთან მოუშვეს იმიტომ, რომ გაებედა ბირთვული პროექტის განხორციელება და შემდეგ გასწიეს გვერდზე. სხვა ამას არ გააკეთებდა, ის იყო ყველაზე რადიკალური ტიპი და დღეს ლექციებს კითხულობს. ირანი არ არის უპასუხისმგებლო და საშიში, ამ თვალსაზრისით.

– დიახ და მათ აქვთ სახელმწიფოებრიობის ხანგრძლივი გამოცდილება.

– დიახ, ეს დიდი კულტურის ქვეყანაა, ახლანდელზე ვერაფერს მოგახსენებთ, ახალგაზრდა ნაციაა, მოსახლეობის ორი მესამედი 40 წელზე ახალგაზრდაა. ეს არის თითქმის მთლიანად კომპიუტერიზებული საზოგადოება. 4-5-ჯერ აღმდგარი ნაციაა, იგივე თურქეთიც – ისინი ცდილობენ, რომ რაღაც გავლენა მოიპოვონ სამხრეთ კავკასიაში. ისინიც ხედავენ, რომ რუსეთის წარმატებაც დროებითია და თუ ისე მოხდა, რომ რუსეთი გაიწევა, ისინი კი რუსეთზე იქნებიან აწყობილები, ისინიც მთლიანად დაკარგავენ სამხრეთ კავკასიას. შეერთებულ შტატებს კი, ჩვენთვის არასასიამოვნოდ, არ ეჩქარება, მაგრამ შეიძლება, ახლა დააჩქარონ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი