პოლიტიკა

რას ნიშნავს ციფრული ლარი და რატომ შეიძლება, ის გახდეს მასობრივი ჩიპიზაციის პირველი ეტაპი

№21

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 02.06

ლია ელიავა
დაკოპირებულია

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ჩვენი ქვეყანაც აპირებს ციფრული ლარის შემოღებას, ცხადია, იმ მოტივით, რომ არ ჩამორჩეს მოწინავე მსოფლიო თანამეგობრობას. თუ ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას გავიხსენებთ და, ზედაც, სოციალურ ფონს დავამატებთ, ციფრული ლარი, ცოტა არ იყოს, კომიკურ ელფერს ტოვებს, თუმცა არ იქნებოდა ურიგო, თუ მეტს შევიტყობდით ვალუტის ამ ნაირსახეობის შესახებ, რაშიც ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა დაგვეხმარება.

– რას ნიშნავს ციფრული ლარი და ლარის გაციფრულება რას შემიმსუბუქებს მე, საქართველოს მოქალაქეს და რით წაადგება ჩვენს ეკონომიკას?

– ამ გარემოებას აქვს ორი ასპექტი. ერთი მხრივ, გლობალური შეთქმულების თეორია, რის უგულებელყოფაც არ შეიძლება და, მეორე მხრივ, საქართველოს უადგილო ინიციატივა, კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო. რაც შეეხება შეთქმულების თეორიას: არსებობს მოსაზრება, რომ პოსტპანდემიური მსოფლიო უფრო გლობალური იქნება, ვიდრე დღესაა და ელექტრონული ფულის გავრცელების მცდელობა მთელ მსოფლიოში, ფაქტობრივად, არის ადამიანების ჩიპიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. როდესაც ხელში არ გაქვს ნაღდი ფული, შენი ანგარიშები მთლიანად კონტროლდება, ჯერ ბანკების, შემდეგ – სახელმწიფოს მიერ. ეს ვითარება ქმნის იმის წანამძღვარს, რომ გახდე მართული და იყო მუდმივი კონტროლის ქვეშ.

– ტენდენციია იმისკენ, რომ ნაღდი ფული ამოვიდეს ბრუნვიდან?

– დიახ, დედააზრი ასეთია. თქვენი ყველა შემოსავალი მოთავსებულია ერთ პატარა ჩიპზე, რომელიც ჩამონტაჟებული გაქვთ, ვთქვათ, ხელში. გარდა ამ ფულისა, იმ ჩიპზე არის თქვენი ბიოლოგიური მონაცემები, სამედიცინო მონაცემები და ასე შემდეგ. ბევრ დადებითთან ერთად, ამას აქვს მინუსებიც, თუ თქვენ, მაგალითად, იქნებით ოპოზიციურად განწყობილი, უბრალოდ, დაგიბლოკავენ ანგარიშებს და დარჩებით მშიერი. ეს არის შეთქმულების თეორიის ნაწილი, მაგრამ, როდესაც კვამლია, ამბობენ, სადღაც ცეცხლიც ანთიაო. ამდენად, ამ იდეის უგულებელყოფა არ შეიძლება, თუმცა ეს არ არის უახლოესი პერიოდის ამბავი.

– ელექტრონული ფული კი არადა, ადამიანებს ელექტროენერგია არ აქვთ და არც ფული მსოფლიოს ძალიან დიდი ნაწილში და კაცმა რომ თქვას, მათი კონტროლი უფრო უნდათ, სავარაუდოდ, ვიდრე სხვების, ვისაც ფულიც აქვს და ელექტროენერგიაც. ასეთთა საბანკი ანგარიშები ისედაც კონტროლდება: ბარათებით სრულ ინფორმაციას იღებ პიროვნებაზე.

– ეს არის ერთი თეორია, რომელიც განხილვის ღირსია, ისევე, როგორც სხვა თეორიები და, მეორე – ეს არის საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მონობა, რომლებიც, სავარაუდოდ, დანერგავენ ელექტრონულ ფულს ყველა იმ ქვეყანაში, რომელზეც მიუწვდებათ ხელი. ჩვენთან არის ელექტრონული ფული, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობით ნაღდი ფულიც ტრიალებს. ჩვენი ეკონომიკა იმდენად განუვითარებელია, რომ ამ ნაღდი ფულის გარეშე, მაგალითად, აგრარული სექტორი ვერ იარსებებს.

– არის სავაჭრო ობიექტები, რომელსაც არ აქვთ ტერმინალები, ისეთებიც, სადაც ტერმინალები არის, მაგრამ 5 ლარზე ნაკლებ თანხას არ გაგიტარებს.

– ხვალ რომ საყოველთაოდ შემოიღონ ელექტრონული ფული, მოხდება ის, რომ მარო ბებო ვერ წავა მაღაზიაში და ვერ იყიდის პურს, იმიტომ რომ კარგად ვერ ერკვევა ტერმინალებსა და ბარათებში, ანუ ასაკოვანი მოსახლეობა დარჩება დამშეული და ფულის გარეშე. რაც შეეხება მოსახლეობის სხვა კატეგორიას: მათი შემოსავლები სახელმწიფოს მიერ იქნება აღრიცხული და შემდგომ დაბეგრილი. ამის შედეგი იქნება ის, რომ საბიუჯეტო შემოსავლები მკვეთრად გაიზრდება, თუმცა მოსახლეობის კეთილდღეობა მკვეთრად შემცირდება. ჩვენისთანა განუვითარებელი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ფულის, აი, ასეთი საყოველთაო ელექტრონიზაცია, ფაქტობრივად, ნიშნავს ეკონომიკის განადგურებას. რადგან თქვენ იცით, რომ საქართველოს ეკონომიკის მეტი წილი მაინც რუხია, ანუ ჩრდილოვანი და ამაზე მეტყველებს ის, რომ უმსხვილეს საწარმოებსაც კი ოფიციალურად აქვთ ნულოვანი მოგება ან ზარალზე მუშაობენ. ფაქტობრივად, ფული „ტყდება“ და გარბის ქვეყნიდან, რათა სახელმწიფომ არ დაბეგროს. თუ ეს აღიკვეთა, საქართველოში ბიზნესმენი აღარ დარჩება, ყველა გაიქცევა.

– მაგრამ, თუ ყველგან ციფრული ფული იქნა, სად გაიქცევიან?

– მე მხოლოდ საქართველოზე ვამბობ, საქართველოს ეკონომიკასაც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება. ამდენად, ეს არის არადროული, არაგონივრული და ეკონომიკურად არამიზანშეწონილი გადაწყვეტილება, თუ ის უახლოეს მომავალში განხორციელდა. განვითარებულ ქვეყნებში ფულის მეტი წილი ელექტრონულია, ანუ იქ ოპერაციების მეტი წილი ხორციელდება ელექტრონული ფორმით. აქვე გეტყვით, თუ რომელიმე პიროვნებას მოუნდება მსხვილი გარიგების დადება, ეს აუცილებლად დააინტერესებს შესაბამის ორგანოებს, რომ გაარკვიონ, საიდან აქვს ამ ოდენობის ნაღდი ფული, რადგან ესე იგი, შავი წარმომავლობისაა. ჩვენ, საქართველოში, ჯერჯერობით ამ დონეზე არ ვართ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრად ჩამოვრჩებით, განვითარებული ქვეყნებიც კი არ აპირებენ დღეს ამის დანერგვას. ამდენად, გაუგებარია, საქართველო ვის ეჯიბრება, ვისზე წინ უნდა წაწევა.

ქართველი ჩინოვნიკების აზროვნების სტილი და დონე ყოველთვის მაკვირვებდა. მესმის, რომ უცხოური გამოცდილება გასაზიარებელია, მაგრამ ადგილობრივი სპეციფიკაც გასათვალისწინებელია. ანუ ბრმად რაღაცის გადმოღება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. მით უფრო, რომ საქართველოს ეკონომიკაში უფრო მეტი დოლარი ტრიალებს, ვიდრე ლარი. თქვენ იცით, რომ დოლარი უმეტესწილად არაოფიციალურად ტრიალებს და თვითონ ეროვნული ბანკი ტრაბახობს, რომ უცხოეთიდან ამდენი და ამდენი გადმორიცხვები გვაქვსო, მაგრამ სად მიდის ეს გადმორიცხვები? მათი მეტი წილი ხდება ნაღდი. თუ შემოიღებენ 100-პროცენტიანად ელექტრონულ ფულს, ფაქტობრივად, უცხოური ვალუტა გადავა ისევ ჩრდილში, როგორც ადრე იყო – ქუჩაში რომ ყიდიდნენ უცხოურ ვალუტას, რაც ეკონომიკაში არეულობას გამოიწვევს და ჩვენი გაუბედურებული ხალხი და ეკონომიკა უკან და უკან დაიხევს. თუ ეს მხოლოდ ლაპარაკის დონეზე დარჩება, ილაპარაკონ, მაგრამ, თუ რაღაც ნაბიჯების გადადგმაც დაიწყეს, ალბათ, ამას ძალიან სერიოზული მსჯელობა უნდა მოჰყვეს, რომ არ დაუშვან ასეთი სულელური ნაბიჯის გადადგმა.

– ამასთან, ამბობენ, რომ ელექტრონული ფული დააზარალებს ბანკებს. რატომ უნდა დააზარალოს ბანკები?

– ბანკებს ახლა პრობლემას უფრო ის ლარი უქმნის, რომელიც მათ გარეთ მოძრაობს. ბანკისთვის ყველანაირად ხელსაყრელია, რომ მთელი ბრუნვა მათი ქოლგის ქვეშ მოექცეს, რადგან ისინი ნებისმიერ თქვენს საბანკო ოპერაციაზე ხელს ითბობენ საკომისიოს სახით, წარმოიდგინეთ, ისეთ ოპერაციებზეც კი, რომელიც უკავშირდება თქვენს ხელფასს. ბანკებისთვის ელექტრონული ფული ბევრად ხელსაყრელია, იმიტომ რომ უფრო გამდიდრდებიან, მერწმუნეთ.

– ელექტრონულად გამოვითხოვე სართულებრივი გეგმა, ერთი ფურცელი, მისი ფასი იყო 50 თეთრი, მომსახურების საფასურის გადახდისას ბანკმა ბარათიდან ჩამოჭრა, ასევე, 50 თეთრი.

– დიახ, მარაზმატიკულია, ფასი და საკომისიო რომ ერთნაირია, ამას ჰქვია მოსახლეობის ძარცვა, რაც ხდება ყველა განუვითარებელ და ჩამორჩენილ ქვეყანაში, სადაც ინსტიტუციები ძალიან სუსტია, მოსახლეობა – გაუნათლებელი და უპრეტენზიო, ხოლო მთავრობები – ხარბი და უცოდინარი. ეს გაღლეტვის პროცესი შემუშავდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთი ფანჯრის პრინციპი დანერგა.

– ფანჯარა კი ერთია, მაგრამ საკომისიოები ნაირ-ნაირი.

– დიახ. თუ თქვენ ადრე ქრთამს უხდიდით რომელიღაც პიროვნებას და შემდეგ ამ პიროვნებას ნაწილი სახლში მიჰქონდა, ნაწილს სხვებს უნაწილებდა, ახლა თქვენ იმავე ქრთამს, შეიძლება, უფრო მეტსაც, უხდოთ სახელმწიფო ბიუჯეტს და იქიდან სად ორთქლდება ფული, კაცმა არ იცის. ანუ პირველ შემთხვევაში, თუმცა ქრთამი იყო, ხეირობდა მოსახლეობა, კონკრეტული ოჯახების კეთილდღეობას ხმარდებოდა, ახლა ეს ფული თქვენი ჯიბიდან მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში და იქიდან სად ორთქლდება, ამას აუდიტის სამსახურიც ვერ ადგენს. ეს პროცესები ფინანსურ სფეროში იმდენად მტაცებლური და უსამართლოა, არ ვიცი, რატომ არ თუ ვერ რეაგირებს მოსახლეობა ამაზე. მთავრობისთვის კი ხელსაყრელია – ევსება ბიუჯეტი და რაღაც სისულელეებზე იხარჯება.

– 50 თეთრს ვინ ჩივის, მაგრამ, როდესაც ამა თუ იმ კომპანიის ანგარიშზე უცხოურ ვალუტაში შეგაქვს თანხა, საკომისიოა თანხის 0,15 პროცენტი. ინტერნეტბანკით უცხოურ ვალუტას ვერ გადარიცხავ, თუმცა ანგარიში დოლარში გაქვს, თუ ვერ ამოძრავებ ფულს, ისეთი ანგარიში რად გინდა და, მეორე მხრივ, რა განსხვავებაა, თანხას შენი ინტერეტბანკით გადარიცხავ, თუ რიგში ჩადგები და ოპერატორი გადარიცხავს?

– ხომ ხედავთ, მათთვის ყოველთვის ხელსაყრელია ელექტრონული მომსახურება. როგორც კი თქვენი ფული მოხვდება ბანკში, ის ავტომატურად მცირდება. თქვენ რომ ეს თანხა გამოიტანოთ, ესეც პროცენტი დაგიჯდებათ.

– იმ შემთხვევაშიც კი, თუ დოლარს ინტერნეტბანკში დავაკონვერტირებ ლარში და ისე გადავრიცხავ, მაინც ვზარალდები, იმიტომ რომ ბანკის კურსი განსხვავებულია.

– დიახ, ყველა ვარიანტი გათვლილია, რომ თქვენ დაზარალდეთ. უფრო მეტიც, ბანკის გაცვლითი კურსი ბევრად განსხვავდება ოფიციალური კურსისგან. სხვა ქვეყნებში ცენტრალური და კომერციული ბანკების გაცვლითი კურსი ერთი და იგივეა. ეს, ალბათ, ქართული ფენომენია, რომ ჩვენთან ეს კურსები განსხვავებულია და ესეც სუსტი რეგულირების შედეგია. ქვეყანა კი, ფაქტობრივად, ჩამორჩენილია როგორც ეკონომიკურად, ისე მენტალურად და ფსიქოლოგიურად. რაც მეტად სიღარიბეში გყავს ადამიანი და მხოლოდ ფიზიკურ გადარჩენაზე აფიქრებ, მით უკეთ და იოლად მართავ. არავის უჩნდება პროტესტის გრძნობა, მაშინ, როდესაც ნახევარი ევროპა დაინგრა პროტესტით შეზღუდვების გამო. ღარიბი ხალხის მართვა და მათთვის ფულის წაღლეტა ძალიან ადვილია ჩვენისთანა სახელმწიფოში და ჩვენი მთავრობები, ყველა, ამ მხრივ, ერთნაირია და ძალიან წარმატებით ძარცვავენ მოსახლეობას.

– ბანკებისთვის მომგებიანია ლარის გაციფრულება და მაშინ რატომ ამკვიდრებენ აზრს, რომ ეს საბანკო სექტორს დააზარალებს, რომ ასე იმოქმედონ მოსახლეობაზე, რათა დააჯერონ, რომ გაციფრულება კარგია?

– დიახ, ყოველთვის ეძებეთ ინფორმაციის წყარო. ისინი ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ ჩვენთვის აკეთებენ ამას, თავად კი იზარალებენ. ეს ტყუილია, კომერციულ ბანკებს უფრო მეტი შემოსავალი ექნებათ ელექტრონული ფულის საყოველთაოდ დანერგვის შემთხვევაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №31

2-8 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 2 – 8 აგვისტო