პოლიტიკა

რას ნიშნავს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის „კავკაზუსის“ ინტერნეტის ბოჭკოვანი კაბელის უცხო ქვეყნის მოქალაქის ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიისთვის გადაცემა

№22

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 09.06, 2021 წელი

ბესიკ ალადაშვილი
დაკოპირებულია

მაშინ, როდესაც ჩვენს რეგიონში, ანუ სამხრეთ კავკასიაში ახლებური გეოპოლიტიკური ვითარება ლაგდება, რომელსაც ჩვენ მხოლოდ ვაკვირდებით (და ძალიან მეეჭვება, რომ შესაბამისი დასკვნები გამოგვაქვს), ისე მოხდა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი გარანტი – კერძოდ, ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელი, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე გადის და არა მხოლოდ საქართველოს საბითუმო ბაზარს, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ამარაგებს ევროპული ინტერნეტით, ანუ რუსეთის გვერდის ავლით, კომპანია „კავკაზუსმა“ (თუმცა, კანონით, არც ერთ კომპანიას არ აქვს უფლება, რომ სტრატეგიული ობიექტის 5 პროცენტზე მეტი წილი გაასხვისოს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე) საერთოდაც თავისი კომპანია მიჰყიდა სხვა ქვეყნის (სახელდობრ, აზერბაიჯანის) მოქალაქეს. მართალია, კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორჯერ დააჯარიმა „კავკაზუსი“ და მოითხოვა წილების დაბრუნება, მაგრამ უშედეგოდ. ვფიქრობ, არ სჭირდება ახსნა, თუ რატომაა აუცილებელი სტრატეგიული ობიექტების შენარჩუნება, ხოლო იმის შესახებ, თუ რატომ ვერ ხერხდება ეს, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკთან, ბესიკ ალადაშვილთან ვისაუბრებთ.

– ზოგადად, პოლიტიკაში და, მით უმეტეს, გეოპოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინფრასტრუქტურულ დარგებს: უპირველესად, ენერგეტიკას, კავშირგაბმულობას, სატრანსპორტო კომუნიკაციებს და იმ შეცვლილ გარემოში, რაც 2020 წლის 11 ნოემბრის შემდეგ დამყარდა, როდესაც აზერბაიჯანმა გაიმარჯვა სომხეთთან დაპირისპირებაში, დაიბრუნა ყარაბაღის ავტონომიის დიდი ნაწილი, აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად, ფაქტობრივად, გახდა რეალური ლიდერი არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ მცირე აზიაშიც. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ თურქეთის პოზიცია, იმიტომ რომ აზერბაიჯანი ამას ვერ მიაღწევდა თურქეთის როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური დახმარების გარეშე. მას შემდეგ, რაც ერდოღანის ხელისუფლება განმტკიცდა, ის აცხადებს, რომ უნდა გახდეს ყველა მუსლიმის მამა. ამ სიტუაციაში თურქეთი, როგორც გლობალური მოთამაშე, ცდილობს, დამოუკიდებლად იმოქმედოს, რაც იმითაც გამოიხატა, რომ აზერბაიჯანის კანონიერი ინტერესები გამოიყენა თავისი ჰეგემონიის გამოსავლენად. ცოტა შორიდან დავიწყე, რომ მკითხველმა კარგად გაიაზროს, თუ რა რთულ მდგომარეობაშია საქართველო. ამასთან, თუ ერთი დიდი მოთამაშეა თურქეთი, მეორე დიდი მოთამაშეა რუსეთი, რომელმაც იმავე სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირებით ყველაზე მეტად მოიგო. რეალურად მან კიდევ უფრო მიაბა თავის ეროვნულ ინტერესებს აზერბაიჯანიც და სომხეთიც.

– მე ძალიან მიკვირს ზოგიერთი ექსპერტის, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთმა პოზიციები დაკარგა სამხრეთ კავკასიაში ყარაბაღის ბოლო ომის შედეგით.

– ძალიან მარტივი ანალიზიდანაც ჩანს ეს, თუნდაც, ის ფაქტი ავიღოთ, რომ რუსეთმა 5 წლით ჩააყენა თავისი სამხედროები ყარაბაღის ტერიტორიაზე და ჩვენ ვიცით, რომ ეს 5 წელი შეიძლება, საუკუნეებად იქცეს.

– დიახ, ისიც მიკვირს, როდესაც ამბობენ, რომ აზერბაიჯანი მხოლოდ 5 წლით დათანხმდა რუსი სამშვიდობოების ჩაყენებას, მაგრამ რუსების გასვლა ორმხრივი შეთანხმების შედეგი უნდა იყოს. ღმერთმა ქნას, რომ აზერბაიჯანმა ეს მოახერხოს 5 წლის შემდეგ, მაგრამ ცოტა მეეჭვება.

– რუსეთის ჯარი ყოველთვის სომხეთის ტერიტორიაზე იდგა, მთიან ყარაბაღში რუსეთის ჯარი არასდროს მდგარა და ახლა უკვე რუსებმა შეიქმნეს სახმელეთო სამხედრო პლაცდარმი, ფაქტობრივად, ირანის საზღვართან. აზერბაიჯანიც და სომხეთიც დაარწმუნა კრემლის ამ პოლიტიკამ, რომ არც აშშ და არც ევროკავშირი მათი პრობლემების გადამჭრელი არ არის და რუსეთია ერთადერთი. ამას დავამატოთ ირანის დიდი რეგიონული ამბიციები და თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამი ასეთი ვეშაპი სახელმწიფოს გვერდით, იგივე მეორდება, რაც შუა საუკუნეებში ხდებოდა. ასეთ ვითარებაში საქართველოს მნიშვნელობა კი არ შემცირდა, არამედ უფრო გაიზარდა.

– კერძოდ?

– თურქეთისთვის უახლოესი გზა აზერბაიჯანისა და შუა აზიისკენ ისევ საქართველოზე გადის. ჩვენ, რატომღაც, ყურადღებას არ ვაქცევთ თურქეთის საგარეო უწყების განცხადებას ყირიმელი თათრების შესახებ. თურქეთს ფარული პრეტენზია აქვს რუსეთის სამხრეთის საზღვრებზე და თურქეთის სპეცსამსახური გასული საუკუნის 90-ანების შუა პერიოდში ძალიან აქტიურობდა ჩრდილო კავკასია-ყირიმის მიმართულებით. ამასთან, საქართველო თურქეთისთვის არის ერთგვარი პლაცდარმი და გასაღები რუსეთისკენ, იმიტომ რომ თურქეთს არ უნდა რუსეთის საქართველოში გაძლიერება, ვინაიდან არ სურს, იხილოს თავის საზღვრებთან რუსული სამხედრო მანქანა. თურქეთისა და რუსეთის მეგობრობა მოჩვენებითია და აგებულია პრინციპზე: ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია. ერდოღანმა რუსეთი გამოიყენა და იყენებს ევროკავშირთან და ამერიკასთან სავაჭროდ. შეერთებულ შტატებს თურქეთის დაკარგვა არ სურს, იმიტომ რომ „ნატოსთვის“ თურქეთი ყოველთვის იყო დასაყრდენი. რაც შეეხება რუსეთს: მისი იმპერიული აზროვნება არ შეცვლილა. რუსეთის პრობლემა ყოველთვის იყო ტერიტორიების ჩაყლაპვა და დღემდე რჩება ეს ამ სახელმწიფოს სისუსტედ. რუსეთისთვის საქართველო იმდენად საინტერესო არ არის, რამდენადაც ის, რომ აქ არ გაძლიერდეს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების გავლენა. ამისთვის აქ უნდა იყოს მუდმივი დაძაბულობა, მართვადი ქაოსი. რუსეთისთვის ხელსაყრელია სუსტი ხელისუფლება, რასაც ვხედავთ კიდეც. ერთი პრობლემა ჩაცხრება, მეორე იწყება, მეორე ჩაცხრება, მესამე დაიწყება და ასე შემდეგ დაუსრულებლად. ირანის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში უფრი სუსტია, ვიდრე რუსეთისა და თურქეთის, მაგრამ ირანს საქართველო სჭირდება, როგორც შავი ზღვით ევროპისკენ გასასვლელი. დღეს ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა და იგივე საკომუნიკაციო საშუალებები, რა თქმა უნდა, ბევრის ინტერესია. აზერბაიჯანი და სომხეთი გარკვეულწილად სატელიტები არიან თავიანთი პარტნიორების, თურქეთისა და რუსეთის და, ბუნებრივია, მათი პოლიტიკა უმეტესწილად შეთანხმებით წყდება. წინასწარმეტყველი არ ვარ, მაგრამ ძალიან ლოგიკური პროგნოზი მიჩნდება, რომ ძალიან მალე საქართველოს რკინიგზის ხელში ჩაგდების ან მისი პარალიზების მსურველები გამოჩნდებიან.

– ძალიან საინტერესო ინფორმაციაა, რომ პანდემიის პერიოდში საქართველოს რკინიგზაზე გაიზარდა როგორც გადაზიდვები, ისე, შესაბამისად, შემოსავლები.

– მაგრამ, თუ ხანგრძლივ – 10-15-წლიან პერიოდს გავაანალიზებთ, პირიქით, შემცირებულია რკინიგზის შემოსავლებიც და გადაზიდვებიც. იმიტომ რომ ჩვენ დავკარგეთ უზბეკეთის ბამბის, ყაზახეთის ნავთობისა და ხორბლის გადაზიდვის სეგმენტი. ჩვენ ვიყავით ამ პროდუქციის სატრანზიტო ქვეყანა: ფოთში ჰქონდათ შესაბამისი სასაწყობე მეურნეობა ყაზახეთს, თურქმენეთსა და უზბეკეთს, საიდანაც ევროპაში გაჰქონდათ თავიანთი პროდუქცია, მაგრამ სააკაშვილის დროს, არ ვიცი შეგნებულად თუ შეუგნებლად, ტარიფები ისე ვერ გაითვალა, რომ ხელსაყრელი ყოფილიყო მათთვის და ამიტომ ისინი არჩევენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შემოატარონ და რუსული პორტებიდან გაიტანონ თავიანთი პროდუქცია. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, ვინაიდან ჩვენს ძლიერ მხარეს მოწინააღმდეგე ხშირად გვიქცევს მინუსად, ანუ უსარგებლოს ხდის... ვხედავთ, რომ ქვეყნის შიგნით საკითხები, რომლებიც კონსენსუსით, რეფერენდუმით, წყნარ სიტუაციაში უნდა გადაწყდეს, იქცევა დაპირისპირების საგნად და იკარგება ლოგიკური და, შესაბამისად, ყველაზე ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებობა. მაგალითად, შვეიცარიაში მეჩეთი რომ გახსნან, მთელ ქვეყანაში რეფერენუმი ტარდება და შვეიცარიის მოსახლეობის უმეტესობამ უარი თქვა, ამიტომ ჟენევაში მეჩეთი არ გაიხსნა. ეროვნული ინტერესები კანონით უნდა რეგულირდებოდეს.

– ვერ ვიგებ, კანონს ეწინააღმდეგება კომპანია, გაყიდა ობიექტი, რომლის გაყიდვაც ეკრძალებოდა და მარეგულირებელი ვერაფერს აკეთებს: სპეცრაზმით ხომ არ მიადგება?

– კანონით გათვლილი უნდა იყოს ყველა შესაძლო ვარიანტი და ისიც, ჯარიმის ის ოდენობა საკმარისია, რომ კომპანიას არ უღირდეს?! აბალანსებს ჯარიმის ოდენობა იმ ზარალს, რაც შეიძლება, მივიღოთ?! ფაქტობრივად – უზარმაზარ გეოპოლიტიკურ ზარალზეა ლაპარაკი.

– ამ ზარალს ვერანაირი ფული ვერ გადაწონის.

– რა თქმა უნდა, ნებისმიერი კომპანია მილიონობით ლარს გადაიხდის, რომ მონოპოლისტი გახდეს და შემდეგ სულ მცირე, რამდენიმე წელიწადში ამოიღებს ამ თანხას. იმის თქმა მინდა, რომ ქვეყანაში გვაქვს სისტემური და ინსტიტუციური პრობლემები: როგორ იწერება კანონები, როგორ ტარდება მოსმენები, ვინ ადგენს ამ კანონებს, ვინ ლობირებს, რომელი ქვეყნების ინტერესები დევს იმ კანონებში?! მეორე მხრივ, ქვეყანა მოინდომებს ურჩი ინვესტორის დასჯას, ის კი გარბის და ამერიკის მთავრობასთან ჩივის. ნახავს ლობისტებს: კონგრესმენებს, სენატორებს, ისინი დაწერენ წერილებს და დაგვადანაშაულებენ. გახსოვთ, ალბათ, რომელ კომპანიას ვგულისხმობ?

– „ფრონტერას“.

– დიახ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს საქართველოს კანონებითა და კონსტიტუციით. „ფრონტერა“ ცნობილი თაღლითი კომპანიაა, ცნობილი ფაქტია, რომ შევარდნაძეს დედოფლისწყაროში კასრებით ჩაუტანეს ნავთობი, ვითომ ჭაბურღილიდან წამოვიდა და დაალევინეს. შევარდნაძის შემდეგ ასლან აბაშიძეს ატყუებდნენ, მგონი, ბიძინასაც ატყუებდნენ, შავი ზღვის შელფზე ნავთობის მილიარდობით მარაგი გაქვთო. აი, ასეთი ინვესტორებისთვის, რომელთაგან ზოგს თავისი კორპორაციული ინტერესები აქვს, ზოგის უკან სახელმწიფო დგას, ქვეყანას უნდა ჰქონდეს კომპლექსური მეთოდები და სპეცსამსახურებიც იმისთვის არსებობს, რომ ყველა ინვესტორი უნდა შეისწავლო: საიდან მოდიან, რა მიზნით, ფული ვისია და ასე შემდეგ...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი