რამსებარეული „ზარატუსტრა“
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 21.07

ანუ დამწუხრებული პუტინი
ევროპარლამენტს ბევრიც არ უფიქრია, ისე გადაიფიქრა ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის არ გამოეცხადებინა ნდობა, ვინაიდან ევროკავშირის უზენაესმა კანონმდებლებმა, უფრო ზუსტად, მათმა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ, თუკი გამოაშკარავდებოდა ქ-ნი ფონ დერ ლაიენის „ფაიზერთან“ კორუფციული გარიგება და მას უნდობლობას გამოუცხადებდნენ, ეს ამბავი ფრიად და ფრიად გაახარებდა ვლადიმირ პუტინს, რომელსაც მთელი ევროპა – ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი – განცხადებებითა და უკრაინული საზარბაზნე ხორცით ებრძვის, რა თქმა უნდა, ბოლო უკრაინელამდე.
მეორე მხრივ, სავსებით ბუნებრივია, რომ ევროპარლამენტარებს არ უნდათ, რომ პუტინმა გაიხაროს, მაგრამ მაინც იბადება კითხვა: იმ შემთხვევაშიც, თუკი ქ-ნი ფონ დერ ლაიენი კორუმპირებულია?! ხოლო, რაკი ევროკავშირის ხელმძღვანელობამ არც ქ-ნი ურსულასა და „ფაიზერის“ მიმოწერის გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღო, ვვარაუდობ, მიზეზი იგივეა: პუტინი არ გავახაროთო (და მერე რა, თუკი მიმოწერა დანაშაულის ფაქტს გამოააშკარავებდა?!).
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ აწ უკვე ცნობილია, რაოდენ მავნე ზემოქმედება ჰქონდათ და აქვთ შეუმოწმებელსა და გამოუცდელ ვაქცინებს და არა მხოლოდ დააზიანეს ადამიანების ჯანმრთელობა, არამედ მოკვდინებაც გამოიწვიეს, თანაც – მასობრივი და, რაც მთავარია, ფაქტობრივად, იძულებით აცრეს ადამიანები (სხვათა შორის, მათ შორის – რუსეთშიც. გაგახსენებთ, პატრიარქი კირილი ამბობდა, რომ აუცრელები პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვდებოდნენ), რის გამოძიებასაც არც არავინ აპირებს (რაც მთავარია, აცრა ვერავის და არაფერს იცავდა და, ცხადია, არც დაუცავს), ჩნდება ეჭვი, რომ, ჯერ ერთი, ევროპული ფასეულობებისა, როგორც ჩანს, პირადად მე არაფერი გამეგება (მაგრამ ეს, ვფიქრობ, ყველაზე ნაკლები პრობლემაა) და, მეორე და მთავარი – ყველაფერი ფრიდრიხ ნიცშეს ზარატუსტრას სტილში ვითარდება: როცა სიმართლე მახინჯია, უნდა მოიტყუო...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან