პოლიტიკა

რამ გამოიწვია ათეიზმი და რატომ უჭირთ ახალგაზრდებს ქრისტეს რწმენა

№9

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

მართალია, საშუალო და უფროსი თაობა უფრო ნომინალური ქრისტიანია, თუმცა მაინც ქრისტიანი და ურწმუნოება უფრო მიიჩნევა სათაკილოდ, ვიდრე პირიქით, ახალგაზრდებიც სწყალობენ სარწმუნოებას, თუმცა, ერთი შეხედვით, უფრო ნაკლებად, იმიტომ რომ მათი სკეპტიციზმი უფრო მაღალი და თვალშისაცემია. რატომ ურჩევნია ხანდახან ადამიანს ურწმუნოება, ვიდრე რწმენა? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რა გავლენას ახდენს ტექნოლოგიური ეპოქა რწმენაზე, ახალგაზრდებს, გაჯეტების თაობას, უჭირს რწმენის, როგორც ადამიანის უმაღლესი ღირებულების მიღება და მაინც ათეიზმი ურჩევნიათ?

– დღევანდელი ეპოქის, ალბათ, დაახლოებით, ბოლო ორი საუკუნის პრობლემა ის არის, რომ ქრისტიანობა ძალიან რაციონალიზებული გახდა და თითქოს წარსულის გადმონაშთად იქცა. სწორედ ამას მოჰყვა ათეიზმი. როდესაც ქრისტიანობა ხდება მხოლოდ წარსულის გადმოცემა, ცოცხალ ურთიერთობაში ქრისტე უკვე აღარ არის და ადამიანი სვამს კითხვას: რა არის ეს?! რატომ სვამს ამ კითხვას? იმიტომ რომ ისტორიული ქრისტე მკვდარი ქრისტეა. არადა, ქრისტეს ძალა ისაა, რომ მარადი აწმყოა, დროის მიღმაა, ისაა, ვისი პრინციპებიც უნივერსალურია. მეტიც, მუდმივად უნდა გაიშალოს, გაღრმავდეს და ჩვენი ცხოვრება განმსჭვალოს. ამის ნაცვლად ხდება სამუზეუმო ეგზემპლარი. რა არის ქრისტე? სიცოცხლე, სიყვარული, მადლიერება, რითიც ადამიანია გამსჭვალული, ყველაფერი დანარჩენი საშუალებები იყო, რომ ადამიანში არ ჩამქრალიყო ეს ცეცხლი, მაგრამ მე არ მყოფნის მარტო ტაძრები, ხატები, იმიტომ რომ ყველა რელიგიას აქვს ნაშთები. კარგია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავი წავართვით ათეიზმს, მაგრამ დღეს ძალიან უჭირს ახალგაზრდობას, რადგან ძალიან დიდი პრობლემაა მათთვის, ირწმუნონ, როდესაც ამდენ უსამართლობას ხედავენ. ვინც ქრისტეს სახე უნდა აჩვენოს იერარქიულად თუ ტრადიციულად, მათში ვერ ხედავენ ქრისტეს და შეიძლება, თქვან: სად არის ქრისტე?! ყველაფერი ტყუილი ყოფილა და მამებს უთხრან, გვატყუებთ, აბა, გვაჩვენეთ თქვენი ქრისტე. მიდიხარ ეკლესიაში და მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ გამოდიხარ იქიდან. ვერ იღებ იმას, რასაც ეძებ და ამ დროს ორი არჩევანია: ათეიზმი ან მეამბოხეობა, როდესაც საერთოდ ცხოვრებაზე ამბობ უარს და ღმერთმა ნუ ქნას, შეიძლება, ახალგაზრდა ნარკოტიკს მიეცეს. მაგრამ, თუ კეთილგონიერება შემორჩა, პირიქით, ქრისტე სწორედ იქ ხდება ქრისტე, სადაც ყველაფერი ჩაბნელებული იყო. სიბნელე ხელს უწყობს სინათლის პროვოცირებას. გრიგოლ რობაქიძის გმირი („ჩაკლული სულიდან“) თამაზი დაკითხვაზეა გამომძიებელთან, კონტრრევოლუციონერია და ბოლშევიკი გამომძიებლები ეკითხებიან, რევოლუციის მომხრე თუ ხართო. კონტრრევოლუციონერი პასუხობს, რევოლუციის მომხრე ვარო. გაუკვირდება გამომძიებელს, როგორ, როდესაც თქვენ ჩვენ გვებრძვითო და თამაზი ეუბნება, ყოველი რევოლუცია დიდი ძალით წააქეზებს უღმერთობას საზოგადოებაში, ხოლო უღმერთოებაში აღმოჩენილ ადამიანს მთელი ძალით მოსწყურდება დაბრუნება იმასთან, რაც დაკარგაო. ანუ სიბნელე პროვოცირებას აკეთებს. ეს მართლაც ასეა: მარცვალს რომ მიწაში აგდებ, კი არ მარხავ, არამედ შესაძლებლობას აძლევ, რომ ტანად ამოიზიდოს მიწიდან. აქვე გავიხსენებ სულმნათ მერაბ კოსტავას სიტყვებს: მხოლოდ სიბნელით გამოწვეული ტანჯვა გადააქცევს სინათლის წყურვილს ჭეშმარიტ სინათლედ.

აი, ეს არის იესო და სად ამოსკდა?! იქ, სადაც ყველაზე მეტად იყო გადაგვარებული რელიგიური ცხოვრება, სადაც ყველაფერი იყო მოშლილი, ზუსტად იქ გამორბრწყინდა. რატომ? იმიტომ რომ სული შეეხუთა. მაცხოვარი სულიწმიდით იყო შობილი და ამ სულის შეხუთვამ მასში პროვოცირება გაუკეთა შინაგან სასიცოცხლო ძალებს და მარტო დადგა სისტემის წინაშე. ესე იგი, თუ რამე არ მოგწონს სასულიერო პირის მოქმედებაში, ნათქვამში, ამის გამო ყურები კი არ უნდა ჩამოყარო და დანებდე, არამედ ამან უნდა აგანთოს. იცი, სად ვცდებით?! როგორც წესი, ვამბობთ, ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, ჩვენი მამა-პაპა მართლმადიდებელი იყო, შოთა რუსთაველი გვყავს, ილია ჭავჭავაძე გვყავს, მაგრამ ამის შედეგი რა არის?! მართალია, მემკვიდრეობა მიიღე, მაგრამ მერე?! გახსოვს, ხომ, იგავი ტალანტების შესახებ?! ხუთი ტალანტი ვისაც მისცა, მან კიდევ ხუთი მოიგო; ორი ტალანტი ვისაც მისცა, მან კიდევ ორი მოიგო; ხოლო ერთი ვისაც მისცა, მან უთხრა, უფალო, მე ვიცი, შენ ისეთი კაცი ხარ, იქ იღებ, სადაც არ დაგითესავს და ამიტომ მე შევინახე ის ერთი ტალანტი და მოგიტანეო. ქრისტე ეუბნება, თუ იცოდი, რომ ასეთი ვიყავი, მით უმეტეს, არ უნდა დაგეთესაო, ანუ ვინც შეინახა, მან დაკარგა და ამატებს, მიეცით, ვისაც ათი ტალანტი აქვსო.

ამდენად, თუმცა მართლმადიდებლობა მემკვიდრეობად გვერგო, ახლა შენ უნდა გაშალო ბოლომდე, ჩვენი ეპოქისთვის გასაგებად აქციო და არ გაიმეტო სამუზეუმო ექსპონატად, რომ ხელი არავინ მოჰკიდოს. ვტრაბახობთ, ვიკვეხნით, შედეგად კი გვაქვს, ფაქტობრივად, შეუმდგარი ცხოვრება. სად ჩანს, რომ შოთას ქვეყანა ხარ?! სად არის ზნეობრივი მაგალითებით სიძლიერე?! სად არის მოყვასისთვის ავთანდილის მსგავსი თავდადება?! „მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვკრეფ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად“, თუ მე ეს ცხოვრების წესად არა მაქვს, პასუხი მომეთხოვება მის წინაშე, ვინც მე ეს გადმომცა და ვისაც მეტი მიეცა, მას მეტი მოეთხოვება. არის თუ არა რეალიზებული დღეს ავთანდილის ეს პათოსი?! თუნდაც, მართლმადიდებლობა?! ჩვენ ვიკვეხნით, რომ ვართ ერთადერთი მადლის მქონენი და ჭეშმარიტი მართლმადიდებლები. კი ბატონო. მაგრამ, თუ ასეა, მაშინ ქრისტე გეუბნება: ხე ნაყოფით იცნობა. არ შეიძლება, კეთილმა ხემ ცუდი ნაყოფი გამოიღოს. სად არის ნაყოფი?! 100 000-ობით მაზიარებელი გვყავს, ათასობით მღვდელმსახური, ტაძრები, ეპარქიები, მაგრამ ვცხოვრობთ კი ქრისტიანული ცხოვრების წესით?! ქრისტეს სიტყვები იმისთვის კი არ თქმულა, რომ ჩვენ ქრისტე გვედიდებინა, პარაკლისები გადაგვეხადა, ყველგან მისი ხატები ყოფილიყო გამოფენილი. და, მართლაც, ყველგან ქრისტეს თაყვანისმცემლები არიან: სამარშრუტოდან დაწყებული და ბინებით დამთავრებული. მაგრამ ადამიანის თაყვანისცემა სად არის?! ძალიან ადვილია ხატების სიყვარული. არაფერს ითხოვს შენგან: დაუნთე სანთელი, პარაკლისი გადაუხადე და წამოდი, მაგრამ, აბა, მიდი და, ადამიანში შეიყვარე ღმერთი... თუმცა პირდაპირ გეუბნება „სახარება“: შენ ამბობ, ღმერთი მიყვარსო, როგორ გიყვარს ღმერთი, როდესაც არ გიყვარს ადამიანი, რომელსაც ხედავ... აი, აქედან დაიწყე... ქრისტე უნივერსალური პრინციპია. მართალია, ერთი მხრივ, ის ისტორიული პიროვნებაა, მაგრამ იმიტომაც არ დარჩა ისტორიაში, რომ, როდესაც იგავე პრინციპით იცხოვრებ, შენც ქრისტე ხარ უკვე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი