პოლიტიკა

რა ტიპის არეულობის გამოწვევა შეუძლია რუსეთს საქართველოსა და სომხეთში

№39

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 02.10

ზაალ კასრელიშვილი
დაკოპირებულია

ჩვენც ვიგულიანებთ თავს და გარედანაც გვარიანად გვაგულიანებენ, რომ რუსეთისადმი სასტიკები და დაუნდობლები უნდა ვიყოთ, ვინაიდან ჩვენი ტერიტორია მიიტაცა. ფაქტია, რომ ტერიტორიაც მიიტაცა, მათი დამოუკიდებლობაც აღიარა, მიტაცებულ ტერიტორიებზე ორი ბაზაც ჩაგვიყენა და ისეთი სტრატეგიული მდებარეობა დაიკავა ამ ჩვენსავე ტერიტორიაზე (თუმცა ისედაც ახლოსაა), რომ, როცა გაუხარდება, მაშინ მოგვიწყობს ნებისმიერ სისასტიკეს. შესაბამისად, იბადება კითხვა, რა მიზნით უნდა გაებრიქოს საქართველო რუსეთს და, რაც მთავარია, რამდენ ხანს გაუძლებს, თუ რუსეთი ისევე მოიქცევა, როგორც ექცევა უკრაინას? – ამ თემას ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ.

- ჩვენც ვგულადობთ და სხვებიც არ გვაკლებენ ხელს, რომ გავგულადდეთ, ამდენად, რამდენ ხანს გაუძლებს საქართველო რუსეთს, თუ ის თავს დაგვესხმება?

– ვერ გეტყვით, რამდენ ხანს გაუძლებს საქართველო, საერთოდ გაუძლებს თუ არა ან რა წინაპირობებია იმისთვის, რომ საქართველომ ვინმეს გაუძლოს, ან გაუძლო კი აქამდე?! ერთად ვიმსჯელოთ და გავაანალიზოთ. რუსეთ-საქართველოს შორის დაპირისპირება 2008 წელს არ დაწყებულა, ფიზიკურ დაპირისპირებას ვგულისხმობ უახლეს ისტორიაში, ეს დაიწყო 1989 წლიდან. საკმარისი რესურსი აქვს რუსეთს, რომ საქართველოზე, მის ხალხზე, მის ეკონომიკასა და საგარეო პოლიტიკაზე ზეგავლენა მოახდინოს როგორც გეოგრაფიულად, ისე ქვეყნის შიგნით არსებული აგენტურის მეშვეობით. რუსეთი ახდენს ზუსტად იმ ხარისხის ზეწოლას, რაც სჭირდება. თუ დასჭირდა, ალბათ, უფრო მეტ ზეწოლასაც მოახდენს.

– როდესაც ამბობენ, რომ 2008 წელს თბილისზე თავდასხმა ვერ გაბედაო. არ სჭირდებოდა. დაიკავა სტრატეგიული ადგილები საქართველოს ტერიტორიაზე და გამაგრდა.

– როგორც ჩანს, 2008 წელს სულ სხვა შეთანხმება იყო რუსეთს, ამერიკასა და საქართველოს შორის. არ შეეძლო ერთია, მეორეა არ სჭირდებოდა და მესამეა, რომ მაშინ ძალიან დიდი ზეწოლა მოახდინა რუსეთზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა მას ანგარიში გაუწია. ცხინვალში კონფლიქტის გამო საქართველოს დედაქალაქში შემოსვლა და ხელისუფლების შეცვლა მთლიან რეგიონში ცვლიდა სტრუქტურას. თვითონ რუსეთიც არ იყო მზად ამისთვის.

– მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არ სჭირდებოდა, ეს ვიგულისხმე.

– რუსეთს აუცილებლად მოუწევდა დაპირისპირება როგორც თურქეთის, ისე დასავლეთის ინტერესებთან. ის კი მზად არ იყო ამისთვის, მათ შორის, არც ფიზიკურად. მაშინ ქართულმა არმიამ, პიროვნული ვაჟკაცობის ხარჯზე საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. მეორე საკითხია, რომ დამთავრდებოდა ტყვია-წამალი, მერე რა მოხდებოდა, მაგრამ, როგორც ვიცი, მაშინ თურქეთმაც საკმაოდ სერიოზული ზეწოლა მოახდინა რუსეთზე. თუ ვინმეს არ ახსოვს, მინდა, შევახსენო, რომ თურქეთიდან შემოვიდა „ნატოს“ გემი, რომლის კაპიტანიც ეთნიკურად ლაზი იყო. რაც შეეხება გაძლებას: თუ 1990 წლიდან დაწყებული თვალს გადავავლებთ კავკასიურ ომებს, სავარაუდოდ, საშუალოდ, დაახლოებით, ისრაელის დონის შეიარაღება უნდა გვქონდეს, რომ რუსეთს გრძელვადიანი ომი გავუმართოთ და თან, სერიოზულად დავაზიანოთ. საქართველო-რუსეთის ომი უბედურებას მოიტანს ჩრდილო კავკასიაში, სადაც არიან პრორუსებიც და თავისუფლების მოყვარულებიც და მოწინააღმდეგეებიც. ასე რომ, რუსეთისთვის იოლად ეს ამბავი არ დამთავრდება, მაგრამ ლაპარაკი იმაზეა, ჩვენ რა გვინდა? რა მიზანი გვაქვს?! თავისუფლება, საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით, სრულფასოვანი ქვეყნის აშენება თუ რუსეთის დამარცხება?! ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ცხოვრებამ გვაჩვენა, რომ ჯერჯერობით ვერ დავაღწიეთ თავი რუსეთის გავლენას. კონკრეტული მიზანი და პროგრამაც ვერ დავინახეთ. ვერც შევარდნაძის, ვერც სააკაშვილის დროს ვერ დავინახეთ, რომ მიზანი იყო რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევა. ლანძღვა-გინება-ჩიჩხინი არ ნიშნავს, რომ თავის დაღწევა გინდა.

– ისევე, როგორც ინგლისურის გაძლიერებული სწავლება.

– დიახ, არც ეს ნიშნავს არაფერს. შედეგებით თუ ვიმსჯელებთ და 2008 წლის ომში მარცხის შემდეგ, როგორ იზეიმეს გამარჯვება, ვნახავთ, როგორ დათვალეს: ქვემოდან ზემოთ – შევაჩერეთ, თორემ თბილისზე მოდიოდაო. შემდეგ კი მშვენივრად გააგრძელეს ცხოვრება, მათ შორის, ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან, აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე. იგივე მოხდა შევარდნაძის დროს აფხაზეთში, მაშინ ღმერთმა დაგვიფარა და სამეგრელოს მოსახლეობის დამსახურებაა, რომ აფხაზეთს სამეგრელო არ მიაყოლეს, როგორც ბუფერული ზონა, მინიმუმ, ორი სასაზღვრო რაიონი მაინც. ამდენად, გაძლებაზე ლაპარაკი უადგილოდ მიმაჩნია. თუ ჩვენ გვინდა, რომ თავი გავწიროთ, არც მაგის პრობლემაა.

– მეც ასე ვფიქრობ. გვინდა, რომ შევაკვდეთ? შევაკვდეთ. ამის გარკვევას ვცდილობ: ვინც დიდგულობს, ვის იმედად დიდგულობს?

– დიახ, თუ გვინდა, რომ შევებრძოლოთ და შევაკვდეთ, პრობლემა არაა. რუსეთს უკრაინასთან ომი აქვს, ამდენად, ისეთი მობილიზებული ვერ იქნება კავკასიასა და საქართველოში, როგორც ადრე იყო, ამიტომ შეეცდება, ადგილებზე თავისი რესურსი გამოიყენოს: ჩრდილო კავკასიაში – პრორუსები, საქართველოში – პრორუსები, სომხეთში – პრორუსები და პროდასავლელები დაატაკოს ერთმანეთთან, შემდეგ აზერბაიჯანს დააყენებს არჩევანის წინაშე: ან რუსისკენ, ან თურქისკენ. თუმცა ეს ცოტა გაუჭირდება.

– ჩვენ და სომხეთი არ გავუჭირდებით.

– დიახ და ისმის კითხვა: რა გვჭირდება ამისთვის და გვაქვს თუ არა ამის შესაძლებლობა?! ამისთვის გვჭირდება იარაღისა და აღჭურვილობის, მინიმუმ, ერთი წლის მარაგი; საქართველოს, მინიმუმ, 2-3 წლის ბიუჯეტის ოდენობის თანხა დარეზერვებული და, რაც მთავარია, დასავლეთს თუ სჭირდება ჩვენი ასეთი დამოკიდებულება?! უნდა, რომ ორ ფრონტზე გადაანაწილოს თავისი ძალები?! რუსეთი დამპყრობელი ქვეყანაა, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს დაპყრობილი. დღემდე ჩვენ ვერ დავინახეთ ტერიტორიების დაბრუნების ვერც გამოკვეთილი პროგრამა და ვერც აქტიური ნაბიჯები. ყველა მხოლოდ ლაპარაკობს წინასაარჩევნოდ. ერთნი ამბობენ, დავალაგებთ, მეორენი ამბობენ – ვერ დალაგდება და ძალით უნდა დავიბრუნოთ. არადა, მათი ძალით დაბრუნებული ვნახეთ 2008 წელს, პიპინიამ რომ პორტ-არტურიდან გამოასწრო თავის ცხენს, ისე რომ გამოასწრეს ჯარისკაცებს, რომლებიც ბრძოლის ველზე დატოვეს და გვახსოვს, საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმღვანელობიდან ზოგი ჰალსტუხს რომ ღეჭავდა და ზოგი მარჯანიშვილის მეტროში რომ იმალებოდა.

– თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები გარბოდნენ მეტროსკენ.

– დიახ, თავდაცვის მინისტრიც და დანარჩენებიც. მერე ზოგიერთი სამოქალაქო თანამდებობის პირი გაქცეულ ჯარს ჩაუდგა სათავეში და შემოჰყვნენ მცხეთიდან თბილისში. ამდენად, არასერიოზული საუბრების დრო არ გვაქვს. ან უნდა ვიბრძოლოთ და ძალით დავიბრუნოთ, ან რაღაც უნდა მოვიფიქროთ, ჩვენი დრო მოვიყვანოთ, რომელიც თავისით არ მოვა.

– უკრაინას ამზადებდნენ რუსეთთან საომრად, თავადაც ემზადებოდნენ, აქ მაინტერესებს, დიდგულზე რის იმედად არიან? დიდგულზე რომ ხარ, მე ასე მესმის, მზად ხარ, რომ შენ შეაკვდე.

– უკრაინას ამზადებდნენო და სანამ მოამზადებდნენ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მეორე ადგილას რომ იყო მათი სამხედრო-სამრეწველო წარმოება, არავის დაავიწყდეს. მათ შეინარჩუნეს საბჭოთა ჯარის დიდება, კორუფციაც იყო და სახელმწიფო ქონების განიავებაც, მაგრამ ჯარიც შეინარჩუნეს, ტექნიკაც, ქარხნებიც და მათ მიერ წარმოებული „ბუკები“ მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო, გაყიდვის მაჩვენებლით. ასე რომ, ესეც ჰქონდათ, შემდეგ გააძლიერეს, 45 მილიონი იყვნენ და რამდენიმე საქართველო გამოიჭრება უკრაინიდან. ეს წინაპირობები უკრაინის სასარგებლოდ მუშაობდა. რაც ჩამოვთვალეთ, ჩვენ არ გვაქვს, ამიტომ ვამბობ, დრო თავისით არ მოდის, მოვლენა უნდა შექმნა და ამან უნდა მოიტანოს ჩვენი დრო, ამას კი მე ვერ ვხედავ. დაუმთავრებელია ტრაბახი, ქილიკი და ჟარგონს ვიხმარ, დაუმთავრებელია არჩევნების წინ „ბლატაობა“ და ხალხისთვის ნერვების მოშლა. პირდაპირ ვიტყვი: არც დასავლეთს უნდა აქ არეულობა, არც რუსეთს უნდა, ხოლო, თუ აქაურებიდან ვინმეს უნდა არეულობა, მათ მინდა, ვუთხრა, თქვენი გამარჯვება რომ ნდომებოდათ, გაგაძლიერებდნენ, რადგან არ გაგაძლიერეს საქართველოს ფარგლებს გარედან, ესე იგი, არ უნდათ, ისე გაძლიერდეთ, რომ აქ არეულობა მოაწყოთ ან ხელისუფლებაში მოხვიდეთ. პრაგმატულად შეხედეთ და რაციონალური დასკვნები გამოიტანეთ. მე ვერ ვიტყვი, რომ მშიშარა ხალხი ვართ და ომი არ შეგვიძლია. რომ არავინ ჩაერიოს, ცხინვალსაც დავიბრუნებთ, სოხუმსაც და ზოგიერთ გათავხედებულ ქვეყანასაც მივუჩენთ თავის ადგილს. მაგრამ არ გვაქვს არც ტექნიკა, არც აღჭურვილობა და არც ფინანსები. გადახედეთ უკრაინის ომის ქრონიკას, რამხელა პაუზები კეთდებოდა ამხელა ქვეყანაში იმის გამო, რომ ხან ტყვია-წამალი არ ჰქონდათ, ხან – ტექნიკა და ხან – ფული. მეორე მხრივ, რის გამბრექები არიან, ერთი სული აქვთ, არჩევნები ჩაატარონ, გახდნენ დეპუტატები, მოხვდნენ კომფორტში და გააგრძელონ ცხოვრება. რომელია თავის გამწირავი?! თუ არიან, 1993-ში ან 2008-ში რატომ არ გაწირეს თავი?! ბრძოლის ველზე რატომ არ დარჩნენ?! სად გამოიქცნენ?! საქართველოს ისტორიაში უთქვამთ, რომ ქართული ჯარი დამარცხდა, მაგრამ არ მახსოვს ეპიზოდი, როდესაც ისტორიკოსებს ეთქვათ, რომ ქართული ჯარი გაიქცა ან ბრძოლის ველიდან გაქცეულმა საკუთარი მოსახლეობა გაძარცვა, მერე მთავრობაში მოვიდა, ქრთამი აიღო და ბიუჯეტი შეჭამა. არც ის მომხდარა, ცხინვალში რომ ცხედრები იყო და აქ გამარჯვებას ზეიმობდნენ. მეტიც, ისტორია ამბობს, როდესაც ომში დაღუპულებს დაკრძალავდნენ, 40 დღეს გლოვობდნენ... არ ვიცი, ვინ ვის აქეზებს და ეყოჩება, თუმცა არც ისაა მართალი, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ომი. სხვათა შორის, ბევრი რამ არ სჭირდება: საკმარისია, შეიქმნას ჯგუფი სოციალურ ქსელში და სახელმწიფოს წარმომადგენელმა ტელევიზიიდან დასვას კითხვები, რა გვინდა, პლებისციტიც კი შეიძლება, ჩატარდეს ამ თემაზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა