პოლიტიკა

რა ტესტი ჩაუტარა რუსეთმა „ნატოს“ დრონების პოლონეთის ცაზე შეშვებით

№38

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 02.10

მამუკა არეშიძე
დაკოპირებულია

რუსული დრონები სულ უფრო და უფრო ხშირად არღვევენ „ნატოს“ წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეს და მთავარ მარშრუტად მაინც პოლონეთი რჩება. არის ორი ვერსია, ერთის მიხედვით, ეს ნიადაგის მოსინჯვაა რუსეთის მიერ, ანუ დაზვერვა ბრძოლით; მეორე ვერსიით კი, რომელიც ამერიკელ სკოტ რიტერს ეკუთვნის, უკრაინელებს აქვთ დრონების გადამჭერი და მათთვის მიმართულების შემცვლელი მოწყობილობები და სწორედ მათი ნამოქმედარია დრონების პოლონეთის ცაზე გამოჩენა, რათა მოხერხდეს „ნატოს“ ჩართვა ომში. მით უმეტეს, რომ პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ უკრაინა ცდილობდა „ნატოს“ ომში ჩათრევას. მამუკა არეშიძესთან ერთად ვისაუბრებთ „დრონების“ როლზე უკრაინაში მიმდინარე რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებაში.

– „დრონების“ შეფრენ-გამოფრენები, რეალურად, რა მიზანს შეიძლება, ისახავდეს?

– მე არ მგონია, რომ ეს შემთხვევითი შეფრენა იყო ან უკრაინელების გაკეთებული. ჯერ ერთი, ბევრი დრონი იყო; მეორეც, მათი ამოცნობა სამხედრო სპეციალისტებისთვის რთული არ არის; მესამე – რუსებს კატეგორიული განცხადება იმის შესახებ, რომ ეს მათი დრონები არ იყო, არ გაუკეთებიათ. საკმაოდ ბუნდოვანი განცხადება გააკეთეს, რაც ემსახურებოდა სიტუაციის ტესტირებას. ომი რომ გამოეცხადებინათ „ნატოს“ მეხუთე მუხლის მიხედვით, მაშინ შეიძლება, ეთქვათ, კომისია შევქმნათ, შევამოწმოთ, მართლაც, ჩვენი იყო თუ არა და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან კარგად იციან რუსებმა, რომ დღეს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მეხუთე პუნქტის ამოქმედებასთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიცია აქვთ. ზოგადად, რუსული ხასიათია ასეთი თავხედური ნაბიჯის გადადგმა იმისთვის, რომ სიტუაცია შეამოწმო, ტესტირება ჩაუტარო. ამდენად, მე არ მიკვირს. მეც არ ვარ სამხედრო სპეციალისტი და ვერ დავიჩემებ, რომ გინდა თუ არა, ჩემი ვერსია სწორია, მაგრამ ლოგიკა ამას მკარნახობს, იმიტომ რომ რუსებს მსგავსი რამ პირველად არ გაუკეთებიათ.

– მასშტაბი კი სხვა არის, მაგრამ 2008 წლამდე, წლების განმავლობაში, რუსეთი მუდმივად არღვევდა საქართველოს საჰაერო სივრცეს სხვადასხვა მონაკვეთზე.

– თან, ახლა ბელარუსისა და რუსეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება პოლონეთის საზღვართან და, ამდენად, გასაკვირი არაფერია.

– ეს მოთელვაა – ფსიქოლოგიურად აწვება, მე როგორც მინდა, ისე მოვიქცევი თუ ეს არის პირველი ნაბიჯი რაღაც მიზნისკენ, რაც მეათე ნაბიჯით გამოჩნდება?

– არა, ეს მაინც, მგონი, ტესტირება იყო სიტუაციის, როგორი რეაგირება ექნებოდა დასავლეთს.

– კელოგმა განაცხადა, რუსეთი აგებს ომსო. ამ განცხადების მოტივს ვერ ვხვდები. ისინიც ახელებენ რუსეთს თუ რა ტიპის ფსიქოლოგიური დაპირისპირებაა?

– რასაკვირველია, შეგვიძლია, ამას ფსიქოლოგიური ომის კვალიფიკაცია მივცეთ. რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ იგებს და ომი გადამწყვეტ ფაზაშია შესული. თუ რუსეთის სხვა ომებთან გავავლებთ პარალელს, ამდენი ხნის განმავლობაში ასეთი ცოტა ტერიტორიული მონაპოვარი იშვიათად ჰქონიათ, ან ომი შეწყვეტილა, ან, თუ ამდენ ხანს გაგრძელებულა, სერიოზული ტერიტორიული უპირატესობა ან უზარმაზარი დანაკარგი ჰქონდა. დღეს არ ჩანს რუსეთის „ძლევამოსილი გამარჯვება“, ძალიან ბევრია დაღუპული და საკმაოდ მძიმე სოციალური მდგომარეობაა. განსაკუთრებით, ჩრდილოეთ კავკასიის პატარა რესპუბლიკებს დაეტყო ეს დანაკარგი. სამივე ჩერქეზულ რესპუბლიკაში მილიონ 800 ათას კაცამდე ცხოვრობს და ხილული დანაკარგია 3 500, ხოლო 5 000 უგზო-უკვლოდაა დაკარგული. ამასთან, უამრავი დაჭრილია. ეს ფაქტები ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად მოქმედებს მთელ ჩრდილოეთ კავკასიისაზე და ასეთი უამრავი რეგიონია რუსეთში. დანაკარგები პერიფერიაში უფრო მეტია, ვიდრე, მაგალითად, მოსკოვში.

– პერიფერიები სხვა, აბა, რისთვის სჭირდება რუსეთს?

– უბრალოდ, ამით იმის თქმა მინდა, რომ მდგომარეობა რუსეთში საკმაოდ რთულია. კლასიკა მეორდება: რუსეთის ისტორია გვკარნახობს, რომ, როდესაც ჯარი უკან დაბრუნებულა გამარჯვების გარეშე, ამას უარყოფითი შედეგი მოჰყვებოდა ხოლმე ხელისუფლებისთვის. ასე იყო იაპონიასთან ომში დამარცხების შემდეგ, პირველ მსოფლიო ომში წარუმატებლობის შემდეგ. აქედან გამომდინარე, დღეს რუსეთის ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ ომს უფრო უკეთესი შედეგი ჰქონდეს.

– მაშინ რატომ არ იყენებს რაკეტებს, რომლებსაც შეუძლია, ძალიან დიდი ზარალი მიაყენოს მოწინააღმდეგეს?

– იმიტომ რომ საპასუხო რეაქციას მიიღებს და ამას იტოვებს სავაჭროდ. მას შემდეგ, რაც რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნები დაიწყო, „ისკანდერები“ კალინინგრადშიც განალაგეს და ბელორუსიის საზღვარზეც. რაც აღარ მუშაობს საშუალო და მცირე სიშორების რაკეტების ხელშეკრულება, „ისკანდერს“ შეუძლია, მიაღწიოს, მაგალითად, პარიზამდე. ასე რომ, დრონებითა თუ რაკეტების განლაგებით, რუსეთი მიანიშნებს დასავლეთს, რომ ყველაფერზეა წამსვლილი და თქვენ ნახეთ, როგორი რეაქცია ჰქონდა დასავლეთს: ისტერიკაში ჩაცვივდნენ და თათბირობდნენ, იმის მაგივრად, რომ ქმედითი პასუხი გაეცათ. არადა არც სანქციები, არც ტრიბუნებიდან დაშინებები რუსეთზე არ მოქმედებს. ვერც იმოქმედებს, იმიტომ რომ პუტინის ხელისუფლებას ომის დამთავრების უფლება არ აქვს, უფრო სწორად, სხვა შემთხვევაში დამთავრებულია მისი საქმე. ეს ძალიან კარგად იციან მოსკოვში და ამიტომ იქცევიან ისე, როგორც იქცევიან.

– ჩვენი გადასახედიდან თუ შევხედავთ, როდესაც პოლონეთის ხელისუფლება გვაგულიანებდა და გვლანძღავდა, ცოტა კომიკურად კი გამოჩნდა მათი რეაქცია რუსული დრონების შეფრენაზე.

– პოლონეთის მაშინდელ ქმედებებზე შეგვიძლია, აღარც ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა საქართველოზე ზეწოლა ინერციულია და, ზოგადადაც, ევროპა ინერციულად განაგრძობს საქართველოსადმი ძველ დამოკიდებულებას, იმიტომ რომ ბევრად უარესი რამეები ხდება მთელ დანარჩენს გეოპოლიტიკურ სივრცეში. ნონსენსია და გამორიცხული, რომ საქართველომ აირჩიოს რუსეთთან მეგობრობის გზა, იმიტომ რომ ამის შემდეგ საქართველოს ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ამდენად, ეს გაუთავებელი ლაპარაკი, რუსეთისკენ მიდიან, მხოლოდ ლაპარაკია, ვინაიდან დასავლეთის შესაბამისმა სპეციალისტებმა, ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს რუსეთისკენ სვლის პერსპექტივა არც აქვს და ეს არც არავის უნდა. სხვა საკითხია საქართველოს ხელისუფლების შიში რუსეთის მიმართ: ეს შეიძლება, იყოს აქტუალური, მაგრამ რუსეთისკენ სვლა სისულელეა. მოკლედ, ძალიან კარგად იციან დასავლეთში, რომ ის მდგომარეობა არ არის, რის წარმოჩენასაც ქართული ოპოზიცია ცდილობს. ასე რომ, საქართველოზე ზეწოლას მართლაც ინერციული ხასიათი აქვს. შესაბამისად, აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა, რას იტყვიან პოლონელები ან სხვები. ახლა მათ თავად შეექმნათ სერიოზული პრობლემები და ეს პრობლემები დღეს არ დაწყებულა. მაგალითად, პოლონეთს, დაახლოებით, 3 000 კაცამდე ჰყავს დაზარალებული: მოხალისეები, სპეციალისტები, ის ადამიანები, რომლებიც რაღაც ფორმით მონაწილეობდნენ რუსეთ-უკრაინის ომში. ახლა მათ ამისთვის პასუხს სთხოვს პოლონური საზოგადოება. ამას დრონებიც დაემატა. თან, პირველად ხომ არ შეფრენილა?! ადრეც იყო მსგავსი შემთხვევები და ადამიანიც დაიღუპა, ვის სახლსაც ის დრონი დაეჯახა.

– პოლონეთი რატომ შეირჩა, როგორც უკრაინაში მიმავალი სამხედრო ტვირთის ჰაბი?

– რასაკვირველია. თუ მიაქცევთ ყურადღებას, სოციალისტური ბანაკის ქვეყნებს საკმაოდ მოქნილი პოზიცია აქვს რუსეთისადმი, პოლონეთის გარდა. მიუხედავად იმისა, რომ უაღრესად ანტირუსულად განწყობილი ჩეხეთის პრეზიდენტი მკვეთრ განცხადებებს აკეთებს, ჩეხეთი ცდილობს, ზომიერად იყოს ჩართული ამ კონფლიქტში. იმას ვამბობ, რომ არიან ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნები, რომლებიც კარგად იცნობენ რუსეთს, მოსკოვს და იციან, რაზეც შეიძლება, იყოს წამსვლელი. თან, ბოლო 20-25 წელია, „დატკბნენ“ ევროპული ცხოვრებით, ევროპული კეთილდღეობით და იმავდროულად, ისიც იციან, რომ ძველ ევროპას აღმოსავლეთ ევროპა ფარად სჭირდება. სწორედ ამ პოზიციით ხელმძღვანელობენ სლოვაკეთისა თუ უნგრეთის ხელმძღვანელები და ცდილობენ, რომ ამ მოუგებელ თამაშში არ ჩაერთონ. ამერიკის შეერთებული შტატების მკვეთრი პოზიცია ჯერჯერობით არ ჩანს, რუსეთი კი, თუმცა ტრიუმფალურად ვერ გაიმარჯვებს, ევროპისთვის ეს მაინც მოუგებელი თამაშია.

– როგორ შეიძლება, იმოქმედოს რუსეთ-უკრაინის ომზე, მაგალითად, ბრიტანეთში მიგრანტების წინააღმდეგ გამართულმა აქციამ? ზოგადადაც, აქვს ამას კავშირი ამ დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებასთან?

– თუ ძალიან მოვინდომებთ, დავაკავშირებთ. აქციის ორგანიზატორი რობინსონი, მისი მეორე გვარია ლენონი, სულ გამოდის ამ მიგრაციის წინააღმდეგ, მაგრამ საქმე მარტო მიგრანტების საწინააღმდეგო აქციები არ არის. ეს აქციები მოქმედებს მთავრობის ავტორიტეტზე. ესე იგი, მთავრობის დასუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯებია. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ვივარაუდოთ რომ ეს ფინანსდება, ვთქვათ, მოსკოვიდან და უკავშირდება უკრაინის ომს, იმიტომ რომ უკრაინას რუსეთი უპირისპირდება და ამის გამო დაპირისპირებულია ევროპასთან. მოკლედ, მსოფლიომ თავისი თავი მიიყვანა იმ კატასტროფამდე, რაც დღეს არის და კატასტროფა არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური დაპირისპირება და მსოფლიო წესრიგის ჩამოშლა, ანუ ახალი თამაშის წესების არმიღება და ასე შემდეგ, კატასტროფაა ის, რომ ეს პოლიტიკური დაპირისპირება იწვევს ეკონომიკურ კატასტროფას, რაც არანაკლებ სერიოზული პრობლემაა. იმიტომ რომ მოწყობილი სისტემა დაშალეს მსხვილმა მოთამაშეება: რუსეთმაც, დასავლეთმაც, ყველამ, გარდა ჩინეთისა. ის ერთადერთი გამონაკლისია. ამას ემატება ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელსაც საზოგადოებები იღებენ და ამ მდგომარეობაში ზედაპირზე ამოდის და ბევრად უფრო მწვავედ იჩენს თავს ყველა ის პრობლემა, რაც საზოგადოებებში არსებობს და სხვა სიტუაციაში ასე არ გამწვავდებოდა – იქნება ეს მიგრანტების თემა თუ სოციალური და ეკონომიკური პრობლემები.

– როგორც ჩანს, ამ ომს ბოლო არ უჩანს და რჩება შთაბეჭდილება, რომ ფინალამდე საკმაოდ შორია.

– მე ვერ ვხედავ ამ ომის დამთავრების პერსპექტივას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამოქმედდება ბევრად უფრო სასტიკი სანქციები, რაც წარმოუდგენელია, რომ მოახერხონ. მე ვერ ვხედავ ისეთ რესურსს, რომელიც გადამწყვეტ უპირატესობას მოუტანს რომელიმე მხარეს. ახლახან „ნატომ“ გამოაცხადა, რომ იხურება უკრაინის ცა. ესე იგი, მის დაცვას „ნატო“ აიღებს თავის თავზე. მაგრამ ეს ჯერჯერობით დეკლარაციის დონეზეა და უცნობია, მიიღებს თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილების სახეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა