პოლიტიკა

რა სიმპტომებს გამოხატავს პროტესტის მსგავსი ფორმა და შინაარსი სხვადასხვა ქვეყანაში და რატომ იქცა პროტესტის სიმბოლოდ რეზინის ქათმის სათამაშო

№48

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

დიმიტრი ნადირაშვილი
დაკოპირებულია

ისე მოხდა, რომ ყველა ქვეყანაში, რომლებიც დიდად ვერ დაიკვეხნიან ცივილიზებული დასავლური წარმოშობით (თუმცა ცივილიზაცია ხანდახან უადგილოდაც კი აღიქმება ხოლმე ამ კონტექსტში), პროტესტის მონაწილეები ერთსა და იმავე ტექსტებს ამბობენ, ერთნაირ მელოდიას უკრავენ, ერთნაირად აცვიათ და ერთნაირ რიტუალებს ატარებენ. რა ფსიქოლოგიური პრობლემები იმალება ამ ერთობ უცნაური პროტესტების მიღმა? – ამ თემის ფსიქოლოგიურ ასპექტებს ფსიქოლოგი დიმიტრი ნადირაშვილი განგვიმარტავს.

– სულ ბოლოს, სათამაშო ჭყვიტინა ქათამიც კი გამოჩნდა, როგორც პროტესტის სიმბოლო. რა სიმპტომებია ეს? მე არ მგონია გამოხატვის ჯანსაღი ფორმა.

– ეს ძალიან ღრმა თემაა და შეიძლება, ვერც გავწვდეთ ბოლომდე, მაგრამ რაღაც პრელუდია მაინც გავაკეთოთ. რა არის ეს პროტესტი და რომელ ქვეყანაში რა განიხილება პროტესტად, გარდა იმისა, როდესაც ფოკუსში ექცევა რაღაც ფორმები, რომლითაც ისინი შეიძლება, ერთმანეთს ჰგავდეს. თითოეულ ერს, ქვეყანას, თავისი ტრადიციებიდან გამომდინარე, ახასიათებს თავისი ნიშანი, რომლითაც გამოირჩევა. მათ შორის, პროტესტის გამოხატვის ფორმებითაც. გლობალურ სამყაროში, რა თქმა უნდა, ეს შემდეგ ერთმანეთს ძალიან ემსგავსება, მაგრამ, თავისი არსით, მაგალითად, რუსეთში ბუნტი გამოიხატება ძალიან სისხლიანად და აგრესიულად. ისევე, როგორც აზიაში, მაგალითად, თურქმანული ტომების, ირანის ბუნტი ძალიან ბევრ სისხლიან კვალს ტოვებდა.

– მაგრამ არანაკლებ სისხლიანი იყო საფრანგეთის რევოლუციაც.

– დიახ და დღესაც ფრანგული პროტესტი, ეგრეთ წოდებული, ყვითელი ჟლეტები, ევროპაში აგრესიულობით გამოირჩევა: ამსხვრევენ ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ცივილიზებული ერია. არის სკანდინავია, ბრიტანეთი, სადაც გამოხატვის კულტურა სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით უფრო დახვეწილია. ამერიკაც, ამ თვალსაზრისით, არ არის აზიისა და რუსეთის მსგავსი და ამერიკიდან მოდის დემოკრატიული პროტესტი, მაგრამ, რაც ბოლო დროს ვნახეთ – შევარდნა თეთრ სახლში, თავდასხმები ტრამპზე, კირკის მკვლელობა – მათი საზოგადოებისთვისაც გაუგებარი და მიუღებელი იყო. ამ თვალით რომ შევხედოთ პროტესტის ქართულ გამოხატვას, მხედველობაში მაქვს საბჭოთა კავშირის დროიდან დღემდე, უნდა გავიხსენოთ 9 აპრილი, ჩვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და, ზოგადად, საბჭოთა კავშირის დროინდელი პროტესტი გამოირჩეოდა ევროპულებისგან და აზიურებისგანაც. ერის სახით იყო წარმოჩენილი პროტესტი: ჩვენ, ქართველები, ერთად მივდივართ ყველაფერზე გამარჯვებამდე; შიმშილობა იყო პროტესტის გამოხატვის პიროვნული ფორმა. რაც შეეხება დღევანდელობას: პროტესტი აღარ არის მთლად ისეთი, როგორიც იყო, მაგრამ ფესვები მაინც მანდ უნდა ვეძებოთ. დღევანდელი პროტესტის თვალში მოსახვედრი თავისებურებაა ქუჩის გადაკეტვა და „ელ გე ბე ტე“ თემატიკა, რომელიც წინა პლანზე იყო.

– რომელმაც შემდეგ, საბედნიეროდ, გადაინაცვლა მეასე პლანზე.

– ჰო, მერე რაღაც გადავიდა მეორე პლანზე, თორემ ტვინი ჰქონდა წაღებული. „ელ გე ბე ტეს“ თემა მაისის აქციებზე გამოხატული იყო სპეციფიკური ჩაცმულობითა და დროშებით და ეს, რა თქმა უნდა, გამოძახილი იყო ევროპული პროტესტის.

– ერთსა და იმავე რამეს რომ მოითხოვენ კავკასიაშიც, თურქეთშიც, აზიაშიც, ევროპაშიც, ინდოეთშიც და ერთნაირ რიტმში მღერიან, უხერხულობას არ ბადებს? როგორ შეიძლება, ყველა ყველგან ასე ერთნაირად და სინქრონულად გამოხატავდეს პროტესტს? ან ეს ჭყიპინა რეზინის ქათამი სათამაშოები რა მიზანს ემსახურება?

– ეს კარნავალის ერთგვარი გამოხატულებაა, რასაც ახლავს „ელ გე ბე ტე“ კონტექსტში ჩაცმულობა, ფერადი დროშები... მაგრამ მე ყურადღებას მივაქცევდი რუსთაველის გამზირის გადაკეტვასა და ყოველდღე ამის აღნიშვნაზე. როდესაც ასეთი რამ ხდება, საჭიროებს ანალიზს. რა ხდება. რა სიმპტომია, რატომ უნდა გადაიკეტოს ამდენჯერ დედაქალაქის მთავარი პროსპექტი და რას ამბობს ამით პროტესტის გამომხატველი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პატარა ჯგუფი კი არ ვართ, რომლებიც ვკეტავთ რუსთაველის გამზირს, არამედ ჩვენ ვართ მთელი ერი.

– მაგრამ რომ არ არიან მთელი ერი?

– რა თქმა უნდა, არ არიან, მაგრამ მე იმას ვამბობ, თუ რა განწყობებია ამგვარი ქცევის მიღმა. რისი თქმა უნდათ: რომ ეს პატარა ჯგუფი ერი ვართ და როდესაც ეს ჯგუფი გამოდის, მას შეუძლია, გამოვიდეს ერის სახელით. როგორც საბჭოთა კავშირი დროს გამოვხატავდით ერის ხასიათსა და სულს, ჩვენ გვაქვს მორალური უფლება, გადავკეტოთ მთავარი პროსპექტი. ამით გამოვხატავთ მთელი ერის სულისკვეთებას და ეს პროტესტი ამიტომ არ უნდა დაისაჯოს.

– მძღოლებთან დაპირისპირებით ხომ ჩანს, რომ ერის სულისკვეთებას არ გამოხატავენ. ვის ატყუებენ?

– მე იმას ვამბობ, რა შეიძლება, იდგეს ამგვარი ქცევის მიღმა. ისინი ამით ამბობენ, რომ არიან ეროვნული თვითგამოხატვა. ეს, თავისი განწყობით, უკავშირდება იმას, თუ როგორ გამოხატავდნენ ქართველები თავიანთ პროტესტს საბჭოთა მთავრობისადმი. მაგრამ ახლა შეიცვალა მნიშვნელოვანი რამ: აღარ არის საბჭოთა კავშირის მთავრობა, ახლა არის ქართული სახელმწიფო და მისი მთავრობა, მაგრამ როგორია მთავრობისადმი დამოკიდებულება?! ეს დანახულია, როგორც საბჭოთა კავშირი.

– ამიტომ შემოვიდა ტერმინი „რუსული მთავრობა“, გაუცხოებისთვის.

– ამიტომ შეიძლება პროტესტის გამოხატვა ისევე, როგორც ქართველი ერი საბჭოთა კავშირის მიმართ გამოხატავდა ნეგატიურ განწყობებს. ანუ შეიცვალა ფონი: საბჭოთა კავშირის ფონი – ქართული სახელმწიფოს ფონით, მაგრამ დარჩა განწყობა, რომელიც გამოხატავს იმავე ქცევებს, რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო დამახასიათებელი ქართველის პროტესტისთვის იმ რეალობის მიმართ. მაგალითად, ფსიქოთერაპიაში ჩვეულებრივი რამაა, როდესაც წარსული განწყობები იღვიძებს ახლანდელ ფონში. შეიცვალა გარემო, მაგრამ უცვლელია ის განწყობა, რომელიც ძველად არსებობდა და ახლა, ამ აწმყოში, იმავე სახით გამოიხატება. ეს, ფაქტობრივად, არის წარსულში გაუცნობიერებლად დაბრუნება, მაგრამ გამოიხატება პროტესტით დღევანდელი ქართული სახელმწიფოს მთავრობის მიმართ, რომელიც დანახულია, როგორც საბჭოთა რეალობა, რომელსაც იმავე მეთოდებით ებრძვიან. არადა, ასეთი რამ ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს. როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და მოვიდა პირველი ქართული ხელისუფლება, გამსახურდიას მთავრობასაც დაუპირისპირდნენ.

– დემოკრატობას უწუნებდნენ.

– მაშინ დაპირისპირება არაცნობიერად იყო ასეთი: რომ ეს თითქოს ისევ საბჭოთა კავშირია, საბჭოთა კავშირში დაბრუნება, ამიტომ პროტესტის მეთოდებიც ისეთივე უნდა იყოს და რა მოხდა შედეგად?! ისეთი მწვავე დაპირისპირება იყო, რომ თუმცა რუსეთი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მხარეს და ზოგჯერ ორივეს უჭერდა მხარს, სამოქალაქო ომი გაჩაღდა. ესე იგი, ისეთი განწყობების გაღვიძება საქართველოში, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის დროს, ძალიან ადვილია და შედეგიც არის შესაბამისი: როგორც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ისე ინგრევა და სამოქალაქო ომის ცეცხლში ეხვევა უკვე სახელმწიფო საქართველო, რომლის მიმართაც ისეთი განწყობები, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის დროს, ანგრევს ქვეყანას და ნახეთ, მართლაც, როგორ დაინგრა საქართველო. აღარც სინათლე იყო, აღარც გაზი, კულტურა, მეცნიერება, განათლება, სპორტი, ყველაფერი გაქრა ჩვენი რეალობიდან. აი, ეს განწყობები ჩანს დღესაც, როდესაც პროტესტი გამოხატულია არა დამოუკიდებელი ქვეყნისადმი, არა გაცნობიერებული რეალური ფონისადმი და არის პასუხისმგებლიანი, რომ აი, თუ მოხდა რევოლუცია, რა მოჰყვება ამას, ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე, არამედ ეს პროტესტი ემსგავსება იმ პროტესტს, რომელმაც საქართველოს, როგორც ქვეყნის, არსებობა, ეჭვქვეშ დააყენა.

– გამსახურდიას დროს გადატრიალებას გულისხმობთ?

– დიახ. ნულიდან მოგვიწია ქვეყნის მშენებლობა და მე დღევანდელი გაუცნობიერებელი პროტესტის მიღმა, სამწუხაროდ, ვხედავ იმ განწყობებს, რომელიც საბჭოთა კავშირში იყო ქართველებში, იმ სახელმწიფოს მიუღებლობისა და სიძულვილიდან გამომდინარე.

– აქ ის პრობლემაც დგება, რატომ ვერ იღებს თავის სახელმწიფოს? რა კომპლექსია ეს?

– რა თქმა უნდა, თუ სახელმწიფოა, ნაკლოვანებები იქნება, მაგრამ მძაფრი დაპირისპირება, ფაქტობრივად, სამოქალაქო დაპირისპირებამდე, საკუთარი სახელმწიფოს მთავრობის მიმართ სრულიად უპასუხისმგებლოდ ჩანს ამ გადასახედიდან. რა შეიძლება, მომხდარიყო ყველაზე ცუდი გამსახურდიას მთავრობის დარჩენის შემთხვევაში?! იმაზე უარესი ხომ არ იქნებოდა, რაც შემდეგ მოხდა?! იმაზე მეტ ზიანს ხომ ვერ მიიღებდა ჩვენი ეკონომიკა, მეცნიერება, კულტურა, რაც მოიტანა სამოქალაქო დაპირისპირებამ?! ეს მიუთითებს, თუ როგორ გვაკლია სახელმწიფოებრივი აზროვნება და უნარი, ავიტანოთ რაღაც ნაკლოვანებები მიზნის მისაღწევად. მაშინ იმ ნაკლოვანებების ატანა, რაოდენ ცუდი მთავრობაც უნდა ყოფილიყო, საშუალებას მოგვცემდა, გადაგვეტარებინა ის პერიოდი. ამის ნაცვლად კი, როგორ იოლად გავანადგურეთ ყველაფერი საბჭოთა კავშირისდროინდელი იმპულსით – რაც არის, უნდა დაინგრეს, ის მთავრობა აუცილებლად უნდა დაემხოს და დღესაც ეს იმპულსები ჩანს არაცნობიერად პროტესტის უკან. რომ აი, ჩვენ ვართ საქართველო და ყველანაირ უკიდურეს ფორმაზე წავალ, რომ გავიმარჯვოთ. დიახ, საბჭოთა კავშირის დროს მართლაც გავიმარჯვეთ, მაგრამ იმავე იმპულსებით, განწყობებითა და მეთოდებით, გამარჯვების ნაცვლად განმეორდება ის სამოქალაქო დაპირისპირება, რაც ერთხელ უკვე ვნახეთ და არც კი გვეტყობა, რომ გამოცდილება მივიღეთ.

– და გამოცდილების გაუთვალისწინებლობა შეიძლება, ძალიან ცუდად დასრულდეს.

– შეიძლება, ზუსტად ისევე დასრულდეს, რაც ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს, როგორც დასრულდა ის დაპირისპირება 90-ანებში.

– და რა კომპლექსის გამოხატულებაა ეს?

– ეს არის საბჭოთა კავშირში შემუშავებული განწყობების გაუცნობიერებლად გამოყენება დღევანდელ ფონზე და დღევანდელ, უკვე საკუთარ, სახელმწიფოში იმის ვერდანახვა, რომ შესაცვლელია ეს განწყობები, რადგან აღარ არის ადეკვატური. როდესაც საკუთარი სახელმწიფო გაქვს, საკუთარი მთავრობა გყავს, თუნდაც, ძალიან არ მოგწონდეს, მის მიმართ სხვა დამოკიდებულებაა საჭირო. ეს იმპულსური განწყობები, თავისი არსით, დამანგრეველია და ჩვენ ვერ ვგრძნობთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უნდა გვქონდეს, რომ ადეკვატურად დავინახოთ რეალობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი