პოლიტიკა

რა შემთხვევაშია შესაძლებელი საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმება

ავტორი: ნინო ხაჩიძე 12:21 17.11, 2020 წელი

კონსტიტუციონალისტი
ვახტანგ ძაბირაძე
დაკოპირებულია

ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს, იმ მოტივით, რომ არჩევნები გაყალბდა. ცხადია, ყველაზე მეტად „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურობს, იმიტომ რომ მიღებული პროცენტები უსამართლოდ მიაჩნია. უფრო ზუსტად, აცხადებენ, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და თუ ბოლო რამდენიმეწლიან პოლიტიკურ პროცესს გადავავლებთ თვალს, „ნაციონალური მოძრაობა“ გაყალბებულად მიიჩნევს ყველა არჩევნებს, რომლებშიც თავად არ აუღია ხმების უმრავლესობა. მეორე მხრივ, ამ პოლიტიკურ ძალას თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს და მათი რაოდენობა ბოლოდროინდელ თითქმის ყველა არჩევნებში 500 000-თან მერყეობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს საქართველოს ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 15 პროცენტის ფარგლებშია. მათ შეუერთდნენ ერთ და სამპროცენტიანი პარტიებიც: „ლელო“, „ლეიბორისტები“, „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, ელისაშვილის „მოქალაქეები“, „პატრიოტთა ალიანსი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“. ბუნებრივია, დადგა საკითხი, იქნება თუ არა უფლებამოსილი პარლამენტი, დაიწყოს მუშაობა. აქვე შეგახსენებთ, რომ, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნით, არჩევნებს არ ჩაუვლია ისეთი დარღვევებით, რომ ამას გავლენა მოეხდინა საბოლოო შედეგზე, ანუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დამკვირვებლებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უკვე აღიარეს. ჩემი ჟურნალისტური გამოცდილებით, რაკი პარლამენტარის უფლებამოსილების მოხსნას თავისი პროცედურა აქვს, შესაძლოა, ოპოზიციურ პარტიათაგან რომელიმე ან ყველა, ვიხილოთ კიდეც პარლამენტში, მანამდე კი კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძესთან გავარკვევთ: შეძლებს თუ არა „ოცნება“ იმ ხმებით, რაც აქვს, ახალი პარლამენტის ამუშავებას, მთავრობის დაკომპლექტებას და, საერთოდაც, ამ ეტაპზე რა სამართლებრივი ძალა აქვს ოპოზიციის მტკიცებას, რომ არჩევნებს გამოეთიშნენ. დავამატებ: რომ, უკანასკნელი ცვლილებებით, ამ მოწვევის პარლამენტში ავირჩიეთ 120 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 30 – მაჟორიტარული წესით. პროპორციულ არჩევნებში „ოცნებას“ 48 პროცენტი ერგო, რიგ მაჟორიტარულ ოლქებში კი მეორე ტური უნდა ჩატარდეს.
– რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს ან არ არსებობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩაითვალოს ჩატარებულად და რამდენი დეპუტატის დასწრებაა აუცილებელი პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომ პარლამენტმა მუშაობა დაიწყოს?
– თუ შემაჯამებელ ოქმში, ცესკო ცნობს, თუნდაც, 76 დეპუტატის უფლებამოსილებას, ისინი იკრიბებიან და პარლამენტი იწყებს საქმიანობას. ანუ პარლამენტს, კონსტიტუციით, აქვს უფლება, დაიწყოს მუშაობა. პირველ სხდომას ნიშნავს პრეზიდენტი და თუ ამ სხდომას ესწრება 76 დეპუტატი, ანუ უბრალო უმრავლესობა, ცესკოს მიერ უფლებამოსილი, მაშინ პარლამენტი იწყებს საქმიანობას, მაგრამ ეს არის შეზღუდული უფლებამოსილება. სრულ უფლებამოსილებას პარლამენტი იძენს მაშინ, თუ პარლამენტი ცნობს ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, მინიმუმ, ორი მესამედის უფლებამოსილებას. ესაა, სწორედ, 100 დეპუტატი. ანუ სრული უფლებამოსილება რომ მიენიჭოს პარლამენტს, მან უნდა ცნოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილება.
– ახლა განვმარტოთ, რას ნიშნავს შეზღუდული და სრული უფლებამოსილება და არის თუ არა შეზღუდული უფლებამოსილების მქონე პარლამენტი ლეგიტიმური.
– შეზღუდული უფლებამოსილების მქონე პარლამენტს შეუძლია საწყის ეტაპზე საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა, მაგრამ, როგორც კი პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილებას ცნობს პარლამენტი, მაშინ უწყდება უფლებამოსილება წინა მოწვევის პარლამენტს, ასევე, მთავრობას და ახალი პარლამენტი ავალდებულებს პარლამენტს, განაგრძოს საქმიანობა ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე. თუ პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილება არ ცნო პარლამენტმა, არც წინა პარლამენტისა და არც მთავრობის უფლებამოსილება არ წყდება. ხოლო, თუ მოხდა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობა, იწყება მთავრობის ფორმირების პროცესი.
– დავაზუსტებ, თუ დეპუტატობის კანდიდატთა ორი მესამედის უფლებამოსილება არ ცნო ახალმა პარლამენტმა, ძველ პარლამენტს არ უწყდება უფლებამოსილება და არც არსებულ მთავრობას. ორპარლამეტიანობა გვექნება მაშინ: შეზღუდული უფლებამოსილების მქონე ახალი და სრული უფლებამოსილების მქონე – ძველი პარლამენტი?
– შეზღუდული უფლებამოსილების პარლამენტს არ აქვს მუშაობის საშუალება, მას აქვს უფლება, ჩაატაროს პირველი სხდომა და აღიაროს დეპუტატების უფლებამოსილება.
– წინააღმდეგობა არ არის?
– არ არის და რატომ: როდესაც ცესკო აჯამებს შედეგებს, არავის აქვს უფლება, მათ შორის, მათაც, ვინც დღეს ამბობს, რომ ტოვებს მანდატს, მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. ისინი კანდიდატურას ვერ მოხსნიან, სანამ პარლამენტი არ ცნობს მათ უფლებამოსილებას, მანამდე მათ კანდიდატურის მოხსნის უფლებამოსილება არ აქვთ, კანონით. ასე რომ, თუ იქნება შემაჯამებელი ოქმი, გარდა იმ მაჟორიტარებისა, რომლებმაც პირველ ტურში გაიმარჯვეს, 120 პარლამენტარის უფლებამოსილება იქნება ცნობილი.
– ანუ სამართლებრივად იმ პროტესტს, რასაც ოპოზიცია გამოთქვამს, არანაირი საფუძველი არ აქვს და ვერ მოახდენს გავლენას პროცესზე?
– დიახ, არანაირი გავლენა არ აქვს. თუ არ გაუქმდება უბნების შედეგები.
– ოღონდ სასამართლოს მიერ?
– დიახ, სასამართლოს მიერ, თანაც, ჯამურად ამ უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობა უნდა იყოს ჯამურად ამომრჩევლის რაოდენობის 10 პროცენტზე მეტი. ანუ შეიძლება, 100 უბანზე გააუქმო შედეგი, მაგრამ ამომრჩევლის რაოდენობა არ ყოფნიდეს. სხვაგვარად არანაირი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. სხვა საქმეა, თუ მოილაპარაკებენ ხელისუფლება და ოპოზიცია, მაშინ ამა თუ იმ უბნის შედეგების გაუქმებას არაფერი უდგას წინ, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ, თუ ვერ მოილაპარაკებენ, მაშინ „ქართულ ოცნებას“ სამართლებრივად არ აქვს არანაირი პრობლემა, ჩამოაყალიბოს მთავრობა. პოლიტიკური თემა სხვაა.
– თქვენი განმარტებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ „ოცნებას“ არ აქვს სამართლებრივი პრობლემა, რომ ახალმა პარლამენტმა დაიწყოს სრულფასოვნად მუშაობა და ახლა შევახსენოთ მკითხველს, როგორ ფორმირდება ახალი მთავრობა.
– მთავრობის ფორმირების პროცედურა ასეთია: იმ საარჩევნო სუბიექტს, რომელიც არჩევნებში პირველ ადგილას გადის, აქვს მთავრობის ფორმირების პრიორიტეტი.
– ლაპარაკია, უბრალოდ, პირველ ადგილზე.
– დიახ. ამის შემდეგ ეს გუნდი ასახელებს პრემიერობის კანდიდატს. პრემიერობის კანდიდატი ასახელებს მთავრობას, პროგრამას და წარუდგენს პარლამენტს 2 კვირის ვადაში, თუ 76-მა დეპუტატმა ამას მხარი დაუჭირა, მაშინ მთავრობა დამტკიცებულია. პრეზიდენტი ხელს აწერს და მთავრობა იწყებს საქმიანობას. თუ პრემიერობის ამ კანდიდატმა ვერ ჰპოვა პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა, მაშინ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მესამედს აქვს უფლება, წამოაყენოს თავისი კანდიდატურა და პროცესი მიდის იგივენაირად და თუ მან მიიღო 76 დეპუტატის მხარდაჭერა, მთავრობა ფორმირდება, თუ ვერ მიიღო, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.
– „ოცნებას“ ყოფნის ხმები ამისთვის? ანუ აქვს 76 ხმა გადაწყვეტილებების მისააღებად?
– პარტიული სიის მიხედვით მიღებული პროცენტები არ ყოფნის, 62 დეპუტატი გაჰყავს პარტიული სიით, მაგრამ ამას დაემატება მაჟორიტარები, თუ 76 დეპუტატი არ ეყოლა „ოცნებას“, პარლამენტი ვერ დაიწყებს საქმიანობას.
– ეს დათქმები, ორი მესამედი, 76 დეპუტატი გადმოღებულია სხვა ქვეყნების კონსტიტუციებიდან თუ ჩვენებმა განსაზღვრეს, რომ შეიძლება, შექმნილიყო ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები?
– თუ არ ჩავთვლით საკონსტიტუციო შესწორებებს, არის ორგანული კანონები, რომელთა მისაღებად საჭიროა ხმათა ორი მესამედი, თუ პარლამენტში არ იქნა დეპუტატთა სრული შემადგენლობის ორი მესამედი, პარლამენტი ორგანულ კანონებს ვერ მიიღებს, ამიტომაც ჩაწერეს, რომ სრული უფლებამოსილებისთვის აუცილებელი ორი მესამედი, მაგრამ, თუ დატოვებს ოპოზიცია მანდატებს, მაშინ ორი მესამედი არ იქნება, მაგრამ პარლამენტი უფლებამოსილი იქნება.
– ანუ პარლამენტი ვერ შეძლებს, მიიღოს ორგანული კანონები და კონსტიტუციის ჩასწორებები, რადგან ხმათა ორი მესამედი სჭირდება ამ ამბავს?
– დიახ.
– ეს არ არის წინაააღმდეგობა ჩვენს კონსტიტუციაში, რომ ეს შემთხვევა არ არის გათვალისწინებული?
– სამწუხაროდ, ჩვენს კონსტიტუციაში თემა, რა შემთხვევაში შეიძლება, მივიჩნიოთ პარლამენტი უუნაროდ, გარდა მთავრობასთან დაკავშირებით, არ არის. პარლამენტში ერთი კაციც რომ დარჩეს, პალამენტია, მაგრამ ის ვერანაირ კანონს ვერ მიიღებს. ზოგადად, ნორმალურ ქვეყნებში, რაც ჩვენთან არის, არ ხდება. ამიტომ, ვამბობდი თავის დროზე, რომ ეს არ არის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია, ის არ ასახავს იმ რეალობას, რაც ჩვენთანაა. ჩვენთან, როგორ შეიძლება, არ იყოს მუხლი იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაში ხდება პარლამენტი უუნარო?! მაგრამ არ არის და რაც არ არის, იმას ვერაფერს მოვუხერხებთ.
– ანუ ოპოზიციამ იცის, რომ პარლამენტის ლეგიტიმურობას ვერ დააყენებს ეჭვქვეშ, მაგრამ უფლებამოსილებას შეუზღუდავს თავისი არშესვლით, იმ მხრივ, რომ პარლამენტი ვერ მიიღებს ჩასწორებებს ორგანულ კანონებში?
– დიახ, მაგრამ რას მისცემს ეს ოპოზიციას?! არ მიიღებს პარლამენტი შესწორებას იმ კანონებში, რასაც სჭირდება ხმათა ორი მესამედი. დღეს რომ ოპოზიციას ჰქონდეს პრეტენზია 76 მანდატზე, სხვა საქმეა, თუმცა მაშინ პრობლემაც არ ექნებოდა და შევიდოდა პარლამენტში და თავად ჩამოაყალიბებდა მთავრობას. ეს შესაძლებლობა არ აქვს, ამიტომაც ცდილობს, ბათილად გამოაცხადონ არჩევნების შედეგები, მაგრამ, თუ „ქართულ ოცნებას“ ექნება 76 მანდატი, არაფერი შეუშლის ხელს. სხვა თემაა პოლიტიკური მხარე. მაგრამ, თუ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ საჭიროა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, იმ 76 კაციდან ერთი არ დაუჭერს მხარს მთავრობას და დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი