პოლიტიკა

რა შედეგი გამოიღო 30-წლიანმა ზომბირებამ და რატომ აქვს ფიჩხის როლი ყველა ქვეყანას, რომლებიც გეოპოლიტიკური ჯახის ხაზზე მდებარეობენ

№45

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 13.11

სოსო მანჯავიძე
დაკოპირებულია

უკრაინაში მიმდინარე ომი ნათლად აჩვენებს, თუ რა ტიპის გეოპოლიტიკური დაპირისპირებაა მსოფლიოში და რა როლს ასრულებს უკრაინა ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნაში, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, ანუ ძველი წესები და შეთანხმებები აღარ მოქმედებს, ხოლო ახალი ჯერ არ შექმნილა (სისხლით იწერება). საერთაშორისო ანალიტიკოსები ჯერ კიდევ რუსეთ–უკრაინის ომის დაწყებამდე ვარაუდობდნენ, რომ სახელმწიფოების საზღვრებიც შეიცვლება და შეიძლება, ზოგიერთი სახელმწიფო საერთოდაც გაქრეს. ბუნებრივია, იგულისხმება შედარებით სუსტი და მყიფე სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყნები. ჩვენი თანამემამულეების ნაწილი მიმდინარე გეოპოლიტიკურ დაპირისპირებას მაინც რომანტიკულად და შავ-თეთრად აღიქვამს და მხოლოდ დემოკრატიული ფასეულობების ერთგულებას უკავშირებს – ამ თემაზე სოსო მანჯავიძესთან ერთად ვისაუბრებთ.

– რატომ ვერ გრძნობს ჩვენი საზოგადოება საფრთხეს, რომელიც დამოკლეს მახვილივითაა ჩვენს თავზე?

– ჩვენ ვლაპარაკობთ ზომბირებულ ადამიანებზე, ჩვენს ოპოზიციასა და ზომბირებულ ადამიანებს აქვთ ორი ღილაკი, ვთქვათ, წითელი და ცისფერი. წითელია რუსეთი, რომელიც მაშინვე ინთება, როგორც კი რუსეთს არ მოიხსენიებ უარყოფითად და იქვე ინთება ცისფერიც. აი, ამ ორ ღილაკს შორის მიმდინარეობს მათი რეფლექსია, ანუ სამყაროს ხედავენ ორ ფერში. არადა, როგორც ცნობილია, ადამიანს, ძაღლისგან განსხვავებით, უფრო მეტი ელფერის გარჩევა შეუძლია. უკრაინის საკითხი აშკარად ნათელია ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის: უკრაინაში ანგლოსაქსებმა სახელმწიფო იმისთვის მიიტაცეს, რომ დარტყმა მიეყენებინათ რუსეთისთვის, რომ რუსეთში რეჟიმის შეცვლის ოპერაცია ჩაეტარებინათ, რათა რუსეთის რესურსი მოეხმარათ და ამას არც არავინ მალავს.

მეორე მხრივ, მათი ლოგიკა არ არის გასაკვირი: რუსეთი უზარმაზარი სახელმწიფოა, უზარმაზარი ტერიტორია აქვს, მისი მოსახლეობა დედამიწის მოსახლეობის, დაახლოებით, 1.5 პროცენტია, ხოლო რესურსი დედამიწის რესურსის, დაახლოებით, 50 პროცენტი აქვს. ამას გარდა, აქვს უპირატესობები უზარმაზარი ტერიტორიის, ზღვების, გასასვლელების სახით. ანუ ლაპარაკია სატრანზიტო გზებზეც და გეოპოლიტიკურ გავლენაზეც. ამდენად, რუსეთის დასუსტება და დამორჩილება სტრატეგიული ამოცანა იყო და არის და უკრაინა გამოიყენეს ამისთვის. ამ შემთხვევაში, უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატია და მსგავსი მანტრები სისულელეა და ისიც მოგეხსენებათ, რა ანეკდოტურ ფორმას ატარებს მოკავშირეობა. იცით, რომ სესხად აძლევენ ფულს, ამ ფულით იარაღს აწვდიან შეზღუდული რაოდენობით და იმის შიშით, რომ რუსეთმა არ გამოიყენოს ატომური იარაღი, არ აძლევენ მიწოდებული იარაღის რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლებას.

– ლოიდ ოსტინმა ახსნა, იმიტომ არ ვაძლევთ ნებართვას, რომ უკრაინას დავეხმარეთ დრონების წარმოების განვითარებაში და მათ ჩვენი თანხმობის გარეშე შეუძლიათ, დაბომბონ რუსეთის ცენტრალური რაიონებიო.

– გასაგებია, ხომ, რაც ხდება და იმთავითვეც იყო გასაგები: უკრაინას შეეძლო, მოეგო ბრძოლები, საკმაოდ ბრძოლისუნარიანი ხალხია, გამძლე და არმიაც ძლიერი ჰყავდათ. მით უმეტეს, ამ არმიას 2014 წლიდან წვრთნიდნენ, მაგრამ ცხადი იყო, რომ, წარმატებების მიუხედავად, დაიწყებოდა ის, რაც უკვე ერთი წელია, მიმდინარეობს: ფაქტობრივად, მარცხი მარცხზეა და ეს პროცესი სულ უფრო და უფრო შეუქცევადია. უკრაინის ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია, მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილიდან ზოგი ფრონტზე იბრძვის და იღუპება, ზოგი გაქცეულია. ქალების 75 პროცენტი არ აპირებს უკრაინაში დარჩენას ან დაბრუნებას და ბავშვების უკრაინაში გაჩენას. ჩვენ თვალწინ მთელი პოპულაცია ნადგურდება: შობადობა თითქმის აღარ არის და მიმდინარეობს რეპროდუქციულ ასაკში მყოფი მოსახლეობის გენოციდი. რომც შეწყდეს ეს ომი, ხომ წარმოგვიდგენია, რა მდგომარეობაში იქნება სახელმწიფო, რომელსაც აქვს უდიდესი ვალი და სოციალური ვალდებულებები უამრავი ვეტერანის, დახეიბრებულის, პენსიონრის მიმართ?! ანუ ეს ომი უკრაინის სახელმწიფოს სრული კატასტროფით მთავრდება. ახლა შევადაროთ უკრაინა და საქართველო: უკრაინას ჰქონდა ლოჯისტიკური მხარე.

– ჩვენთან უკანაც ვერ დაიხევ, ზურგში.

– დიახ და ჰქონდა სტრატეგიული სიღრმე. ეს იყო ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფო. იმავდროულად, ჩვენთან შედარებით ჰყავდა გაცილებით მეტი მოსახლეობა, მოხალისეები უცხოეთიდან. როგორც ვთქვით, უამრავი იარაღი მიაწოდეს, და უკრაინას ჰქონდა უძლიერესი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რის გაყიდვაც ვერ მოასწრეს კორუმპირებულმა მთავრობებმა. უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთ–ერთი ყველაზე კარგად მომზადებული და შეიარაღებული იყვნენ მსოფლიოს მასშტაბით, ფიზიკურადაც და იდეოლოგიურადაც. ჩვენ, მართლაც ამ საოცარი გონებრივი ჩამორჩენილობით გამორჩეულ ხალხს რომ ეკითხები, ჩვენ რანაირად უნდა ვიომოთო, პასუხი არ აქვთ. ღმერთმა დაიფაროს და, ვთქვათ, გაგვეკეთებინა, რასაც გვთხოვდნენ, ოფიციალურად გაგვეგზავნა მოხალისეები და ეკონომიკური ემბარგო გამოგვეცხადებინა რუსეთისთვის, ანუ გადაგვეკეტა გზები, ხომ გასაგებია, რაც მოხდებოდა? ეს იქნებოდა ომის გამოცხადება. ჩვენც ვიცოდით კელი დეგნანის ვიზიტებისა და ბლინკენის სატელეფონო ზარების შესახებ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან და რას ითხოვდნენ ისინი: უნდა გაეჩაღებინათ ბრძოლები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რუსეთისთვის ეს იქნებოდა, მაქსიმუმ, ერთთვიანი პრობლემა, ხოლო ჩვენთვის ეს იქნებოდა კატასტროფა.

ქართველებს, რატომღაც, აქვთ წარმოდგენა, რომ ჩვენ ვერ შეგვეხებიან, თუმცა, ბევრჯერ შეგხებიან და ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში გადატანილი გვაქვს გენოციდები სპარსელებისგან, ოსმალებისგან, თურქ-სელჯუკებისგან, თემურ ლენგისგან... ამის მიუხედავადაც, ამ სრულიად გამოლენჩებულ ადამიანებს ჰგონიათ, რომ დაცულები ვართ. დღევანდელ მსოფლიოში არავინაა დაცული, იმიტომ რომ ძველი სისტემა წარსულს ჩაჰბარდა და ვიმყოფებით ქაოტური ბალანსის მდგომარეობაში, როდესაც არ არსებობს საერთაშორისო მოთამაშეების მიერ მიღებული არანაირი წესრიგი და სულ უფრო და უფრო იზრდება სამხედრო–პოლიტიკური–სადაზვერვო ძალის როლი. ძველი საზავო შეთანხმებების ეპოქა დამთავრდა, ერთპოლუსიანი სამყაროს ეპოქაც დასრულდა, მრავალპოლუსიანი სამყაროს შექმნის პროცესი მიმდინარეობს და ასეთ დროს პატრონი და მშველელი აღარ არსებობს. იმავდროულად, ჩვენ ვიმყოფებით რეგიონში, სადაც სამხედრო ძალებს ფლობენ: თურქეთი, რუსეთი, რომელიც 35 კილომეტრშია თბილისიდან და სამეგრელოდან – უფრო ახლოს; ირანი და ცალკე პრობლემაა, როგორ აისახება ჩვენზე ირან–ისრაელის ომი და ახლო აღმოსავლეთში არა მხოლოდ ირან–ისრაელის ომია.

– იბომბება ერაყი, სირია. უბრალოდ, ჩვენთან ეს არ იციან.

– არ იციან კი არა, ისხლეტენ ამ ინფორმაციას, თითქოს სხვა პლანეტაზე ვცხოვრობთ და იქიდან ვადევნებდეთ თვალს პროცესებს. ერაყი თურქეთის მხრიდან განუწყვეტლივ იბომბება.

– რუსეთიც ბომბავს იდლიბს.

– არავის ეგონოს შემთხვევითი ბორის ჯონსონის განცხადება, ქართველო ხალხო, იბრძოლეთო ან ბლინკენის განცხადებები. საქართველოს რომ შეხედო, წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, ანუ რუკებზე დახედო, სადაც არც ჩვენი კულტურა ჩანს, არც ისტორია, არც საზღვრები, დაინახავ სიმწვანით დაფარულ მთებს, მათ განლაგებას, როგორ შეიძლება, იქ განათავსო პარტიზანული შენაერთები, მოამზადო ტერორისტები; არაჩვეულებრივი ადგილია საიმისოდ, რომ შეუქმნა პრობლემები რუსეთს და, ასევე, მოამზადო გარკვეული კონტინგენტები სხვა ქვეყნებში დესტაბილიზაციის გამოსაწვევად.

– მაგრამ მოხდა ერთი უცნაური რამ: რუსებსაც ეგონათ 2008 წლის ომის დროს, რომ სამეგრელო გადავიდოდა რუსეთის მხარეს, რაც არ მოხდა და მათ ეს გაუკვირდათ და ახლაც მოსახლეობას არ უნდა არანაირი ომი და ბრძოლა არც რუსეთთან და არც ვინმე სხვასთან.

– აი, ამას ვერ ეგუებიან. მათ ხომ ახასიათებთ იმპერიული ქედმაღლობა, რაც უცნაურად ერწყმის სიჩლუნგეს?! ხომ ვხედავთ ჩვენ დასავლელ ელჩებს?! ან ხომ ვნახეთ ევროპარლამენტის საოცარი წარმომადგენლობა?! თან, გულწრფელი ხალხია, ისე გეუბნებიან, თავი უნდა შემოგვწირო ჩვენო, რომ ფიქრობენ, ეს ძალიან დიდი სიხარულით უნდა მიიღო და, ბუნებრივია, აგრესია უჩნდებათ: ესე იგი, ქართველები არ არიან მთლად ჭკვიანი მაიმუნები და არ ხტუნაობენ ცირკის ბარიერზე, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანია, ვწვრთნითო. ასეთი მიდგომებია და ჩვენი ხალხის ნაწილი, სამწუხაროდ, დაექვემდებარა 30-წლიან ზომბირებას და გვაქვს ეს ზომბი-აპოკალიფსი. სხვათა შორის, ძალიან მარტივად ჩანს, ვინ არის ზომბი: ელემენტარულად ადამიანს თვითშენახვის ინსტინქტიც კი დაჩლუნგებული აქვს.

– ვფიქრობ, მოლდოვამაც გაუცრუა იმედი დასავლეთს. მათ რატომღა?

– იგივე მოხდა, რაც ჩვენთან გააკეთეს. ჩვენი ემიგრაცია დაეწყო და 80-მა პროცენტმა „ნაიცონალებს“ მისცა ხმა. თან, მათი ძირითადი ნაწილი წასულია მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას, მაგრამ უყურებენ „ტვ პირველს“ და ვერ ადარებენ რეალობას. ფიქრობენ, უკვე რუსეთში ვართ და ნათელ ევროპას გვაშორებენ. მოლდოვაშიც იგივე გააკეთეს. რეფერენდუმი წაგებული იყო, ვინაიდან მოლდოვაში ვინც ცხოვრობს, ის უფრო მიხვდა, საით მიდის პროცესი.

– უკრაინა უფრო ახლოსაა და უფრო ნათლად ჩანს სურათი მოლდოვიდან.

– მათ აქვთ ინფორმაცია და იციან, რომ მათი გამოყენებაც ფიჩხად უნდათ ამ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში. ზოგადად, ეს ხომ მხოლოდ რუსეთ–უკარინის ომი არ არის?! ამ ჩვენს ტელევიზიებს, „პირველ არხს“ მაინც ხომ შეუძლია, აჩვენოს ამ ხალხს, რა საფრთხეებია, აჩვენო კონფლიქტები, მაგალითად, ახლა რომ ბეირუთს ბომბავენ, ვინმეს ჰგონია, რომ ლიბანი ჩვენზე ნაკლები ქვეყანაა ან კულტურით, ან ისტორიით, ან ეკონომიკით?! აღმოსავლეთის შვეიცარიას ეძახდნენ და ულამაზესი ქვეყანაა. ერთ–ერთი აკვანია უძველესი ცივილიზაციების და იმისთვის, რომ ნასრალა მოეკლათ, მთელი კვარტალი გაანადგურეს, ათასობით ადამიანი დაიღუპა. ვინმე აშუქებს ამას?! და ეს უნდა გაიგონ ჩვენმა ევროგაშმაგებულებმა: ევროპა, რომც უნდოდეს, ვერ დაგიცავს; მეორე, არც დაგიცავს. არც ერთი ჯარისკაცი შენ არ გამოგესარჩლება და თავს არ შეიწუხებს. მეტიც, „ნატოს“ წესდების მეხუთე პუნქტიც არ შესრულდება იმავე ბალტიისპირეთის პრობლემის დადგომის შემთხვევაში. წაიკითხონ ტოინბი, მეოცე საუკუნის უდიდესი ისტორიკოსი, კარლ შმიტი, უდიდესი გეოპოლიტიკოსი, ისტორიკოსი და მოაზროვნე, მარტო რონდელის ფონდის კვლევებს რომ კითხულობენ და ეკა გიგაურს უსმენენ. მართლაც შეწუხებული ვარ ზომბირების საოცარი ხარისხითა და გაუნათლებლობით, რაც ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა