პოლიტიკა

რა საფრთხეს უქმნის საქართველოს აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი და რატომ ამოწურეს დემოკრატიამ და კაპიტალიზმმა თავისი შესაძლებლობები

№3

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 27.01, 2021 წელი

მამუკა არეშიძე
დაკოპირებულია

ის, რაც აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოხდა და დღემდე გრძელდება (კაპიტოლიუმში ხალხის შეჭრით დაწყებული და ჯერჯერობით ისევ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვით დამთავრებული, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ „გუგლმა“, საერთოდაც დაბლოკა ალტერნატიული სოციალური ქსელი „პარლერი“, რომელსაც, ძირითადად, ტრამპის მომხრეები იყენებდნენ და უკვე 20 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა), უკვე აშშ-ის შიდა პრობლემებს სცილდება (იმის მიუხედავადაც, დაძლევენ თუ არა ამ კრიზისს). 

ფაქტია, რომ დემოკრატია, რომელიც ჩერჩილის შეფასებით, სულაც, არ არის მმართველობის საუკეთესო ფორმა, მაგრამ მასზე უკეთესი კაცობრიობას ჯერ არ გამოუგონებიაო, ამოწურვისკენ მიდის. არადა, სწორედ, კაპიტალიზმმა შვა მართვის ეს ფორმა (იმ მარტივი მიზეზით, რომ მდიდრებს თავიანთი ქონება და სიცოცხლე დაეცვათ ღარიბებისგან, რომლებიც, თავიანთი რაოდენობიდან გამომდინარე, მათ, უბრალოდ, წალეკავდნენ), საბოლოოდ კი, დიდმა ფულმა თამაშის ახლებური წესების დამყარება გადაწყვიტა. მეორე მხრივ, ბუნებრივად იბადება კითხვა: თუ აშშ-ს ზურგი შეგვისუსტდა, რა ბედი ელის ჩვენს უსაფრთხოებასა და, თუნდაც, სიტყვიერად დეკლარირებულ ტერიტორიულ მთლიანობას? – ამ თემაზე მამუკა არეშიძესთან ერთად ვიმსჯელებთ.

– ის, რაც ახლა ხდება აშშ-ში ნიშნავს თუ არა დემოკრატიის დასასრულის დასაწყისს, მმართველობის ახალი ფორმაა მოსაფიქრებელი თუ უკვე მოფიქრებული და ასეთ პირობებში ჩვენ ხომ არ ვრჩებით ზურგის გარეშე?
– სხვათა შორის, ძალიან კარგი და მართებული კითხვაა და ეს ნიშნავს, რომ ამ კითხვის ავტორი ვითარებას აანალიზებს და ხვდება, რომ ეს საფრთხე არსებობს. უპირველესად, იმის საფრთხე, რომ მოხდეს ფასეულობების დეზავუირება, განსაკუთრებით, მთავარი ფასეულობის, რაც ჩვენთვის დამოუკიდებლობის პირობებში აუცილებელი იყო. ვგულისხმობ ხალხის მმართველობას, ანუ დემოკრატიას. ერთ-ერთმა დიდმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, რომელიც კოლონიალიზმის ერთ-ერთი აპოლოგეტიც იყო, თქვა კიდეც, რომ დემოკრატია არ არის სახელმწიფოს მართვის კარგი ფორმა, მაგრამ მასზე უკეთესი არაფერი მოუფიქრებიათ და დემოკრატიის მთავარი მინუსია ის, რომ ძალაუფლებაში მყოფი ადამიანები ხიბლში ცვივდებიან, ვინაიდან ძალაუფლებამ იცის გატაცება. ამის შესაზღუდად უამრავი მექანიზმი მოიფიქრეს, რომ ემუშავა დემოკრატიის ძირითად კანონს – ხალხის ნებას, რამაც აშშ-ში თავიდან კიდევ უფრო ხალასი ფორმა მიიღო, იმიტომ რომ ამერიკის დამფუძნებელი მამები სწორედ ხალხის მმართველობაზე იყვნენ ორიენტირებულები და კიდევ დაამატეს მექანიზმები, რომლებიც დემოკრატიული პრინციპების დარღვევის საშუალებებს ამცირებდა. მაშინვე, როდესაც შეიქმნა ამერიკული საარჩევნო სისტემა, ჩაიდო ის მექანიზმი, რომ სრულად ყოფილიყო გამოხატული ხალხის ნება და პირდაპირი არჩევნები დაყვეს სეგმენტებად, რომ შეცდომა არ გაპარულიყო.
– ორდონიან საარჩევნო სისტემას გულისხმობთ? მან 200 წელი, ფაქტობრივად, ხარვეზის გარეშე იმუშავა, იმდენად ზუსტად იყო გათვლილი მოვლენათა განვითარების ყველა ვარიანტი.
– დიახ, იმუშავა, თუმცა მაინც იყო ჩადებული მცირე ნაღმი, რომელსაც მაშინ ყურადღება არ მიაქციეს. ვგულისხმობ, რომ ზოგიერთ შტატს, რომელიც ამერიკული იდეის უფრო მყარი დასაყრდენი იყო, მეტი საშუალება მიეცა, ანუ შეუქმნეს დომინანტური მდგომარეობა. ეს ნაღმი ახლა აფეთქდა. უფრო ადრეც – ელ გორმა რომ ერთი ხმით წააგო, თუ გახსოვთ. მოკლედ, 21-ე საუკუნეში ეს ნაღმი აფეთქდა: თავდაპირველად 2003 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და მეორედ – ახლა. რაც შეეხება კაპიტალიზმს: კაპიტალიზმსაც გარკვეული ხიბლი აქვს. იცით, რომ არსებობს ტერმინი: ველური კაპიტალიზმი და ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით, გათვალისწინებულია უამრავი მექანიზმი იმისთვის, რომ ველურ კაპიტალიზმს, როდესაც საზოგადოების ერთ ფენას აქვს ყველაფერი და დანარჩენებს – არაფერი, არ ემუშავა, მაგრამ, საბოლოოდ, ამანაც ამოწურა თავისი თავი და ჩვენ მივიღეთ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელშიც, ჩემი აზრით, ამოწურულია საარჩევნო მეთოდოლოგიის დღემდე, ბოლო 200 წლის განმავლობაში, არსებული ფორმა; ამოწურა თავისი თავი კაპიტალიზმის იმ ფორმამაც, რომელსაც ერთ პერიოდში ველური ერქვა, შემდეგ – ზომიერი და, ფაქტობრივად, საზოგადოებაში შეიქმნა ისეთი განწყობები, რამაც ხელი შეუწყო მემარცხენე იდეოლოგიის გაძლიერებას, ოღონდ რადიკალური იდეების განხორციელებას, როდესაც ადამიანის თავისუფლება უფრო მეტია, ვიდრე სახელმწიფო. ეს არის ძალიან ცუდი შედეგი, რაც ამერიკაში დადგა. ამ შედეგმა შეიძლება, კატასტროფული ფინალი მოიტანოს: საზოგადოების დაპირიპირებით დაწყებული და სამოქალაქო ომით დამთავრებული. ჯერ არავინ იცის, რა მოხდება. მით უმეტეს, რომ სენატსა და კონგრესში ყოფნა ზოგიერთებს ცხოვრების წესად ექცათ და ზოგიერთ შემთხვევაში მემკვიდრეობითიც კი გახდა. ეს აბსოლუტურად მახინჯი ფორმაა. შესაბამისად, თუ კანონები დინამიკურად არ ვითარდება, საბოლოოდ ვიღებთ იმ შედეგს, რაც ხდება აშშ-ში. ფაქტობრივად, სახელმწიფო ინსტიტუტების დიდ ნაწილზე შეიძლება, ითქვას, რომ მათ თავი ამ ფორმით ამოწურეს, ამას ამბობენ თავად ამერიკელი მკვლევრები და მივიღეთ ქაოსის წინა პერიოდი, თუმცა შიგნით, ქვეყანაში ქაოსი უკვე არის. ქაოსია ადამიანების თავებში, პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, იდეოლოგიაში და ასე შემდეგ. შეიძლება, ამას ხელი შეუწყო გარე ძალებმა, ვიღაცამ იმუშავა, ფული დახარჯა, მაგრამ ამ გარე ფაქტორების როლი მაინც მცირეა.
– სისტემა შიგნიდან რომ არ ყოფილიყო მორყეული, გაჭირდებოდა.
– დიახ, შიგნიდან რომ შერყეული არ ყოფილიყო, გარე ძალები ვერანაირ ზემოქმედებას ვერ მოახდენდნენ და უნდა ითქვას ერთი რამ: თითს ყოველთვის რუსეთისკენ იშვერენ, რაც სავსებით რეალურია, მაგრამ იქ სხვა გარე ძალებიც შეიძლებოდა, ყოფილიყო და იყო კიდეც, რომლებიც აი, ამ კოლოსის მიწაზე დანარცხებისთვის იღვწოდნენ, მათ შორის, ჩინეთი და ბევრი სხვაც. მაგრამ, რამდენიც უნდა ყოფილიყვნენ, გადამწყვეტ დარტყმას ვერ მიაყენებდნენ, რომ არა შიდა ქაოსი. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს: როგორია ჩვენი პერსპექტივა.
ჩვენი უბედურება ისაა, რომ ვითარებას საჯაროდ არავინ აანალიზებს. სხვათა შორის, ის პროცესი, რაც ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებშია, ევროპიდან დაიწყო და ევროპის პოლიტიკურ სივრცეშიც არანაკლები ქაოსია. მიაქციეთ ყურადღება, რომ ყველაფერი კეთდება, რათა ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში არ აღმოჩნდნენ ქარიზმატული პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ პოლიტიკის შექმნა. ყველაფერი კეთდება ევროკავშირში იმისთვის, რათა პოლიტიკური ლიდერების, რაც შეიძლება, ნაცრისფერი მასა იყოს, რომ მარტივად იმართოს ვითარება. ჩვენ კი, თუ სწორად არ გავაანალიზეთ ვითარება და არ ვიმსჯელეთ ისე, როგორც ახლა ვმსჯელობთ, არ მივიღეთ მართებული გადაწყვეტილებები და არ გამოვიტანეთ სწორი დასკვნები, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ჩვენ ხომ მივეჩვიეთ უფროსი ძმის კალთაში ჯდომას და ეს უკვე ეროვნულ ხასიათად გვექცა. დაახლოებით, მეთოთხმეტე საუკუნიდან, სხვადასხვა ფორმით, ხდება ეს ამბავი. ჩვენთვის მარშრუტები იცვლება მხოლოდ: ჯერ კონსტანტინოპოლისკენ ვიყურებოდით, შემდეგ სტამბოლისკენ, სპარსეთის არც ერთი დედაქალაქი არ გამოგვიტოვებია – ოთხი დედაქალაქი შეიცვალეს, არაფერს ვამბობ იმ შორ გზაზე, რომელიც ოქროს ურდოსკენ მიდიოდა, ამის შემდეგ იყო მოსკოვი – შედარებით ახლოს, მაგრამ მაინც შორს. ახლა ბრიუსელი და ვაშინგტონია. ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში ამ ქალაქების მოხსენიებას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს – მოხსენიებაში მხოლოდ გეოგრაფიულად მათ მონიშვნას არ ვგულისხმობ.
– დიახ, მათ როლს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
– მათდამი დამოკიდებულებას და მათი კარნახით ცხოვრებას. ჩვენ ეს მივიღეთ, როგორც ფორმულა, როგორც გადაწყვეტილი პრობლემა და ამ წესით ვცხოვრობთ. აქედან გამოსვლა რთულია, მაგრამ შესაძლებელი. გამიჭრდება იმის თქმა, მოხერხდება თუ არა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ამ წესისგან თავის დაღწევა, იმიტომ რომ ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი მუდმივად ორიენტირებულია ვიღაცაზე.
– ამასობაში გავრცელდა ძალიან საინტერესო ინფორმაცია: ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ გაიხსნება რკინიგზა და აზერბაიჯანის გავლით სომხეთი დაუკავშირდება რუსეთს. ანუ რუსეთი დაიკმაყოფილებს თავის სურვილს, დაამყაროს პირდაპირი სარკინიგზო კავშირი სომხეთთან, რაც პოტენციურად ნიშნავს ირანთან პირდაპირი სარკინიგზო კავშირის დამყარებასაც, რასაც აპირებდნენ აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნის იძულებით. ჩვენ არ ვიცით, რა დათქმებია ამ განცხადების შიგნით და რა გადაითამაშეს მოთამაშეებმა, მაგრამ მე ამას მაინც აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს ვუკავშირებ, რადგან მგონია, რომ დიდი ქვეყნები ცდილობენ სეგმენტურად გადაინაწილონ გავლენები, რადგან მე ვერ ვხედავ ახალი მსოფლიო წესრიგის წინაპირობებს ამ ეტაპზე.
– შენიშვნა სამართლიანია, ოღონდ მე მაინც არ ჩავიქნევდი ხელს გლობალურ მსოფლიო წესრიგზე, იმიტომ რომ გლობალური მოფლიო წესრიგი ძალიანაა ხელსაყრელი აშშ-ის, ჩინეთისა და მუსლიმანური სამყაროსთვის და, ამდენად, ყველანი ცდილობენ, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნაში თავიანთი როლი მონიშნონ. გეოპოლიტიკურადაც მიმდინარეობს სიტუაციის გადალაგება, ანუ რეგიონული მასშტაბით, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ აქ დადონ აგური, რომელიც ახალი მსოფლიო წესრიგის სისტემის შექმნაში თავის როლს შეასრულებს. ალიევის ამ განცხადებას რამდენიმე ფუნქცია ჰქონდა. ერთი იყო მინიშნება რუსეთისთვის, რომ მას შეუძლია, შეასრულოს შემკვრელის როლი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. სხვათა შორის, იყო პროექტი: პეტერბურგიდან აზერბაიჯანისა და ირანის გავლით ინდოეთამდე ტვირთების გატარების, რომელმაც არ იმუშავა, მაგრამ აზერბაიჯანი არ ეშვება იდეას, რომ იყოს ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტის შემკვრელი და ამით რევერანსი გაუკეთა რუსეთს, თუმცა ეს იყო რევერანსი სომხეთისადმიც. ასე ითქვა: როცა სომხეთი აამუშავებს აზერბაიჯანის ნახიჭევანთან დამაკავშირებელ გზას, რაც ჯერ არ ჩანს, მაშინ ამუშავდება ის გზაც, რომელიც სომხეთს დააკავშირებს რუსეთთან და ირანთან. ანუ სატყუარა გადაუგდო სომხეთს, მაგრამ ეს მხოლოდ ლაპარაკია: გეოპოლიტიკური თამაშის უფლებას აზერბაიჯანს არ მისცემენ, რაც უნდა მდიდარი ქვეყანა იყოს ენერგომატარებლებით და ამის ნებას, უპირველესად, არ მისცემს თურქეთი. მეორე მხრივ, რუსეთისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის ამუშავებას, რაც ვალში წაიღო რუსეთმა, ასევე, რუსეთს ეკუთვნის სომხეთის რკინიგზაც, ხოლო, თუ რკინიგზა არ მუშაობს, ის ზარალიანია. ამისთვის სჭირდებოდა ამ რკინიგზების გადაბმა საქართველოს გავლით, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს შორეული პერსპექტივაც აღარ არის უკვე და აზერბაიჯანის ეს წინადადება უფრო საინტერესოდ გამოიყურება, რომ სომხეთის რკინიგზამ მაინც იმუშაოს და ჰქონდეს შემოსავალი, რომ რუსეთის რკინიგზა ზარალზე არ მუშაობდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი