რა საფრთხეს შეუქმნის ქართულ სახელმწიფოს ჩრდილო კავკასიაში რელიგიური სახელმწიფოს შექმნა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 15:54 26.07, 2023 წელი

მართალია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა რუსეთის დასუსტებას ელის (მათ შორის – მეც, რომ რუსული მადა აილაგმოს), მაგრამ იმ უმეტესობიდან არცთუ მცირე ნაწილისთვის რუსეთის დასუსტება რუსეთის დაშლასთან ასოცირდება, რაც, მათი აზრით, გაანეიტრალებს ჩრდილოურ საფრთხეს, თუმცა, საქმე მთლად ასე მარტივადაც არ არის. კერძოდ, რუსეთის დაშლით გამქრალმა საფრთხემ შესაძლოა, დამატებითი და არანაკლებ მძაფრი საფრთხეები წარმოშვას. კერძოდ, ჩრდილო კავკასიის სახით (და არა მხოლოდ). მოგეხსენებათ, რამზან კადიროვი, როგორც თავად არაერთგზის განაცხადა, მხოლოდ ვლადიმირ პუტინს ემორჩილება, რაც იმას ნიშნავს, რომ უცნობია, დაემორჩილება თუ არა ის რუსეთის მომდევნო ან სხვა მმართველს. მეორე მხრივ, კადიროვს ჰყავს შეიარაღებული ძალები და აქვს ფული: ჩეჩნეთის ნავთობის შემოსავლის დიდი ნაწილი, პუტინისვე გადაწყვეტილებით, ჩეჩნეთში, ანუ კადიროვის ჯიბეში რჩება და მას ამ ეტაპზე, კრემლის თანხმობით, ჩრდილო კავკასიის ჟანდარმის როლიც აქვს შეთავსებული. ამას წინათ, მოვისმინე ერთ-ერთი რუსი პოლიტოლოგის შეფასება, რომ კადიროვს არა რუსეთის პირველკაცობა, არამედ ჩრდილო კავკასიაში სახალიფოს შექმნა სურს. სწორედ ამ თემაზე გავესაუბრეთ აღმოსავლეთმცოდნე დავით კობერიძეს.
– რამდენად რეალურია კადიროვის ამბიციები, გახდეს ჩრდილო კავკასიის მმართველი და ეტყობა თუ არა მის ქცევას, რომ მართლაც აპირებს რელიგიური ნიშნით სახელმწიფო ერთეულის შექმნას და არის კი ეს შესაძლებელი ერთმანეთთან დაპირისპირებულ ჩრდილო კავკასიაში?
– ჩრდილო კავკასიაში, ჩვეულებისამებრ, სტაბილურად მძიმე სიტუაციაა. ჩრდილო კავკასიაში და, ზოგადად, კავკასიაში სტაბილური, დალაგებული, დავარცხნილი ვითარება არც არასდროს ყოფილა და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. თუმცა როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაზე ვსაუბრობთ, დაღესტანიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ. რაც შეეხება რუსი ექსპერტის მოსაზრებას: რომ რამზან კადიროვს სურს გარკვეული დივიდენდების მიღება, რელიგიური მოტივებიდან გამომდინარე. ჯერ ერთი, როდესაც რომელიმე პიროვნებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ მისი ბიოგრაფია: რამზან კადიროვი არ დაბადებულა რუსეთის ფედერაციის ერთგულ ჯარისკაცად. ის კარგა ხნის განმავლობაში დარბოდა ტყეში, ჯიჰადისტებთან ერთად ჭამდა, სვამდა, ოცნებობდა და იბრძოდა იმ მიზნისთვის, რაც მუსლიმთა დიდი ნაწილის ოცნებაა. ჩვენთან, რატომღაც, გავრცელებულია მოსაზრება, რომ, თუ მუსლიმს უნდა, აღადგინოს სახალიფო, ჯიჰადის გზაზე დადგეს, ეს ანომალიაა, მისი პირადი ინიციატივაა, ის ბანდიტი და ყაჩაღია. არადა ეს არის მუსლიმის მოვალეობა. ყველა მუსლიმის მოვალეობაა, იზრუნოს იმისთვის, რომ ხელისუფლება ეკუთვნოდეს მუსლიმთა სულიერ ლიდერს. და ვინ არის ასეთი? იდეალურ შემთხვევაში – ხალიფა, ვინც განაგებს მუსლიმი საზოგადოების როგორც რელიგიურ, ისე საერო ცხოვრებას. ასეთი იყო პირველი მუსლიმი – თუმცა პირველი მუსლიმი, მუსლიმთა გაგებით, ადამია, მაგრამ ახლა მას თავი დავანებოთ – წინასწარმეტყველი მუჰამედი. ხალიფა ნიშნავს ვიღაცის მოადგილეს და ხალიფები იყვნენ წინასწარმეტყველ მუჰამედის საქმის გამგრძელებლები. მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი: რამზან კადიროვს შეიძლება, ბევრი რამ სურდეს, მაგრამ შანსი, რომ ვინმემ სადმე აირჩიოს ხალიფად, მინიმალურიც კი არ არის.
– რატომ? გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს?
– აუცილებლად. ძალიან ბევრი რამ არ უწყობს ხელს და არ მგონია, ამაზე ფიქრობდეს. შესაძლებელია, გარკვეული ისლამური წარმონაქმნის, ვილაიათის, საამიროს ხელმძღვანელობაზე უფრო ფიქრობდეს, ვიდრე სახალიფოზე. ჯერ ერთი, ის არაბი არ არის, ჩეჩენია. მართალია, არც თურქები იყვნენ არაბები, მაგრამ საოცრად დიდი გავლენა ჰქონდათ აღმოსავლეთზე და დაინიშნეს თავი ხალიფებად. ჩეჩენი ხალიფა სრულიად წარმოუდგენელია. თუმცა საინტერესო ისაა, რომ კავკასიაში უკვეა გამოცხადებული კავკასიის საამირო და კავკასიის ვილაიათი. კავკასიის საამირო „ალ-ყაიდამ“ კარგა ხნის წინათ გამოაცხადა. დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ, მოიძიონ რუკაც. ამ რუკაზე საქართველოცაა მოქცეული, მთელი ჩრდილო კავკასია, დაღესტანი და საინტერესო მინიშნებებიცაა. ამ ორგანიზაციის მიერ შექმნილი სახელმწიფო წარმონაქმნის რუკაზე საქართველოს აწერია „ურწმუნოების მიერ დროებით დაპყრობილი ტერიტორია“, რომელიც უნდა დაიბრუნონ „ალ-ყაიდას“ მიმდევრებმა. გარდა ამისა, ისლამურმა სახალიფომ, რომელიც რამდენიმე წლის წინ, შეიქმნა. მართალია, ზოგი ფიქრობს, რომ ეს ფორმალური ორგანიზაცია იყო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ – ახლო აღმოსავლეთი დაყვეს ვილაიათებად. ეს არის სახალიფოს ადმინისტრაციული ერთეულები და, მათ შორის, შექმნეს კავკასიის ვილაიათი. ხაზს ვუსვამ – საუბარია კავკასიის და არა ჩრდილო კავკასიის ვილაიათზე. ასეთია მათი ამბიციები. რამზან კადიროვის ამბიციებიც გამოჩნდება და ჩანს კიდეც: მან შეიძლება, სუვერენიტეტის განმტკიცების მიზნით, აირჩიოს რელიგიური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი და არაბულ ყაიდზე დაარქვას ვილაიათი ან საამირო, მაგრამ გამოუვა თუ არა, საეჭვოა. ხომ არ გვავიწყდება, რომ ჯერ რუსეთი უნდა დაიშალოს?! შემდეგ იქ რამზან კადიროვმა თავისი დასახული მიზნები უნდა აღასრულოს?! მაგრამ მთავარი საკითხია, რა არის ხელსაყრელი ჩვენთვის. ხელს გვაძლევს რამზან კადიროვის მიერ სრულიად დამოუკიდებელი მმართველობა?! ჩეჩნეთის, დაღესტნის დამოუკიდებლობა?! ხელსაყრელია ჩვენთვის მეზობლად დაშლილ-დაქუცმაცებული დიდი სახელმწიფოს ნანგრევები?! თუ მისაღებია ეს, ყველას ვურჩევ, გაიხსენოს ჩვენი ძალიან დიდი პოეტის – დავით გურამიშვილის – ბიოგრაფია. საიდან წაიყვანეს ის დაღესტნელებმა? ლამისყანაში რა უნდოდათ ლეკებს?! არადა ჩვეეულებრივად ჩადიოდონენ გორში, ახალციხისკენ ლაშქრობდნენ. ამდენად, ამგვარი მოვლენები ჯერ უნდა ვიცოდეთ და მერე უნდა გვახსოვდეს.
– იმ რუსი ექსპერტის შეფასებაში სახალიფო გადამეტებულად მეჩვენა, მაგრამ, სავარაუდოდ, რუს აუდიტორიაზე იყო გათვლილი. როგორი პოლიტიკური გავლენა აქვს კადიროვს ჩრდილო კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ? ჩეჩნეთი ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფოებრივი ერთეულია. კრემლმა მისცა კადიროვს კარტბლანში. ამ რესურსის გამოყენება როგორ შეუძლია კადიროვს, თუ რუსეთი დაიშლება?
– რა თქმა უნდა, გამოიყენებს, თუ მას აწუხებს დამოუკიდებლობის იდეები და არ შეიძლება, არ აწუხებდეს. სხვა საკითხია, დამოუკიდებელი საერო სახელმწიფო უნდა თუ რელიგიური?! ჩვენ ეს არ ვიცით. ერთადერთი ვიცით, რომ რამზან კადიროვმა ძალიან დიდი გავლენა მოიპოვა რელიგიურ წრეებზე თვითონ ჩეჩნეთში. მუდმივად იღებს მონაწილეობას კარგად ორგანიზებულ რელიგიურ ღონისძიებებსა და სიმპოზიუმებში, რომლებიც არა მხოლოდ ჩეჩნეთში იმართება და მუდმივად ცდილობს, ხაზი გაუსვას, რომ არა მხოლოდ სახელმწიფო მოღვაწეა, არამედ მუსლიმი სახელმწიფო მოღვაწე. მას აქვს ურთიერთობა ეგვიპტის ძალიან ცნობილ ალ-აზჰარის უნივერსიტეტთან, არაბულ სამყაროსთან და ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ დაუჭერს მას მხარს. თავის დროზე ჩეჩნეთის ამ მისწრაფებას ბევრმა ძალამ დაუჭირა მხარი: ლეგალურად – ნაკლებად, მაგრამ არალეგალური წყაროებით დიდძალი დახმარება შედიოდა ჩეჩნეთში, მათ შორის, ჩვენი ტერიტორიის გავლითაც. საკმაოდ ბევრმა ბნელმა ძალამ დაისადგურა მაშინ იქ და ის გამოძახილი არ გამქრალა. ისლამის იმ ხაზმა და წაკითხვამ, რასაც სალაფია-ვაჰაბიას უწოდებენ, საკმაოდ მოიკიდა ფეხი კავკასიაში, დაღესტანში – განსაკუთრებით. ჩეჩნეთში ბოლო წლების განმავლობაში არ მიეცა გასაქანი, იმიტომ რომ რამზან კადიროვი ცოტა სხვა მიმართულებით იხრება: ის სუფიური მიმართულების მუსლიმია. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთ მოძრაობებს და განსაკუთრებით, რუსეთის შიგნით, ძალიან დიდი გულისყურით აკვირდებიან უფრო შორს მყოფი ძალები. დასავლეთის სამყაროს ვგულისხმობ და გასაკვირიც კი იქნებოდა, რომ დასავლურ სამყაროს ყურადღება არ მიექცია რუსეთში მიმდინარე მოვლენებისთვის. არ შეიძლება, არ ფიქრობდნენ, რა პროცესები შეიძლება, განვითარდეს რუსეთში ხვალ-ზეგ. როდესაც დასავლეთს ვამბობ, უპირველესად, ვგულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ყველგან ვრცელდება დიდი სახელმწიფოების ინტერესები და სულ სამიოდე სახელმწიფოა მთელ მსოფლიოში, რომლებსაც აქვთ მთელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გაკონტროლების სურვილი. თუმცა ყოველთვის სწორი შედეგები არ მოუტანია სხვა სახელმწიფოების საქმეებში უხეშ ჩარევას. გაგახსენებთ ლიბიას, ერაყს, სირიას, ეგვიპტეს, იემენს, – ყველგან ერთი სცენარია: თავიდან რაღაც დემოკრატიის პრინციპები ირღვევა, შემდეგ ხალხი ქუჩაში გამოდის. და, რა, დემოკრატიის პრინციპები არაბულ ქვეყნებში არ ირღვევა?! თუ დავაკვირდებით, არაბული გაზაფხული არ დამდგარა არც ერთ არაბულ მონარქიაში. ეს არ ბადებს შეკითხვებს?! მხოლოდ სადამ ჰუსეინი და მოამარ კადაფი იყვნენ ტირანები?! მოამარ კადაფი დიქტატორიც იყო, ცუდი კაციც და ტერორისტებსაც ეხმარებოდა. დავსვათ კითხვა: რომელიმე დიდი სახელმწიფო არ ეხმარებოდა ტერორისტებს?! ეხმარებოდა და დღესაც ეხმარებიან. კადაფი იხვეწებოდა: დამანებეთ თავი, თორემ ჩემი მოშორების შემთხვევაში წალეკავს ევროპას მიგრანტთა ნაკადები აფრიკიდანო. რუკას თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ ეს ნაკადები მიდის ლიბიის ტერიტორიიდან: ამას ხელს უწყობენ გარკვეული ძალები და ძალიან მძიმე შედეგები მოიტანა გაუთვლელმა ნაბიჯებმა, თუმცა ეს შეიძლება, გათვლილი ნაბიჯებიც იყო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან