პოლიტიკა

რა საფრთხეს შეიცავს საქართველოსთვის ექვსი თურქულენოვანი სახელმწიფოს კავშირის შექმნის მცდელობა და რატომ ჩაერთო ქართველ საზოგადოებას თვითგანადგურების მექანიზმი, რასაც გარდაუვალად მოჰყვება სახელმწიფოს დეზინტეგრაცია

№14

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 12.04, 2023 წელი

დემურ გიორხელიძე
დაკოპირებულია

სანამ ჩვენი, პოლიტიკოსებისა და საზოგადოების, ყურადღება დასავლეთისადმია მიპყრობილი, თურქულენოვანი სახელმწიფოების (თურქეთი, აზერბაიჯანი და 4 შუა აზიური ქვეყანა) მორიგი სამიტი ჩატარდა (ცნობისთვის: ეს 200-მილიონიანი სივრცეა) და გაცხადებული ინფოთი, მომავალში სამხედრო-პოლიტიკურ კავშირად გარდაიქმნება, რომელიც „ნატოს“ გაუწევს კონკურენციას; ამის პარალელურად კი, საუდის არაბეთი და ირანიც დაუზავდნენ ერთმანეთს და საუდის არაბეთი და სირიაც. ამ ორ მიმართულებას სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესი აქვს და ერთმანეთისადმი კეთილგანწყობითაც არ გამოირჩევიან. იმასაც რომ თავი დავანებოთ, რომ შუა აზიაზე დიდია ჩინური გავლენა. ასეა თუ ისე, ჩვენს სამხრეთითა და აღმოსავლეთითაც არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, რასაც დემურ გიორხელიძესთან ერთად მიმოვიხილავთ.

– ეს ორი მიმართულება ჩვენთვის ძალიან ყურადსაღებია, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ჩვენ აქ ვცხოვრობთ და, რაც მთავარია, ამ სისტემებში ჩვენ ვრჩებით სრულიად დაუცველები. რა პროცესია ეს, რა საფრთხეს შეიცავს ჩვენთვის და სად შეიძლება, მიგვიყვანოს?

– დავიწყოთ იმით, რომ ქართველები მტერსა და მოყვარეს ხშირად უცვლიან ადგილს. ასე ხდებოდა ისტორიულად. ჯერ ერთის მხარეს იყვნენ, მაგრამ შემდეგ ღალატობდნენ და მეორის მხარეს იბრძოდნენ, იმის გაურკვევლად, თუ რა გლობალური ინტერესები ჰქონდა იმ დიდ სახელმწიფოებს, რომლებიც დომინირებდნენ ევრაზიის კონტინენტზე. ჩვენ ვერასდროს ვერკვეოდით ამაში, რამაც უზარმაზარი დარტყმა მიაყენა და გაანადგურა ქართველი ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი. პოლიტიკური შეცდომები დაუსჯელი არასდროს რჩება. თუ თანამედროვეობაში გადმოვინაცვლებთ და უკანასკნელ ათწლეულებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საქართველოში მენტალურად არაფერი შეცვლილა. პოლიტიკური, ინტელექტუალური ელიტები ყოველთვის იყვნენ კომპრადორები, ანუ გამყიდველები. ისინი ყოველთვის ვაჭრობდნენ საქართველოთი, საქართველოს შესაძლებლობებით, პირადი მიზნებისთვის. საქართველოში რამდენიმე საუკუნეა, არ ყოფილა ამბიციური პოლიტიკური ძალა, რომლის მიზანიც იქნებოდა ქართული სახელმწიფოს გაძლიერება და გატარება ამ რთულ გეოპოლიტიკურ მთავარ მოთამაშეთა დაპირისპირებულ ინტერესებს შორის. ჩვენ არასდროს ვიცოდით ეს ინტერესები. დღესაც არაფერი ვიცით. 27 წელია, დასავლურ დაფინანსებაზე მოღორებული, ეგრეთ წოდებული, ინტელექტუალები, ვითომ მწერლები, ვითომ პოეტები, ვითომ ფილოსოფოსები, ვითომ სოციოლოგები, ვითომ პროფესორები მარაზმულ იდეოლოგიურ შტამპებს გამოკიდებულები, ანადგურებენ ქართველი ახალგაზრდების ნაწილის პოტენციალს. დამოუკიდებელი აზროვნების სახელმწიფოს ფარგლებში გონებრივ ცენტრებში იმის ნაცვლად, რომ აანალიზებდნენ მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ დასავლეთი და არა და ვერ გავიგეთ, რომ ნებისმიერ არჩევანსა თუ პოლიტიკაში ნებისმიერ რეალიზაციას თავისუფალი ნება არ განსაზღვრავს. არის შეზღუდვები. დღეს საქართველოში რომ გააჩეროთ ნებისმიერი ცნობილი უნივერსიტეტის პროფესორი და ჰკითხოთ, რა ხდება მსოფლიოში, ისინი აუცილებლად იდეოლოგიური შტამპებით დაგელაპარაკებიან. საქართველო მოსწყდა და საშინელ საფრთხეს უმზადებს საკუთარ თავს. ახლა მიმდინარეობს მსოფლიო პოლიტიკური ლანდშაფტის გადაწყობა და ის გადაეწყობა ნებისმიერ ვარიანტში. პაქსა-ამერიკანა ვეღარ იქნება, ცხადია, ამერიკა დარჩება ძალიან ძლიერ ქვეყნად, თუ შიგა პრობლემებს მოერივნენ, თუ არადა, სამყარო არ შეაჩერებს თავის განვითარებას და ხედავთ უზარმაზარ ცვლილებებს: მხოლოდ ერთი ჯგუფი, რასაც ჰქვია კოლექტიური დასავლეთი (ევროკავშირითა და შეერთებული შტატებით სათავეში, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, იაპონია და სამხრეთ კორეის ნაწილი) არის ერთად და სხვა არავინ. არც აფრიკა, არც აზია, არც ლათინური და ცენტრალური ამერიკა, საქართველო კი კვლავ იდეაფიქსების ტყვეობაშია.

– როგორი კომიკურია ამ ფონზე, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ 12 პუნქტზე, რათა მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

– 12-პუნქტიანი გეგმა შეიძლება, განხილვის დონეზე დააყენოს მხოლოდ მარიონეტულმა ხელისუფლებამ, მარიონეტული პოლიტიკური მხარდაჭერით, როგორიცაა ოპოზიცია, რომელსაც უნდა „შინ – ევროპაში“. თუმცა კარგად არ მესმის ტექნოლოგია, რას უნდა მივუერთოთ სამხრეთ კავკასიაში მდებარე სახელმწიფო?! თვითონ ლოზუნგი, პოლიტიკური თვალსაზრისით, სრული სიბეცეა. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით – უაზრობა და მიუღწეველი. ქართველი ხალხის ნება მართლაც დასავლური ტიპის სახელმწიფო იყო, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ შენდებოდა ეს ყველაფერი. 200 წელი სადაც ვიყავით, იმაზე უკეთესი გამოჩნდა და ჩვენც გვინდოდა, რაკი დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და ხელში ჩაგვივარდა, ისეთივე სახელმწიფო აგვეგო. ოღონდ ქართველებმა არ იფიქრეს იმაზე, რომ ასეთ სახელმწიფოს ამგებები სჭირდებოდა: მცირერიცხოვანი, მაგრამ ძალიან კვალიფიციური ადამიანები და თავიანთი ეს სურვილი დემაგოგიაში, ურთიერთდაპირისპირებაში, უპასუხისმგებლობაში, შეურაცხყოფებსა და თოფის სროლაში, საბოლოოდ, ქართული სახელმწიფოს ხერხემალში გადამსხვრევით დაასრულეს და ამის შემდეგ ვეღარ ვსწორდებით წელში. პოლიტიკა კი წინ მიდის. ჩვენ ირგვლივ უკვე შეიცვალა სიტუაცია. თუ სომხეთი ჩვენნაირ მდგომარეობაშია, მათაც არ აღმოაჩნდათ დიდი ჭკუა, სამაგიეროდ, აზერბაიჯანი, როგორც სახელმწიფო, ჩამოყალიბდა. რაც შეეხება თქვენს ნათქვამს, ანუ იმ მონათესავე ხალხების გაერთიანების სურვილს: თუ ღრმად ჩავუკვირდებით, ერთი მხრივ, არის ზედაპირული პლასტი, რომ თურქული მოდგმის ხალხები, რომლებიც შუა აზიაში ცხოვრობენ და თვითონ თურქები, ოსმალოს ტომი ალტაის მხარიდან არიან, ერთიანდებიან და ბუნებრივია, რომ ისინი კავშირისკენ მიისწრაფვიან. მაგრამ თურქეთი არ წარმოაგენს მსოფლიო პოლიტიკის მთავარ მოთამაშეს. იგი ძლიერი რეგიონული მოთამაშეა, ისევე, როგორც ირანი, პაკისტანი, ინდოეთი. გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ჩამოყალიბებაში რეგიონული მოთამაშეები გადამწყვეტ როლს ვერ ასრულებენ.

– ჩვენთვის საფრთხეს კი შექმნიან.

– დიახ. რაც შეეხება მათ კავშირს, ეს იქნება მხოლოდ თანამშრომლობა, მე ვეცადე, ღრმად გავრკვეულიყავი ამ საკითხში და თურქული წარმოშობის არც ერთ ხალხს, მათ შორის, არც აზერბაიჯანს, არანაირი სურვილი არ აქვს, საკუთარი სახელმწიფოები დათმონ თურქეთის სასარგებლოდ.

- ეს, რა თქმა უნდა.

- რაც შეგვეხება ჩვენ: ჩვენ დღეს წარმოვადგენთ არშემდგარ სახელმწიფოს, რომელსაც, პოლიტიკის თვალსაზრისით, სრულიად გაურკვეველი ადამიანები მართავენ. თუ შევარდნაძე, ასე თუ ისე, ცნობილი იყო, მან მოაბრუნა ყველაფერი საზიზღარი, რაც კი იყო წარსულში და დაგვიტოვა თავისი გამანადგურებელი წარმონაქმნი, „ნაციონალური მოძრაობა“. მათი სრულიად კატასტროფული მმართველობა ჩანაცვლდა შემთხვევითი პოლიტიკური ლიდერებით, განსაკუთრებით, ლიდერის დონეზე, რომელიც უსაშველოდ შორს იყო პოლიტიკიდან და ჩვენ 10-წლიანი პერმანენტული, ინტენსიური შეცდომების შემდეგ მივიღეთ შედეგი, რაც სრულიად გაურკვეველს ხდის საქართველოს მომავალს. ახლა ინტენსიურად მიმდინარეობს ხელისუფლების დამხობისთვის ძალიან სერიოზული მზადება და ეს არ ხდება „ნაცმოძრაობისა“ და მისი ვიღაც ლიდერის დონეზე. რაც საქართველოში ხდება, არის დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების დაპირისპირების გამოძახილი და ყველაფერი ყველა ეტაპზე მიმდინარეობს ამ დაპირისპირების ფონზე. უბრალოდ ქართველები ვერ გაერკვნენ, რაშია საქმე და ნახევრად განუვითარებელი ადამიანის დონეზე, იმეორებენ, დასავლეთი გვინდა, დასავლეთი გვინდა. დასავლეთი უნდა გინდოდეს საქართველოში. საქართველოში უნდა აგეგო დასავლეთი და არა შინ დაბრუნდე, სადღაც გაურკვევლობაში, რაც საქართველოს დაუჯდება დიდ ფასად, როგორც დაუჯდა ის უდიდესი შეცდომები - 1921 წელს. ქართული სახელმწიფო არის უზარმაზარი საფრთხის წინაშე. მისი ტერიტორიული დეზინტეგრაცია, თუ ასე გაგრძელდება, გარდაუვალია და ეს აღარ იქნება ერთი სახელმწიფო. რამდენიმე სახელმწიფო ძალიან კარგად ხედავს, რომ აქ ჩართულია თვითლიკვიდაციის რეჟიმი. ჩვენ ახლა ხელისუფლების უსუსურობის გამო ვდგავართ სახელმწიფოს დაკარგვის საფრთხის წინაშე. საკმარისია, კიდევ დავუშვათ სერიოზული პოლიტიკური შეცდომა და საქმე აქეთკენ მიდის. ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს გარკვეულად კეთდება შეუმჩნეველი ხელით ვითომ დასავლურ პოლიტიკური ძალებისა და ინტელიგენციის მეშვეობით. არაფერს ვამბობ ახალგაზრდებზე, იმიტომ რომ ისინი მსხვერპლია, მათ განათლება შეუცვალეს ფსევდოგანათლებით, ბოლონიის სისტემა მხოლოდ კრეტინების აღზრდის საშუალებას იძლევა და ფარული მიზანი არის ძალიან მართული ახალგაზრდობა. გაუნათლებელ ადამიანებზე იდეოლოგიური შტამპების მორგება, მოგეხსენებათ, ადვილია. იცით, რა არის საქართველოში ყველაზე დიდი კატასტროფა?! უდიდესი დასავლური ცივილიზაცია, უდიდესი წარმატება კაცობრიობის ისტორიაში, დაყვანილია დასავლური ცივილიზაციის განვითარების თანხმლები ჭუჭყის დონეზე. და ქართველმა, ვითომ დასავლური ორიენტაციის ხალხმა, იმ დასავლური ლიბერალური წრეებიდან დაფინანებულებმა, წამოიღეს ეს ჭუჭყი და ქართველ ახალგაზრდებს უთხრეს: არა მეცნიერება, არა განათლება, არა სახელმწიფო კონსტრუქცია, არა ნორმები, არა კანონი, არამედ, აჰა, შენ „ელ გე ბე ტე“, აჰა, შენ გამოხატვის თავისუფლება.

- ნარკოტიკი.

- და ესაა ის, რომ უნდა აფურთხო საკუთარ კულტურას, გვერდით მდგომს, ვინც შენნაირი არ არის, ანუ ჩვენ დავბრუნდით იქ, სადაც 140 წლის წინათ ვიყავით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა