პოლიტიკა

რა საბედისწერო შეცდომა დაუშვეს ევროპელმა ლიდერებმა თავიანთი არაადეკვატური რეაქციით და რატომ ერჩივნა მაშინდელ ევროპას, საბჭოთა რუსეთი აღედგინათ რუსეთის იმპერიის საზღვრებში

№16

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 27.04, 2022 წელი

ვახტანგ გურული
დაკოპირებულია

ისტორია ხშირად მეორდება, მართალია, განსხვავებული დეტალებით, მაგრამ არსი ხანდახან იგივეა. თუმცა წითელი რუსეთი და შემდეგ საბჭოთა კავშირი იზოლაციაში იყო, ერთა ლიგის წევრი ქვეყნები მაინც ამყარებდნენ ურთიერთობას ჯერ ერთთან, შემდეგ – მეორესთან. და სტალინმა ისიც კი მოახერხა, რომ ვალუტა და ტექნოლოგიები მიეღო ევროპისგან. ამ ისტორიულ პარალელს ისტორიკოსთან, პროფესორ ვახტანგ გურულთან ერთად გავავლებთ.

– როგორ მოახერხა წითელმა რუსეთმა და შემდგომში საბჭოთა კავშირმა 1917 წლის ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ 70 წელს გაეძლოთ იზოლაციაში?

– ისტორიაში პარალელები მოიკოჭლებს, რადგან ორ განსხვავებულ ეპოქაში წარმოშობილი ორი მოვლენა შეიძლება, რაღაცით წააგავდეს ერთმანეთს, მაგრამ მათ შორის აბსოლუტური მსგავსება არ იყოს. თქვენს ძალიან რთულ კითხვას მცირე შესავალი უნდა გავუკეთოთ: რუსეთში არ ყოფილა არანაირი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია, ეს გამოიგონა ვლადიმირ ლენინმა, შემდეგ ეს გააღრმავა და მისთვის პოლიტიკური სარჩულის მოძებნას შეეცადა იმ პოლიტიკური რეჟიმის რამდენიმე ლიდერი. 1917 წლის ოქტომბერში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსული დროებითი მთავრობა ბოლშევიკებმა გადატრიალებით დაამხვეს. ეს იმდენად ცხადი იყო, რომ თვითონ იოსებ სტალინიც ხმარობს ტერმინს: „ოქტომბრის გადატრიალება“. სახელდებები – „დიდი“, და „სოციალისტური“, შემდეგ გაჩნდა იუბილეების აღნიშვნის დროს. ეს იყო ტიპური სახელმწიფო გადატრიალება, როდესაც დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი შეცვალა არაადამიანურმა პოლიტიკურმა რეჟიმმა, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე, ათასების, ასი ათასების, არაფრად მიაჩნდა.

– როგორი იყო ევროპის რეაქცია 1917 წლის სახელმწიფო გადატრიალებაზე?

– 1917 წლის ოქტომბრის კონტრრევოლუციურ სახელმწიფო გადატრიალებაზე ევროპის პოლიტიკურმა ლიდერებმა – არადა ზოგიერთი მათგანი მართლაც ნამდვილი პოლიტიკოსი იყო – ერთი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს. ჩათვალეს, რომ ბოლშევიკები რუსეთში ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ორი კვირით ან ცოტა უფრო დიდი ხნით და ისინი მალე დაკარგავდნენ ძალაუფლებას. მეორე: მიმდინარეობდა მსოფლიო ომი და არც ერთ ევროპულ სახელმწიფოს არ ეცალა, სერიოზულად დაინტერესებულიყო რუსეთში მიმდინარე მოვლენებით. მით უმეტეს, ეგონათ, რომ მხოლოდ რამდენიმე კვირას გაძლებდნენ ბოლშევიკები ხელისუფლებაში. ევროპის ქვეყნები დაინტერესებული იყვნენ ომში გამარჯვებით და ამის შემდეგ იმით, თუ როგორი იქნებოდა პოლიტიკური რუკა, რომელი ქვეყანა რას მიიღებდა იმ დიდი სისხლისთვის, რაც დაიღვარა; იმ დიდი რესურსების დახარჯვისთვის, რაც შთანთქა ომმა. უნდა ითქვას, რომ ასეთი მიდგომა ძალიან შემზარავ ფაქტებში გამოიხატა. მაგალითად, ინგლისს დამოუკიდებლადაც და სხვა ქვეყნებთან ერთადაც შეეძლო რუსეთის ყოფილი იმპერატორისა და მისი ოჯახის წევრების გადარჩენა, მაგრამ ეს არ გააკეთეს. ინგლისს ჰქონდა ასეთი პოლიტიკა: დაე, დახვრიტონ იმპერატორი, ჩამოახრჩონ, რაც უფრო აირევა რუსეთი, მით უკეთესი; რაც მეტი ცუდი მოხდება იქ, მით უკეთესი ინგლისისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მონარქი ვალდებულია, იფიქროს მეორე მონარქის სიცოცხლის გადარჩენაზე. აქამდეც კი მივიდა ევროპის პოლიტიკური აზროვნება. კარგადაა ცნობილი, რომ ის პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც რუსეთში 1917 წლის ოქტომბრის პოლიტიკური გადატრიალების შემდეგ დამყარდა, მიუღებელი იყო რუსეთის თავადაზნაურობისთვის, ბურჟუაზიისთვის, სამღვდელოებისთვის, გენერალიტეტისა და ოფიცრობისთვის, მთელი რუსეთის ინტელიგენციის 99 პროცენტი იმ რეჟიმს საძულველ რეჟიმად მიიჩნევდა. მაგრამ ევროპამ ამით ვერ ისარგებლა და ეს საძულველი რეჟიმი ვერ დაამხო. ვერ აღმოუჩინა დახმარება მოხალისეთა არმიებს, რომლებიც საბჭოთა წყობილებას ებრძოდნენ, ასეთი იყო, თავდაპირველად, გენერლების, კორნილოვისა და ალექსეევის მიერ დაწყებული მოხალისეთა მოძრაობა, თეთრ მოძრაობასაც რომ უწოდებენ ლიტერატურასა და ხელოვნებაში. შემდეგ ანტონ დენიკინის სარდლობით გაგრძელდა ეს მოხალისეთა მოძრაობა, შემდეგ – პეტრე ვრანგელის; ვოლგისპირეთსა და ციმბირში ამ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა ადმირალი კოლჩაკი; ბალტიისპირეთსა და ჩრდილო რუსეთში – გენერალი იუდევიჩი, მაგრამ ყველანი დამარცხდნენ. დამარცხდა რუსეთის გენერალიტეტი, ბრწყინვალე ოფიცრობა, გამოწვრთნილი ჯარისკაცები.

– და სწორედ ესაა უცნაური, როგორ მოხერხდა სახელმწიფო გადატრიალება, როდესაც ბოლშევიკებს მხარს, ფაქტობრივად, არავინ უჭერდა?

– ერთი უბრალო მიზეზის გამო: რუსეთის ცენტრალურ რაიონებს ფლობდნენ ბოლშევიკები; იარაღის ქარხნები, რომლებშიც, შეიარაღების გარდა, მზადდებოდა ვაზნები ცეცხლსასროლი იარაღისთვის და ყუმბარები არტილერიისთვის, ბოლშევიკების ხელში იყო. ევროპა კი ვერ დაეხმარა მოხალისეთა არმიებს, „თეთრ მოძრაობას“. ფილმებშიც გინახავთ, მოხალისეთა არმია როგორ ფსიქიკურ იერიშზე მოდის, არ ისვრიან, ხიშტიანი კარაბინები უჭირავთ ხელში და პირდაპირ მოდიან წითელი არმიის წინააღმდეგ. ეს ფსიქიკური იერიში არ ყოფილა, უბრალოდ, ტყვიები არ ჰქონდათ თეთრგვარდიელებს, ინგლისმა და საფრანგეთმა ვერ შეძლეს, მოემარაგებინათ რუსული წინააღმდეგობის თეთრი მოძრაობა და სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, ეგრეთ წოდებულ, თეთრ არმიებს, გარდა იმისა, რომ ფსიქიკურ იერიშზე წასულიყვნენ. და, თუ მიაღწევდნენ მოწინააღმდეგემდე, ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმულიყვნენ. სამარცხვინო შეცდომა დაუშვეს ევროპის პოლიტიკოსებმა. მოსახლეობის ყველა სოციალური ფენისათვის – მუშასა და გლეხს არ ვგულისხმობ – საძულველი პოლიტიკური რეჟიმი ვერ დაამარცხეს. იცით, რატომ? საკმაოდ მზაკვრულ გეგმებს აწყობდნენ და პარიზის კონფერენციაზე, რომელიც 1919 წლის იანვრიდან 1920 წლის იანვრამდე მიმდინარეობდა, ეს გეგმები ჩამოყალიბდა ძალიან მცდარი შეხედულების სახით. ომმა ევროპაში ყველანაირი რეზერვი ამოწურა, ამჯერად ვგულისხმობ საკვები პროდუქტის მარაგს. მოკლედ რომ ვთქვათ, ევროპა უნდა გამძღარიყო და საამისოდ ორი გზა არსებობდა: ერთი – ტრადიციული, ევროპა ხორბლითა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით რუსეთის იმპერიიდან მარაგდებოდა; ასევე, ევროპას მრეწველობის აღსადგენად სჭირდებოდა დიდი ოდენობით ნავთობი, ქვანახშირი, მანგანუმი და კიდევ სხვა ნედლეული, რომლებსაც ევროპა, ტრადიციულად, რუსეთის იმპერიიდან იღებდა. თუ რუსეთი დაიშლებოდა, მანგანუმი აღმოჩნდებოდა საქართველოში, ქვანახშირი – დამოუკიდებელ უკრაინაში; ხორბლის ნაწილი – ბელორუსიასა და უკრაინაში, დიდი ნაწილი – რუსეთში; ნავთობი – აზერბაიჯანში. მაშინ ნავთობის ყველაზე დიდი მარაგი აზერბაიჯანში იყო. ესე იგი, ევროპას 7-8 ქვეყანასთან უნდა აეწყო ურთიერთობა.

– და არჩიეს ერთ საბჭოთა კავშირთან.

– ამიტომაც პარიზის კონფერენციამ მიიღო დადგენილება, რომ წითელი რუსეთი აღმდგარიყო იმ საზღვრებში, რომლებშიც იყო რუსეთის იმპერია, რომ აწყობილი სავაჭრო ურთიერთობა არ დანგრეულიყო. კარგად მოგეხსენებათ, რომ 1920 წლის აპრილში მეთერთმეტე წითელი არმია ბაქოში შევიდა, ნოემბერში დაიპყრო სომხეთი, 1920 წლის ბოლოს ნოემბერ-დეკემბერში კი ლეონიდ კრასინი, წითელი რუსეთის წარმომადგენელი, მოლაპარაკებას აწარმოებდა ლონდონში და ინგლისელებმა პირდაპირ უთხრეს: თქვენ ნავთობს ყიდით, მაგრამ დახლთან მისასვლელი თქვენი არ არისო.

– ანუ საქართველოც დაიპყარითო?

– დიახ, ეს სწორად გაიგო კრასინმა: ბაქოდან ნავთობი მოდიოდა ბათუმში, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე იყო. ესე იგი, თუ ის ქალაქი დაიპყარით, საიდანაც ნავთობი მოდის, მაშინ ის ქალაქიც თქვენი უნდა იყოს, საიდანაც ნავთობი გაგვაქვსო. აი, ასეთი ვაჭრობა მიმდინარეობდა იმისთვის, რომ ევროპას მოგება ენახა. 1920 წლის გაზაფხულზე გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე ეკონომიკური საკითხებიც განიხილეს. რუსეთის წარმომადგენელს უთხრეს, უნდა გადაიხადოთ ვალი, რაც რომანოვებმა და დროებითმა მთავრობამ აიღოო. ვალი რუსეთის იყო, მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორმა ნიკოლაიმ და კერენსკიმ აიღეს. საბჭოთა რუსეთის დიპლომატიამ განაცხადა, ვალს გადავიხდით, მაგრამ ჩვენ ახლა გვიჭირს და იაფს და გრძელვადიან სესხს თუ მოგვცემთ, ამ სესხსაც დავაბრუნებთ და ვალსაცო. ევროპაში ეს წინადადება მოგებიანად ეჩვენათ და სესხი გასცეს, მაგრამ საბჭოთა რუსეთს არც ის ვალი დაუბრუნებია და არც სესხი, ყოველ შემთხვევაში, რომანოვების ვალის დიდი ნაწილი არ დააბრუნეს. ნუთუ არ იყო სხვა გზა, რომ რუსეთთან არ დაემყარებინათ სავაჭრო ურთიერთობა?! აშშ-ის პოლიტიკოსები, რომლებიც კარგად ხვდებოდნენ ევროპის ლიდერების მიერ წამოწყებული თამაშის საბოლოო შედეგს, თანახმანი იყვნენ, რომ ევროპისთვის მიეცათ ხორბალი და სხვა პროდუქტიც, მაგრამ ამერიკიდან გემებით გადმოტანა ხორბლის ფასს ძალიან აძვირებდა. გარდა ამისა, ხორბალი ნესტიანდებოდა გემებზე და დიდი ხანი სჭირდებოდა სპეციალურ საშრობებში გამოშრობას. ამერიკიდან ნებისმიერი პროდუქციის მიწოდება აძვირებდა ფასს, ამიტომ ევროპამ დათმო. ინგლისმა არ ცნო საბჭოთა რუსეთი, არ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ ცნო დე ფაქტო და სავაჭრო ურთიერთობა გააბა. ევროპის სხვა ქვეყნებმაც მიჰბაძეს ინგლისს. შემდეგ ეს ურთიერთობა სხვა დონეზე აიყვანა სტალინმა. კოლექტივიზაციის რეფორმის გატარებისას განისაზღვრა, მოსავლის რა ნაწილი უნდა წაეღო სახელმწიფოს და რა ნაწილი – კოლექტივის წევრებს. თავიდან გლეხები წაახალისეს და საკმაოდ დიდი წილი გამოუყვეს, მაგრამ მერე და მერე შეუმცირეს, იმიტომ რომ ხორბლიდან იღებდა საბჭოთა კავშირი ვალუტას. იცით, რომ გასული საუკუნის 20-30-იანი წლების შიმშილობებს უამრავი ადამიანი შეეწირა. პური არ იყო, რომ ბავშვებისთვის დღეში 100-200 გრამი მიეცათ და ამ დროს ასეულობით ათასი ტონა ხორბალი გადიოდა ევროპაში. სამაგიეროდ კი, საბჭოეთში შემოდიოდა ვალუტა; ასევე, გადიოდა უამრავი ნავთობი, ქვანახშირი, მარგანეცი და შეიძლება, ითქვას, რომ საბჭოთა კავშირი ფეხზე ამით წამოდგა. სტალინმა კიდევ უფრო მუხანათური პოლიტიკა აწარმოვა. პორდაპირ ბარტერი მოითხოვა: ამდენ ხორბალში ამდენი ჩარხი და აგრეგატი მოგვეცითო. ევროპა ამაზეც წამოეგო და დიდი რაოდენობით მანქანა-დანადგარები შემოვიდა საბჭოთა კავშირში. მეტიც, ბევრი გერმანელი ინჟინერი ჩამოვიდა და მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს ელექტროსადგურების, ქარხნების აღდგენა-მშენებლობაში. საბჭოთა რუსეთს ევროპის ქვეყნები ეპყრობოდნენ ისე, როგორც ახლა ერთმანეთს ეპყრობიან ევროკავშირის ქვეყნები: თითქოს ერთი სისტემის, ერთი სოციალური წყობილების სახელმწიფოები იყვნენ და დაივიწყეს, რომ საბჭოთა სისტემა მიზნად ისახავდა კაპიტალისტური სისტემის ლიკვიდაციას, რომ ეს ორი დაპირისპირებული სამყარო იყო. ასე მოვიდა საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომამდე ევროპის დაუსაბუთებელი და პერსპექტივაზე გაუთვლელი პოლიტიკის წყალობით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი