პოლიტიკა

რა როლს ასრულებს საქართველოში უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზების არარსებობა გადატრიალებების მოწყობის გართულებაში

№24

ავტორი: ნინო ხაჩიძე 14:00 25.06

ბიძინა გიორგობიანი
დაკოპირებულია

რუსეთის ფედერაციის შესაბამისმა სამსახურმა გვაცნობა, რომ დიდი ბრიტანეთი საქართველოში გადატრიალებას, ანუ ხელისუფლების შეცვლას გეგმავს. მეორე მხრივ, ისედაც აშკარაა, ევროკავშირის მაღალჩინოსნების, ევროპარლამენტარებისა თუ ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს ლიდერების განცხადებებით, რომ ისინი მოელიან ხელისუფლების შეცვლას და არჩევნების შედეგიც მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მათთვის მისაღები, თუ ის ძალა გაიმარჯვებს, რომლის გამარჯვებაც მათ სურთ. რა მოტივები ამოძრავებს რუსეთს, რაკი გამოდის, რომ საქართველოს სახელმწიფოს სტაბილურობაზე ზრუნავს? – ამ თემას ბიძინა გიორგობიანთან ერთად განვიხილავთ.

– თუმცა გადატრიალების მოწყობის სურვილი მიუღებელია, მაინც იბადება ასეთი კითხვაც: თუ უნდათ გადატრიალება და ჩვენ ვაკვირდებოდით საპროტესტო გამოსვლებს, საკმაოდ კარგად დაგეგმილს, რატომ ვერ ახერხებენ? ბოლომდე არ არის ჩართული ეს სქემა თუ მაინც მოსახლეობის აზრს უწევენ ანგარიშს? თუ ჩვენი ტერიტორიის გამოყენება უნდათ, როგორც დერეფნის, აქ არეულობა რატომ უნდა იყოს მათთვის ხელსაყრელი?

– დავიწყოთ იმით, რომ ძალიან დემონიზებულია ინგლისის სპეცსამსახურების სახელი და ყველაფერს მათ მიაწერენ. რაც შეეხება რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას: მათ რომ არ გამოაქვეყნონ ეს ინფორმაცია, ჩვენ ყოველ საღამოს, რუსთაველის გამზირზე, ვხედავთ გარედან დაფინანსებულსა და გარედან დაგეგმილ აქციებს, რომელთა მიზანიც, თავის დროზე, იყო სახელმწიფო გადატრიალება, ძალადობრივი გზით რევოლუციის მოწყობა და ხელისუფლების შეცვლა. ეს ინგლისის სპეცსამსახურების დაგეგმილია, ბრიუსელის ბიუროკრატიის თუ ვინმე სხვის, ძნელი სათქმელია, ნუ დავუჯერებთ რუსეთის საგარეო დაზვერვას, რომელიც, როგორიც უნდა, ისეთ ინფორმაციას მოგვაწვდის. ინგლისს რომ სჭირდებოდეს საქართველოში სამხედრო გადატრიალება, იმის ჩიტი არ არის, რომ თავისი სახელით გააკეთოს ეს. მათ აქვთ საკმარისი გამოცდილება, ჰყავთ თავიანთი პროქსი-ქვეყნები, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, პოლონეთი, საფრანგეთი, ბრიუსელის ნახევარი ბიუროკრატიაც მათ ხელშია, ფაქტობრივად და მათი კარნახით მოქმედებს. ამდენად, ძალიან რთული სათქმელია, ვის სურს საქართველოში გადატრიალება და დესტაბილიზაცია. ფაქტია, რომ ამის მოსურნეები არიან და ამას შეუიარაღებელი თვალითაც ვხედავთ ყველანი, საქართველოს მიმართ ობიექტურად განწყობილი ექსპერტების ჩათვლით. ცოტა ხნის წინ თბილისში ჩატარებული ფორუმიც მოწმობდა, რომ ყველა, მეტ-ნაკლებად ობიექტურად განწყობილი, ამას ამჩნევს და ეს პროცესები იმართება გარედან, ფინანსდება გარედან და როგორც კი მოიკლებს გარედან დაფინანსება, პროტესტის მონაწილეთა რაოდენობა და მათი აგრესიულობაც იკლებს. როგორც კი რომელიმე ქვეყნის საელჩო ან რამე ორგანიზაცია, როგორიცაა, მაგალითად, შვედეთის განვითარების ფონდი ან ნებისმიერი სხვა, მოაკლებს დაფინანსებას. მათ ძრავებსაც აკლდება საწვავი და უფრო დაბალ გაზზე მუშაობენ ხოლმე. როგორც კი საიდანმე დიდი ტრანში მოუვათ, უცებ რაღაც თემებს პოულობენ, ატყდება წივილ-კივილი და ქუჩაში გამოჰყავთ ვიღაც ადამიანები. მათ რევოლუციის თავი არ აქვთ. რევოლუციას სჭირდება სახელმწიფოში რადიკალური ცვლილებების მომხრე ადამიანები. ჩვენ კი ვხედავთ, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, საქართველოში შიდა სოციალური დესტაბილიზაციის ფაქტორს არ წარმოადგენს ხელისუფლება და შეიძლება, ხელისუფლებას აქვს საზოგადოებისგან გაუცხოების პრობლემა, სწორად არ მუშაობს სოციალური ლიფტი, ადამიანებს არ აქვთ საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალება და საკუთარი თავის რეალიზებას ეძებენ სხვა ქვეყანაში; ჩვენთან არ არის განათლების სრულყოფილი სისტემა, მაგრამ ეს არ არის რევოლუციის მიზეზი. ეს არ არის ის ტრიგერი, გამაღიზიანებელი, რის გამოც შეიძლება, მოხდეს რევოლუცია.

– ხალხს აქვს დასაკარგი.

– არ არსებობს მუხტი, როგორც ამბობენ, თუმცა არავინ იცის, რით განისაზღვრება ეს მუხტი. დიახ, ადამიანებს აქვთ დასაკარგი: სტაბილურობა, ადამიანებს დასაკარგი აქვთ ყოველდღიურობა, რომლითაც ისინი მეტ-ნაკლებად კმაყოფილები არიან, იმიტომ რომ ადამიანი სოციალური არსებაა და ისინი უდარებენ საკუთარ მდგომარეობას როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებულ ცხოვრების დონეს, ასევე, უკრაინაში მიმიდინარე პროცესებს, სადაც დასავლეთმა, ფაქტობრივად, დაისამარა საკუთარი თავი როგორც სამხედრო, ისე, მორალური და ფინანსურ-ეკონომიკური თვალსაზრისით.

– რუსეთს აქვს თავისი ინტერესი, როდესაც მსგავს განცხადებას აკეთებს, იმას გარდა, თითქოს თავად არ უნდოდეს აქ გადატრიალება. უკრაინაში ომი დაიწყო იმისთვის, რომ მისადმი ლოიალური ხელისუფლება იყოს კიევში...

– თავისთავად. რუსეთი იმიტომ კი არ ამბობს, ინგლისს უნდა საქართველოში გადატრიალება, რომ გადატრიალება არ უნდა, თვითონაც უნდა აქ სახელმწიფო გადატრიალება და თვითონაც უნდა, რომ აქ ჰყავდეს მისი მორჩილი ხელისუფლება. დღევანდელი ხელისუფლება იცავს საქართველოს ინტერესებს, ვისაც უნდა მოეწონოს და ვისაც უნდა, არ მოეწონოს, რეალობა ასეთია. სხვა საქმეა, რას ამბობენ იმ პატარ-პატარა ტელევიზიებში, რომლებიც შემორჩათ და რომლებშიც, როგორც გაირკვა, ჭყონია, თურმე, 30 000-ლარიან ხელფასებს უხდის ჟურნალისტებს. ამდენად, მნიშვნელობა არ აქვს, ასეთი ჟურნალისტების პირით რას დააბრალებენ ხელისუფლებას, მთავარია, ფაქტები. საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ – ბიბლიური სიტყვებია. ჩვენ უნდა ვუყუროთ, ვინ რას აკეთებს, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რას ლაპარაკობს. ლაპარაკი ბევრი გვსმენია დამოუკიდებლობის წლებშიც და მანამდეც.

– მუდმივი ასეთი დაძაბულობა ან რყევა ხელისუფლების, ხომ, უშლის ხელს საზოგადოების სიმშვიდეს, მით უფრო, რომ ჩვენი საზოგადოება ისედაც აგრესიულია და რომ გავუზრდელდით, ეს კიდევ ცალკე ტრაგედიაა. იმ დონემდეც კი მივედით, მსჯელობენ, უფროსი ასაკის ადამიანი ან უცხო რომ შემოდის, უნდა ავდგეთ თუ არა ფეხზე.

– დიახ, ამბობენ, კომუნისტური გადამონაშთიაო, იმდენად უვიცები არიან. სხვათა შორის, ხევსურეთში და საერთოდ, მთაში, პატარა ბავშვიც რომ შემოდიოდა ოთახში, უფროსები ფეხზე დგებოდნენ, რომ მასში შინაგანად აღეზარდათ საკუთარი თავის პატივისმცემელი ადამიანი. დემორალიზებული, უცხოეთიდან შემოსული სოციალური ინჟინერიით გამოყვანილი ადამიანების სატელევიზიო ეთერებში მსგავსი სისულელეების ლაპარაკი არის დასავლური მორალის დეგრადაციისა და ქართული ტრადიციული მორალის უპატივცემულობისა და დეგრადაციის ნიმუში.

– დავასრულებ კითხვას: რევოლუციას სჭირდება წინა პირობები, მათ გარეშე ვერ ხდება, მაგრამ ეს მუდმივი დაძაბულობა ხომ მაინც ვნებს სახელმწიფოს?

– რატომ არის დაძაბულობა?! ეს უფრო მედიაში შექმნილი დაძაბულობაა.

– დიახ, მაგრამ ადამიანების ფსიქიკაზე მოქმედებს, აფორიაქებს და იოლად სამართვს ხდის.

– არ მოქმედებს ფსიქიკაზე. ჩემთან სამსახურში მოვიდა ქალბატონი და მეკითხებოდა, ქარიანი დღე თქვენს ნერვებზე არ მოქმედებსო და არა-მეთქი, ისეთი სუსტი ნერვები არ მაქვს, რომ ქარმა ნერვები მომიშალოს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებზეც ეს მოქმედებს. არიან ადამიანები, რომლებზეც მოქმედებს ის, რომ 30 ან 50 ადამიანი საღამოობით იკრიბება პარლამენტის წინ და კეტავს ქუჩას. ეს უკვე არანორმალურობაში გადავიდა. ეს არ არის არც პროტესტი, არც პროდასავლურობა, არც პროაღმოსავლურობა და არც პროჩრდილოურობა და არც პროსამხრეთულობა. უკვე შინაარსისგან დაიცალა. ესენი არიან ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ თავიანთ მონურ დამოკიდებულებას იმ ქვეყნებიდან წამოსული დირექტივების მიმართ, რომელი ქვეყნის დროშებიც აქვთ შემოხვეული მხრებზე.

– ეს ცალკე პრობლემა და ტრაგედიაა.

– გახსოვთ, ალბათ, ნოემბრის თვეში, ექსტრემისტ ახალგაზრდებს, რომლებიც დიდი ხნით ადრე იყვნენ მომზადებულები და რომლებმაც პარლამენტის შტურმი დაიწყეს, დიდი რკინის საგნები ეჭირათ და ურტყამდნენ პარლამენტის კარს. სამივეს შემოხვეული ჰქონდა ევროკავშირის დროშა. ეს ცნობილი კადრია. არადა ეს ასე არ მუშაობს. მათ ჰგონიათ, რომ, თუკი ისინი იერიშს მიიტანენ პარლამენტზე და პარლამენტს აიღებენ, საქართველოს საზოგადოება ისევ ისე შეხვდება ამას, როგორც სამხედრო გადატრიალებას შეხვდა 1992 წელს ან, დავუშვათ, 2003 წელს. ასე არ იქნება, იმიტომ რომ 1992 წელს ისეთი რამ დაგვემართა, რაც ჩვენს ისტორიას არ ეკადრებოდა და არა მხოლოდ ხელისუფლების არაკონსტიტუციური ცვლილება მოგვიტანა, არამედ ძალიან ბევრი სხვა რამეც. დღესაც ცოცხალია ის დაპირისპირება, რამაც მაშინ საზოგადოება ისეთ დაპირისპირებამდე მიიყვანა, რომ ამას მოჰყვა ომი. მკითხეთ, რატომ ვერ ახერხებენ გადატრიალებასო: კარგია, რომ ამ წლების განმავლობაში საქართველოში არ განთავსდა რომელიმე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზა, თორემ იმავეს გაიმეორებდნენ ისინი მიტინგების დროს, დემონსტრანტების ან დემოკრატიის დაცვის მიზეზით, რაც გააკეთეს თბილისში 1992 წლის იანვარში. თბილისში ხომ მათი რეგულარული სამხედრო ნაწილები იბრძოდნენ?! სულ ახალი გამოსულია გიორგი ყარყარაშვილის წერილი და იქ წერია, ვაზიანის სამხედრო ბაზის საგანგებო დანიშნულების ნაწილი „მფრინავი ღამურები“ რომ ვნახეთ, შემრცხვა, რომ ისინი იყვნენ ჩვენ გვერდითო. დღეს რომ არც ერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა არ არის საქართველოში, ამან გადაგვარჩინა. მათ არ ჰყავთ სოციალური დასაყრდენი, არ აქვთ ინტელექტუალური რესურსი. ინტელექტუალები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის პატრიოტები არიან, მათ გვერდით არ დადგებიან, იმიტომ რომ ინტელექტუალისთვის რევოლუცია და გადატრიალება მიუღებელია. ამდენად, ისინი ვერ ახორციელებენ ამ გადატრიალებას. შესაბამისად, საქართველო დღეს იმ მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც შეიძლება, იყოს მცირე ზომის სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს ძალიან დიდი ქვეყნების პერიფერიაზე და კულტურათა შეხვედრისა და გადაკვეთის ცივილიზაციურ არეალში და ამ არეალში საქართველომ უნდა განსაზღვროს საკუთარი მომავალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა