რა პროვოკაციული მორიგი სივრცის შექმნა შეუძლია რუსეთს საქართველოში და მის გარშემო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის გამო
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 29.11, 2023 წელი

საქართველოს, უდიდესი ალბათობით, დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ და ისიც სათქმელია, რომ ევროდეპუტატების ინტონაცია და ხისტი შეფასებებიც ერთგვარად შერბილდა, თუმცა საქმეს იმთავითვე ეტყობა, რომ ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ისევე, როგორც უფრო ადრე უკრაინისა და მოლდოვისთვის იმავე სტატუსის მინიჭების შემთხვევაში. მამუკა არეშიძესთან ერთად ვიმსჯელებთ ამ ფაქტით გამოწვეული რეაქციების შესაძლო დადებითსა და უარყოფით სცენარებზე.
– ნებისმიერ გადაწყვეტილებას აქვს მეორე მხარე და, ასევე, ფონი, ამ შემთხვევაში, გეოპოლიტიკური დაპირისპირება. რა არის დადებითი ამ ახალ სტატუსში და რა რისკებია ამ გადაწყვეტილების მიღმა, ჩვენი სამეზობლოს სამხედრო-ეკონომიკურ-პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე?
– შემიძლია, ხმამაღალი სიტყვებით ვილაპარაკო და ვთქვა, რომ ეს არის შეერთება ევროპულ ოჯახთან, ისტორიული კურსის რეალიზაცია და ასე შემდეგ. ამ დადებითობას აქვს როგორც იდეოლოგიური შემადგენელი, ისე ეკონომიკური, სოციალური და რომელი ერთი ჩამოვთვალო. გარდა ამისა, ერთგვარი ქოლგის როლსაც ასრულებს. მართალია, ევროკავშირი „ნატო“ არ არის, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური ქოლგა ნამდვილადაა და იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი ოდესმე დასრულდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით და ვფიქრობ, დასრულდება, როცა იქნება, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მინდა, მაშინ ქოლგის პრინციპი, ასე თუ ისე, იმუშავებს.
– რეგიონისთვის ამ გადაწყვეტილების გავლენაზეც მინდოდა, გეთქვათ.
– რასაკვირველია, რეგიონისთვისაც აქვს მნიშვნელობა და საქართველოს ხიბლი გაიზრდება. თუმცა მოცემული გეოპოლიტიკური ვითარება, ზოგადად, არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ისე დალაგდება მსოფლიო წესრიგი, რომ ევროკავშირის წევრობა იქნება უსაფრთხოების გარკვეული გარანტიების მატარებელი. რეგიონის თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო პრეფერენციებს უნდა ველოდოთ. წარმოიდგინეთ, რეგიონში, რომელსაც ევროპასთან კავშირი აქვს როგორც ეკონომიკური, ისე სულიერი თვალსაზრისით, აქვს კანდიდატის მაღალი სტატუსი და მერე უკვე წევრობის პერსპექტივა. პესიმისტს შეუძლია, მითხრას, რომ თურქეთს ამდენი ხანია, აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მისთვის, ერთი შეხედვით, არაფერი შეცვლილა. ეს ასე არ არის. თურქეთისთვის ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მიიღო. რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს: მათთვის საქართველოს ასეთი სტატუსი ძალიან საინტერესო იქნება, ისევე, როგორც აქამდე საინტერესო იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, ასოცირების ხელშეკრულება. მეორე მხრივ, ეს გადაწყვეტილება გულისხმობს გამოწვევებსაც: მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პრეფერენციები გვაქვს, გვეკისრება სერიოზული პასუხისმგებლობაც უშუალოდ ევროკავშირის წინაშე. ვგულისხმობ ისეთი მოთხოვნების შესრულებას, რომლებიც შეიძლება, ჩვენთვის მიუღებელი იყოს. უკვე ჩანს ამის ნიშნები. არსებობს კონკრეტული მოთხოვნები, რომლებიც მიუღებელი იქნება ქართველი საზოგადოებისთვის.
– „ლგბტ“ თემასთან დაკავშირებულ საკითხებს გულისხმობთ?
– არა მარტო. მთლიანად ვაფასებ ვითარებას და ვგულისხმობ იმ იდეოლოგიურ პრინციპებს, რომლებსაც თვითონ ახვევენ თავს ევროპას და რომლებსაც ძველი ევროპის ქვეყნების ნაწილიც კი ეწინააღმდეგება: ზოგი აშკარად, ზოგი – ფარულად. არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი: საზოგადოებრივი სამართალი. ის გულისხმობს მოქალაქეებისთვის გარკვეულ უფლებებს, მაგრამ, ასევე, მოქალაქეების უზარმაზარ პასუხისმგებლობებსაც. არ ვლაპარაკობ იმაზე, თუ ვინ ვის რა იდეოლოგიას ახვევს თავს, მაგრამ ეს არის ის მოცემულობა, რაც დემოკრატიის ბაზაა. როდესაც ვილტვით ევროპისკენ, თუ არ გავითვალისწინეთ ასეთი ფაქტორის არსებობა, გაგვიჭირდება. ეს ის არ არის, რომ ვიღაც რაღაცას გვახვევს თავზე. ეს არის მოცემულობა, რომლისთვისაც მივიწევთ ევროპისკენ: როდესაც ადამიანის თავისუფლების ხარისხი მაღალია, მაგრამ არსებობს საზოგადოებრივი ჩარჩოები, რომელიც ეფუძნება საზოგადოების ურთიერთობის წესსა და კანონს და ყველამ უნდა შეასრულოს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ეს ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებისთვის უცხო ხილია. ჰგონიათ, რომ ევროკავშირში შესვლა ნიშნავს თავისუფლებას და იგულისხმება აბსოლუტური თავისუფლება. აბსოლუტური თავისუფლება კი არ არსებობს. ასე რომ, თუ ეს არ გაითვალისწინა ჩვენმა საზოგადოებამ, სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდებით. რაც შეეხება ფსევდოლიბერალურ ფასეულობებს, რომელთა მოხვევასაც აპირებენ (და კიდეც ახორციელებენ უკვე) არა მარტო ჩვენი საზოგადოებისთვის, არამედ იმ სივრცისთვის, რასაც ევროპული სივრცე ჰქვია: ეს არის ის ლიბერალური ფასეულობები, ასე თავად უწოდებენ, თუმცა ჩემთვის ეს ფსევდოლიბერალური ფასეულობებია, რადგან არ მიმაჩნია, რომ ლიბერალური იდეოლოგია გულისხმობს იმას, რასაც თავს გვახვევენ. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ლიბერალიზმი, რა ძირითად პრინციპებს ეფუძნება, მავანი კი ცდილობს, რომ დამახინჯებულად მოგვაწოდოს ის ფასეულობები, რაც დამახასიათებელია ლიბერალიზმისთვის. ამიტომ ჰქვია ამას ფსევდოლიბერალიზმი.
– ეს მავანები ქვეყნის შიგნით არიან თუ გარეთ?
– შიგნითაც და გარეთაც. პრინციპში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის ეს ინიციატივა და იქაური საზოგადოების დიდი ნაწილი დღეს უკვე ფეხზე დგას, რომ როგორმე შეაკავოს ის პროცესები, რომლებსაც თავიდან წაუყრუეს. მაგალითად, ფსევდოტოლერანტობა, მათ შორის. მოკლედ, ბევრი ის ფორმატი, რომელიც სიტყვა ფსევდოთი შეიძლება, შეფასდეს. ბევრი რამაა თავსმოხვეული. შევხედოთ, როგორ მოქმედებს იქაური საგანმანათლებლო ან სახელოვნებო სისტემები. დავინახავთ, რომ ერთია, რის დეკლარირება ხდება და მეორე, რის განხორციელებას ცდილობენ. არ ვგულისხმობ ელიტურ სასწავლებლებს, მაგრამ მასობრივი სასწავლო დაწესებულებები იძლევა არა განათლებას, არამედ საწყის ცოდნას. ნელ-ნელა მკვიდრდება მოსაზრება, რომ განათლება უნდა შემოიფარგლებოდეს გარკვეული დონის ცოდნით. განათლება კი ნიშნავს ფუნდამენტური ცოდნის მიღებას. ის მიდგომები, რომლის დემონსტრირებასაც ახდენს საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი ზოგიერთი დასავლური ინსტიტუტი, გვაჩვენებს, რომ ეს განათლება კი არ არის, არამედ ელემენტარული ცოდნა, რომ ადამიანმა ქუჩების ნომრები გაარჩიოს.
– ან დაიმახსოვროს, რა ნომერი ტრანსპორტი მიიყვანს სახლამდე.
– შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად ვერკვეოდეთ შექმნილ ვითარებაში და გვერდზე გადავდოთ ხბოსებრი აღტაცება, რომ ევროპისკენ გზა დამოკლდა, იმიტომ რომ მთავარია ჩვენი შინაგანი მზაობა ამ პროცესისადმი. ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რა ტიპის პასუხისმგებლობა გვეკისრება, რაც მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული და, მეორე, რა საფრთხეებს უნდა ველოდოთ იქიდან, კონკრეტული საფრთხის შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ. ბევრი რამაა კარგი დასავლურ ცივილიზაციაში და ჩვენ ამის ალტერნატივა არ გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი ბრმად მივიღოთ.
– გარდა იმისა, რომ შეიძლება, მშობელი ერთი დამარქვან და დისკრიმინაციად ჩამითვალონ, რომ საშვილოსნოთი დავიბადე, რა რეაქციები შეიძლება, მოჰყვეს ამ გადაწყვეტილებას ჩვენი მეზობლების მხრიდან, რომლებმაც ევროკავშირის ჯავრი შეიძლება, ჩვენზე იყარონ, როგორც დაბალ ღობეზე?
– მთავარი კიდევ ერთი რამაა: მიუხედავად იმისა, რომ ამ სტატუსს დიდი ხიბლი აქვს რეგიონული მასშტაბით, ბუნებრივია, ხიფათიც ახლავს. ფაქტია, რომ ეს არ გაუხარდება ზოგიერთ ჩვენს მეზობელს. მაგალითად, თურქეთს არ გაუხარდება, თუ საქართველო გაასწრებს სტატუსის მიღებაში; რუსეთს ჩვენ მიერ არანაირი სტატუსის მიღება არ გაუხარდება, ისეთისაც კი, როგორიცაა წევრობის კანდიდატის სტატუსი. რუსეთს ყოველთვის შეუძლია ისეთი პროვოკაციული სივრცის შექმნა ჩვენი ქვეყნის გარშემო ან ჩვენს ქვეყანაში, რაც, ფაქტობრივად, ნებისმიერ ვითარებაში თავის შეკავებას აიძულებს კოლექტიურ ევროპას. გამოწვევები საკმაოდ სერიოზულია, განსაკუთრებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ ხომ სახელმწიფო არ ვართ?! ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს სახელმწიფოებრივი ტენდენციები; ქვეყანა, რომელსაც მორღვეული აქვს საზღვარი არადემარკირებულ-არადელიმიტირებული და ამას ემატება ოკუპირებული ტერიტორიები. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებრიობა მუდმივი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეს ძალიან ცუდი ფაქტორია და, ამდენად, ნებისმიერ ჩვენს მეტოქეს შეუძლია ამ ფაქტორების გამოყენება, განსაკუთრებით, რუსეთს ვგულისხმობ, იმისთვის, რომ საქართველოს სტატუსი უკეთესობისკენ არ შეიცვალოს.
– თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამის შიშით რაღაცებზე უარი ვთქვათ. პრევენცია თუ შესაძლებელია; რუსეთი სვლას არც გიტოვებს, რომ სხვისკენ არ გაიხედო.
– რასაკვირველია, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შექმნილი ვითარება შევცვალოთ, იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც გვაქვს?! როდესაც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ერთ ამბავშია, იმის გამო, რომ უბედურება დატრიალდა გინტურთან დაკავშირებით, ეს ისტერიკა რომ ადამიანის მკვლელობით იყოს გამოწვეული, გავიგებდი, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ეს პოლიტიკური კონიუნქტურის თემაა მხოლოდ?! რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას საპასუხოდ? ორი ვარიანტია; აშკარა სამხედრო ოპერაციის ჩატარება, რომ დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები და მეორე, ფარული სამხედრო ოპერაცია, რომ მკვლელები გაანადგუროს სხვა ტერიტორიაზე. ამის გამკეთებელი დღეს არც საქართველოს ხელისუფლებაა და არც ქართული მხარე. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ საზოგადოებას წლების განმავლობაში შეეძლო და დღესაც შეუძლია ძალიან სერიოზული სამუშაოს ჩატარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მთლიანად რეგიონშიც. ეს არ იქნებოდა აქტიური პოლიტიკური ქმედება, მაგრამ ირიბი აქტივობების მთელი პაკეტი შეიძლება, შეიქმნას, რასაც ჩვენ რბილი ძალის გამოყენებას ვუწოდებთ. ამ სისტემის ამუშავებას რა უდგას წინ?! სოციალური ქსელი იქნება ეს, საინფორმაციო სივრცე, გარკვეული სისტემებისა და კავშირების ამუშავება თუ სხვა. იგივე ფინანსური სივრცის შექმნა. შორს წაგვიყვანს ამაზე მსჯელობა, მაგრამ ამის გაკეთება შესაძლებელია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან