რა ფაქტორებმა აიძულა „ნატოს“ წევრი თურქეთი, მოეთხოვა „ბრიქსში“ გაწევრიანება
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:19 07.11
მართალია, სახელდობრ, ჩვენ შიდა პოლიტიკური ამბებით ვართ გართულები და თითქმის საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას რეგიონში მიმდინარე პროცესებს, არადა 22-24 ოქტომბერს ყაზანში „ბრიქსის“ სამიტი ჩატარდა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და „ნატოს“ წევრმა თურქეთმა „ბრიქსში“ გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს, რაც საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს. მედიასივრცეში კი ფიქრათ შაბანოვი გამოჩნდა, რომელიც, მათ შორის, ხსნის, თუ რატომ მიისწრაფვის „ნატოს“ წევრი თურქეთი „ბრიქსისკენ“ და რატომ დგას დაშლის საფრთხის წინაშე (რაც დამატებითი საფრთხეა ჩვენთვის და ჩვენი რეგიონისთვის) და რატომ ცდილობს ირანი, მოელაპარაკოს დასავლეთს.
ფიქრათ შაბანოვი: „მოდი, ასე დავსვათ კითხვა: რატომ გაუჩნდა „ნატოს“ წევრ სახელმწიფოს ბრიქსის წევრობის სურვილი? ეს ფულს ეხება? არა, რადგან ფული, ძირითადად, დასავლეთშია. მეორე ფაქტორი: თურქეთს აქვს შესაძლებლობა, გააფართოოს თავისი ეკონომიკური გავლენა რუსეთზე, ცენტრალურ აზიაზე? არა, ვინაიდან, ვიცით, რომ თურქეთს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემები აქვს. მაშინ რა პრობლემები აიძულებს თურქეთს, ეს ნაბიჯი გადადგას?! როგორც წესი, ვკითხულობ დასავლურ პრესას, რომელიც წერს, რომ „ამ გზით, ვაჭარი ერდოღანი ცდილობს, რაღაც გამოსტყუოს დასავლეთს“. აგიხსნით, რა აიძულებს თურქეთს, წავიდეს „ბრიქსისკენ“: ეს არის გეოპოლიტიკა, თურქეთის მომავალი. რით დაიწყო ერდოღანმა აშშ-ში თავისი სულ ბოლო ვიზიტი? ვაშინგტონის კრიტიკით. ციტატას მოვიტან: „სამხედრო მრეწველობის შეზღუდვისთვის გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ჩვენმა „ნატოელმა“ მოკავშირემ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაატარეს, ნეგატიურად აისახება ჩვენს მათდამი ნდობაზე“. ეს საკვანძო მომენტია: ცხადია, რომ თურქეთისთვის F 35-ის შეძენაზე დაწესებული შეზღუდვა ეწინააღმდეგება ალიანსის მსოფლმხედველობას. ეს სტრატეგიული განხეთქილებაა. საქმე ისაა, რომ 2027 წლამდე თურქეთს აქვს შანსი, შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა, მაგრამ მომდევნო წლებში, ამერიკის შეერთებული შტატების დასუსტების პარალელურად?!. და ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები 2030 წლისთვის აპირებს, სრულად გავიდეს ახლო აღმოსავლეთიდან, ისრაელიც იგულისხმება. ასევე, ახლო აღმოსავლეთიდან გადის ბრიტანეთიც, იმიტომ რომ იმ დროისთვის უკვე გადაწყვეტილი იქნება უკრაინის, ევროპაში ინტერესების გადანაწილების საკითხები, რაც დასრულდება იმით, რომ ევროპა იქნება ისლამის პლაცდარმი ლონდონისთვის. და თუ ბრიტანეთს აღარ დაემუქრება ისლამური საფრთხე, რაში სჭირდება თურქეთი, როგორც ფორპოსტი, ისლამისგან თავის დასაცავად?! ანუ ისიც გავა ახლო აღმოსავლეთიდან.
უკრაინის ბედი განსაზღვრა მისმა გეოგრაფიამ, ასევე, თურქეთის ბედსაც განსაზღვრავს მისივე გეოგრაფია – რუსეთი და შიიტური ირანი. ამ პირობებში როგორ მოიქცევიან დიდი ბრიტანეთი და აშშ? ითამაშებენ რუსეთთან, როგორც გადაწყვეტილების მიმღები ოთხი ცენტრიდან ერთ-ერთთან და რეგონულ ლიდერ ირანთან, მისი თურქეთისადმი მტრული ან წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებით. აი, რა არის თურქეთის საფრთხე 2027 წლის შემდეგ. უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში რუსეთი და ირანი იძულებულები იქნებიან, გააკონტროლონ რეგიონი, მათ შორის, სამხრეთ კავკასია: ჩრდილოეთ-სამხრეთის პროექტი, რომელზეც ყველა ლაპარაკობს, არის რუსეთის სტრატეგიული უსაფრთხოების შემადგენელი და არა გზა.
თუ თურქეთი დაშლის პირას მივა, რაც უნდათ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ლონდონში, თურქეთის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი პროექტი იქნება დიდი ქურთისტანი. შუა აზია, უფრო ზუსტად, მისი მოსახლეობა, დარჩება ერთადერთ დამოუკიდებელ თურქულ ტერიტორიად, თავისი პრობლემების პაკეტით. კერძოდ, პირველი ისაა, რომ თურქული სახელმწიფოები იზოლირებული იქნებიან მსოფლიო ოკეანისგან, ხოლო, თუ თქვენ არ ხართ საზღვაო სახელმწიფო, დააინტერესებთ სხვა საზღვაო სახელმწიფოებს? არა და ამიტომ თქვენ უცებ გადაინაცვლებთ სახმელეთო სახელმწიფოების კლუბში. რაც ნიშნავს, რომ ყველა საზღვაო გზებს გააკონტროლებენ თქვენი მეზობლები. მაგალითად, ირანი, თავისი სპარსეთის ყურით; რუსეთი – შავი ზღვით და ასე შემდეგ...
თურქულ სამყაროს, ფაქტობრივად, არ ექნება საზღვაო გზები. კასპიის გზა, მოგეხსენებათ, ტბაა და არ აქვს გასასვლელები. განვაგრძოთ: თურქული მიწების ნაწილი, გააჩნია, რა არჩევანს გააკეთებენ, ან თავს გადაირჩენენ და გადაარჩენენ თავის ტერიტორიებს, ან მათ ტერიტორიებს გაიყოფენ ჩინეთი, რუსეთი, ირანი და პუშტუნები, რომლებიც ავღანეთს მართავენ. ანუ მათი ტერიტორია ნაწილ-ნაწილ ინტეგრირდება სხვადასხვა ჰეგემონ სახელმწიფოებში. ვთქვათ, ყაზახეთის რაღაც ტერიტორია შეუერთდება ჩინეთს, ჩრდილოეთ ნაწილი – რუსეთს. უზბეკეთის ნაწილი წავა პუშტუნებთან და ასე შემდეგ. აი, ასეთი პროექტი მზადდება.
შემდეგი ფაქტორი, რაც გავლენას მოახდენს თურქეთზე და გამოიწვევს მოსახლეობის გადასახლებას: ზოგადად, რა იწვევს ხალხთა დიდ გადასახლებას? საწარმოო ძალების დიდი დეფიციტი, რაც აუცილებელია განვითარებისთვის; საკვები პროდუქტებისა და წყლის დეფიციტი და, რაც მთავარია, ენერგიის დეფიციტი. ამდენად, რაკი ამ რეგიონებს არ აქვს საკუთარი ტექნოლოგიები და წარმოებები, რომ განვითარდნენ, ამიტომ ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტი გაწყვეტს თურქეთის ალტერნატიულ მარშრუტს – აღმოსავლეთი-დასავლეთი და, ასევე, ჩინეთის მარშრუტს.
დემოგრაფია იქნება ამ რეგიონის კოზირი: იმიტომ რომ გარე საზღვრები დაიკეტება რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან; ავღანეთის მხარეს მოჯაჰედობა იქნება. ასე რომ, შუა აზიის მოსახლეობას იძულებით დააბრუნებენ სხვა ქვეყნებიდან, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ ან შესაძლოა, ისინი გადააადგილონ უკრაინის ტერიტორიაზე.
სოციალურ-ეკონომიკური კატასტროფა და დეპრესია იქცევა ნორმად. ეს კი ნიშნავს ადგილობრივ, მართულ, ლოკალურ სამხედრო კონფლიქტებს. ეს შეარყევს სახელმწიფოებს და გამოიწვევს სისტემის ნგრევას და, თუ შუა აზიის ხალხები გაერთიანდებიან და გადაწყვეტენ, გაზარდონ თავიანთი გავლენა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში, მეზობლები კი შეეწინააღმდეგებიან ამას, რუსეთსა და ჩინეთს ვგულისხმობ, ისინი ერთგვარად მართლებიც იქნებიან, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ეს შანსია შუა აზიის ხალხისთვის, რომ გადარჩნენ კოლექტიურად. ამდენად, ამ პერიოდში თურქეთში იწყება სახელმწიფოებრიობის სამი კრიტერიუმის კრიზისი: პირველი, ჩნდებიან ძლიერი მტრები, ირანი და რუსეთი, რაც გახდება სტრატეგიული საფუძველი იმისა, რომ შეიქმნას თურქეთის სახელმწიფოს დაშლის მოდელი; მეორე ფაქტორია, რომ ერაყში იქმნება ქურთული ავტომონია, სირიაში ამერიკელებიც ცდილობენ რაღაც მსგავსის შექმნას ადგილობრივი ქურთებისგან; ეს რამდენადმე გააძლიერებს თურქეთში ქურთულ სეპარატიზმს და მთავარია, რომ თურქეთში არ არის მდიდარი პერიფერიები. მთელი ფული თავმოყრილია სტამბოლში, ანკარსა და იზმირში. ეს კატაკლიზმები გამოიწვევს დაწოლას თურქეთის ეკონომიკაზე, რაც დაბლა დასცემს ცხოვრების დონეს; გაძლიერდება რადიკალური ისლამი ცენტრალურ პროვინციებში და გაიზრდება ლტოლვილების ნაკადი. ამდენად, თურქეთის დაშლის ალბათობაა 2027-2035 წლებში. პირველი პრობლემები წამოვა არა ქურთებისგან, როგორც ეს ბევრს ჰგონია და უნდა, არამედ ეკონომიკური და სოციალური სფეროდან, მდიდარი რაიონები პროტესტს გამოთქვამენ, რატომ უნდა არჩინონ ღარიბი რეგიონები. როგორც მოსკოვში ამბობენ, რატომ უნდა შევინახოთ ჩრდილოეთ კავკასია?! ზუსტად ასევე იტყვის იზმირი, რატომ უნდა ვარჩინოთ თურქეთის ღარიბი აგრარული რაიონები?! და ეს ეკონომიკური პრობლემები გადაიზრდება სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებში. ამის შემდეგ დაიწყება პრობლემის ძალისმიერი გზით მოგვარების მცდელობა და მაშინ ამას დაემატება სხვა ფაქტორებიც და ეს მიიყვანს თურქეთს შიდა სამოქალაქო დაპირისპირებამდე.
ამის შესახებ დიდხანს შემიძლია საუბარი, მაგრამ მინდა არსის ახსნა: თურქეთის მომავალი სახელმწიფოებრიობის საკითხი წყდება ახლა, უფრო ზუსტად, უკვე გუშინ, ამიტომ „ბრიქსი“ თურქეთისთვის ის ზონაა, რომლის შიგნითაც ის შეძლებს, დაალაგოს ურთიერთობა ან პარტნიორობა სამხრეთ კავკასიაში, ირანთან, შუა აზიასთან, რუსეთთან, იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სამი ყოფილი იმპერიის ბალანსი რეგიონში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ესე იგი, თუ თურქეთი გახდება დასავლეთის ნაწილი, რომელიც მასზე უარს ამბობს, ეს ყოფილი იმპერიები მას შეჭამენ. აი, არსი იმისა, თუ რატომ მიიწევს თურქეთი „ბრიქსისკენ“.
ამასობაში ირანის პრეზიდენტი აკეთებს სწორ განცხადებებს, როდესაც ამბობს, რომ ირანი არ მიაწვდის უპილოტო საფრენ აპარატებს რუსეთს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, როგორია ირანის სახელმწიფოს მოწყობისა და მართვის სისტემა. ირანში გადაწყვეტილებებს იღებს მათი სულიერი ლიდერი; მთელი სამხედრო-სამრეწველო და ენერგეტიკული კომპლექსი არის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელში, რომელიც არ ემორჩილება ირანის პრეზიდენტს. ასე რომ, პრეზიდენტი ლაპარაკობს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. და ის უპილოტო საფრენი აპარატები ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაქვემდებარებაშია, ისინი კი ემორჩილებიან ირანის სულიერ ლიდერს. აი, ირანის სულიერ ლიდერს რომ გაეკეთებინა ეს განცხადება, რა თქმა უნდა, სულ სხვა იქნებოდა. პირადად მე ირანის პრეზიდენტის განცხადებას განვიხილავ, როგორც რაჰბარის, ირანის სულიერი ლიდერის, მცდელობას, ირანის პრეზიდენტის მეშვეობით დაიწყოს ლაპარაკი დასავლეთთან.
აღმოსავლეთის თავზე ჰკიდია ახლო აღმოსავლეთის განაწილების ხელშეკრულება. უნდა გავიხსენოთ 1920 წლის ხელშეკრულება და ვიცოდეთ, რომ ახლა ამერიკის შეერთებული შტატები აახლებს თავის ავიაბაზას ისრაელში. დიდ ფულს აბანდებს ამ საქმეში. უნდა გავითვალისწინოთ, რომ გაერო აკონტროლებს სამხრეთ ლიბანს, ანუ იმ ტერიტორიას ვერ აკონტროლებს ირანი. ასევე, ირანისთვის ფაქტორია შუა აზია. ამას გარდა, გაკეთდა სიმართლისგან შორს მდგარი განცხადება, რომ ირანი არ იყენებს ატომურ ენერგიას სამხედრო მიზნებისთვის. ჩემი აზრით, ირანს აქვს ბირთვული იარაღი და უამრავი ფაქტორი შეიძლება, ჩამოვთვალოთ, რაც აიძულებს ირანს, მოელაპარაკოს დასავლეთს. ეს მცდელობაა, მოელაპარაკოს დასავლეთს. გავიხსენოთ პრეზიდენტ პეზეშკიანის განცხადება, ჩვენ მზად ვართ, დავყაროთ იარაღი, თუ ისრაელიც დაყრისო და მეორე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ პრეზიდენტმა სხვა რამ იგულისხმა. საქმე ისაა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის სულიერი ლიდერის ქალიშვილის ქმრის, ანუ სიძის ძმაა. ესე იგი, ის ლაპარაკობს ირანის სულიერი ლიდერის, რაჰბარის, სახელით: პრეზიდენტი თავისთვისაა, ხოლო ირანის მმართველობა – თავისთვის. ამ მომენტებზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ გვესმოდეს, ირანის შიდა პოლიტიკა მრავალგვარია, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები ცენტრი არის ირანის სულიერი ლიდერი. ახლა ირანი ცდილობს, მოილაპარაკოს დასავლეთთან, რომ შენარჩუნდეს, როგორც ირანი, ისრაელის დაცლის შემდეგ; როგორც იმპერია, თურქეთის წინააღმდეგ და სახელმწიფოდ, რომელიც დაუპირისპირდება რუსეთს. ირანს უწოდებენ უმცროს სატანას, ამერიკის შეერთებულ შტატებს კი – უფროს სატანას.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან