პოლიტიკა

რა მზაკვრული იდეები აქვს გიგა უჩუვატოვს და რატომაა ლიზა ყენია პატარა პროვოკატორი

ავტორი: ლუკა ნემსაძე 16:20 12.11, 2020 წელი

გიგა უჩუვატოვი
დაკოპირებულია

გიგა უჩუვატოვმა „ბლოგერშოუს“ გარშემო ქართველი „ინფლუენსერები“ გააერთიანა და პირველად ქართველ მაყურებელს რეალითი შოუ – „იუთუბპლატფორმაზე“ – შესთავაზა.
გიგა უჩუვატოვი: „ბლოგერშოუს“ შექმნის იდეა სამი თვის წინ გაგვიჩნდა. რამდენიმე ინფლუენსერი ხშირად ვიკრიბებოდით და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვმოგზაურობდით. ერთხელაც გადავწყვიტეთ, ვიდეო გადაგვეღო, რომელიც „იუთუბიზე“ განვათავსეთ. ძალიან ბევრი ნახვა მოაგროვა და ამის შესახებ ყველა ინფლუენსერს ვუთხარი. თავიდან იყო კრიტიკაც, ხელის შემშლელი ფაქტორების წინ წამოწევა. ბევრმა არ დაიჯერა, რომ გამოვიდოდა, მაგრამ ზუსტად ერთ კვირაში გავაკეთე ყველაფრის ოგანიზება და გადავიღეთ კიდეც.
– ლიზა, შენ რის გამო დათანხმდი გიგას წამოწყებას?
ლიზა ყენია: მიხარია ის, რომ ძალიან პოზიტიური ფორმატის შოუა. ქართულ ტელესივრცეში უფრო ნეგატიური ამბები გვესმის და გიგას ფორმატი სიცილისა და კარგი განწყობის საშუალებას გვაძლევს. მიყვარს ასეთი ფორმატის გადაცემები. პირველ რიგში, პროცესია ძალიან სასიამოვნო, შედეგი კი – რეიტინგული. ამიტომ, როცა გიგა გვეუბნება, რომ გადაღებაზე სადღაც უნდა წავიდეთ, ძალიან მიხარია. პირველივე ეპიზოდს იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ გამიკვირდა. ძალიან ბევრმა სხვადასხვა ასაკის წარმომადგენელმა გააკეთა კომენტარი, რაც კარგის ნიშანია.
გიგა: იდეის ავტორი და მუდმივი წამყვანი მე ვარ, მონაწილე ინფლუენსერების სია პერიოდულად იცვლება. მათ შორის არიან: რუსკა ქარქაშაძე, ლიზა ყენია, ანი ლოლაძე, ანი ჯავახი, თათია თექთურმანიძე, ანი ჩხეიძე და ყველა ის ინფლუენსერი, ვისაც „ინსტაგრამზე“ დიდი რეიტინგი აქვს. ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები არიან და გადაღებებიც ძალიან საინტერესოა. რამდენიმე ინფლუენსერი ერთმანეთთან კონფლიქტშიც ყოფილა, მაგრამ ამ შოუმ შეარიგა და გააერთიანა. პატარა ინტრიგებიც გვაქვს, რომელიც თითოეულ ეპიზოდს უფრო საინტერესოს ხდის. გადაღების პროცესში მომდის ხოლმე პატარა მზაკვრული იდეები, შეიძლება, რომელიმე ინფლუენსერს ძროხა მოვაწველინო ან ფერმაში გავიყვანო. სხვადასხვა რთული დავალებისთვის უწევთ თავის გართმევა, ზოგმა ლუდი გაყიდა ზღვაზე – უხერხულ სიტუაციებში ვაყენებ ამ ადამიანებს, რაც შოუს უფრო პროვოკაციულს და სანახაობრივს ხდის.
– წინააღმდეგობას არ გიწევენ ხოლმე?
– თავიდან მეგონა, პატარა პროვოკაციებსა და სკანდალებზე მათი დათანხმება გამიჭირდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კამერებთან ყველა კარგად გაიხსნა და თვითონაც არაერთხელ შემოუთავაზებიათ: მოდი, რეიტინგისთვის რაღაც გავაკეთოთო. დაკვირვებამ მაჩვენა, რომ პატარა ინტრიგები რეიტინგისთვის სასარგებლოა. ამიტომაც გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა და შემდეგ მეგობრებიც დავითანხმე.
– ვინ მოგყვება ყველაზე კარგად სკანდალებზე?
– ძალიან კარგია თათია თექთურმანიძე ორგანიზებაში, ლიზა ყენია პატარა პროვოკატორია და ყველაზე კარგი იდეები ყოველთვის მას მოსდის. ეტყობა, რომ ეკრანზე გაიზარდა და ტელევიზიის შიდა სამყარო კარგად იცის. ამ შოუში ბიჭები არ არიან, რეალურად ბიჭი ინფლუენსერების ტენდენცია არცაა ბაზარზე, მაგრამ მაყურებელს ვპირდები, რომ ნელ-ნელა სხვა საინტერესო სახეებიც დაგვემატებიან.
ლიზა: ბათუმში ვიყავით და ფარული კამერის იდეა მოგვივიდა. გადავწყვიტე, ქეთო თოფურიძეს გავხუმრებოდით. თუმცა, ქეთო ვერაფრით ვერ შემოვიყვანეთ კადრში, არ შემოვიდა იქ, სადაც კამერა გვქონდა დამონტაჟებული. დავურეკე და ვუთხარი, რომ გაუკრვეველ მდგომარეობაში გავიღვიძე, ჩემს ოთახში უცხო პიროვნება აღმოჩნდა, რომელიც ოთახიდან არ მიშვებდა და მას ვთხოვდი დახმარებას. ქეთო მოვიდა, მაგრამ შიგნით საერთოდ არ შემოვიდა, წამოდიო, იმეორებდა. გიჟი ბიჭის როლი ჩვენმა ოპერატორმა ითამაშა (იცინის). იმდენად კარგად შეასრულა თავის როლი, რომ გამეცინა და ქეთო მიხვდა, რომ რაღაცას ვმაიმუნობდით. უნდა გენახათ, როგორი სასაცილო ვიზუალით მოვიდა ჩემს დასახმარებლად – საცურაო კოსტიუმი ეცვა თავის მოსაცმელით და ჩუსტებით. მთელი გულით უნდოდა დამხმარებოდა და ასეთი თავისუფალი ლუქით წარმოგვიდგა (იცინის). მერე სხვა მეგობარს დავურეკეთ და იმას ვატყუებდით, რომ ვერც მე და ვერც ქეთო ვეღარ გავდიოდით სასტუმროდან.
– გიგასთან მუშაობა როგორია?
– გიგასთან, პირველ რიგში, საქმე მაკავშირებს. „ვორკაჰოლიკი“ ვარ და მიყვარს ადამიანი, რომლებიც სწორად აზროვნებენ და თან, რეალისტები არიან, მიწაზე მყარად დგანან და გიგა ზუსტად ასეთია. ამიტომ ძალიან კომფორტულია მასთან ერთად ქალაქგარეთ გადაღებები. კარგ განწყობასაც გიქმნის და თან ცდილობს, სულ ფორმაში ჰყავდე, საქმეზე ვართ ორიენტირებული და მე მიყვარს, როცა საქმე კეთდება.
რუსკა ქარქაშაძე: პოზიტიური შოუა, რაც ჩემი დატვირთული გრაფიკის შემდეგ ძალიან კარგი განტვირთვაა. მე ნაკლებად ვარ სკანდალური და ეპატაჟური. მაგრამ ჩემი ერთ-ერთი დავალება იყო სანაპიროზე საჭმელების გაყიდვა, რასაც კარგად გავართვი თავი და მხიარული გამოწვევებით ვიხალისებთ რთულ ცხოვრებას.
– სკანდალებზე შენი დათანხმება უჭირს?
– მე ვერ მითანხმებს ინტრიგებსა და სკანდალებზე (იცინის). ამაზე ცოტა მიბრაზდება, ცოტა იჩხუბე, რამეზე ნერვები აგეშალოსო, მაგრამ არ ვარ ეგ ტიპი.
– კრიტიკული გამოხმაურება არ ყოფილა?
გიგა: ძირითადად, კრიტიკული შეტყობინებები მონაწილეებს უკავშირდებათ. ვიღაც ლიზას გულშემატკივარია, სხვა – რუსკასი და ვიღაც ლიკუნა ხაჭაპურიძისა და საკუთარი რჩეულების ხშირად გამოჩენას ითხოვენ, თუ ასე არ ხდება, მერე სხვების გაკრიტიკებას იწყებენ. ლიკუნას აკრიტიკებდნენ ლაპარაკის გამო, მე მსაყვედურობდნენ, ძალიან ბევრი რეკლამა გაქვთო, მაგრამ საერთო ჯამში, შეგვიყვარეს. ზოგს დადგმული მომენტები აღიზიანებს და მე არც უარვყოფ, რომ ჩვენ ამას ვდგამთ, იმიტომ, რომ ეს შოუა. გამოცდილებით მივხვდი, რა არის რეიტინგული და ჩემი სკანდალურობა ამით გავამართლე. ჩაფლავებაც კი, რაღაც კუთხით, რეიტინგისთვის ძალიან კარგია. ამიტომ არ მეშინია და ძალიან თამამად ვდგამ იმ ნაბიჯებს, რასაც შოუში ხედავთ. თუ ფეხი დაგვიცდება და ჩავფლავდებით, არც ესაა პრობლემა, ესეც განხილვადი იქნება. ასე რომ, რეიტინგის დაცემა არ გვემუქრება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი