პოლიტიკა

რა მოტივით შეიძლება, აირჩიო თავშესაფრად ქვეყანა, რომლის ტერიტორიის მეხუთედი შენს სახელმწიფოს აქვს ოკუპირებული

№9

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 08.03, 2023 წელი

რამაზ საყვარელიძე
დაკოპირებულია

რუსეთის, ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებსაც რუსეთში არ დაედგომებათ, თავიანთი ბიზნესის გადარჩენა უნდათ ან ომში წასვლა არ უნდათ, მათ შორის, საქართველოშიც ცხოვრობენ; უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ომს გამოერიდნენ ან არ უნდათ ომში მონაწილეობა, ასევე, მათ შორის, საქართველოში ცხოვრობენ (საპროტესტო აქციასაც კი შეუერთდნენ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, თუმცა იქნებ სჯობდა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეერთებოდნენ დედაწულიანად, ვინაიდან, მაგალითად, თუ ჩემს ქვეყანაში დაიწყება ომი, დედაწულიანად მომიწევს ომი, იმიტომ რომ გასაქცევი ტერიტორიაც არ გვაქვს, იმდენად მცირე მოცულობისაა ჩვენი ქვეყანა); თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც, ერთი მხრივ, იციან, რომ რუსეთმა ტერიტორიის მეხუთედი წაართვა და კრემლის მეცადინეობით, ლამის ყოველდღე იტაცებენ საოკუპაციო ხაზიდან ქართველებს, რუსეთის მოქალაქეებს ქვებს არ ესვრიან; მეორეც - არც უკრაინის იმ მოქალაქეებს ერჩიან, რომლებიც საკუთარ ქვეყანას არ იცავენ, მაგრამ ქართველებს ჭკუას არიგებენ. ეთნოსების ამ უცნაურ ფსიქოლოგიურ სქემებზე ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად ვიმსჯელებთ.

– გვინდა თუ არა, ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენი სახელმწიფოს ქმედებების გამო. ხშირად მიფიქრია, ჩემს ქვეყანას რომ სხვა ქვეყნისთვის ტერიტორია წაერთმია, თუ მივაშურებდი იმ ქვეყანას თავის გადასარჩენად. რა ფსიქოლოგიური მექანიზმი უდევს საფუძვლად რუსეთის მოქალაქეების მიერ თავის საშველად საქართველოს ამორჩევას?

– არ ვარ დარწმუნებული, რომ რომელიმე ეთნოსი იმავე პირობებში უარს იტყოდა მიგრაციაზე. არ ვარ დარწმუნებული, რადგან ერთი დიდი მაგალითი გვაქვს მთელ მსოფლიოს: მუსრი გაავლეს ინდიელებს, ძნელი წარმოსადგენია გენოციდოს მსგავსი მასშტაბი, მაგრამ ამას არ შეუჩერებია მიგრანტების ახალი ტალღა და ადამიანები დღესაც მიდიან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამდენად, ადამიანი შეიძლება, უფრო სქელკანიანი ცხოველია, ვიდრე ჩვენ გვგონია. თან, ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთს საქართველოს ცოდვა ადევს?! პირველი ოკუპაციით დაწყებული, რუსული აგრესია 200 წელია, მოგვყვება. არც ამას შეუჩერებია რუსების ნაკადი. იმავდროულად აღსანიშნავია, რომ არც ჩვენ აღმოვჩნდით ასეთ პირობებში ოკუპანტთან მებრძოლები, მივიღეთ ეს რუსები, ოღონდ ერთი მომენტი მხვდება თვალში, ეს რუსები უკვე ძალიან განსხვავდებიან თავიანთ სამშობლოში მყოფი რუსებისგან, ზნეშეცვლილები არიან, საქართველოში მცხოვრები რუსები ლოთიბითაც კი უფრო იშვიათად ლოთობენ.

– ეს ხომ შეიძლება, ჩვენი გარემოს გავლენა იყოს?

– რა თქმა უნდა, გარემოს გავლენაა და მხოლოდ რუსებზე არ მიგვიხდენია მსგავსი გავლენა.

– ებრაელებზეც, სომხებზეც...

– დიახ... ჰიტლერმა ებრაელების გამწარებული ხსენებით დაიწყო თავისი ლაშქრობები, ჯერ ქვეყნის შიგნით და შემდეგ – გარეთ. ჩვენთან ებრაელებისადმი ასეთი დამოკიდებულება გაკვირვებას იწვევს, ჩვენთვის გაუგებარია, რას ერჩიან ამ უწყინარსა და კეთილ ხალხს, იმიტომ რომ ჩვენთან სწორედ ასეთი ებრაელები ცხოვრობენ. მეტ-ნაკლებად რაღაც ამგვარ ნიშნებს იძენენ რუსებიც და შეიძლება, გვაქვს ასიმილირების ისეთი ნიჭი, რომელიც გვაძლევს ბიძგს, რომ არ ვებრძოლოთ მიგრანტების შემოსვლას, ვაცადოთ და შემდეგ მოვიშინაუროთ ისინი. შეიძლება, ეს არის ჩვენი ამ სტრატეგიის მიზეზი.

– მგონია, რომ ეს უნებლიეთ ხდება და არ არის იდეოლოგიური მუშაობის შედეგი.

– დიახ, ჩვენთან ხომ ყველაფერი უნებლიეთ ხდება?! კონცეპტუალური არაფერი გვაქვს. რომ ჰკითხო ვინმეს, როგორია ქართველიო, ხინკალი და ყანწი გაახსენდება ყველას, მაგრამ მიგრანტების ასიმილირების, მოშინაურების ეს ხასიათი რომ გაქვს, შეუმჩნეველია. იმიტომ, რომ ჩვენი დეკლარირებული ხასიათი სუფრაა, არადეკლარირებული, ოღონდ რეალური ქართული ხასიათი კი, მგონი, იმით უფრო ჩანს, როგორ სტრატეგიას აგებს ქართველი შემოსულ უცხოელებთან და ეს არ ეხება მხოლოდ ებრაელებს.

– ეს სტრატეგია გამოიხატება იმით, რომ, როდესაც გულზეც კი არ გეხატება და მაინც ადამიანურად ექცევი?

– ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ადამიანურად მოქცევა იყოს. კიდევ რაღაც ხდება. ურთიერთობისას ერთგვარი პრეტენზიულობაც აქვს ქართველს, რაც აიძულებს ამა თუ იმ ეთნოსს, დაიკავოს რაღაც ნიშა. მაგალითად, გერმანიაში კანონით ცდილობდნენ ებრაელების რაღაც ნიშაში მოქცევას, რასაც ხან ახერხებდნენ, ხან – ვერა. ჩვენ არ გაგვიმართავს ასე კანონით ბრძოლა მიგრანტებთან, მაგრამ შედეგი იგივეა: რაღაც ჩარჩოებში ექცეოდნენ. სომხები და ებრაელები, მაგალითად, კომერციით იყვნენ დაკავებული; უამრავი ყივჩაღი ჩამოასახლა აღმაშენებელმა, თუმცა მერე კაციშვილმა ვეღარ იპოვა ის ყივჩაღები, ისე მოხდა მათი ასიმილაცია. ეტყობა, ასეთი გრძელი ისტორია რომ გვაქვს, ისეთები გვაქვს გადმოტანილი, რასაც ახლა ვერც კი ვაცნობიერებთ.

– ეს ჩვენი არააგრესიულობა უცხოტომელების მიმართ რის გამოხატულებაა: ბუნებით ვართ მიმტევებლები, მიმღებლობა გვაქვს მაღალი, უფრო თვითგადარჩენის ინსტინქტია თუ ქრისტიანულ პარადიგმაში ვრჩებით გაუცნობიერებლად?

– ქრისტიანობა არ მეჩვენება ისეთ ეტაპად, რომ იქიდან აგვეღო ეს ხასიათი. გერმანელები ქრისტიანები არ იყვნენ?! თან, ჩვენ ცუდად ვიცით ქრისტიანობამდელი საქართველოს ამბები. მაგრამ ვიცით ის, რომ ქრისტიანობამდე ჩამოყალიბდა მრავალხმიანობა, მზის კულტი, განვითარდა მეტალურგია და ასე შემდეგ, მაგრამ, რატომღაც, საქართველოს ისტორიას ვიწყებთ ქრისტიანობის შემოსვლიდან.

– თუმცა ქრისტიანობა სწორედ ჩვენს წარსულზე დაშენდა.

– დიახ, მაგრამ ჩვენი ხასიათიც იმით გამოვლინდა, რომ, როგორც კი ქრისტიანობა მივიღეთ, ყველაფერი, რაც ქრისტანობას არ უკავშირდებოდა, წავშალეთ და დავივიწყეთ, რაც შეიძლება, არ იყო სწორი.

– ბევრი წარმართული ელემენტია ჩვენს ყოფასა და კულტურაში.

– დიახ, მაგრამ არსებობდა ბიზანტია, უზარმაზარი ქრისტიანული იმპერია, ოღონდ ბერძნებს თავიანთი ანტიკური მემკვიდრეობა არ წაუშლიათ და გაუცამტვერებიათ. ამდენად, არ მგონია, რომ ცხოვრების რომელიმე ეტაპი ასე მკაფიოდ ითხოვდეს წინა ცხოვრების უარყოფას. ერთადერთი ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დროსაა, რომ ცოლი ან ქმარი ითხოვს, მისმა პარტნიორმა უარყოს ძველი საყვარლები. მეეჭვება, კულტურულ ისტორიაში იყოს ასეთი აუცილებლობა. ეს ჩვენ გვაქვს ხასიათში მსგავსი რამ.

– მეც წამოგყვებით მსჯელობაში: ქრისტიანობა შემოვიდა ქრისტეშობიდან, ანუ ახალი წელთაღრიცხვიდან, მაგრამ ქართულ სიტყვებში, რომლებიც მანამდე გაჩნდა, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, დევს სამყაროს აღქმის ქრისტიანული გასაღებები. მით უფრო, ძველი აღთქმა, თავისთავად გულისხმობდა ქრისტეს მოსვლას.

– ასე შორს ვერ წამოგყვებით. მე, უბრალოდ, ვიცი, რომ არსებობდა ქრისტინობამდე ისტორია და საქართველომ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ის ისტორია დავიწყებას მისცემოდა. ანალოგიურად, ბევრი რამ დაიკარგა. ჯერ ერთი, დავკარგეთ ისტორიული წინაპირობები, საიდან მოვდიოდით, საით მივდიოდით, როგორი წესები გვქონდა ქრისტიანობამდე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რომ შემოგვენახა, ალბათ, უფრო მდიდარი წარმოდგენა გვექნებოდა ქართული ხასიათის შესახებ.

– მეტიც, ჩვენივე ქრისტიანული წესებიც კი დავკარგეთ რუსული ეკლესიის გავლენით და ახლაც არ ვიცით ზუსტად ყველა ჩვენი ისტორიული ქრისტიანული ტრადიცია.

– დიახ, ჯერ ერთი, რუსული ეკლესიის გავლენით, რომელიც სულ სხვა იერის იყო და შემდეგ – საბჭოთა გავლენით. როგორც ჩანს, გვჩვევია რაღაცების ადვილად დავიწყება. ძველი ისტორია მივეცით დავიწყებას და რაღა შორის მივდივართ, 2008 წლის ომი მივეცით დავიწყებას, გასული საუკუნის 90-ანი წლები...

– თუმცა ქვეცნობიერად ორივე გვახსოვს, სავარაუდოდ, იმიტომ რომ ცოცხალი თავით აღარ გვინდა ომი და არეულობა.

– მართალი ხართ. მაგრამ, დავიწყების ნაცვლად რომ გაგვეანალიზებინა, უკეთესი იქნებოდა და ახლა, ფაქტობრივად, უკრაინის ტალღაზე დავიწყეთ ანტირუსული განწყობების გაღვიძება. აი, ესაა გასაკვირი: 200 წელია, რეპრესიებს გიწყობდა რუსეთი და ახლა გაგახსენდა, რომ აგრესორია?! ეტყობა, დავიწყების ძალიან დიდი ნიჭი გვაქვს.

– გარდა უარყოფითისა, დავიწყებას ხომ თავისი დადებითიც აქვს?

– დიახ, სამაგიეროდ. ნაკლებად დარდიანები ვართ. რომ გახსოვდეს, უნდა მოუარო, ანუ მთელი 200 წლის ბოღმა უნდა ატარო. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთის აგრესიის გაცილებით ნაკლები სტაჟი ჰქონდათ, მაგრამ მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში ბოღმა აწუხებდათ. რუსულად ხმას არ გაგცემდნენ, ხოლო, თუ ეჭვი გაუჩნდებოდათ, რომ რუსი ხარ, ზედ არ შემოგხედავდნენ. აი, ასეთი ბოღმა ჩვენ ნაკლებად გვახასიათებს.

– სხვათა შორის, ბალტიისპირელების რუსებისადმი ბოღმა ახლა ჩვენ მიმართაც ვლინდება. მგონი, ელიან, რომ ჩვენც დაბოღმილები უნდა ვიყოთ.

– არ ვიცი, ალბათ... ჩვენი ისტორიის მხოლოდ ახალი ფურცლები იციან, მათ ხომ არ იციან, რომ რუსეთისნაირი მტერი უამრავი გვყავდა და თითოეულის ბოღმა რომ შეგვენახა გულში, ალბათ, ვერ მოვაღწევდით დღევანდელ დღემდე. მათ, მართალია, რუსების ბოღმა აქვთ, მაგრამ, თუ დაკვირვებულ თვალს გადაავლებენ გერმანიასთან ურთიერთობას, იქ ვითომ ყველაფერი ისე ჰარმონიულად ჰქონდათ, როგორც დღეს ჩანს?! იქაც ხომ იყო აგრესიულობა?! მაგრამ დავიწყებას მისცეს.

– ეტყობა, კეთილდღეობა კურნავს ბოღმას.

– კეთილდღეობა და კეთილდღეობის სურვილი; მინდა, ვიყო კარგად და არ მინდა, მახსოვდეს ცუდი. ამას ვახერხებთ იმით, რომ არ გავიხსენებთ.

– საპროტესტო აქციას შეერთებული უკრაინელების ფსიქოლოგიური მექანიზმი რაღაა?

– ზელენსკისა და პოდოლიაკის ანტიქართულ განცხადებებს, უფრო ადრე – არესტოვიჩისას კიდევ მოუძებნი პოლიტიკურ მოტივს, მაგრამ უკრაინის ჩვეულებრივი მოქალაქეები რომ სააკაშვილის შეწყალების მიტინგზე დგანან, ეს შეიძლება, იმით იყოს გამოწვეული, რომ მაინც მათი ქვეყნის მოქალაქეა და შეიძლება, კიდევ რამე სხვა რამის გამოც, რაც ჩემთვის გაუგებარია. იმიტომ რომ, თუ ამ ქვეყანაში ხარ, ვერ მოახერხე იმის გარკვევა, რომელ პოლიტიკოსს რა პოლიტიკური ადგილი აქვს?! ცუდია, თუ ვერ მოახერხეს, ესე იგი, არ დაინტერესდნენ, თორემ მაგის გაგება არ იქნებოდა ძნელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი