პოლიტიკა

რა მიზეზების გამო დატოვა ავღანეთი „ნატომ“ და რატომ გადმოიტანა აშშ-მა თავისი ყურადღება აღმოსავლეთ ევროპაზე, უკრაინასა და საქართველოზე

№36

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 15.09

ზაალ კასრელიშვილი
დაკოპირებულია

მაშინ, როდესაც ჩვენს რეგიონში სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას თურქეთის სტამბოლის აეროპორტი ასრულებს (არც ის ფაქტია შემთხვევითი, რომ თბილისის აეროპორტს თურქული „ტავ ჯორჯია“ მართავს, რომლის მიზანი, თუ შორიდანაც კი შევხედავთ ტარიფებს, უფრო თბილისის აეროპორტის არგანვითარებაა, ვიდრე განვითარება, ვინაიდან თბილისის აეროპორტი, მიუხედავად სიმცირისა, მაინც თურქეთის კონკურენტია საჰაერო-სატრანსპორტი ჰაბის ამბავში), რატომღაც სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია (ავღანეთიდან ხალხის გამოყვანისას), სწორედ, თბილისის აეროპორტს ერგო, თუმცა „ნატოს“ წევრი თურქეთია. თბილისის აეროპორტის სატრანზიტო ჰაბად შერჩევაზე თავის აზრს ზაალ კასრელიშვილი გაგვიზიარებს.

– ავღანელი ლტოლვილები გამოჰყავთ „ნატოს“ ჯარებს, შესაბამისად, ისინიც თბილისის აეროპორტში არიან და ავღანელი ლტოლვილებიც. თბილისის აეროპორტის სატრანსპორტო ჰაბად შერჩევა მხოლოდ ტექნიკური საკითხია, თუ რამე პოლიტიკური სარჩულიც იკითხება?

– დღეს რამე გააკეთო ადამიანმა, მით უფრო ქვეყანამ, თან, თუ ეს მოქმედება უკავშირდება აეროპორტებსა და რკინიგზას და არ უკვშირდებოდეს პოლიტიკას, გამორიცხულია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მხოლოდ თურქეთია ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ავღანეთიდან გამოჰყავს თალიბებისთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები საკმაოდ დიდი რაოდენობით. ვგულისხმობ, უპირველესად, ავღანელებს. სტამბოლის აეროპორტი ისედაც ყოველთვის გადატვირთულია, ამას დაემატა პანდემია: თურქეთი წითელ ზოლშია, ჩვენ მსგავსად. ამან განაპირობა ის, რომ ამერიკისა და ევროპის მიმართულებით შემცირებულია „თურქიშ ეარლაინის“ ფრენები. შესაბამისად, როდესაც გადატვირთულ აეროპორტს დაემატა ევროპაში, კანადასა და შეერთებულ შტატებში გადასაყვანი ავღანელი ლტოლვილებიც, განტვირთვის მიზნით, იყენებენ საქართველოს, როგორც „ნატოს“ მეგობარ ქვეყანასა და დასავლეთის ინტერესების ფორპოსტს რეგიონში. მაგრამ, როგორც ვიცი, ავღანელი ლტოლვილები აქ არ რჩებიან.

– არ რჩებიან, უბრალოდ, სატრანზიტო ფუნქციას ასრულებს თბილისის აეროპორტი.

– როგორც ვიცი, თურქეთის ავიახაზების გარდა „ნატოს“ სამგზავრო თვითმფრინავებსაც გადაჰყავთ ლტოლვილები ავღანეთიდან.

– მეგობართან ვიყავი სტუმრად ალექსეევკაში ახლახან და ნატოს ემბლემიანმა ორმა სატვირთო თვითმფრინავმა გადამიფრინა 3 საათში.

– ძალიან დიდებმა, დიახ. ასეა. არ ვიცი, უკანა გზაზე მიაქვთ თუ არა ჰუმანიტარული ტვირთები, მაგრამ გამორიცხულია, არ წაიყოლონ წყალი, ტუალეტის ქაღალდი, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების საგნები და მშრალი საკვები. გარდა იმისა, რომ საქართველოში არ ტოვებენ ავღანელ ლტოლვილებს, სიმართლე გითხრათ, არც მათ უნდათ აქ დარჩენა. უფრო ევროპულ ქვეყნებს, შეერთებულ შტატებსა და კანადას ეტანებიან, იმ მარტივი მიზეზით, რომ ყველა ის ადამიანი, რომლებიც ავღანეთიდან გამოჰყავთ, დასავლეთთან ლოიალური დამოკიდებულების გამოა დევნილი და ბევრ მათგანს „ნატოს“ ჯარებთან თანამშრომლობის გამოც კი დაუწყეს დევნა. ერთი მაგალითი ვიცი, ამერიკელმა ჯარისკაცებმა რომელიღაც ავღანურ დასახლებაში ბავშვებს აჩუქეს „კოკა-კოლები“ და მათ ოჯახებს დაერივნენ, ქრთამს იღებდით მტრებისგანო. მაგრამ, რაც ახლა ხდება, არაფერია იმასთან შედარებით, რაც მოხდება: ეს მხოლოდ დასაწყისია. ამის შემდეგ ავღანეთის ტერიტორიაზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან სახალიფო და თალიბები. ეს მოთელვა იყო, ჟურნალიც კი არ ყოფილა.

– აფეთქებას გულისხმობთ ქაბულის აეროპორტში?

– დიახ, საკმაოდ სერიოზული გავლენა აქვს სახალიფოს ავღანეთში. ამ ორივე ძალას თავის დროზეც და ახლაც სხვადასხვა ქვეყნები და ძალები აფინანსებდნენ. ძველ საბჭოურ ტერმინს ვიხმარ – ეს არის ანტაგონისტური ძალები, რომლებიც ვერასდროს შერიგდებიან და ეს დაპირისპირება შემდეგ გადაიზრდება თალიბების დაპირისპირებაში მეზობელ ქვეყნებთან, ჩვენი სავარაუდო პროგნოზით, ეს ქვეყანა იქნება ირანი. მეორე საკითხია, რატომ დუმს მთელი მსოფლიო. რას ელოდება?!

– და ისიც უცნაურია, რომ დუმს რუსეთიც.

– ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე რუსეთის საგარეო პოლიტიკა დგას და რუსეთის ინტერესები სირიასა და მიმდებარე ქვეყნებში. დუმს იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს. ჩვენს მეხსიერებაში, დაახლოებით, 40-45 წელია, რაც თალიბები იბრძვიან ავღანეთში გამარჯვებისთვის, ავღანეთიდან „მტრების“ განდევნისთვის. საბჭოთა კავშირმა, როდესაც შევიდა ავღანეთში, მოახერხა თითქმის მთელი ავღანეთის გაკონტროლება, გარდა იმ პროვინციისა, სადაც გენერალი დუსტუმი და ლეგენდარული შახ მასუდი იყვნენ გამაგრებულები, მაგრამ მაინც ვერ დაიმორჩილა ავღანეთი, თალიბები ვერ აღგავა პირისაგან მიწისა. საბჭოთა კავშირის გამოსვლის შემდეგ თალიბებმა თავიანთ ხელში აიღეს მმართველობა, მაგრამ, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ვერც ის აუღებელი პროვინცია დაიკავეს. თუ გახსოვთ, შახ მასუდის მკვლელობის შემდეგ, დუსტუმს რომ დანარჩენ ავღანეთში თალიბების წინააღმდეგ ბრძოლა გაეგრძელებინა, დახმარებისთვის მიმართა თურქეთს და ვერ მიიღო მხარდაჭერა თურქეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან (განსხვავებით დღევანდელობისგან). შემდეგ ავღანელებმა ისევ დასავლეთის დახმარებით შეძლეს თალიბების განდევნა, მაგრამ ის პროვინცია ისევ აუღებელ ციხესიმაგრედ რჩება, იქ ისევ არიან გამაგრებულები ახლა უკვე შახ მასუდის შვილი და ისევ გენერალ დუსტუმის არმია. შეგახსენებთ, თავის დროზე დასავლეთმა ჩათვალა, რომ ვაჰაბიტები უნდა მოეყვანათ ხელისუფლებაში – რადიკალური ისლამის მიმდევრები 150 წელია, იბრძვიან, მაგრამ ვერ მოდიან ხელისუფლებაში – რომ საერთაშორისო საზოგადოების მეთვალყურეობით გაევლოთ ადაპტაცია. სამი თვის არჩეული იყო მუსლიმთა საძმოს პრეზიდენტი, როდესაც სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლების დევნა დაიწყეს, სხვა რამეებიც დაამატეს და გადაჰყვნენ კიდეც ამ ამბავს. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებაში ყოფნა გამოეყენებინათ თავიანთი ქვეყნების სასარგებლოდ, შექმნეს სახალიფო და მერე რაც მოხდა, იცით. მთელი საერთაშორისო საზოგადოება დაუპირისპირდა მათ. დღეს, როგორც ჩანს, ვაჰაბიზმმა ფორმა და მეთოდები შეიცვალა, თუმცა არსი იგივე დარჩა და ახლა საერთაშორისო საზოგადოების ნაცვლად ისინი დაუპირისპირდებიან თავიანთ ავღანელებს. ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ ამეხსნა პროცესის ანატომია. ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, საერთაშორისო საზოგადოებამ ერთმანეთის პირისპირ დატოვა რადიკალური რელიგიური მიმდინარეობები, რომლებიც საკუთარ წვენში მოიხარშებიან, თუმცა, როგორც კი გასცდებიან დადგენილ ზღვარს, ისევ ჩაერევა საერთაშორისო საზოგადოება.

– ყველა დაპირისპირების უკან, რაც ახლო აღმოსავლეთში მოხდა, ირიბად იდგა სხვადასხვა დიდი სახელმწიფო და ის ორგანიზაციები, რომელთა შექმნასაც აბრალებდნენ დასავლეთს, დასავლეთსვე შეუტრიალდა ცუდად. თალიბებიც კარგად დატრენინგებულებს ჰგვანან, რაღაცებს ძალიან სწორად ამბობენ.

– ყოველ შემთხვევაში, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შენიშვნები ისმის, მაშინვე ატარებენ პრესკონფერენციას და მართლაც კარგად დატრენინგებულები ლაპარაკობენ. მაგრამ, ვიმეორებ, ესენი, ყველანი ერთად, საკუთარ წვენში მოიხარშებიან და დასავლეთზე გალაშქრების დრო არ ექნებათ. და. როგორც გითხარით, ეს მხოლოდ დასაწყისია. ამას დაამატეთ ეპიდვითარების გამწვავება, რაც აუცილებლად მოხდება ავღანეთში და არა მარტო იქ, მოგეხსენებათ, ირანიც წითელ ზონაშია, სირიაზე კი ინფორმაცია არ არის. ასე რომ, უახლოეს წლებში აღმოსავლეთში უმძიმესი ვითარება იქნება და შეერთებული შტატების პოზიცია ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია.

ჯერ ერთი, იქ იყვნენ „ნატოს“ ჯარები და „ნატოს“ სამშვიდობო პროგრამაში მონაწილე ქვეყნების ქვედანაყოფები, მათ შორის, საქართველოსიც. რაც ვთქვი, ესაა ძირითადი მესიჯი, მაგრამ არის პოლიტიკური ქვეტექსტებიც: აშშ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამბობს, რომ რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარი დახარჯა ავღანეთში ინფრასტრუქტურის, სახელმწიფოებრიობის, ჯანდაცვის, განათლებისა და ჯარის განვითარებისთვის, მაგრამ მათ მაინც ვერ მოსპეს კორუფცია. თალიბების პირველივე შეტევის შემდეგ 300 000 კბილებამდე შეიარაღებული და კარგად გაწრთვნილი არმია დაეშალათ. ანუ არმია არ ყოფილა, ეს იყო მხოლოდ ფასადი. 300 000 კი არა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოს 2008 წელს მაგ დონის აღჭურვილობა რომ ჰქონოდა და ასეთ მომზადებაგავლილი მხოლოდ 30 000-ნი არმია, შეიძლება, ასტრახანამდეც ჩასულიყო ქართული ჯარი. ამასთან, ვერავინ იტყვის, რომ ავღანელი მეომარი არ არის და მშიშარაა. ესე იგი, იმთავითვე სარგებლისთვის იყვნენ არმიაში მისული. ანუ ძირითადი მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების ავღანეთიდან გამოსვლის მაინც ისაა, რომ ბოლო 22 წლის განმავლობაში უამრავი კაპიტალი ჩადეს როგორც ფინანსურად, ისე ტექნოლოგიებით, ტექნიკითა და ჰუმანიტარულით, მაგრამ კორუფცია ვერ მოსპეს. ამას გარდა, იხოცებოდნენ კოალიციის სამხედროები, რომლებსაც მშვიდობის დამყარება უნდოდათ. ახლა დასავლეთი გამოვიდა ავღანეთიდან და ერთმანეთთან თავად გაარკვიონ ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი სანახავია, როგორ გამორბიან წესიერი ადამიანები ავღანეთიდან, მაგრამ ომისა თუ სტიქიური უბედურებების პერიოდში ყველა დროსა და ქვეყანაში ყოველთვის წესიერი ხალხი ზარალდება. მატყუარა, თაღლითი, გამომძალველი და ნაძირალა ყოველთვის რაღაც სარგებელს პოულობს. მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა გამოსავალიც აღარ იყო და ვიმეორებ, სავარაუდოდ, დასავლეთმა რეგიონში დატოვა პრობლემები, რომლებიც რეგიონშივე უნდა გადაწყვიტონ და საკუთარ წვენში მოხარშავენ იმ რადიკალურ მიმდინარეობებს, რომლებიც იმთავითვე ვერ იტანდნენ ერთმანეთს. ახლა მთავარი ის არის, ეს დაპირისპირება რაღაც ფორმით არ გადაედოს მეზობელ ქვეყნებს. ამის თავიდან ასაცილებლად, მოგეხსენებათ, თურქეთმა კედელი ააშენა და ყველაზე დიდ საფრთხედ ავღანეთი რჩება რუსეთისთვის. პირდაპირაა მიბმული ტაჯიკეთს ავღანეთი და საკმაოდ ბევრი უზბეკი და ტაჯიკი ცხოვრობს ავღანეთში. გავიმეორებ, რომ ავღანეთში შექმნილი მდგომარეობა ძალიან დაძაბავს ვითარებას სამეზობლოში – უპირველესად ირანსა და სირიას ვგულისხმობ. ასე რომ, მძიმე მომავალი გველის. უფრო გასაგები რომ იყოს, მაინც შევაჯამებ, თუ რატომ იყო მართებული ამერიკის გადაწყვეტილება: 260 მილიარდი დოლარი ჩადო „ნატომ“ და არანაირი სარგებელი არ უნახავთ: მეორე – ავღანეთის მოსახლეობის განწყობა, განსაკუთრებით, პროვინციებში, პროთალიბურია და ეს არის იმ ავღანური ხელისუფლებების ბრალი, რომლებსაც დასავლეთი ეყრდნობოდა ავღანეთში და მესამე, ყველაზე მთავარი – ამერიკის შეერთებულ შტატებს მთავარი ყურადღება გადმოაქვს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე. ვგულისხმობ უკრაინასა და საქართველოსაც, რადგან მიაჩნია, რომ მუსლიმურ სამყაროში მას საკმაოდ ძლიერი, გავლენიანი და მყარი პოზიციების მქონე პარტნიორები ჰყავს, რაც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ინტერესების დასაცავად საკმარისია. ესენია: თურქეთი, საუდის არაბეთი და ეგვიპტე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...