პოლიტიკა

რა მესიჯებს უგზავნიან საქართველოს ევროკავშირის მაღალჩინოსანი ქალბატონები შუა აზიიდან და აზერბაიჯანიდან

№18

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 14.05

ზაალ კასრელიშვილი
დაკოპირებულია

არც თუ დიდი ხნის წინ შუა აზია-ევროკავშირის სამიტი ჩატარდა, რომელზეც ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა შუა აზიისა და აზერბაიჯან-სომხეთ-თურქეთის მნიშვნელობაზე ისე, რომ საქართველო არ უხსენებია, თუმცა საქართველო-აზერბაიჯანის დერეფანი მუშაობს და საკმაოდ წარმატებულადაც. საქართველოს არხსენება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გააპროტესტა, რომელსაც ევროკავშირი არაერთხელ და სახელდებით გაუკრიტიკებია (რბილად რომ ვთქვათ, ბოლოს და ბოლოს, პირდაპირ დასდო ბრალი დასავლელებს აზერბაიჯანში გადატრიალების მოწყობის მცდელობაში). ამის შემდეგ აზერბაიჯანში კაია კალასი ჩავიდა და ახლა მან ისაუბრა აზერბაიჯანის მნიშვნელობასა და პარტნიორობაზე. ფაქტია, რომ ევროპელები გან-განზე გვივლიან და როგორც ჩანს, შუა აზიური და აზერბაიჯანული დემოკრატიები მოსწონთ ძალიან. ზაალ კასრელიშვილთან ერთად ვიმსჯელებთ, როდემდე არ შეიმჩნევენ ევროკავშირლები საქართველოს.

– რის მიღწევას ცდილობს ევროკავშირის ბიუროკრატია და როდემდე შეიძლება, წრეები ურტყან საქართველოს? უკვე კომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს.

– ვითარება რთულია მთელ მსოფლიოში და პირდაპირაა დაკავშირებული რუსეთ-უკრაინის ომთან. მოგეხსენებათ, ამ ომმა გამოკვეთა ევროპის ინტერესები და ევროპა ძალას იკრებს, როგორც დამოუკიდებელი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება. სავსებით ბუნებრივი პროცესია, ევროპელები ცდილობენ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი ტვირთები მათთვის სასურველ მარშრუტებზე გაატარონ მათთვის სასარგებლო პირობებით. ჯერჯერობით დღემდე ყველაზე სერიოზული გამტარი და მიმწოდებელი ევროპელებისთვის როგორც ენერგომატარებლების, ისე სხვა ტვირთების, არის თურქეთი და კონკრეტულად სტამბოლის პორტი. ჩვენ ვართ ალტერნატივა, რომელიც რეალურად შეიძლება, გახდეს ამ თურქეთის მარშრუტის ალტერნატივა რუსეთის დასანქცირების შემდეგ და რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპა, ალბათ, მოერიდება იქ ტვირთების გატარებას და, რა თქმა უნდა, აშშ-იც, იმიტომ რომ აშშ-შიც შემდეგ ევროპის პორტებიდან მიდის ტვირთები. როდესაც ვლაპარაკობთ ტვირთების მოძრაობაზე, ვგულისხმობთ ეკონომიკური შემოსავლების ზრდას. ევროპელები ცდილობენ, რაც შეიძლება, ნაკლებხარჯიანი და სტაბილური მარშრუტები აარჩიონ. ამას თუ დავამატებთ პოლიტიკურ ნიშნულსაც, ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, ევროპელები საქართველოსა და სომხეთს მიიჩნევენ ევროპის ნაწილად და ევროპის ბოლო ფორპოსტად აზიასთან საზღვარზე, თუკი საქართველო ძალიან თავს გამოიდებს და ბევრს ვივაჭრებთ დასავლეთთან ამ დერეფნით, ისინი შეეცდებიან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაალაგონ ურთიერთობა. ამ თემაზე ლაპარაკობენ და როგორც ვიცით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკება უკვე შეთანხმებულია.

– და სომხეთიდან შემდეგ თურქეთში გავა ტვირთი?

– დიახ. ეს ის მარშრუტია, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო. სარკინიგზო მაგისტრალიცაა და საგზაოც. აქამდე სომხეთი არ აძლევდა ამ გზაზე გადაადგილების საშუალებას აზერბაიჯანულ ტვირთებს, მაგრამ ახლა უკვე არა მარტო საფრანგეთის, არამედ მთელი ევროპის სახელმწიფოების ინტერესია ეს გზა. არ ვიცით, სანაცვლოდ რას შესთავაზებენ, მაგრამ ფაქტია, რომ შუა აზიაში ამ ქალბატონის ჩასვლა და მისი შეთავაზებები იყო გზავნილი, რომ ევროპას უნდა ურთიერთობა აზიელებთან, მათ შორის, პოსტსაბჭოურ შუა აზიურ ქვეყნებთან. მათ აქვთ მინავლებული პოტენციალი, რასაც გაცოცხლება სჭირდება და ევროპელები არ დაიშურებენ თანხას ტექნიკურ გადაიარაღებაზე. არ ვიცი, იცის თუ არა მკითხველმა, მაგრამ ყაზახეთშიც, ყირგიზეთშიც და თურქმენეთშიც, ენერგომატარებლების გარდა, კიდევ ძალიან ბევრი სხვა ბუნებრივი წიაღისეულია, რომლებსაც დასავლეთი მიიღებს ძალიან კარგ ფასად. თუ ჩვენ ვერ დავლაგდებით დასავლეთთან ურთიერთობაში...

– რას ნიშნავს დასავლეთთან დალაგება? თუ დასავლეთს იმ მარშრუტებით, რომლებზეც ლაპარაკობენ, უნდათ ტვირთების მიღება, წესით, აღარ უნდა უჩიჩხინონ აქედან რუსეთს, რომ მისი ტანკები არ შემოხირინდეს და, ასევე, არ უნდა წაახალისონ პრაიდები. კავკასიაში ავტორიტეტი ბევრს ნიშნავს. ნულამდე დაეცემა საქართველოს ავტორიტეტი რეგიონში და რაში სჭირდებათ ასეთი მოკავშირე? მეორე მხრივ, საქართველო ევროასოცირების ფარგლებში ევროკავშირს შიდა ტარიფით აწვდის ყველანაირ ტვირთს, ანუ სატრანზიტო შემოსავალზე ვთქვით უარი ევროკავშირის გამო.

– აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ რა საკითხებიც თქვენ წამოჭერით თქვენს კითხვაში და რა შემართებითაც ისაუბრეთ, ამ შემართებით ამ საკითხებზე საქართველოს მთავრობა უნდა ლაპარაკობდეს იქ, ადგილებზე და ჩვენი ტელევიზიებიდან არ უნდა სცემდეს პასუხებს ნიშნის მოგებით. გეთანხმებით, ვინ დამაჯერებს იმაში, რომ სომხებს, აზერბაიჯანელებსა და შუა აზიელებს პრაიდების ჩატარება გაუხარდებათ ან სხვა ისეთ მოთხოვნებს დაუკმაყოფილებენ ევროპელებს, რასაც ჩვენ ვაკმაყოფილებდით. მაგრამ ეს თემები იქცა პრობლემად მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი მთავრობის ბევრი წევრი მათზე ხმამაღლა არ საუბრობს. მე არ ვამბობ, რომ იქ ჩავიდეთ და ვიღაცებს მუშტები ვუბრახუნოთ მაგიდაზე, რაც გვეკუთვნის, რატომ არ არის ჩვენი, მაგრამ არგუმენტებულად და რიცხვებით საუბარი მომგებიანია. საქართველო დღეს არ მიიჩნევა სტაბილურ ქვეყნად.

– და შუა აზია და სომხეთი ითვლებიან?

– საქმეც ისაა, რომ არც ისინი ითვლებიან სტაბილურ ქვეყნებად, მაგრამ ევროპელებს მათ მიმართ არ აქვთ ის მოთხოვნები, რაც აქვთ ორი ქრისტიანული ქვეყანისადმი.

– მე ამ ვერსიას ვერ ვეთანხმები, რომ სხვაზე მეტს გვთხოვენ.

– ყოველ შემთხვევაში, ეს სალაპარაკოა, სავაჭროა, გნებავთ, საკამათოა, შუა აზიაში რომ იყო ჩასული ის ქალბატონი, არ უთქვამს, რომ ხვალ უნდა დაიწყონ ამის შესახებ საუბარი. პროვოცირებაც მოახდინა ამ თემების და ამით ყველას გვითხრა, თუ მაინცდამაინც გაჯიქდებით და დაიჩემებთ, რომ თქვენ გარდა ჩვენ გზა არ გვაქვს, სხვა გზას მოვნახავთ. რა თქმა უნდა, პროდუქცია შედარებით გაუძვირდებათ, მაგრამ ევროპა მდიდარია და ამ პატარ-პატარა ცვლილებების არ ეშინია, რადგან შემდეგ შიდა ეკონომიკური რეგულაციებით ამ პრობლემას მოაგვარებს. გამოუვალი მდგომარეობა არ არის. თემა წამოიჭრა, მესიჯი გამოგზავნილია, ახლა ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელი და გადასაჭრელია.

– ჩადის კაია კალასი აზერბაიჯანში, ხვდება ალიევს და ამ დროს ალიევი მანამდე ამბობს, რომ ევროპელები აზერბაიჯანში აწყობდნენ გადატრიალებას და ეს ამბავი გავხსენი. გზაც უნდათ და გადატრიალებაც? ალიევი ამბობს ამას.

– საკმაოდ დიპლომატიური, მიზანმიმართული და დროული განცხადებაა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მხრიდან. მე და ჩემმა თანამოაზრეებმა ალიევის განცხადებაში შემდეგი ქვეტექსტი წავიკითხეთ: პირდაპირ ეუბნება, რომ, თუ გინდათ ჩვენთან ურთიერთობა, ასე უხეშად აღარ უნდა ჩაერიოთ ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ასე რომ, არც ალიევს გაუკეთებია ეს განცხადება ემოციის დონეზე. საქართველოს დაუჭირა ამით მხარი და გზავნილიც გაუგზავნა დასავლეთს, ვიმეგობროთ, ვითანამშრომლოთ, მაგრამ ჩვენი მთავარი პირობაა, რომ შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა ფულითა და ისეთი პროექტებით, რომლებიც ქვეყანას შეუქმნის გადატრიალების საფრთხეს, უნდა მოიხსნას. საკმაოდ ცივილიზებულად და ნორმალურად გაიგეს ეს განცხადება აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც. დასავლეთს არ აქვს დემოკრატიასთან დაკავშირებით მოთხოვნები შუა აზიასა და აღმოსავლეთში. დასავლეთს მათთან ურთიერთობაში აქვს ასეთი დამოკიდებულება, რომ ისინი ნელ-ნელა მიდიან დემოკრატიისკენ. ანუ დასავლეთისთვის მიზანი, რომ შუა აზია და აღმოსავლეთი გაადემოკრატიულოს, არ დგას პირველ რიგში. მათ უნდათ, რომ მყარი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დაამყარონ აღმოსავლეთთან და ნელ-ნელა მშვიდობიანად, ცივილიზებულად მიიყვანონ ის ქვეყნები იმ კონდიციამდე, როდესაც ისინი თავისუფლად შეძლებენ საერთაშორისო ნორმებთან მორგებას. იმ ქვეყნებში, რომლებზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, პირველი კლასის ბანკებიც კი არ არის და დასავლეთი, თუ პირველი კლასის ბანკი არ არის, ერიდება ურთიერთობას. კიდევ ვიმეორებ, ამ ქალბატონის ეს განცხადება არ არის ვალდებულება, ეს არის გზავნილი მათთვისაც და ჩვენთვისაც.

– ჩვენ რას გვეუბნებიან, რა უნდა გავაკეთოთ?

– რა უნდათ, ალბათ, ამ თემებზე ხელისუფლებასთან უნდა ილაპარაკონ და მერე უნდა გაიმართოს დისკუსიები და, თუ გნებავთ, საჯარო დებატებიც. პირადად ჩვენ 12 წელია, ველოდებით ღია დებატებს გაეროში, ევროკავშირში, ევროსაბჭოში. უამრავი უმაღლესი დონის ტრიბუნაა, საიდანაც შენ შენი სიმართლე და პოზიციები შეგიძლია, დაიცვა. პირდაპირ ვამბობ, როდესაც შენი ხელმძღვანელობა წლების განმავლობაში დასავლეთს ლანძღავს და მათთან დამოკიდებულებას აკრიტიკებს საკუთარი ტელევიზიებიდან, შემდეგ იქ, რა თქმა უნდა, აღარ მიიწვევენ და ხელს აღარ ჩამოართმევენ.

– რაც ალიევმა ევროკავშირი ლანძღა და ულანძღავს, შტატების ჩათვლით და წლებია, არათუ ხელი ჩამოართვეს, ჯერ ფონ დერ ლაიენი ჩავიდა ერთი წლის წინ, თუ არ ვცდები და ახლა – კაია კალასი. აკრძალულია გარე დაფინანსება და ყველანაირი დასავლური ფონდი. ისიც არ მესმის, მე, თურმე, მეტს მთხოვენ, მეტი მომეცი. მაგალითად, ყაზახეთში დამოუკიდებლობის პერიოდიდან 200 მილიარდის ინვესტივია განახორციელა ევროკავშირმა. ამდენად, სხვა რამ მგონია პრობლემა.

– მეტსაც გეტყვით. როგორც ვიცით, უზბეკეთში ენერგეტიკის განვითარებისთვისაც ძალიან დიდ თანხებზეა ლაპარაკი. ყაზახეთის ენერგომატარებლების ცენტრალური ოფისი და ბაზა სად არის?! რუმინეთში, ანუ ევროკავშირში.

– ისიც სათქმელია, თუ ქრისტიანობის ფორპოსტი ვარ ევროკავშირისთვის, რას მიმტკიცებდნენ ამდენი წელი, რომ ქალი ქალი არ არის?

– გეთანხმებით, ბევრი საკითხია სადავო და საკამათო. ამიტომ მარტო ჟურნალისტი და რესპონდენტი კი არ უნდა კამათობდეს, ამაზე უნდა კამათობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ამ ეტაპზე დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც დღეს საქართველოს უყურებენ, როგორც ბელორუსს და არ სჯერათ, რომ საქართველოს გულწრფელად უნდა ურთიერთობა დასავლეთთან. ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სურვილია, რომ საქართველოში მოიპოვონ გავლენა, რომ ევრაზიული დერეფანი აკონტროლონ და შუაში ჩაუხტნენ ევროპელებსა და აზიელებს, როგორც მებაჟეები. სწორედ ამის გამო აგზავნიან მესიჯებს დასავლეთიდან. ისევ ჩვენს თემას რომ დავუბრუნდეთ: რადგან გზავნილი იყო, ამას უნდა მოჰყვეს კამათი. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ერიდებიან ღია შემტევ დებატებს, თუნდაც, იმ ფაქტებითა და დოკუმენტებით, რაც არსებობს?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა