რა მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს საქართველოში უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებას და ზომავს თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები რეალურ ცოდნას
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 18.09
წელსაც საკმაოდ ბევრი აბიტურიენტი, თუ ყველა არა, გახდა სტუდენტი და, ბუნებრივია, ვულოცავ მათ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ წარმატებით დასძლიეს ერთიანი გამოცდების ტესტები და, რადგან ჩვენ არ ვიცით, როგორი იყო ტესტების სირთულე, ვფიქრობ, ეს არ გვაძლევს სრულ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რამდენად საფუძვლიანია აბიტურიენტების ცოდნა. მით უფრო, ცნობილია, რომ წლიდან წლამდე ტესტები მარტივდება და, სამწუხაროდ, არ რთულდება. ამის პარალელურად, საკმაოდ ბევრი პროფესიული სასწავლებელია, რომლებშიც ამზადებენ სპეციალისტებს, რომელთა მომსახურება ქვეყანას სჭირდება და არც თუ ცოტა სფეროში მათი დეფიციტია, მაგრამ, ამის მიუხედავადაც, ჩვენი მისწრაფება ისევ და ისევ უმაღლესი სასწავლებლის დიპლომია, თუმცა დიპლომი დიპლომადაც რჩება და მის მფლობელს არასპეციალობით უწევს ხოლმე მუშაობა. ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ საკმაოდ პრობლემატურ საკითხს: რატომ გვიხარია დიპლომის აღება, რომელიც შეიძლება, არც არაფერს ზომავდეს და არც გამოგადგეს?!
– თითქოს ბაზარი უნდა არეგულირებდეს ამა თუ იმ სპეციალობაზე მოთხოვნას, მაგრამ ამ გაქანებული საბაზრო ეკონომიკის პერიოდშიც კი, დიპლომი კვლავ რჩება აქსესუარად. ანუ როგორია დიპლომის მარგი ქმედების კოეფიციენტი?
– სათქმელად მარტივ კითხვებს სვამთ, მაგრამ პასუხისთვის ძალიან რთულს, ვინაიდან ამ საკითხებში რომ შეიხედო, გამოკვლევების დიდი რიცხვის გჭირდება. მაგალითად, ფსიქოლოგების წყალობით, რომლებიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებულ გამოკვლევებში ბავშვების განათლების დონის შესახებ, ვიცით, რომ ჩვენთან დაბალი დონეა. სამწუხაროდ, იმ ფორმულაშიც ვერ ვრჩებით, რაც ხშირად გვესმის, მთელ მსოფლიოში ასეთი მდგომარეობააო.
– არ არის ასე მთელ მსოფლიოში. იქმნება სხვადასხვა ნეიროქსელები, რუსი, ბელორუსი ბავშვები, 14–15 წლისანები, წერენ არაჩვეულებრივ ვლოგებს, ჯერ ერთი, იციან ეს ტექნოლოგიები და, მეორეც, მონეტიზებული არხები აქვთ, სხვებსაც ასწავლიან და ფულსაც გამოიმუშავებენ. საქართველოში აკრიფეთ „იუთუბში“ მსგავსი მოთხოვნა და ნახავთ, რომ ასეთი რამ, უბრალოდ, არ არის.
– დიახ, საქართველოში უფრო რთული მდგომარეობაა. რასაც აღწერთ, ეს ეხება ფულის გამომუშავებას. სოფელში რომ მიხვიდე ადამიანთან და უთხრა, ფულს მოგცემ და მიწა დაბარეო, დაბარავს?! იმ რაონებში, სადაც მე მომიწია ასეთი ადამიანის მოძებნა, პრობლემა აღმოჩნდა. ფულს აძლევ და მუშაობა არ უნდა, ესე იგი, მუშაობის ფასად ის ფულიც არ უნდა. თუმცა, მეორე მხრივ, იგივე ადამიანი მიდის უცხოეთში, ათასჯერ უფრო რთულ სამუშაოს თანხმდება და მუშაობს. ამდენად, რაღაც უფრო რთული მენტალური პრობლემაა, ვიდრე მხოლოდ განათლების. განათლების არა – უფრო ზოგადი პრობლემაა. ცხოვრებასთან ურთიერთობის პრობლემაა. შემოდგომის აზნაურებს რომ აღწერდა კლდიაშვილი, აი, ის გახსენდება ადამიანს იმ ცხოვრების შემხედვარე, რაც საბჭოთა კავშირის შემდეგ მოვიდა. საბჭოთა კავშირის მერე-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ მანამდე საბჭოთა სტანდარტები მოქმედებდა. ეტყობა, ჩვენ შემოტანილი სტანდარტების გარეშე მოქმედება გვიჭირს. ახლა ველოდებით ევროპულ სტანდარტებს, მაგრამ არ მოქმედებს ეს ევროპული სტანდარტები იმ ხარისხით, რომ მუშაობის წახალისებას, ცხოვრებისადმი ინტერესს შეუწყოს ხელი. არ არის ჩვენთან ცხოვრებისადმი ინტერესი. ხშირ შემთხვევაში ნარკოტიკულ ხასიათს ვაწყდებით საქართველოში და პრობლემებიც შესაბამისია. ნარკოტიკულში ვგულისხმობ იმას, რომ ნარკომანს არაფერი არ აინტერესებს და ნელ–ნელა მაგ დონემდე ჩამოვდივართ. გადავხედოთ იმ პერიოდს, როდესაც არავინ გვაიძულებდა, ვყოფლიყავით რამენაირი: არ აქვს მნიშვნელობა, კარგი თუ ცუდი. როცა არავინ გვაიძულებდა, ნათესავიც გაუყიდია ბაზარზე ქართველს; უვიციც ყოფილა, გარდა იმ ქართველებისა, რომლებიც ტაძრებში მუშაობდნენ და ეს განსხვავება მკაფიო იყო. ტაძარს თავისი რეჟიმი და წესები ჰქონდა. დღეს ასეთი მდგომარეობა ტაძარშიც აღარ გაქვს: არ სჭირდება გადამწერები, ანუ ის ინტელექტუალური შრომა, რასაც ქართველი ადრე ტაძარში ეწეოდა, აღარაა საჭირო. ამიტომ ეკლესიაში მყოფი ადამიანებიც არ არიან მოტივირებული, რომ მაღალინტელექტუალური პროდუქცია დავდოთ. თქვენ ამბობთ, რომ არც იციან, არც აკეთებენ, არც ეუფლებიან...
– სიახლის შეცნობის სურვილი არ ჩანს.
– დიახ, ხომ უნდა არსებობდეს შინაგანი მოტივაცია?!
– არაცნობისმოყვარე ხალხი ვართ?
– შეიძლება, ცნობისმოყვარე ხალხად შერაცხო ადამიანები, რომლებიც ამდენი საუკუნეა, ზღვასთან ცხოვრობენ და გემი არ აქვთ?!
– მეც მიფიქრია ამაზე, ჩვენთვის ზღვა, ალბათ, მაინც საფრთხედ აღიქმებოდა და ზღუდის როლს უფრო ასრულებდა, ვიდრე რამის შეცნობის საშუალების.
– ხმელეთი ხომ არსებობდა?! გზაგასაყარზე ცხოვრობდი და სიტყვა „ჩინურის“ არსებობა მიუთითებს, რომ შენთან უამრავი რამ შემოდიოდა, მაგრამ შენ მიდიოდი იქ?!
– ავტორი დამავიწყდა, სამწუხაროდ, მეგობარმა გამომიგზავნა ნაშრომი, რომელშიც აღწერილია მეთორმეტე საუკუნეში საქართველოს ექსპორტი და ოდენობა. გავოგნდი რაოდენობითა და მრავალფეროვნებით. იქ იყო პროდუქცია, რომელიც დღესაც აქტუალურია: მაგალითად, იშვიათი სახეობის ზეთები.
– მეთორმეტე საუკუნეში სხვა პირობები გქონდა, ოცდამეერთეში სხვა პირობები გაქვს. მე ისიც გამიკვირდა, რომ ამუშავდა, მაგალითად, ღვინის წარმოება. ნელ–ნელა მიდის პროცესი, რომ ქართველებმა გაიჩინონ ის მოტივაცია, რითაც რამდენიმე საუკუნეა, ევროპა ცხოვრობს. ჩვენ არ გვაქვს ეს მოტივაცია. თუმცა, რომ გადახედავ მშენებლობებს, ვერ იტყვი, რომ მოტივაცია საერთოდ არ გვაქვს, მაგრამ უფრო დიდ, ქვეყნის მასშტაბს რომ შეხედავ, ძნელი სათქმელია, რომ მოტივაცია გვაქვს. მოტივაციის აღმნიშვნელი ანეკდოტის არსებობაც მიუთითებს, რომ ეს პრობლემაა. ანეკდოტს გაგახსენებთ: უცხოელმა გაიარა, კახელი წევს ხის ქვეშ, დღისით-მზისით. რას შვებიო, ჰკითხა. ვისვენებო. ასეთ დროს დასვენება როგორ შეიძლება? ყურძენი მოკრფე მოსავალი მოიყვანეო. მერეო? მერე გაყიდეო. მერეო? ფული გექნებაო. მერეო? მერე წამოწვები და დაისვენებო. მა ახლა რას ვაკეთებო?!
– სხვათა შორის, ეზოთერულად თუ განვიხილავთ, ეს მიდგომა მუშაობს. ბევრი შრომა სულაც არ არის აუცილებელი, რომ კარგად იყო და მე პირადად დასავლური ცხოვრების წესიც არ მომწონს: იმიტომ უნდა ადგე დილის ოთხზე, რომ ცხოვრების ბოლომდე იხადო კრედიტები ცხოვრებისთვის, რომელსაც მუშაობაში ატარებ. მე შრომამ სიამოვნება უნდა მომანიჭოს და ქანცგაწყვეტამდე მუშაობაში არ უნდა გავლიო ცხოვრება. ამას არ ჯობია, წამოვწვე?
– არა. არა, იმიტომ რომ წამოწოლა არ არის საინტერესო და თქვენ ეს თქვით წინა ნაწილში. წამოწოლა ნიშნავს, რომ არაფერი გაინტერესებს.
– თუ ჭვრეტ და მედიტირებ? მე ასეთ წამოწოლას ვგულისხმობ.
– ეს უკვე საქმეა. ამდენად, ის, რაც გაღიზიანებთ, რომ ჯერ უნდა მისცე ამ ცხოვრებას და პენსიაზე რომ გახვალ, მაშინ იქნები ბედნიერი, ეს აღმოსავლურ დამოკიდებულებაშიც არ ჯდება. მაგალითად, არც ბუდას ცხოვრების წესია ასეთი: ის ტვინს ანთხევდა იმისთვის, რომ გაეგო, ვინ არის ადამიანი, რას ემსახურება მისი ცხოვრება და ასე შემდეგ. ვისაც ასეთი მოტივები არ გაქვს და მარტო წამოწოლა უნდა, ასეთ ხალხს საქართველოში ბევრს ნახავთ.
– და ამ წამოწოლილ ხალხს დიპლომი რისთვის სჭირდება?
– ვინ ვარ, რა მაქვს... ანუ რისთვისაც ადრე სჭირდებოდა. ლექტორი ვარ და ვიცი, რომ სტუდენტი უმეტესწილად ქულას გედავება. მაგალითად, უცხოელი სტუდენტები ჩხუბობენ იმის გამო, რატომ არ გვასწავლეთ ისე, როგორც საჭიროაო. ქართველები კი, თუ ჩხუბობენ, ჩხუბობენ, რატომ არ მიწერთ იმ ქულას, რაც მინდაო. არის ჯერჯერობით ეგ განსხვავებული დამოკიდებულება. სჭირდება ქულა, საბუთი, თუმცა, ეს მაინც არ ნიშნავს, იმას, რომ ასეთი წესით ნასწავლი ადამიანი ცუდი სპეციალისტი იქნება. შეიძლება, მერე აღმოაჩინოს, რომ ასე კი ჩააბარა გამოცდები, მაგრამ ცოდნა სჭირდება. ასე სწავლობდა საბჭოთა პერიოდში თითქმის ყველა, რომლებიც სამედიცინო ინსტიტუტში აბარებდნენ, მაგრამ ერთი მეორეზე უკეთესი ექიმები წამოვიდნენ მათი რიგებიდან. ასე რომ, ცხოვრებას ნუ დავაჩქარებთ. და დაჩქარებაა, როდესაც გვინდა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შეგნება, ინტერესი. ჯერჯერობით არც ერთი არ ექნებათ. ცხოვრება უნდა შეიცვალოს საიმისოდ, რომ ახალგაზრდობას და ძველგაზრდობასაც ინტერესი გაუჩნდეს.
– ვინ უნდა შეცვალოს ეს ცხოვრება?
– ვამბობთ. რომ ხელისუფლებამ.
– მე დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ვერაფერს შეცვლის, მე თუ ინტერესი არ მაქვს, ხელისუფლება ხომ არ მასწავლის ძალით?!
– შეიძლება, მართალი ხართ და ამის დასტურად ერთ არგუმენტს მოვიტან: კარგი ხელისუფლებაა საჭირო კარგი ქვეყნისთვისო, ამბობენ, მაგრამ ცოტა ხნის წინ ვნახეთ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი კიბეზე ვერ ადიოდა, ესე იგი, არ ვარგა ის გადაწყვეტილების გამომტანად, მაგრამ ამერიკა წელში გამართული ერთ-ერთი უძლიერესი ზესახელმწიფოა, ისე, რომ, ფაქტობრივად, არ ჰყავს პერსონა, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს და ვინც ჰყავს, ისიც საკამათოა, იღებს თუ არა სწორ გადაწყვეტილებებს. ამდენად, შეიძლება, ითქვას, რომ კარგი ცხოვრება უნდა მოიტანოს კარგმა ცხოვრებამ და ამისთვის შესაძლოა, არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი არ იყოს ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ხალხი. ის პრაგმატიზმი, რაც ამერიკელებს ინგლისიდან წაჰყვათ, და ევროპაშიც ინგლისია პრაგმატიზმის სიმბოლო, პიკში აიყვანა ამერიკაში მყოფმა ამერიკელმა. ამ პრაგმატიზმის შედეგია, რომ არსებობს ისეთი ეკონომიკის ქვეყანა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ეკონომიკა რომ არ ჰქონდეს, როგორც ლიდერი სახელმწიფო, არ იარსებებდა. ამერიკული ეკონომიკა გააჩინა ამერიკულმა პრაგმატიზმმა. ანუ ხალხის ხასიათმა შექმნა სახელმწიფო. შესაბამისად, ალბათ, იგივე უნდა მოხდეს ჩვენთანაც, თუმცა ჯერ არ მიუღია ამ პროცესს საბოლოო სახე, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვიწყებთ არსებობას იმ რეალობაში, რომელშიც მსოფლიო, ლამის, სამი საუკუნეა, არსებობს. ჩვენთან ახლა ყალიბდება საამისო თვისებები და ნიშნები. თუ ჩამოყალიბდება ქმედით სისტემად, ხომ კარგი, თუ არადა, არის უამრავი კაპიტალისტური ქვეყანა, რომლებიც არაფრის მაქნისები არ არიან და სხვა ქვეყნებს შეჰყურებენ. ასეთი ვარიანტიც გვექნება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან