პოლიტიკა

რა კავშირი ჰქონდა გია ჯაჯანიძეს ცნობილ კანონიერ ქურდთან და რატომ იყო ის მუნჯი

ავტორი: ლუკა ნემსაძე 16:25 12.11, 2020 წელი

გია ჯაჯანიძე
დაკოპირებულია

ახალ სატელევიზიო სეზონზე გია ჯაჯანიძემ მეგაშოუ „ნიჭიერის“ წამყვანის ამპლუა მოირგო. ფიქრობს, რომ დიდი სატელევიზიო გამოცდილების მიუხედავად, ეს მისი პროფესიული კარიერის ახალი ეტაპია. სიახლეები მის ცხოვრებაში ჩვეული ამბავია, იმის გარდა, რომ ახალ სატელევიზიო სეზონზე ახალ გადაცემას იწყებს, ტელეწამყვანმა ბავშვობის ოცნებაც აისრულა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მსახიობობაც სცადა – ის მეფის როლს თამაშობს სპექტაკლში, რომლითაც მსოფლიოს შემოვლას აპირებს.
გია ჯაჯანიძე: იმის მიუხედავად, რომ ჩემგან მაყურებელს არაერთი სატელევიზიო ექსპერიმენტი უნახავს და ბევრი როლი მქონდა მორგებული, ასეთი მასშტაბური პროექტის წამყვანის როლში ყოფნა მარტივი არ არის. ეს ჩემთვის მაინც ახალი ამპლუაა. როდესაც გიორგი ხაბურძანიასა და დემნა ჯაფარიძისგან ეს წინადადება მივიღე, დავიბენი, მაგრამ არ დაგიმალავთ, რომ ძალიან გამიხარდა. იმის მიუხედავად, რომ ძალიან მწარედ მახსოვდა „X ფაქტორის“ წინა სეზონი, როდესაც

პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დასახელებისას „ენა გამეჭედა“, წამყვანის როლის მორგება არ გამიჭირდა. იმიჯი, რაც წამყვანის როლში მაქვს, ხელოვნურად არ მომირგია. ასეთი იყო ჩვენი „შეთანხმება“, მე უნდა ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ. წამყვანებს აძლევენ დავალებას, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მე დავალება არ მქონია – მოვირგე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც რეალურად ვარ.
– როგორ ფიქრობთ, რატომ გააკეთეს არჩევანი თქვენზე?
– არჩევანი ჩემზე ისეთმა პროფესიონალებმა გააკეთეს, რომ მითხრან, შექსპირის ჰამლეტი ან ოტელო უნდა ითამაშოო, ვითამაშებ. გიორგი ხაბურძანიასა და დემნა ჯაფარიძეს ბრმად ვენდობი, 40 წელია, ტელევიზიაში ვმუშაობ და მსგავსი პროდიუსინგი არც მინახავს და არც გამიგონია. პროექტის ყველა დეტალი გაწერილია. მადლობასაც გეუბნებიან, სტიმულსაც გაძლევენ და საქმეშიც მომთხოვნები და მკაცრები არიან. პროექტი მართლაც განსაკუთრებულია, ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ვნახე ერთად, იმდენი ფავორიტი მყავს, აღარ ვიცი, რომელს ვუგულშემატკივრო.
– რა რჩება პროექტის კადრს მიღმა, რასაც ჩვენ, მაყურებელი, ვერ ვხედავთ?
– არაფერი, თითქმის ყველაფერს ხედავს მაყურებელი. პირდაპირ ეთერში არავინ არის დაცული სიურპრიზებისგან, მით უმეტეს, ასეთ მასშტაბურ პროექტში. მე ხომ ასაკის შეგრძნება დაკარგული მაქვს?! ჭაღარასაც მიეჩვია თვალი. მოკლედ, ნიჭიერმა ბავშვებმა მოიტანეს დიდი თოკები და დაიწყეს ხტუნაობა. ვიფიქრე, რა ნიჭიერება ამას უნდა-მეთქი. სცენაზე გავვარდი სახტუნაოდ. ავხტი ორჯერ და უკვე მესამედ, ბებერი მუხლებით ვეღარ ავხტი, თოკებში გავიხლართე, თოკებმა მაღლა ამაგდეს და დაბლა თავით წამოვედი. ისე დავეცი, თავი და ლოყა დავარტყდი და ერთი წუთით გავითიშე. გონს მოვედი და ვფიქრობდი, წამოვდგე თუ არა-მეთქი. გამახსენდა, რომ შოუში ვიყავი. ამით მივხვდი, რომ ცოცხალი ვარ! ჟიურიში მჯდომი ანრი ჯოხაძე კიოდა. მთელი დარბაზი წამოცვივდა. მოვიდა „სასწრაფო“, ნახეს – მომაკვდავი ჯაჯანიძე. ანრი ჯოხაძე ისე ყვიროდა, უშველეთო, ეგონა, მოვკვდი. წარმოდგენა არ მქონდა, თუ ასე ვუყვარდი. ამ ინციდენტის შემდეგ კადრს მიღმა დარჩა ის ნაწილი, როგორ მიკეთებდნენ ექიმები ნემსს კულისებში.

– ახალ სატელევიზიო სეზონზე რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ გია ჯაჯანიძისგან?
– სიურპრიზად გეტყვით, რომ ახალი გადაცემის წაყვანას ვაპირებ. მეტს ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი. ეს იქნება ძალიან საინტერესო გადაცემა ადამიანებზე. ეს იქნება ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი. ზაფხულის დასვენების შემდეგ და კორონაპანდემიის „ჯინაზე“ ენერგიის უზარმაზარ მოზღვავებას ვგრძნობ. წელს, წლების შემდეგ, იმდენი ხანი ვიყავი ჭიათურაში, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ახალი ჩამოსული ვარ დედაქალაქში და ცხოვრება თავიდან უნდა დავიწყო. ერთ დღეს ჭიათურიდან დამირეკეს, სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდეო. არ ვიცოდი, რა ხდებოდა, მაგრამ ისეთი ზარი იყო, ჩაუსვლელობა არ გამოვიდოდა. წყალი გაიყვანეს ჭიათურაში და ჩემ გარეშე ამ ამბის აღნიშვნა არ გამოვიდოდა. მთელი ბავშვობა „ლახანკაში“ ვბანაობდი, „კრუშკით“ ვუსხამდით ერთმანეთს, ონკანში წყალი თვალით არ მქონდა ნანახი და ამ ამბავს – ჩემს ეზოში თითქოს ცისკარას წყალი წამოვიდა, როგორ გამოვტოვებდი. ჩავედი ჭიათურაში. ახლა უკვე ყველაფერი ტკბილად მახსენდება. დიდმა ქალაქმა ბევრი წარმატება და სიხარული მომიტანა, მაგრამ ჭიათურაშიც ბევრი ტკბილი წლები დამრჩა. სახლში მივაგენი ბებიაჩემისეულ ნიკელის უთოს, დედაჩემი წელი ეძებდა ამ უთოს და მე ვიპოვე. მივდექი-მოვდექი ეზოში, პატარა კოკროჭინა ჯაჯანიძე გავხდი.
– იმდენი ტელესახე წავიდა პოლიტიკაში, მომავალ არჩევნებზე მაჟორიტარ დეპუტატობას ხომ არ აპირებთ ჭიათურაში?
– ძალიან მალე 60 წლის ვხდები. რომ ვუყურებ, რა დღეში არიან პოლიტიკოსები, მე მათ ხვედრს ვერ გავიზიარებ. ამ ბოლო დროს ჩემი გატაცება სცენა გახდა – ეს ჩემი ძველი ოცნებაა. მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა, ჭიათურაში ძალიან კარგი თეატრი გვქონდა. თეატრი ჩემი სახლიდან შორის იყო, რკინიგზის ლიანდაგებით უნდა გევლო, რომ იქამდე მისულიყავი. ამ გზას ხშირად გავდიოდი იმ ოცნებით, რომ ოდესმე ამ თეატრის მსახიობი ვიქნებოდი. ყველა ბავშვის ცხოვრებაში ხომ არსებობს კეთილი ზღაპარი, ეს იყო ჩემი ზღაპარი და ავისრულე. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ჭიათურის თეატრის სცენაზე მოვხვდი. სკოლაში ძალიან ცუდად ვსწავლობდი. როგორც ოროსანი მოსწავლე, ბოლო მერხზე ვიჯექი. ვიყავი წყნარი, ჩუმი, საწყალი ბავშვი. ერთ დღეს გაკვეთილზე უცხო მამაკაცი შემოვიდა, თბილისიდან იყო ჩამოსული. პატარა გოგოს და ბიჭს ვეძებთ სპექტაკლისთვისო – უთხრა მასწავლებელს. იმ წამებში პირველად განათდა რაღაც ჩემს ცხოვრებაში. მერხზე ხელები დავაწყე, ვუყურებ, ვუყურებ ჩემს ხელებს და ვფიქრობ: აი, ახლა დადგა მომენტი, როცა უნდა გადარჩე. ამ კაცმა შემომხედა და დაფასთან გამიყვანა. მოულოდნელად მე, სრულიად მუნჯი ბავშვი, ავჭიკჭიკდი. მასწავლებელმა გაოცება ვერ დამალა, უი, ჯაჯანიძემ ხმა ამოიღოო, – თქვა. ამ დროს კლასში დამრიგებელი შემოვიდა, რაშია საქმეო, იკითხა. რომ გაიგო, რომ როლისთვის მე შემარჩიეს, მხრებზე ხელი მომკიდა, წამიყვანა და ისევ მერხთან დამსვა. მიუტრიალდა სტუმარს და უთხრა: მე მყავს სხვა ბიჭი, სასწაული ბავშვიაო და არჩევანი გააკეთა ჩემს კლასელზე, რომელიც ხუთოსანი იყო. მაშინ დამთავრდა ჩემი ერთწამიანი ბედნიერება. იმ დღეს მოხდა ყველაფერი ერთად. ჩემ ნაცვლად როლზე აყვანილი ბიჭი მეორე დღეს თეატრში დაიბარეს. დილა გათენდა და მეც წავედი თეატრში, ახლაც არ ვიცი, რამ მიბიძგა, რა ძალა მეყო. თეატრში, იქვე, ჩემთვის მიყუჟული დავდექი. ჩემი კლასელები სცენაზე აიყვანეს და მოაყოლეს ისტორიები, თითოეულს ორი ამბავი უნდა მოეყოლა. ამ დროს გვერდით ამომიდგა ერთი კაცი, მერე გავიგე – ეს იყო კაკო მიშველაძე, მობუზული რომ დამინახა, შევეცოდე და თქვა: ავიდეს ეს პატარა ბიჭიც და თავისი ამბავი მოყვესო. ავედი სცენაზე და მოვყევი, როგორ გაგიჟდა დედაჩემი, როგორ დააბეს და წაიყვანეს საავადმყოფოში, როგორ ვერ მცნობდა და როგორი უბედური ვიყავი. ისეთი ტირილი დავიწყე, ხმას ვერავინ იღებდა. ამოვიდა თბილისელი სტუმარი სცენაზე, გულში ჩამიკრა და მკითხა, დედა როგორ არისო, ცრემლი მოვიწმინდე და ვუთხარი, დედა კარგად არის, ეს ისტორია მე მოვიგონე-მეთქი. როლზე მე დამამტკიცეს. უნდა მეთამაშა ცნობილი კანონიერი ქურდის, საშკა ჩერქეზის ბავშვობა, „მონანიების“ მიხედვით. ამ სპექტაკლის აფიშა დღემდე მაქვს შენახული. ეს იყო ჩემი ცხოვრების გარდამტეხი ეპიზოდი. სწავლაც დავიწყე, კარგი მოსწავლე გავხდი. როდესაც თბილისში ჩამოვედი, მსახიობობა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ტანად პატარა რომ ვიყავი, დამიწუნეს და კინორეჟისურაზე ჩავირიცხე. ეს წლები სულ მქონდა მსახიობობის ნოსტალგია. ახლა ეს ოცნება ამიხდა. ემიგრანტების მხარდასაჭერად კულტურის სამინისტრომ და მერიამ საინტერესო პროექტი დაიწყო, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. გია მარღანიას მიუზიკლ „კონკიაში“ მეფისა და მთხრობელის როლს ვასრულებ. ჩემი თამაშითა და ცეკვით აღფრთოვანებულები არიან. როგორც კი კორონავირუსი დასრულდება და ეს, იმედი მაქვს, მალე მოხდება, ამ სპექტაკლებით მთელი მსოფლიო უნდა შემოვიაროთ. ქართულ ტელესივრცეში ისე ინტენსიურად, როგორც მე ვაშუქებდი ემიგრანტების თემას, არავის გაუშუქებია, ძალიან მიხარია, რომ

ემიგრანტებთან ხელცარიელი აღარ ჩავალ. სპექტაკლს ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩავიტანთ და ჩვენს ემიგრანტებს გავახარებთ.
– კორონავირუსის რთული პერიოდი როგორ გადაიტანე?
– თავიდან მქონდა სტრესი, მაგრამ ეს ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა.

ვმუშაობდი, ვწერდი გადაცემებს, უფრო პოზიტიურს, რომ სახლში დარჩენილი ადამიანებისთვის მეტი სიხარული და მხიარულება მომეტანა. სახლში ყოფნა ცუდი სულაც არ იყო. მოვიცალე იმისთვის, რისთვისაც არასდროს მეცალა. ვწერდი, ვმუშაობდი წიგნზე, ვაკვირდებოდი ადამიანებს და საინტერესო აღმოჩენები გავაკეთე, ვკერავდი ძალიან მაგარ რამეებს. ვუვლიდი ჩემს ეზოს, ქათმებს.

მყავს იაპონური დედალ-მამალი. ერთი ქათამი 6 კვერცხზე ზის და ერთი სული მაქვს, როდის გამოიჩეკებიან პაწია იაპონური წიწილები. ზუგდიდში მაჩუქა პატარა საყვარელმა გოგომ ქათმები. გურიაში თხები მაჩუქეს, დეიდაჩემთან სოფელში წავიყვანე, ველოდები, როდის დამაკდებიან. გული მწყდება, ეზოში კვერნა შემომეჩვია და ჩემს დედალს თავი მოაჭამა, 10-კილოიანი ქათამი მომიკლა. ბოლო დროს დიდი მეურნე გავხდი. მინდა, ფერმერობაც დავიწყო, მოვაშენო ცხოველები. სადმე სოფელში, ლამაზ სახლში ვიცხოვრებ, ჩემს მოყვანილ, ეკოლოგიურად სუფთა საკვებს შევჭამ. ვიქნები პენსიონერი ფერმერი. არ დავიმსახურე მშვიდი პენსიონერული ცხოვრება?! უხუცესი წამყვანი ვარ, დღეს ქართულ ტელესივრცეში ჩემზე დიდი ასაკის წამყვანი არავინ არის. რამდენიმე წელიწადში დავისვენებ. წამოვწვები მეფურ სავარძელში, შემოვიხვევ პლედს და მოვიგონებ ჩემს მრავალფეროვან ფერად, კეთილ და სიყვარულით სავსე წარსულს, რომელშიც ბევრი ლამაზი დღე და წუთი იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი