პოლიტიკა

რა განსხვავებაა რეალურსა და საჯარო პოლიტიკას შორის და რატომ იღებენ ადამიანები პოლიტიკოსების ნათქვამს ჭეშმარიტებად

№32

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 20.08

ვაკა გორგილაძე
დაკოპირებულია

არსებობს რეალური პოლიტიკა და არსებობს საჯარო პოლიტიკა, რომელიც უმეტესწილად განსხვავდება რეალური პოლიტიკისგან და პოლიტიკოსების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიზანი სულაც არ არის საზოგადოებისთვის ნამდვილი ინფორმაციის მიწოდება, უფრო საზოგადოების მართვაა სასურველი აზრების მიმართულებით. მაგრამ, განსაკუთრებით, ქართველი საზოგადოება საკმაოდ მგრძნობიარედ რეაგირებს ამ ტიპის განცხადებებზე: ნერვიულობით დაწყებული და ერთმანეთის სიძულვილით დამთავრებული, მაშინ, როდესაც მიზანი საზოგადოებით მანიპულაციაა. ვალერიან გორგილაძესთან ერთად ვიმსჯელებთ საჯარო და რეალური პოლიტიკის შეხების წერტილებსა და განსხვავებებზე.

– რეალური პოლიტიკა და საჯარო პოლიტიკა არ გამორიცხავენ ერთმანეთს. უბრალოდ, რეალური პოლიტიკა არის პრაგმატული, რაციონალური პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის გეოპოლიტიკური და ეროვნული ინტერესების დაცვას. საჯარო პოლიტიკა არის ის, რასაც პოლიტიკოსები საჯაროდ ამბობენ და საჯაროდ პოზიციონირებენ. საჯარო პოლიტიკა შეიძლება, იყოს შირმა გეოპოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად. ანუ პოლიტიკოსი შეიძლება, საჯარო პოლიტიკაში არ ამბობდეს იმას, რის განზრახვაც აქვს და როგორც წესი, ასეც ხდება ხოლმე. პოლიტიკოსები, ჩვეულებისამებრ, რიტორიკის მეშვეობით, უბრალოდ, მალავენ რეალურ განზრახვას. ეს ძალიან მარტივი რამაა.

- დიახ, მაგრამ ჩვენთან, ფაქტობრივად, ძალიან დიდ კატაკლიზმებს იწვევს, რადგან ძალიან ადვილია საზოგადოებისთვის ნებისმიერი სიყალბის შესაღება, რასაც „ფეიქებს“ უწოდებენ. მხოლოდ ჩვენ გვახასიათებს მსგავსი ინფანტილიზმი?

- აი, ეს უკვე აუდიტორიის პრობლემაა. ესე იგი, აუდიტორიის უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას, არ ინტერესდება მოვლენებით, არ კითხულობს ან, მეორე მხრივ, ხომ ვიცით, რომ ჩვენთან პრობლემაა ტექსტის წაკითხვაც კი და ბევრად უფრო დიდი პრობლემებია ტექსტიდან აზრის გამოტანასა და აზრის გადმოცემაში. შემხვდა „რილსი“, რომელშიც ბრედ პიტი დაახლოებით ასეთ რამეს ამბობს, როდესაც მთხოვენ პოლიტიკურ შეფასებას, მე, ვისაც რეჟისორი მეუბნება – როგორ უნდა ვთქვა ესა თუ ის ტექსტი, სცენარისტი მეუბნება – რა იგულისხმება ამა თუ იმ ფრაზაში, ოპერატორი მეუბნება – როგორ უნდა შევხედო კამერას, ვინ მეკითხება და რა ვიცი მე პოლიტიკის. ანუ აუდიტორიის უმრავლესობას მიაჩნია, რომ იცის პოლიტიკა და კომპეტენტურია, არადა პოლიტიკა არის მეცნიერება, რასაც შესაბამისი ცოდნა სჭირდება. მაგალითად, არავის ჰგონია, რომ ერკვევა სტომატოლოგიაში. ბრედ პიტის მაგალითი იმიტომ მოვიტანე, რომ ჩვენთან აქტუალურია მსახიობების, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების აზრები, მაშინ, როდესაც ეს არის ადამიანების კატეგორია, რომლებსაც ყველაზე ნაკლებად შეიძლება, დაეჯერებოდეს, ვინაიდან მათი კომპეტენცია პოლიტიკაში არის ნულოვანი. არა იმიტომ, რომ დაბალი ინტელექტი აქვთ, არამედ იმიტომ, რომ შორს არიან საზოგადოებრივი მეცნიერებისგან, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისგან. თუმცა პოლიტიკა არის მეცნიერება, რომლის იდენტიფიცირება შეუძლებელია: პოლიტიკოსის დიპლომი არ არსებობს. არც ერთი უმაღლესი სასწავლებელი – არც დასავლეთში და არც აღმოსავლეთში – არ გასცემს დიპლომს სპეციალობით: პოლიტიკოსი. და არა იმიტომ, რომ ეს დარგი ჩამოუყალიბებელი ან მარტივია, პირიქით, იმდენად ურთულესი დარგია, რომ მისი ვერიფიცირება ვერ ხდება. პოლიტიკში ბევრი რამ დამოკიდებულია ინტუიციაზე, ლიდერის თვისებაზე, სხვადასხვა დარგის ცოდნაზე: იქნება ეს იურისპრუდენცია, სოციოლოგია, პოლიტოლოგია, ეკონომიკა, ფსიქოლოგია.

– ისტორია.

– რა თქმა უნდა, ისტორია და ლიტერატურა. ბევრი რამის ცოდნა გჭირდება, ამიტომაც, რაც გვესმის ხოლმე, არის მოვლენების დილეტანტური შეფასება და ხშირად აბსოლუტური არცოდნა, განსაკუთრებით, ისტორიის. რადგან, რაც ახლა ხდება მსოფლიოში, ეს ხდებოდა. ისტორიას ციკლურობა ახასიათებს და გეოპოლიტიკაც არსებითად არ იცვლება. ანუ არის ქვეყნები, ამ ქვეყნებს აქვს თავისი ინტერესები და ამას ემატება ელიტების თეორიაც და არც ეს ელიტები იცვლებიან რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. ამდენად, როდესაც დასკვნა გამოგაქვს პოლიტიკოსის საჯარო რიტორიკიდან, ეს ძალიან მიამიტური და პრიმიტიული მიდგომაა. მთავარია, დააკვირდე რეალურ მოქმედებებს. ტრამპის საჯარო განცხადებით, მან ორი ბირთვული წყალქვეშა გემი გაგზავნა რუსეთის დასაკვირვებლად და ამ დროს დასანქცირებული რუსი ჩინოსანი, „როსკოსმოსის“ ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი, ჩადის შტატებში და ელაპარაკება ამერიკელებს ერთობლივ პროექტებზე. ან რუსეთს ემუქრებიან მეორეული სანქციებით, უკვე დაწესებული აქვთ რამდენიმე ათასი სანქცია მისთვის და ამის მიუხედავად, სავაჭრო მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

– რამდენი შემთხვევა იყო, როდესაც დასანქცირებულ რუსულ ბანკებს მოუხსნეს სანქციები, რომ ფული გადაერიცხათ და რაღაც შეეძინათ, ანალოგიური რამ გამხორციელდა ირანთანაც. ამ დროს კი ჩვენთან ლამის დახოცონ ერთმანეთი, დასავლეთია ანგელოზი თუ რუსეთი.

– დიახ და რაც მთავარია, როდესაც პოლიტიკოსებს უსმენ, ხომ უნდა შეადარო მათი ნათქვამი არსებულ ვითარებას?! მაგალითად, სამხედრო თვალსაზრისით, დღეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში. რუსული ჯარი არა მხოლოდ დონბასს იკავებს სრულად, არამედ გზა ეხსნება დნეპრამდე. ან რა აზრი აქვს მაკრონის რიტორიკას, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი დღეს არის მსოფლიო ლიდერი, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს საფრანგეთში – 17-დან 19 პროცენტამდე ან რატომ უნდა მოვუსმინო ურსულა ფონ დერ ლაიენის საჯარო განცხადებებს, როდესაც ტრამპმა ის დაამცირა, როდესაც ევროკავშირს ცალმხრივად დაუწესა 15-პროცენტიანი საბაჟო გადასახადი. რა ფასი შეიძლება, ჰქონდეს ევროპის საჯარო რიტორიკას, როდესაც ვერ იცავენ თავიანთ კონტინენტს, მაშინ, როდესაც ორჯერ აღემატება ამერიკის მოსახლეობას ევროკავშირის მოსახლეობა. 15-პროცენტიან ტარიფსაც რომ თავი დავანებოთ, როდესაც იღებ ვალდებულებას, რომ 700 მილიარდი დოლარის ნავთობსა და ენერგომატარებლებს შეიძენ ამერიკელებისგან და გარდა ამისა, შეიარაღებასაც, ანუ საკუთარი მოსახლეობის დაცვაზე ამბობ უარს. და იმისთვის, რომ ხალხი გააჩერო, იგონებ ნარატივებს, რომ რუსეთი თითქოს მზად არის, დაიპყროს ნახევარი ევროპა. ყველა რუსეთის მოწინააღმდეგე პრაგმატული პოლიტიკოსი ამბობს, როდესაც რუსეთი მეოთხე წელია, ომობს უკრაინაში, ნახევარი ევროპის ან ევროპის რაღაც ნაწილის დაკავება არის ზღაპარი.

– ჩვენთანაც იოლად იჯერებენ ამ მოსაზრებას. არადა, ტერიტორიას რომ იპყრობ, ხომ უნდა მართო კიდეც? როგორ უნდა მართოს რუსეთმა დაპყრობილი ევროპა?

– თუ დავაკვირდებით, ჩვენთან მსგავსი რიტორიკის ავანგარდში არიან შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები. რატომღაც, ჰგონიათ, რომ ესმით პოლიტიკა. შეიძლება, მსახიობმა ჩაატაროს ქირურგიული ოპერაცია ან გახდეს ვინმეს ადვოკატი?!

ისევ საჯარო და რეალურ პოლიტიკას რომ დავუბრუნდეთ: მაგალითად, მელონი პოლიტიკაში მოვიდა სლოგანით – არც ერთი მიგრანტი იტალიაში, მაგრამ ვხედავთ, რომ მელონის მმართველობისას სამხრეთი იტალია იცლება იტალიელებისგან და ყველას შეუძლია, ნახოს, რას აკეთებენ მიგრანტები იტალიაში და როგორი დაუცვლელია იტალია. ზოგადად, მთელ ევროპაში მატულობს მიგრანტების რაოდენობა. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ყველა წარუმატებელი პოლიტიკოსი ძალიან აქტიურია საგარეო ვექტორზე, ანუ საგარეო აქტიურობით ცდილობენ იმ პრობლემების გადაფარვას, რაც ქვეყნის შიგნით აქვთ. ჯანდაცვისა და განათლების ხარჯები მცირდება და მილიტარიზაციის ხარჯები იზრდება, ამან შეიძლება, ხვალ-ზეგ იფეთქოს და ისეთი მასშტაბი მიიღოს, რაც დღეს წარმოუდგენელია. ჩვენთან კი ამბობენ, ნეტავ, ის პრობლემები გვქონდეს, რაც მათ აქვთო და ამითიც ვლინდება უცოდინრობა, მდაბიო სტერეოტიპული წარმოდგენები. ჩვენთან დაბალი კვალიფიკაციის პრობლემაცაა, ანუ ქართველები მაინც ძალიან ცოტას ვკითხულობთ და საბჭოთა კავშირის დროსაც ძალიან ცოტას ვკითხულობდით, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა განათლების სისტემა საკმაოდ მოწინავე იყო და ეს დღესაც ეტყობა რუსეთის ფედერაციის მოწაფეებს და, სხვათა შორის, ჩვენს მოწაფეებსაც, რომლებიც კომაროვის სკოლაში სწავლობდნენ და სწავლობენ. ისინი დღემდე იღებენ ოლიმპიადებზე მედლებს. მაგრამ ზოგადი განათლების დონის დაცემა ქვეყანას აშკარად დაეტყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

– მაგრამ, მე როგორც ვხედავ, არც ევროპაშია უკეთესი ვითარება, მოსახლეობა იქ ისეთ რამეებს იჯერებს.

– იქ უფრო უარესი მდგომარეობაა. იმიტომ რომ საინფორმაციო გავლენას, ცნებების დამკვიდრებას, მაგალითად, როგორიცაა ადამიანის უფლებები, შემდეგ – უმცირესობების უფლებები, შემდეგ – გენდერული თეორიები, „ელ გე ბე ტე“ თემები, დაახლოებით, 20-25-წლიანი ისტორია აქვს და ამ ნარატივში მათი ორი-სამი თაობაა გაზრდილი. ჩვენთან, უბრალოდ, არის თაობა, რომელმაც საბჭოთა კავშირიც ნახა და ესეც. ესეც გარკვეული ცენზია, გარკვეული გამოცდილება, თუმცა არის ძველი პარტიები, რომლებიც ამბობენ, ჩვენ საბჭოთა კავშირის დროს დავფუძნდით და უბრალოდ, ჩარჩენილები არიან ამ ტრენდში, ეს აქციეს რწმენად და უარს ვერ ამბობენ მასზე. ამიტომ ამერიკა ისევ უდიდესი დემოკრატია და ყველაფერში მართალია: ხიროსიმაში რომ ატომური ბომბი ჩამოაგდო, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ამაშიც მართლები იყვნენ; ვიეტნამში რომ ამოჟლიტეს 3 მილიონი ადამიანი, ამაშიც მართლები იყვნენ, მაგრამ, რუსეთმა რომ ჩათვალა, რომ მისი მოსაზღვრე ტერიტორია არ უნდა იყოს მისადმი მტრული, ეს ბოროტების იმპერიაა. კუბაზე რომ ბირთვული იარაღი განათავსა იდიოტმა ხრუშჩოვმა, კენედიმ ლამის მესამე მსოფლიო ომი დაიწყო. მაგალითად, პოლიტოლოგიის ამერიკულ სახელმძღვანელოში წერია, რომ სამხედრო კონფლიქტებისა და გადატრიალებების 90 პროცენტი ამერიკელების მოწყობილია. როდესაც ისტორიას უყურებ თეთრსა და შავ ფერებში, ხარ სრული იდიოტი. ჩერჩილს აქვს ნათქვამი, რომ ქვეყანას არ შეიძლება, ჰყავდეს მუდმივი მეგობრები, აქვს მუდმივი ინტერესები. შენ გეცვლება მოკავშირეები, ორიენტაციები, იმისდა მიხედვით, თუ როგორ იცვლება მსოფლიო ისტორიის კონტექსტი, რა გამოწვევებს აჩენს გამოცდილება და ისტორიის მსვლელობა. ამდენად, დამკვიდრებული მოსაზრება, რომ ერთი დემონია და მეორე – ანგელოზი, არის იდიოტობა. მაშინ, როდესაც ანგელოზი ევროკავშირი ძარცვავდა მთელ მსოფლიოს და ახლა კი იხდიან ხარკს ყველა ყოფილ კოლონიაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა