პოლიტიკა

რა განსხვავება და მსგავსებაა დიდ შვიდეულსა და ბრიქსს შორის და შეძლებს თუ არა ბრიქსი დოლარის ჰეგემონობის დასრულებას

№40

ავტორი: ნინო ხაჩიძე 19:00 10.10

სოსო არჩავაძე
დაკოპირებულია

კარგა ხანია, გვესმის ბრიქსის შესახებ, რომელიც არც თუ დიდი ხნის წინათ შეიქმნა და მისი დასახელება პირველი წევრი სახელმწიფოების სახელწოდების პირველი ასოებისგან შედგება (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა), 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ბრიქსის წევრები არიან: ეგვიპტე, ირანი, ეთიოპია, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები. ასევე, კიდევ 24 ქვეყანას აქვს შეტანილი განაცხადი ბრიქსის წევრობაზე (ჩვენმა მეზობლებმა, აზერბაიჯანმა და თურქეთმაც, გამოთქვეს სურვილი). ხოლო 22-24 ოქტომბერს ყაზანში ბრიქსის მორიგი სამიტი გაიმართება, რომელზეც მიწვეული ქვეყნის ლიდერები (20-მა უკვე ოფიციალურად დაადასტურა მონაწილეობა), მათ შორის, დოლარზე უარის თქმაზეც იმსჯელებენ. რა გაერთიანებაა ბრიქსი, როგორია მისი მომავალი, წონა და ადგილი მსოფლიოში? – ამ თემას ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ.

– შეიძლება, რომ ეს გაერთიანება, ბრიქსი, ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდეს?

– ეს, ფაქტობრივად, იმის გამოძახილია, რომ მსოფლიოში ტერიტორიული და ბლოკური ნიშნით დაყოფის პროცესი დაიწყო. ჰიპერგლობალიზაციის პროცესი, რომელშიც აშკარად დომინირებდნენ დასავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, შეცვალა დეგლობალიზაციამ, მაგრამ ეს არის არა უკუქცევა, არამედ გარკვეულწილად ბლოკებისა და ინტერესების მიხედვით საკლუბო ქვეყნების დაჯგუფება, ერთგვარი თემატური ერთიანობაა.

– თემატურია, დიახ, იმიტომ რომ არც ტერიტორიულია და არც ცივილიზაციური.

– თემატურია აშკარად და ემსახურება გარკვეული ინტერესების გატარებას. ეს არ არის მკაცრად სისტემატიზებული და ორგანიზებული გაერთიანება, სადაც სავალდებულო წესითაა შესასრულებელი დირექტიული გადაწყვეტილება, მაგალითად, როგორც ევროკავშირში. ბრიქსი უფრო ინტერესთა თანხვედრას გამოხატავს და რეალურად კონსენსუსის საფუძველზე ფუნქციონირებს. ესაა მისი სიძლიერეც და სისუსტეც.

– G7 არ მოქმედებს კონსენსუსით?

– იქაც ასეთი პრინციპია, მაგრამ ეკონომიკური განვითარების დონე და ინტერესთა თანხვედრა დიდ შვიდეულში გაცილებით მაღალ დონეზეა და ბევრი საკითხის შეთანხმება ავტოპილოტზეა დამყარებული. ბრიქსში კი კონსენსუსური გადაწყვეტილება გარე გამოწვევების მიხედვით მიიღება. არც პირდაპირი შედარება გამოვა დიდ შვიდეულთან, იმიტომ რომ, ეკონომიკური განვითარებით, დიდი შვიდეული გაცილებით ერთგვაროვანი და წინწასულია. განსხვავება დიდი შვიდეულის ყველაზე მდიდარ და ყველაზე, პირობითად, ღარიბ ქვეყანას შორის, დაახლოებით, 35 პროცენტია, ანუ, მოსახლეობის ერთ სულზე მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტით, ეროვნული პროდუქტი იაპონიაში, როგორც, პირობითად, ღარიბ ქვეყანაში, არის აშშ-ის ორი მესამედის დონეზე, ხოლო ბრიქსში, თუ 5 წევრისგან შემდგარ გაერთიანებას ავიღებთ, ყველაზე მდიდარ რუსეთსა და ყველაზე ღარიბ ინდოეთს შორის იგივე მაჩვენებელი 26 პროცენტია, ხოლო, თუ ახლად შეერთებულ წევრებსაც მივუმატებთ, მაგალითად, გაერთიანებული საემიროები, მოსახლეობის ერთ სულზე მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტით, აშშ-საც კი უსწრებს. აი, ეთიოპია კი უღარიბესი ქვეყანაა და მათ შორის თანაფარდობა იქნება მხოლოდ 4 პროცენტი. ანუ ბრიქსის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დონე აბსოლუტურად განსხვავებულია, თუმცა დღეისთვის ბრიქსზე მოდის მსოფლიო ტერიტორიის, დაახლოებით, 28 პროცენტი, მაშინ, როდესაც დიდ შვიდეულზე – მხოლოდ 14 პროცენტი. მოსახლეობის მიხედვით, ბრიქსზე მოდის დედამიწის მოსახლეობის 42 პროცენტი, დიდ შვიდეულზე – დაახლოებით 10 პროცენტი, ხოლო გლობალური ეკონომიკის მიხედვით, ბრიქსი არის, დაახლოებით, 31 პროცენტი, ხოლო დიდი შვიდეული – 29 პროცენტი.

– თუ ბრიქსს სხვა ქვეყნებიც დაემატებიან, ეს განსხვავებებიც ხომ უფრო გაიზრდება?

– დიახ, მაგრამ მოსახლეობის რაოდენობით ბრიქსი იმდენად უსწრებს დიდ შვიდეულს, რომ, დაახლოებით, 2.9-ჯერ მეტია მოსახლეობის ერთ სულზე დოვლათის წარმოება დიდ შვიდეულში და ეს ვლინდება სხვადასხვა ინდიკატორებში, მაგალითად, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით ელექტროენერგიის მოხმარებაში. ესეც ცხოვრების დონისა და ხარისხის მაჩვენებელია. დიდ შვიდეულში 7-ჯერ უფრო მეტია დენის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე, ვიდრე ბრიქსში და ესეც ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია. თუმცა მათ შორის მსგავსებაცაა: თითოეულ ბლოკს თავისი უპირობო ლიდერი ჰყავს. ბრიქსისთვის ეს არის ჩინეთი, დიდი შვიდეულისთვის – ამერიკის შეერთებული შტატები. კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაციაა, რომ, განსაკუთრებით, კოვიდპანდემიის შემდეგ ბრიქსზე მოდის გლობალური ეკონომიკის მატების თითქმის სამი მეოთხედი. შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება დიდი შვიდეული. მაგრამ დიდი შვიდეული ბრიქსის ქვეყნებს უსწრებს მილიტარისტული ხარჯებით. მსოფლიოში, ბოლო მონაცემებით, წელიწადში სამხედრო დანიშნულების ხარჯების მთლიანი მოცულობაა ორ-ნახევარი ტრილიონი დოლარი. ამის 50 პროცენტზე ოდნავ მეტი მოდის დიდ შვიდეულზე, არადა მისი მოსახლეობა დედამიწის მოსახლეობის 10 პროცენტამდეა, ხოლო ბრიქსის ქვეყნებზე, დაახლოებით, 32 პროცენტი, დანარჩენი მსოფლიოს ხარჯები კი 17 პროცენტია.

– შეიძლება, მილიტარისტული ხარჯები მეტია დიდ შვიდეულში, მაგრამ, თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ს მოუწევს, რამენაირად შეაკავოს ჩინეთის შეიარაღების ზრდის პოტენციალი, იმიტომ რომ მისი მარაგები გადაუსწრებს ერთად აღებულ აშშ-ისა და რუსეთის ბირთვულ მარაგებსო.

– ჩინეთის ეკონომიკის მოცულობა, თუ ვალუტის ოფიციალური კურსით დავთვლით, ჯერ კიდევ ჩამორჩება ამერიკისას, მაგრამ მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტით მნიშვნელოვნად უსწრებს და ეს ვლინდება სამხედრო ხარჯებშიც. ესე იგი, ოფიციალური კურსით, ჩინეთის სამხედრო ხარჯები 300 მილიარდ დოლარამდეა, 296 მილიარდია, მაშინ როდესაც ამერიკის – 916 მილიარდია, მაგრამ, თუ მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტით დავითვლით, ეს თანხა ჩინეთისთვის ადის 430 მილიარდ დოლარამდე, ხოლო, თუ ამას დავუმატებთ რუსეთის მიერ სამხედრო ხარჯების ზრდას, განსაკუთრებით, უკრაინასთან ომის ფონზე, ეს საკმაოდ დიდი თანხა გამოდის. ამასთან, ამერიკის შემდეგ მეორე-მესამე-მეოთხე ადგილებს ბრიქსის ქვეყნები იკავებენ: ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი. ამდენად, ესეცაა მხედველობაში მისაღები.

– ბრიქსში არიან ნავთობის მომპოვებელი ქვეყნები, რომლებიც ნავთობის ფასის დადგენაში იღებენ მონაწილეობას, იქვეა ირანიც, რომელსაც აქვს ნავთობი, მაგრამ სანქციების გამო ოფიციალურად ვერ ყიდის, თუმცა ბრიქსის ფარგლებში შეეძლება. დოლარზე უარის თქმა როგორ იმოქმედებს დოლარზე?

– არ მგონია, უახლოესი წლების განმავლობაში რამე საფრთხე შეექმნას დოლარის ჰეგემონობას, თუმცა მისი მიმოქცევის არეალი შეიზღუდება. მსოფლიო ანგარიშსწორების სამი მეოთხედი მოდიოდა დოლარზე, დანარჩენი – ევროვალუტასა და იაპონურ იენებზე, ეს მაჩვენებელი შესაძლოა, შემცირდეს რამდენიმე პუნქტით, მაგრამ დოლარის აბსოლუტურ ჰეგემონობას საფრთხე ვერ შეექმნება. სხვათა შორის, მცდელობა, რომ დოლარის გარეშე ივაჭრონ, პირველი არ არის და ცივი ომის პირველ ეტაპზე, სტალინის მმართველობის გვიანდელ პერიოდში, იყო მსგავსი მცდელობა. კერძოდ, 1952 წლის 3 აპრილიდან 12 აპრილამდე მოსკოვში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური თათბირი, რომელზეც საბჭოთა კავშირმა და ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭომ წამოაყენეს ტარიფებისა და ვაჭრობის გენერალური შეთანხმების წინადადება, რომ ამერიკის დომინირების საპირწონედ შექმნილიყო საქონლისა და მომსახურების კაპიტალდაბანდების საერთო ბაზარი, რომელიც არ იქნებოდა მიბმული დოლარზე. მიაქციეთ ყურადღება, ეს არის 1952 წელი, ანუ საერთო ევროპული ბაზრის შექმნამდე, დაახლოებით, 5 წლით ადრე იდგა ეს საკითხი. უნდა შემდგარიყო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები, საბაჟო და საკრედიტო შეთანხმებები, დაწესებულიყო საქონლის კვოტირება. მნიშვნელოვანი ღონისძიებები იგეგმებოდა. ამ თათბირს ესწრებოდა 49 ქვეყნის თითქმის 700 წარმომადგენელი, მათ შორის, ისეთი ქვეყნებიდანაც, რომლებიც „ნატოს“ წევრებიც იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, დანია და ასე შემდეგ. ხელი მოეწერა 60-მდე ხელშეკრულებას, მაშინდელი 200 დოლარის ეკვივალენტი თანხით, მაგრამ, ახლანდელი კურსით, ეს დაახლოებით სამი მილიარდი დოლარის ოდენობის თანხაა. ხოლო მომდევნო წელს იგეგმებოდა ამ შეხვედრის გაგრძელება ჩინეთში: უნდა ჩატარებულიყო მეორე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია, რომელსაც უფრო სერიოზული ინტერესით ელოდებოდნენ არა მარტო საბჭოთა კავშირის სატელიტები, არამედ დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებიც. მოსამზადებელი თათბირები ჩატარდა ფილიპინებში, მანილაში, 1953 წლის 23 თებერვლიდან 4 მარტამდე, მაგრამ სტალინის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო, ეს პროცესი აღარ განვითარდა, თორემ დაგეგმილი იყო, რომ იმ წელს ჩატარებულყო მოსამზადებელი შეხვედრები ირანში, ეთიოპიაში, არგენტინასა და ჰელსინკში. ძალიან სერიოზული პერსპექტივები ჩნდებოდა დოლარის საპირწონედ, მაგრამ სტალინის გარდაცვალებამ და საბჭოთა ხელმძღვანელობის შიდა პოლიტიკურმა გარჩევებმა სხვა პრიორიტეტები წამოწია წინა პლანზე და ამ მიდგომას წერტილი დაესვა.

– აშკარად ისევ სტალინის მეთოდებს იყენებენ, თითქმის იგივე ქვეყნებია ბრიქსის პირველ ხუთეულში?

– ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია და კონფრონტაციის გაძლიერების პირობებში ჯერ საბჭოთა კავშირის, ახლა კი რუსეთის მხრიდან არის ინიციატივა, რომ გარკვეული ეკონომიკური და ფინანსური საპირწონე ბერკეტი შეიქმნას, რომ შემცირდეს, შეიზღუდოს ამერიკისა და, საერთოდ, დასავლეთის დომინაცია მსოფლიო ეკონომიკურ ურთიერთობებში. იქნება თუ არა ეს მცდელობა წარმატებული, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა საუბარია, რომ 20-ზე მეტ სახელმწიფოს აქვს ბრიქსში გაწევრიანების განაცხადი შეტანილი, მაგრამ, რადგან ყოველი ახალი წევრის მიღება კონსენსუსზეა დამყარებული, ოპერატიულობა შეზღუდულია, მაგრამ მსურველებთან იქნება პარტნიორული ურთიერთობა. მათ ეწოდებათ პარტნიორული ჯგუფი, რომ კოორდინაციაში იყვნენ ბრიქსის ბირთვთან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა