პოლიტიკა

რა ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის საქართველოს ირანში ნავთობის საცავებისა და ნავთობგადამამუშავებლების აფეთქება

№11

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:11

ნინო ჩხობაძე
დაკოპირებულია

ერთი პრობლემაა, რომ საწვავის და, ზოგადად, ენერგომატარებლების ფასი იმატებს და მეორე და უფრო მნიშვნელოვანი, რომ იმავე ირანის ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის ტერმინალები იწვის და ჰორმუზის სრუტეშიც არსებობს ნავთობის ჩაღვრის საფრთხე. როგორ გავლენას იქონიებს ეს საფრთხეები ეკოლიგიაზე, მით უფრო, რომ ირანი საკმაოდ ახლოსაა ჩვენთან, ხუთი ასეული კილომეტრიც კი არ აშორებს. ამ თემაზე აზრი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელს – ნინო ჩხობაძეს ვკითხეთ.

– როგორია მიმდინარე და მოსალოდნელი მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარი და როგორ აისახება ჩვენს რეგიონზე?

– ჩვენს რეგიონზე ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვიტყვით, სანამ ბოლომდე არ შეჯამდება ყველა მონაცემი, იმიტომ რომ დაბომბვები გრძელდება. შესაბამისად, ჩვენ ინფორმაცია მხოლოდ პრესიდან გვაქვს. რაც შეეხება ჰორმუზის სრუტეს: საკმაოდ ძლიერ ქვეყნებს გაჰქონდათ ნავთობი და მათ ყველას აქვთ შესაბამისი დამცავი სისტემები, ანუ ნავთობის ტანკერიდან დაღვრის შემთხვევაში არსებობს დამცავი სისტემები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ამუშავებულია მაქსიმალურად. ჩაღვრილი ლაქა არ გაჟონავს ისე, რომ ვერ მოახდინონ მისი ლიკვიდაცია, თუმცა ჯერჯერობით ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. უბრალოდ, ვიცით, რომ მათ ეს სისტემები აქვთ. ეს საკმაოდ ძვირად ღირებული სისტემებია და ვიცით, რომ ყველა ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს. იგივე სისტემები არსებობს შავ ზღვაზეც და რუსეთ-უკრაინის ომმაც გვიჩვენა, რომ ეს სისტემები მეტ-ნაკლებად მუშაობს. რუსეთის ტერიტორიაზეც იმუშავა. საქართველოსაც აქვს ეს სისტემები, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მზადყოფნაშია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ჯერჯერობით არაფერი გვემუქრება. ზოგადად, ყველა ქვეყანას, რომლებიც ტურისტულ მექად მიიჩნევა, აქვს ეს სისტემები და ჯერჯერობით დაღვრაზე გარემოს დამცველებიც არაფერს ამბობენ, მაგრამ საფრთხე მაინც მაღალია და ყველა მოლოდინის რეჟიმშია. მე უფრო მაფიქრებს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების აფეთქება, ძალიან დიდი კვამლი მოდის, თუმცა კვამლის საქართველოში შემოღწევა დამოკიდებულია ჰაერის მასების მოძრაობაზე. ასე მარტივად არ შემოვა. ვიცი, რომ შესაბამისი სისტემები მუშაობს იმის დასადგენად, თუ საითკენ დაუბერავს ქარი ამ მომენტში და საიდან საით იქნება კვამლის გავრცელების არეალი. ამას მუდმივი დაკვირვება სჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ დაკვირვების რეჟიმიც ჩართულია.

– რას შეცვლის დაკვირვების რეჟიმი? ვთქვათ, დავაკვირდი და აქეთ წამოვიდა, ჯვარი გვწერია, რა უნდა იღონო?

– უნდა გააფრთხილო მოსახლეობა, როგორ მოიქცეს. ეს ცალკე თემაა და არ მინდა ამაზე საუბარი, რომ ჩვენი მოსახლეობა არ დავაშინო, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ეს ყველაფერი გაწერილია. ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე ავარიდოთ.

– ნავთობტანკერებს აქვს დაცვის სისტემებიო. რომ ავუხსნათ მკითხველს, როგორ მუშაობს ეს სისტემები?

– დაახლოებით, ისეთივე სისტემაა, როგორიცაა წინასწარი გაფრთხილების სისტემა. ყველა გემი, ყველა პორტი აღჭურვილია შესაბამისი დანადგარებით. ასევე, არის სპეციალური პატარა გემები, რომლებიც ჩაღვრილი ნავთობის ლოკალიზაციას ახდენს საჭიროების შემთხვევაში. მარტივად რომ ვთქვა, ხდება ჩაღვრილი ნავთობის ლოკალიზება, რომ არ გაიფანტოს წყალში და შემდეგ ხდება მისი ამოღება.

– ძალიან ბევრი თუ ჩაიღვარა და მსგავსი ძალიან ბევრი კერა შეიქმნა?

– ყველა ცდილობს, რომ ეს არ მოხდეს, უბრალოდ, ძალიან არ უნდა გაიფანტოს, იმიტომ რომ შემდეგ პრობლემას უქმნის წყლის ფაუნას. ვიმეორებ, ამ ქვეყნებს გააჩნია ეს დამცავი სისტემები.

– გავრცელდა ცნობა, რომ ირანში აფეთქებების შედეგად ნავთობი კომუნალურ სისტემებში მოხვდა.

– ირანსაც აქვს გამწოვი ნაგებობები და ისევ და ისევ არსებობს გაფრთხილების მექანიზმი, რომელიც მოსახლეობას მიეწოდება. არის გაწერილი ოქმები, ასეთი ოქმები ჩვენთანაც არის. ვიმეორებ, ჩვენ ჯერჯერობით საფრთხე არ გვემუქრება და დამოკიდებულები ვართ ქარის მიმართულებაზე.

– რამდენხნიანი ვადა აქვს ამ დაბინძურებას, რა დროში გაიფანტება, მიუხედავად იმისა, ქარი ჩვენკენ დაუბერავს თუ არა?

– ერთი თვე, ზოგჯერ მეტი.

– რომ აფეთქდეს რამე ბირთვული ობიექტი, ისევ ქარის მიმართულებაზეა დამოკიდებული ჩვენი უსაფრთხოება? სიახლოვე ირანთან არ არის საშიში?

– დიახ, ისევ ქარზეა დამოკიდებული, საით წავა ღრუბელი. ჯერჯერობით საფრთხე არ გვემუქრება, იმიტომ რომ ყველაფერი მუდმივი კონტროლის ქვეშ არის. ატომურმა სააგენტომ გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება, მათი ექსპერტები მუდმივად აკვირდებიან ბირთვულ სადგურებს.

– ესე იგი, გარემოზე ზემოქმედების საფრთხეს ქმნის მხოლოდ ნავთობი და ბირთვული ობიექტები? ჩვეულებრივი რაკეტები, თუნდაც, ბალისტიკური?

– მეზობელ ქვეყნებს საფრთხე ემუქრება, თუ ჩატარდა ტერორისტული აქტები და ირანმა გამოიყენა, ეგრეთ წოდებული, ბინძური ბომბი, რომელიც რადიაციულ ნივთიერებას შეიცავს. ეს ნამდვილად სერიოზული საფრთხეა, მაგრამ ამის პოტენციალი, მე რამდენადაც ვხვდები, ირანს არ აქვს, თუმცა ამასაც აკვირდებიან.

– წესით, რუსეთ-უკრაინის ომს უნდა გამოეწვია შავი ზღვის დაბინძურება. ამ მხრივ, როგორი მდგომარეობაა შავი ზღვის სანაპიროებზე?

– არსებული მონაცემებით, დღესდღეობით არანაირი პრობლემა არ არის. მართალია, ზამთრის პერიოდში შავი ზღვის დინება ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მოდის, მაგრამ ზამთრის პერიოდი უკვე გავიდა. მით უფრო, რომ კაშხლის აფეთქებითაც ჩვენ არაფერი დაგვზიანებია, იმიტომ რომ იმხანად დინება სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიდიოდა. ჩვენ ვიცოდით ამის შესახებ და ვუხსნიდით მოსახლეობას, რომ ჩვენ არაფერი გვემუქრებოდა. ცოტა ხნით იყო გაჩერებული უკრაინის სანაპირო, ბულგარეთის სანაპირო დაიხურა და შემდეგ ერთ თვეში გაიხსნა ტურისტებისთვის. აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო იმ სირთულის კატასტროფა, რომელსაც ვერ მოერივნენ. ახლა გაზაფხულია და ჩვენ ისევ დაცულები ვართ. დინება ვერაფერს ჩამოიტანს. შარშან ზაფხულში შეიძლებოდა, პრობლემები შეგვქმნოდა, მაგრამ შავი ზღვის დინებამ დაგვიცვა. ერთადერთი იყო ის, რომ დიდი ოდენობით ნავთობი ჩაიღვარა რუსეთის ტერიტორიულ წყლებში, მაგრამ რუსეთის სამსახურებმა ძალიან ოპერატიულად იმუშავეს. მაინც ვერ გავიგეთ, რამდენი დაიღვარა, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო რუსეთის მიერ. მაშინ ვეჭვობდით, რომ ცოტა დაბინძურება შეიძლება, გავრცელებულიყო აფხაზეთის სანაპიროზე და ასეც მოხდა.

– როდესაც რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებლები და ნავთობსაცავები იწვის და ფეთქდება, ეს რა საფრთხეს გვიქმნის?

– ამ შემთხვევაში ქარი ჩვენკენ არ მოდის. ნუ გგონიათ, რომ მსოფლიო არ აკვირდება, საით მიდის ნაკადი. ჯერჯერობით ჩვენს სისტემებს არაფერი საგანგაშო არ დაუფიქსირებიათ. უსაფრთხოების ნათელი დადასტურებაა, რომ საჰაერო ნავიგაცია აძლევს დერეფანს თვითმფრინავებს, ანუ ზემოთ, სტრატოსფერო აბსოლუტურად სუფთაა.

– რაკი სტრატოსფერო სუფთაა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სუფთა ჰაერი გვაქვს?

– ჩვენ ზემოთ სივრცე სუფთაა, არ არის გაჭვარტლული, ანუ ხედვა არის კარგი.

– სომხეთში იგეგმება მეორე ატომური ელექტროსადგურის აშენება. უსაფრთხოა ჩვენთვის?

– სომხეთში სხვანაირი ტიპის ატომური სადგურის აშენებას გეგმავენ. ეს არის მოდულური ტიპის ატომური სადგური. ჯერჯერობით მხოლოდ წერილობით არსებობს ეს შეთანხმება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვაკვირდებით და ძალიან გვაინტერესებს, როგორი ატომური სადგურები აშენდება. ვიმეორებ, ამ ტიპის სადგურებს დაცვის უფრო მეტი საშუალება აქვს. როგორც კი დაიწყება პროექტი, მათ უნდა გააკეთონ გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება, იმიტომ რომ სომხეთი არის ესპოს კონვენციის მხარე და, გარემოზე ზემოქმედებას რომ შეაფასებენ, ვალდებულები არიან. ჩვენც შეგვატყობინონ და ჩვენ ჩვენი მოსაზრებები უნდა გავაცნოთ.

– და რა გავლენას იქონიებს ეს მოსაზრებები? დავუშვათ, დავადგინეთ, რომ არ მოგვწონს ეს პროექტი?

– გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემის ან გადაწყვეტილების გაცემის დროს მზადდება კონკრეტული რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაკეთდეს. ანუ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ექსპერტული პოტენციალი, რომლებმაც უნდა შეაფასონ და თქვან, რა არის კარგი, რა არის ცუდი, რას რა შეიძლება მოჰყვეს, რა არ შეიძლება. ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად დაცულები. ეს არის ერთადერთი საშუალება და რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ ექსპერტები არ გვჭირდებიან, რეალურად, გვჭირდებიან ექსპერტები, იმიტომ რომ ამას ჩინოვნიკი ვერ გააკეთებს. ეს არის დარგობრივი ექსპერტების საქმე. აქ უნდა ჩაერთონ გეოლოგები, ფიზიკოსები, ჰიდროლოგები, სოფლის მეურნეობის მუშაკები, კლიმატოლოგები...

– როგორია ჰაერის მდგომარეობა იმავე თბილისში, რომელიც არასდროს გამოირჩეოდა ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი ჰაერით?

– ყოველ შემთხვევაში, რომ ვთქვათ, ძალიან კატასტროფულიაო, არ ვიქნებით მართლები. თუმცა რაღაც პრობლემები გვქონდა, ტრანსპორტიდან გამომდინარე და ის პრობლემები ჯერჯერობით ისევ რჩება. რაც მთავარია, ამ ყველაფერზე მიმდინარეობს დაკვირვება. მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ უნდა შევამციროთ ტრანსპორტით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება, რაც არის სწორი მიდგომა. მაგალითად, ჩვენს ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, კატალიზატორები დაყენდეს ყველა მანქანაზე და ამ შემთხვევაში გამონაბოლქვის რაოდენობა მკვეთრად შემცირდება.

– და, ალბათ, ბენზინის ხარისხიც უნდა ამაღლდეს, კატალიზატორებს აფუჭებს ეს ბენზინი.

– მეორე ნაწილია, რომ ბენზინის ხარისხი უნდა შემოწმდეს. ახლახან შეამოწმა სააგენტომ, მაგრამ საწვავის ხარისხი უფრო ხშირად უნდა შემოწმდეს. ასევე, გაიზარდოს გზების გამტარიანობა, რომ განიმუხტოს საცობები. გამტარიანობა მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ მანქანა არ ჩერდებოდეს საცობში, რადგან ეს ძალიან აბინძურებს ჰაერს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი