პოლიტიკა

რა დამატებით საფრთხეებს აჩენს საქართველოსთვის სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობისა და მიმოსვლის აღდგენა

№2

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 19.01, 2022 წელი

გია ხუხაშვილი
დაკოპირებულია

ვიცოდით, რომ სომხეთის პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტს თურქეთთან შუამავლობა სთხოვა, ახლახან კი შევიტყვეთ, რომ სომხეთმა თურქულ პროდუქციაზე დაწესებული ემბარგო მოხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ორი სახელმწიფო აპირებს, ერთმანეთთან აღადგინოს (თუ თავიდან დაიწყონ) ურთიერთობა. საუბარია არა მხოლოდ სავაჭრო და დიპლომატიურ, არამედ სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენაზეც. ამ პროცესის პერსპექტივ-უპერსპექტივობას გია ხუხაშვილთან ერთად განვიხილავთ.

– რით არის ჩვენთვის კარგი და ცუდი სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის აღდგენა და უჩანს თუ არა კეთილად გაგრძელების პირი ამ ურთიერთობას?

– ზოგადად, როდესაც რეგიონში დაძაბულობის კერები მცირდება და ინტეგრაციის პროცესი იწყება, ეს კარგია, იმიტომ რომ ეს იწვევს რეგიონული ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას, იზრდება მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. თუმცა, ჩვენთვის ამას ახლავს გარკვეული რისკებიც, ვინაიდან იმ ვითარებიდან, რაც აქამდე იყო შექმნილი რეგიონში, ჩვენ სარგებელი გვქონდა, თუნდაც, იმით, რომ სომხეთ-აზერბიჯანისა თუ სომხეთ-თურქეთის დაძაბულობის ფონზე, სომხეთისთვის საქართველოზე გადიოდა „სიცოცხლის გზა“, რაც ჩვენ, ერთი მხრივ, გვაძლევდა სხვადასხვა რისკის დაზღვევის საშუალებას და, მეორე მხრივ, გარკვეულწილად სომხეთისთვის უნიკალურ ფუნქციას ვასრულებდით, ახლა ეს უნიკალური ფუნქცია იკარგება, ეს უნდა გავითვალისწინოთ და, აქედან გამომდინარე, უნდა გადავიდეთ ახალ მოცემულობაში. უნდა გავაძლიეროთ უსაფრთხოების საკითხები, იმავე ჯავახეთის მიმართულებით.

– ჩვენი უსაფრთხოება რატომ უნდა დაზარალდეს სომხეთ-თურქეთის კარგი ურთიერთობით?

– არ მინდა დეტალებზე ვისაუბრო, იმიტომ რომ ეს მგრძნობიარე თემაა და ასეთ საკითხებზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, თუმცა მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ.

– ვინც საფრთხეს გვიქმნის, მისთვის ეს მაინც ცნობილია, ამიტომ მე ვიტყვი: შიშობთ, რომ სინამდვილედ არ იქცეს ვერსია ყარაბაღის სანაცვლოდ საქართველოს ტერიტორიის ხარჯზე სომხეთის ტერიტორიული ინტერესის დაკმაყოფილება? მე რეალურ საფრთხედ ეს არ მიმაჩნია, ბოლოს და ბოლოს, მკვდრები ხომ არ ვართ, მაგრამ ამ ტიპის საფრთხეს ხედავთ?

– შევხედოთ მთლიან კონტექსტს და ცოტა სხვა კუთხიდან, რომ ზედმეტი არ ვთქვა: ამ ყველაფრის პარალელურად მოლაპარაკების მაგიდაზე დევს „სამს პლუს სამის“ ფორმატი. მასში მონაწილეობის მისაღებად მზადაა ხუთივე ქვეყანა, ჩვენ გარდა: სომხეთი იდგა ეჭვქვეშ, მაგრამ ვხედავთ, რომ სომხეთშიც იწყება ეს ინტეგრაციული პროცესი, რუსეთის ჩარევითა თუ ჩაურევლად. ვიცით, რომ თურქეთმა და სომხეთმა პირდაპირი ურთიერთობაც დაამყარეს რუსეთის შუამავლობის გარეშე, ანუ სპეცწარმომადგენლები დანიშნეს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც მათ შორისაა და ჩვენ აი, ამ კონტექსტიდან ამოვარდნილები ვართ. მიამიტურად არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული ამ ფორმატში მონაწილეობა-არმონაწილეობა და, რაკი უარი ვუთხარით, ამ უარს დასჯერდებიან. ამ ფორმატს შემთხვევით არ დაარქვეს „სამს პლუს სამი“ – მოიაზრება საქართველოც. ამ ფორმატში მონაწილეობს სამი დიდი რეგიონული მოთამაშე, რომლებმაც შეიძლება, ისეთი წინადადება შემოგვთავაზონ, რაზედაც უარის თქმა გაგვიჭირდეს და მათ ერთ-ერთ არგუმენტად შეიძლება, გამოიყენონ სომხეთის მიმართულება. და არა მხოლოდ სომხეთის: ბევრი ნაღმია ჩადებული საქართველოს ტერიტორიაზე.

– შანტაჟის ენა ანუ?

– დიახ. რაც მთავარია, ამ ყველაფრით ყველაზე მეტად შეიძლება, ისარგებლოს რუსეთმა. ისტორიაში რომ გადავინაცვლოთ და გავიხსენოთ გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობა, პირდაპირი ანალოგია არ არის, მაგრამ ვითარება მსგავსია. ერეკლე მეფეს მოუწია ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთება. თუ არ იქნებოდა გეორგიევსკის ტრაქტატი, მაშინ ჩვენ აღმოვჩნდებოდით ორი სხვადასხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში. ამდენად, შეიძლება, რუსეთმა დაგვაყენოს დილემის წინაშე: ან ტრაქტატი-2, ან „სამს პლუს სამი“, ეს ფორმატი კი გულისხმობს, რომ სამ ქვეყანას: რუსეთს, თურქეთსა და ირანს, ჰქონდეს ჩვენზე გავლენა. მეორე მხრივ, თითქოს გაუგებარია, რა შუაშია ირანი, რადგან შესაძლოა, თურქეთისა და რუსეთის ინტერესები მიუღებელი იყოს ჩვენთვის, მაგრამ გასაგები მაინც არის, გვესმის, რა უნდათ. აი, ირანს რა უნდა, გაუგებარია.

– ჩემთვისაც ძალიან გაუგებარია, რატომ მოიპატიჟეს ამ ფორმატში ირანი.

– ის არის დიდი მოთამაშე. მას აქვს თავისი არგუმენტები და ამბიციები. ჩვენ ვხედავდით, რომ ცოტა ხნის წინათ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ირანის ამ ფორმატში მონაწილეობის საკითხი, ანუ ეს კითხვა მხოლოდ ჩვენ არ გაგვჩენია. ვიცით, რომ რამდენიმე თვის წინათ სერიოზული დაძაბულობა იყო ირანსა და აზერბაიჯანს შორის. მას შემდეგ, რაც ზანგეზურის დერეფნის გაჭრა გადწყვეტილად გამოცხადდა, ირანს გაუჩნდა განცდა, რომ თამაშგარევ დარჩებოდა, იმიტომ რომ, თუ აზერბაიჯანი პირდაპირ გავა ნახიჩევანისა და თურქეთის მიმართულებით, ირანი თითქოს უფუნქციოდ რჩება, ვინაიდან ეს იყო მათი მთავარი, ეგრეთ წოდებული, „ფიშკა“ ამ დიდ რეგიონულ თამაშში: აზერბაიჯანისა და თურქეთის კომუნიკაციას დიდწილად ირანი უზრუნველყოფდა და ძალიან კარგად თამაშობდა სომხეთის ფაქტორით. ზანგეზურის დერეფანს შეეძლო (და, თეორიულად, დღესაც შეუძლია) ირანი დაეტოვებინა თამაშგარეთ და ამოეგდო ამ დიდი გადანაწილების პროცესიდან. მაგრამ, როგორც ჩანს, ირანს აღმოაჩნდა დამატებითი არგუმენტები და ჩვენ ვხედავთ, რომ ირანი ისევ თამაშშია, მიუხედავად ზანგეზურის დერეფნის გაჭრის გადაწყვეტილებისა.

– და ახლახან, 21 დეკემბერს, აზერბაიჯანში ირანის ელჩმა თქვა, რომ სატესტო რეჟიმში უკვე გაუშვეს ტვირთი ირანიდან, და არა მხოლოდ – ჩართულია პაკისტანიც, ინდოეთიც, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპისკენ.

– ანუ შესაძლოა, კომპენსაცია ამ მიმართულების, ანუ აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების გახსნით მიიღეს და ამას დაემატება ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებაც, რითაც, ასევე, ისარგებლებს ირანი. თუმცა ერთია ეს ეკონომიკური პროცესები და მეორე – პოლიტიკური გავლენების გადანაწილება. პოლიტიკური კონტექსტი, სამწუხაროდ, არსებობს. ჩვენ გამოვაცხადეთ დასავლური განვითარების ვექტორი და უნდა გვესმოდეს, რომ „სამს პლუს სამი“ ჩვენთვის არის არა დამატებითი სიკეთე, არამედ შეუთავსებელი ალტერნატივა, იმიტომ რომ ან დასავლეთი, ან „სამს პლუს სამი“, ამ ფორმატში მონაწილე ქვეყნების სპეციფიკიდან გამომდინარე. შესაბამისად, თუ „სამს პლუს სამი“ ჩვენი მონაწილეობით შედგება, როგორც ჩანს, საბოლოოდ მოგვიწევს უარის თქმა დასავლეთთან ინტეგრაციაზე. ამითაა განპირობებული ჩვენი ხელისუფლების, ჩემი აზრით, სწორი პოზიცია, რომ არ მონაწილეობენ ამ ფორმატში.

– და რამდენ ხანს „გავქაჩავთ“ უარს?

– ჩვენ გველოდება სირთულეები. გავიხსენოთ, როგორ მოქმედებს რუსეთი და, საერთოდაც, ნებისმიერი იმპერიული ამბიციის ქვეყანა და ასეთი ამბიცია თურქეთსაც აქვს და ირანსაც. დასავლეთი იმით განსხვავდება ამ ტიპის ქვეყნებისგან, რომ ისინი ცდილობენ დახმარებას პრობლემების გადაწყვეტაში.

– ესენი პრობლემებს გიქმნიან.

– დიახ, გიქმნიან დამატებით პრობლემებს და შემდეგ გთავაზობენ – ეს პრობლემა მოგვარდება, თუ დათანხმდები ჩემს შემოთავაზებებს. ჩვენთვის ასეთი პრობლემების შექმნა, სამწუხაროდ, „სამს პლუს სამის“ ფორმატში შეუძლია რუსეთსაც, ირანსაც, თურქეთსაც. არ დავაკონკრეტებ პრობლემებს, ვინაიდან საკმაოდ რთული დემოგრაფიული ვითარება გვაქვს და ჩვენს სამხრეთ რეგიონებში არსებობს სეპარატისტული ორგანიზაციები, მაგალითად, „ჯავახკი“.

– „ჯავახკი“ იქით იყოს, ეთნიკური ქართველების არასამთავრობო ორგანიზაციებია, პირდაპირ ეტყობათ განცხადებებითა და საქმიანობის შინაარსით, რომელი უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან.

– სამწუხაროდ, ესეც არის და, შესაბამისად, შეიძლება, შეიქმნას ისეთი ვითარება, როდესაც რუსეთი პირდაპირ გვეტყვის, მე შემიძლია, გარანტია მოგცე, რომ უფრო უარეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდები და მე ვიქნები შენი „კრიშა“, თუ არადა გაგინაწილებთ და დავამთავრებთ ამით.

– თუმცაღა რუსეთსაც დიდად არ უნდა საქართველოს ტერიტორიის ვინმესთან გაყოფა. რომ უნდოდეს, ბოლოს და ბოლოს, დასავლეთთან გაიყოფდა.

– რა თქმა უნდა, არ უნდა და ამიტომაც შემოგვთავაზებს, ეგრეთ წოდებულ, „კრიშობას“. იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება, აღმოვჩნდეთ იმ ტიპის დილემის წინაშე, რაც უკვე მოხდა. ერეკლე მეორეს მოუწია ტრაქტატზე ხელმოწერა. მე იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე აღარ მივა, მაგრამ იმის თეორიული შანსი, რომ ტრაქტატი-2-ის წინაშე დავდგეთ, მაღალია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ დასავლეთი, მიუხედავად დადებითი რიტორიკისა ჩვენი მისამართით, კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს. ხოლო ეს სამი დიდი რეგიონული ქვეყანა არ არის ისეთი ქვეყნები, რომ მხოლოდ რიტორიკაზე წამოეგონ. ხომ ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში?! ულტიმატუმის ენით ელაპარაკება რუსეთი დასავლეთს უკრაინაზე და ამ ფონზე მცირე საქართველო, ხომ, საერთოდ, პრობლემა არ არის?! ვფიქრობ, დასავლეთი ძალიან აგვიანებს. თუ ისინი ჩვენს პოტენციალში თავიანთ პარტნიორად თუ განუყოფელ ნაწილად, არც ვიცი, რა დავარქვა, მიგვიჩნევენ, მაშინ ჩვენ უკვე უნდა ვიყოთ უსაფრთხოების იმ სისტემაში, რომელიც დაგვიცავს მოვლენების ამ ტიპის ნეგატიური განვითარებისგან. ჩვენ კი ჯერ, ამ მხრივ, დასავლეთისგან შეპირებებისა და ეპიზოდური, ლოკალური პროექტების გარდა არაფერი მიგვიღია. ჩვენ არ ვართ დასავლური უსაფრთხოების ნაწილი და განსაკუთრებით, ახლა იქმნება რთული ვითარება, როდესაც რუსეთი, ფაქტობრივად, ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს, დასავლეთი კი დაბნეულობას ამჟღავნებს, მათ ჯერ პასუხიც არ გაუციათ რუსეთის ულტიმატუმისთვის. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ დამოუკიდებლად შეგვიძლია არსებობა. უახლოეს პერიოდში წყდება ჩვენი ბედი: ან დასავლეთი, ან რუსეთი, ან „სამს პლუს სამი“, სხვა გამოსავალი და განვითარების შანსი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა დასავლეთი, მაგრამ მე მიკვირს ჩვენი პოლიტიკის, რომელიც საერთოდ არ აქტიურობს, თითქოს დინებას მიჰყვებიან.

– მეც მიკვირს და ოპოზიციისაც. რომელიც ამას არ იმჩნევს.

– ისინი დილით წნევას უზომავენ მიშას, ხოლო საღამოს - სიცხეს, ვის სცალია ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი