პოლიტიკა

პოლიტრომანტიკოსები

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 03.12

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ჯერ აღადგინეს, მერე გააუქმეს

საქართველოს მთავრობამ სულ ახლახან სამხერთ ოსეთის ადმინისტრაცია გააუქმა და, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ამ გადაწყვეტილებას ოპონენტები გამოუჩნდნენ. ჰოდა, რაკი გამოუჩნდნენ, გავიხსენოთ ამ ადმინისტრაციის შექმნის ისტორია:

2007 წლის გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რის მიხედვითაც, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შეიქმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული (გემახსოვრებათ, გამსახურდიასდროინდელმა უზენაესმა საბჭომ 1991 წელს გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და, სხვათა შორის, გააუქმა მას შემდეგ, რაც ოლქმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა). აქვე შეგახსენებთ, რომ იმხანად პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გახლდათ; ხოლო იმავე წლის 10 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, ჩამოყალიბდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, დიმიტრი სანაკოევის თავკაცობით.

ამას გარდა, 2007 წლისთვის, ფაქტობრივად, ამოვარდნილი იყო საჯარო და არასაჯარო მეტყველებიდან ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“, მაგრამ 2006 წლის მიწურულიდან დაიწყო მისი აქტიურად დაბრუნება, განსაკუთრებით, იაქტიურა „რუსთავი 2-მა“.

საბოლოოდ, ზემოხსენებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში გადავიდა ყოფილი ავტონომიური ოლქის არა მხოლოდ ის ტერიტორიები, რომლებსაც ოსი სეპარატისტები აკონტროლებდნენ, არამედ დიდი და პატარა ლიახვის ხეობის ქართული სოფლები და ახალგორის რაიონი, რომლებსაც თბილისი სრულად აკონტროლებდა.

შემთხვევით თუ გეგმაზომიერად, ეს ამბავი 2008 წლის აგვისტოს ომით დაგვირგვინდა და საოკუპაციო და სეპარატისტულმა ძალებმა ლამის ხონჩით მიიღეს უკვე ადმინისტრაციულსაზღვრებმოხაზული ტერიტორია, დამკვიდრებული სახელწოდება „სამხრეთ ოსეთით“.

ბუნებრივია, იბადება კითხვა: რატომ დააბრუნა „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და რატომ შემოუხაზა აწ უკვე რფ-ის მიერ აღიარებულ „იუჟნაია ოსეტიას“ ადმინისტრაციული საზღვარი (2008 წლის შემდეგ დიდი და პატარა ლიახვის ხეობის ქართული სოფლებიდან სრულად გამოიდევნა ქართული მოსახლეობა და ახალგორს სეპარატისტ-ოკუპანტები აკონტროლებენ). მეორე მხრივ, ისიც სათქმელია, რას შეცვლის „ქართული ოცნების“ მიერ ამ ავადსახსენებელი ადმინისტრაციის გაუქმება?! ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენებურთა ნაწილი იმედოვნებს, რფ ტერიტორიების დაბრუნებას აპირებსო, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია არათუ გასაუქმებელი, არშესაქმნელი იყო, იბადება ეჭვი, რომ პოლიტიკურ რომანტიზმს საფუძვლიანად დავუტყვევებივართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი