პოლიტმაზოხიზმი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 12.05

ანუ „აქეთ-იქით რომ დაფრინავ, ნიავი ხომ არა ხარ“?!
მას შემდეგ, რაც ევროკავშირ-შუა აზიის სამიტი ჩატარდა სამარყანდში და ქ-ნმა ფონ დერ ლაიენმა შუა აზია-აზერბაიჯან-სომხეთ-თურქეთის დერეფანზე იუბნა შუა აზიელებთან, იქაური დემოკრატიითაა მოხიბლული, როგორც ეტყობოდა, აზერბაიჯანს ქ-ნი ურსულასეული პათოსით კაია კალასი ეწვია (ის კი, არც მეტი, არც ნაკლები, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, სავარაუდოდ, ამიტომაცაა დალხენილად ევროკავშირის უსაფრთხოების ამბები) და მანაც ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის როლსა და მნიშვნელობას ევროკავშირისთვის, ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ხშირად მოიხსენიებს ხოლმე (ცხადია, არც თუ დადებით კონტექსტში) ევრკავშირლებსა და, ზოგადად, დასავლეთს, ჩნდება ეჭვი, რომ ევროკავშირელ ქალბატონებს ერთგვარი პოლიტიკური მაზოხიზმი იტაცებთ. თუმცა ეს, ბოლოს და ბოლოს, მათი პოლიტიკური გემოვნების ამბავია.
ამის პარალელურად, ხსენებულმა ქ-ნმა კალასმა ბრძანა, რომ, თუ აშშ მოლაპარაკების პროცესიდან გავა, ევროკავშირს მზად აქვს „გეგმა ბ“ უკრაინის მხარდასაჭერად, იმას გარდა, რომ მოლდოველებსაც შეახსენა, რომ მოლდოვის უსაფრთხოებას პირდაპირი კავშირში აქვს მთელი ევროპული სივრცის უსაფრთხოებასთან.
სახელდობრ, ესტონეთის ყოფილმა პრემიერმა, აწ კი ევროკავშირის მაღალჩინოსანმა (რატომ მაკიაველი არ გაიცინებს) განაცხადა: „თქვენი უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, თუ რუკას დავაკვირდებით, მოლდოვა ევროპაში მდებარეობს და ევროპა ძალიან, ძალიან პატარა რეგიონია. ეს ნიშნავს, რომ ყველას უსაფრთხოება საერთო საზრუნავია. დღეს თავდაცვის ხაზი უკრაინაზე გადის და, უკრაინის მხარდაჭერით, ჩვენ ერთდროულად ვაძლიერებთ მოლდოვის უსაფრთხოებასაც“.
თუ გავიხსენებთ, როგორ აძლიერებს ევროკავშირი უკრაინის უსაფრთხოებას, მოლდოვას მთლად კარგი ამბავიც არ უნდა ელოდეს, თუმცა ეს მაინც მოლდოველების გადასაწყვეტია, მაგრამ, რაკი ევროკავშირელი ქალბატონები სახელდობრ ჩვენ შორიდან გვივლიან და ჩვენი ბუნებრივი გეოგრაფიიდან გვიპირებენ ამოგდებას (ყოველ შემთხვევაში, შორიდან ასე ჩანს და შესაძლოა, არც იყოს ურიგო, ისევ და ისევ უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით), ეს მოცემულობა, უდავოდ, მოითხოვს წაღიღინებას: „აქეთ-იქით რომ დაფრინავ, ნიავი ხომ არა ხარ, იქნებ ჩემთან მოგიყვანა, ჩემი დარდიც განახა...“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან