პოლიტიკა

პოლიტიკური „ჯიჰადი“

№36

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 09.09

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ცხებული გავლენა...

რაკი ჩვენებური არასამთავრობოები და ჩვენივე დასავლელი პარტნიორები უნისონში აღაშფოთა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა“, ცნობილი მოტივით, იგი (მაშასადამე, კანონი) რუსულია და პუტინს მოეფინა გულსო (მე რომ მკითხოთ, პუტინს ის მოეფინა გულს, უკრაინისთვის გადაცემული „ფ-16“ რომ, ეგრეთ წოდებული, „მეგობრული ცეცხლით“ ჩამოაგდეს უკრაინელებმავე და ყველაზე კარგი უკრაინელი პილოტი დაიღუპა); რაც მთავარია, მეგობრების გავლენა არ შეიძლება, უცხოური იყოსო (და მერე რა, რომ ანგელა მერკელს უსმენდნენ აშშ-ის სპეცსამსახურები?! რაც გახმაურდა, თორემ, პოლიტმეგობრები უსმენენ, თუ უსმენენ ერთმანეთს), მათ ხსენებული კანონი საქართველოს კონსტიტუციურ სასამართლოში გაასაჩივრეს.

გამსაჩივრებლებს, ბუნებრივია, ჩვენივე ოპოზიცია უჭერს მხარს და, მათ შორის, პოლიტგაერთიანება „ლელოც“ (რომელთა თავკაცები „თი ბი სი“ ბანკის თავკაცებიც ბრძანდებიან, იმავდროულად) შეუერთდა ზემოხსენებულ საჩივარს (ანუ სარჩელს). აღშფოთებულთა შორისაა „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ანა ნაცვლიშვილიც და იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციამ უნდა დაიცვას კონსტიტუციის 78-ე მუხლი, ანუ დასავლური გავლენა აბსოლუტური სიკეთეაო (აქვე შეგახსენებთ, ეს ის მუხლია, რომელიც მოქმედმა ხელისუფლებამ შეიტანა კონსტიტუციაში და გულისხმობს, რომ საქართველოს არჩევანი ჩრდილოატლანტიკურია. ბარემ იმასაც დავძენ, რომ მაშინაც და ახლაც ვფიქრობდი და ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი აბსურდულია, ვინაიდან ქვეყნის, რომელმაც ათასწლეულებს უნდა გაუძლოს ამ ცის ქვეშ, შორეული მომავალი არ შეიძლება, უკავშირდებოდეს მიმდინარე მომენტისთვის არსებულ რომელიმე სამხედრო თუ პოლიტიკურ გაერთიანებას).

მეორე მხრივ, რთული დასაჯერებელია, რომ საიას ყოფილმა თავქალმა (ვგულისხმობ ანა ნაცვლიშვილს) არ იცოდეს, რომ საქართველოში ბანკებსა და მომხმარებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მომხმარებლები კაბალურ მდგომარეობაში იმყოფებიან, თუმცა საიას ყოფილი თავქალი „ლელო საქართველოსთვის“ მოქმედ თავკაცს ამ ფაქტს არ ახსენებს. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ყველაფერს აქვს კონტექსტი, ანუ ფონი, გამოდის, რომ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამოცხადებული პოლიტიკური ჯიჰადი სხვა არაფერია, თუ არა ყვავმა ყვავს უთხრა შავი ხარო (იმ დაშვებითაც, კანონი რომ მართლაც რუსული იყოს), აქედან გამომდინარე კი, იბადება რიტორიკული კითხვა: თუ ორივე „ყვავია“, ძველი ახლით რატომ უნდა ჩაანაცვლო?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა