პოლიტიკური დათბობა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 29.08, 2022 წელი

ანუ მჯიღების ცემაში გაჭედილები
როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ ბუნებრივი კლიმატის დათბობაა შესაძლებელი, არამედ პოლიტიკურისაც, ისევ და ისევ, იმ ლოგიკით, რომ ურთიერთობები მრავალფეროვანია და არა – შავ-თეთრი. ჰოდა, რაკი შეუძლებელი არაფერია, ისრაელმა და თურქეთმა ურთიერთობის სრული ნორმალიზაციის შესახებ გამოაცხადეს (თუმცა, ეს ამბავი რომ მოხდებოდაა, ყარაბაღის ბოლო ომმაც გამოაჩინა – ისრაელმა ფრიად ქმედითად ითანამშრომლა თურქეთის მოკავშირე აზერბაიჯანთან).
მოკლედ, ოთხწლიანი შესვენების შემდეგ ელჩები ანკარასა და თელავივში ბრუნდებიან. ხოლო პრემიერ-მინისტრმა ლაპიდმა გამოაცხადა, რომ თურქეთთან ურთიერთობის აღდგენა რეგიონში მეტ სტაბილურობასაც ნიშნავს და ისრაელისთვის დიდი ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვსო.
შესაბამისად, თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა ყველა სფეროში აღდგება, თვითმფრინავებიც იფრენენ როგორც სტამბოლის, ისე ანტალიის მიმართულებით.
ამ მოულოდნელი დათბობის ისტორია კი 2022 წლის მარტში დაიწყო, როდესაც ანკარას ისრაელის პრეზიდენტი ეწვია, მას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრიც მიჰყვა კვალში, ისრაელს კი, თავის მხრივ, თურქეთის ნომერ პირველი დიპლომატი ჩაუშოღლუ ეწვია. მეტიც – პროცესს ექშენის გარეშე არ ჩაუვლია.
სახელდობრ, სტამბოლში 10 ივნისს თავიდან აიცილეს ისრაელის ყოფილ კონსულზე ტერორისტების თავდასხმა, რის გამოც ისრაელის პრემიერმა თურქეთის პრეზიდენტს, ცხადია, მადლობა გადაუხადა.
ხოლო, რაკი ჩვენ გულზე მჯიღების ცემის სტადიაში გავიჭედეთ, ვფიქრობ, უპრიანი იქნებოდა, ბ-ნი ერდოღანი ჩვენებურებისთვის პოლიტმასტერკლასის ჩასატარებლად გადმოგვეპატიჟებინა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან