ფიქრებით შეპყრობილი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00

ანუ „ფულები არის ჩემი გამხარებელი“
მართალია, აშშ-ის ზოგიერთ შტატში ისეთი ამბები ხდება, რომ დონალდ ტრამპმა ჯარის გამოყვანაც კი ბრძანა (მიგრანტებს არ სურთ აშშ-ის დატოვება და, ზოგადადაც, აშშ-ის ლიბერალურ საზოგადოებას არ ეპიტნავება ტრამპი, ხოლო, რაკი არ ეპიტნავება, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ზუსტად იმავე მეთოდებით გამოხატავენ პროტესტს, როგორც ჩვენთან აპროტესტებდნენ ჩვენებურები არჩევნების შედეგებს, ოღონდ აშშ-ის პოლიცია და ჯარი გაცილებით დაუნდობლად იქცევა; მეტიც, ჯარი ჩვენს შემთხვევაში, ყაზარმებში დარჩა და იმედია, ყოველთვის ასე იქნება), მაგრამ ქართველი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი კონგრესმენი და იმავდროულად, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე უილსონი კვლავაც საქართველოს ნათელ მომავალზე ფიქრებს შეუპყრია. იმდენადაც კი, რომ მისი „რესპუბლიკურად“ მთრთოლვარე გული საქართველოს მოქალაქე მათე დევიძისთვის 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას შეუშფოთებია.
დამეთანხმებით, ფაქტობრივად, დაუჯერებელია, კონგრესმენს სხვა საქმე არ ჰქონდეს, საქართველოს რომელიმე მოქალაქის ბედზე იჭმუნოს (გულწრფელად, თორემ ფული ჯოჯოხეთს ანათებს, არათუ კონგრესმენის გულს), ანუ გასაგებია, რომ მას თავისი პეიზაჟი, მაშასადამე, ინტერესი აქვს და, როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, „პეიზაჟის“ მოტივაცია ფრიად და ფრიად მერკანტილურია. აქედან გამომდინარე, მაშინ, როდესაც დემონსტრანტებს მის მშობლიურ აშშ-ში თვით ამერიკული ჯარი უსწორდება, ბ-ნი უილსონი საქართველოს სასამართლოს „ივანიშვილის „კენგურუს სასამართლოდ“ მოიხსენიებს. მეტიც, აცხადებს, რომ „ნინო გალუსტაშვილსა და სხვა დამნაშავეებს სანქციები უნდა დაუწესდეთ.“ რატომ? იმიტომ რომ, პატივცემული უილსონის აზრით, ქართველ ახალგაზრდას ეს სასჯელი მხოლოდ იმიტომ შეუფარდეს, რომ მას „საქართველოსთვის თავისუფალი მომავალი სურდა.“ სამწუხაროდ, იგი არ აკონკრეტებს, რას მოიაზრებს საქართველოსთვის თავისუფალ მომავლად და ეჭვი მაქვს, არამც და არამც ილიას თეზას.
მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, როგორ გაათრიეს სენატორი ალექს პადილა პრესკონფერენციიდან, ხოლო შემდეგ საკმაოდ უხეში ფორმით დააკავეს, რისთვისაც ბ-ნ უილსონს ყურადღებაც კი არ მიუქცევია, ჩნდება ეჭვი, რომ ბ-ნ პადილას ბ-ნი უილსონისთვის, უბრალოდ, „რკო არ მიუტანია“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან