ფაშინიანის ვნებანი...
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 19.09

ანუ სამხრეთ კავკასიის პოლიგონი
მართალია, ვერ გავარკვიეთ, ბოლოს და ბოლოს, ვინმეს უნდა თუ არა საქართველოში არეულობა, ანუ დანამდვილებით არ ვიცით, გეოპოლიტიკური ჯახის ტრაექტორია ითვალისწინებს თუ არა სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციას (რაც ცალსახად მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ არ უნდა იყოს მიმართული, ვინაიდან არეულობა ისეთი რამაა, ყველა დაინტერესებული მხარე რომ ცდილობს და კიდეც ახერხებს სათავისოდ გამოყენებას, ხოლო მართული ქაოსი კი, ახლო აღმოსავლეთის გამოცდილებითაც, ფრიად უმართავიც ხდება ხოლმე), მაგრამ მოულოდნელად სომხეთის პირველკაცი ნიკოლ ფაშინიანი გააქტიურდა დასავლეთის მიმართულებით.
ერთი შეხედვით, მის ამ აქტიურობას აქვს ობიექტური საფუძველი, იმიტომ რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო ომში რუსეთმა აზერბაიჯანს (გასული საუკუნის 90- ანი წლებისგან განსხვავებით, როდესაც სომხეთს ედგა ბურჯივით, გვერდითაც და უკანაც) აშკარად მისცა მოქმედების თავისუფლება. შესაძლოა, ამის გამო ან შესაძლოა, დაინტერესებული ძალების წაქეზებით, სომხეთმა უკრაინას ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა და აშშ-ის სამხედრო ძალებთან ერთად ერთობლივი წვრთნებიც გამართა.
ბუნებრივია, ამ ამბავს მოსკოვში არაკეთილგანწყობით გამოეხმაურნენ, სომხეთში ჩატარებული წვრთნები ხელს არ უწყობს რეგიონში სტაბილურობასო. ჯერჯერობით ამ წვრთნების შესახებ თავისი აზრი არ გამოუთქვამს არც ანკარას და არც ბაქოს; სავარაუდოდ, ხმამაღლა არც გამოთქვამენ, განსხვავებით ირანისგან, რომელიც (რუსეთსაც რომ თავი დავანებოთ), უდიდესი ალბათობით, არ დაუშვებს (შეეცდება, არ დაუშვას) სომხეთის სამხრეთ კავკასიისგან საბოლოოდ გათიშვას. იმას გარდა, რომ სამხრეთ კავკასიაში არეულობით ჩინეთსაც ეკეტება ერთ-ერთი მთავარი გზა ევროპისკენ გასასვლელი.
ქართული პოლიტსპექტრისა და საზოგადოების ნაწილი, ჩვეულებისამებრ, აღტაცებულია ფაშინიანის მოქმედებით, თუმცა პირადად მე მათ პათოსს ვერ ვიზიარებ: სამხრეთ კავკასია ისედაც მოიაზრება გეოპოლიტიკური ჯახის შემდგომ არეალად, ხოლო სომხეთში დაწყებული მოვლენები მიანიშნებს, რომ შესაძლოა, სამხრეთ კავკასიის პოლიგონი დღე-დღეზე აალდეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...