პატიოსან გვამთა სისუსტე
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 17.07
ანუ დაბალი ღობის ხიბლი
ასტანაში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მორიგი შეკრება გაიმართა (მაინც შეგახსენებთ, რომ ეს ორგანიზაცია 2001 წელს დაარსდა და მისი წევრები არიან: ინდოეთი, ირანი, ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, რფ, ტაჯიკეთი, პაკისტანი, უზბეკეთი, ქვეყანა-დამკვირვებლებიც ჰყავთ: ბელორუსია და მონღოლეთი და, ასევე, ქვეყანა-პარტნიორები: აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა, ნეპალი, საამიროები, შრი-ლანკა). თუმცა, ვფიქრობ, ჩვენთვის საინტერესო ის უნდა იყოს, რომ იმ სამიტზე ერთმანეთს შეხვდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი და პრ.-ი პუტინი, ასევე, თურქეთის პრეზიდენტი და იგინივე, ანუ პრ.-ი პუტინი.
ილჰამ ალიევთან რფ-ის პირველკაცმა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანზე ისაუბრა, რაც რეალურ კონტურებს სძენს რუსეთის იმპერიულ ოცნებას, სახელდობრ, თბილ წყლებზე გასვლისა (ეს მარშრუტი მოიაზრება პეტერბურგიდან თვით მუმბაიმდე და მისი სიგრძე 7 200 კილომეტრია). აზერბაიჯანის პრეზიდენტს აღუნიშნავს, რომ ეს გზა ისედაც არსებობს, მაგრამ აუცილებელია მისი არსებული მიზნებისთვის შეთავსება. ხოლო თურქეთის პრეზიდენტთან საუბარში რფ-ის პირველკაცს თურქეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე ეკონომიკური პროექტების ვადის მიხედვით განხორციელება შეუნიშნავს (კიდევ უფრო გავაფართოებთ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მაჩვენებელს და არსებული 55 მილიარდიდან 100 მილიარდამდე გავზრდითო). მეტიც, ბ-ნმა ერდოღანმა პრ.-ი პუტინი სამშობლოში დაპატიჟა (ერთი სული მაქვს, როდის გიხილავთ ჩვენს მიწაზეო).
მესმის, რომ ზემოჩამოთვლილი ქვეყნების კომპანია არც ისე შთამბეჭდავია, თუმცა ინდოეთისა და ჩინეთის იქ ყოფნა საკმაოდ ნიშანდობლივია (არც პაკისტანია ჩამოსაწერი თავისი ბირთვული იარაღით). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ლამის მთელი დასავლეთი ჩვენებურ „რუსულ კანონზე“ იხევს ტანზე და ხან რით გვემუქრებიან და ხან – რით (ჩვენ, ათასწლეულების განმავლობაში სისხლის კალოებზე ცოცხლად გალეწილებს), იბადება ლოგიკური კითხვა: „ნატოს“ წევრ თურქეთს ხმას უბატონოდ რატომ არავინ სცემს?! ვითომ ამა სოფლის ძლიერ პატიოსან გვამებსაც მსხვილ-მსხვილ თავნებათა ჯავრის ამოყრა მაინც დაბალ ღობეზე ურჩევნიათ?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან