პოლიტიკა

ორმაგი კმაყოფილება

№18

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ფულის მშოვნელები?!

ბევრი იდავეს თუ ცოტა, გნებავთ, ბევრი იჩხუბეს თუ ცოტა, რა თქმა უნდა, ოვალურ კაბინეტში (ზელენსკიმ, ტრამპმა და ვენსმა), ბევრი იფაფხურეს თუ ცოტა ევროპელმა ლიდერებმა ბრიტანეთის ლიდერთან ერთად (საფრანგეთმა ისიც კი თქვა, მე გადავაფარებ ბირთვულ ქოლგას ევროპასო), აშშ-მა და უკრაინამ, ბოლოს და ბოლოს, მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომ 50/50-ზე წილობრივი მონაწილეობით განკარგავენ უკრაინის მიწაში არსებულ სიმდიდრეებს (მეტს ჩვენ არც არავინ გვეტყვის). ყოველ შემთხვევაში, დონალდ ტრამპი კმაყოფილია, რადგან აშშ 350 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს მიიღებსო.

თავის მხრივ, კმაყოფილია ზელენსკიც, ამ უკანასკნელმა ვიდეომიმართვა ჩაწერა და განაცხადა, რომ ეს თანასწორუფლებიანი შეთანხმებაა, რომელიც უკრაინაში ინვესტიციების შესაძლებლობას ქმნის და რადაში ხელმოსაწერადაც გადაიგზავნაო. მეტიც, ისე კარგად იმუშავეს უკრაინის წარმომადგენლებმა, რომ შეთანხმება პროცესშივე შეცვალეს, რა თქმა უნდა, უკრაინის სასარგებლოდო და იქვე შენიშნა, რომ უკრაინას არ აქვს არანაირი ვალი (ბარემ გავიხსენებ, რომ ყბადაღებული ლენდ-ლიზი 150 მილიონ აშშ დოლარს არც აღემატებოდა, ხოლო დონალდ ტრამპი კი ამბობს, რომ აშშ-მა, ამ შეთანხმებით, 350 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მიიღო. მოკლედ, ვინ გვატყუებს, ჯერჯერობით უცნობია) და შეიქმნება უკრაინის აღდგენის ფონდი. რაც მთავარია, აღნიშნა (ციტატას მოვიშველიებ): „ეს ამერიკასთან ერთად მუშაობაა... როდესაც პარტნიორობაში ფულის შოვნა შეუძლია უკრაინის სახელმწიფოსაც და შეერთებულ შტატებსაც, რომლებიც დაცვაში გვეხმარებიან.”

მე ვერ გეტყვით, რა ფული უნდა იშოვოს უკრაინის სახელმწიფომ (რომელსაც ისევ გამალებით ბომბავს რუსეთი და როგორც აშშ-ის სპეცწარმომადგენელმა კელოგმა განაცხადა, ზელენსკი დათანხმდა ტერიტორიულ დათმობებს; ფაქტობრივად, აღიარონ რფ-ის შემადგენლობაში უკრაინის ის ნაწილი, რომელიც ახლა უკავია რუსეთის არმიას), რომ განცდილი დანაკარგები აინაზღაუროს (დემოგრაფიულის თაოსნობით), მაგრამ ფაქტია, რომ სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობთ, ყველაფერი მხოლოდ ფულით იზომება, მაშინაც კი, როდესაც საძმო სასაფლაოები ათეული კილომეტრობით იჭიმება...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა