ორგანოების დაპირისპირება
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 05.12, 2023 წელი

ანუ შნო და ფინანსები
ვიცით, რომ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოებში (ზედა და ქვედა პალატებს ვგულისხმობ) დიდი გაუგებრობაა იმის გამო, უნდა გამოუყონ თუ არა მორიგი დახმარება უკრაინას. ამიტომაც სენატმა 15 ნოემბერს დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც არც უკრაინისთვისაა დახმარება გათვალისწინებული და არც ისრაელისთვის (დოკუმენტს აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერაღა აკლია). აშშ-ელმა უმაღლესმა კანონმდებლებმა ეს ფანდი იხმარეს, რაკი კინკლაობის მიზეზით, შესაძლოა, ბიუჯეტი ვერ მიეღოთ და ფედერალური სამსახურები და პროგრამები დაფინანსების გარეშე დარჩენილიყო. დროებითი ბიუჯეტი ორ თვეს იმუშავებს, ამასობაში კი იმედია, „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ მორიგდებიან. „რესპუბლიკური“ კონგრესი წინააღმდეგია, ხოლო „დემოკრატიული“ სენატი და პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის მომხრენი არიან. თუმცა, საკუთარი ინეტერსებიდან გამომდინარე, კონსენსუსამდე, ანუ დროებით ბიუჯეტამდე მაინც მივიდნენ. შესაბამისად, ვფიქრობ, მათი ქმედებიდან გამომდინარე, დანარჩენებიც უნდა მივხვდეთ, რომ გეგმები, განსაკუთრებით, ომები მხოლოდ საკუთარი შნოსა და ფინანსების იმედად უნდა დაისახოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან