ომი, როგორც ინვესტიცია?!
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 14.11

ანუ ფული, ბაბაია, ფული...
მოგეხსენებათ, უკრაინაში ომი, ძირითადად, ამერიკული ფულით ფინანსდება (იმიტომ რომ, ომს აქვს, თუ აქვს, ხარჯი) და კარგა ხანია, ამერიკელი კანონმდებლები უკმაყოფილონი არიან უკრაინაში ფულის კარგვის ოდენობითა და სიხშირით. აქედან გამომდინარე კი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ (რომელშიც უმეტესობა „რესპუბლიკელია“) ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გაწევას დაუჭირა მხარი, ხოლო უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხის განხილვა სამომავლოდ გადადო.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას პრეზიდენტმა ბაიდენმა მიმართა უკრაინის, ისრაელის სამხედრო დახმარებისთვის; ზედაც, უკრაინა, ისრაელი, ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული ძალისხმევის გაღებისთვის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისა და აშშ-ის საზღვრის დაცვის დამატებითი ღონისძიებებისთვის 105 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ და, თანაც, ეს ყოველივე ერთიან საკითხად უნდა განხილულიყო, მაგრამ ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ საერთო 105 მილიარდს ჩამოაშორა ისრაელისთვის 14.5-მილიარდიანი დახმარების გამოყოფა.
თუ კონგრესის გადაწყვეტილება სენატმა ვერ დაძლია (ამბობენ, დაძლევსო), მაშინ პრეზიდენტი ბაიდენი ვეტოს უფლებას გამოიყენებს. და თუმცა, ამერიკული მედიის შეფასებით, წარმომადგენლობითი პალატის გადაწყვეტილება მოწმობს, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელს, ფაქტია, რომ ამ გაწევ-გამოწევაში ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გაცემა არათუ გვიანდება, პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ვეტოს დადება გამოიწვევს იმას, რომ ისრაელი ამ ეტაპზე დახმარებას, უბრალოდ, ვერ მიიღებს.
ცხადია, მე არ ვიცი, როგორ მოაგვარებენ ამ საკითხს ამერიკელი კანონმდებლები ქვემოდან და ზემოდან (ანუ ქვედა და ზედა პალატებიდან) ან რა გეგმა აქვს აშშ-ს პირველკაცს, მაგრამ მეტად დიდი უცნაურობის მოწმენი კი ვხდებით ამ თანამედროვე ტექნოლოგიების 21-ე საუკუნეში: ომებიც კი (ბიზნესპროექტების მსგავსად) სხვისი ფულის (როგორც ინვესტიციის) იმედით იწყება?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან