ომი და გეოგრაფია
ავტორი: ნინო ხაჩიძე 12:52
ანუ საბედნიეროდ ხელმოცარულები
გამომდინარე იქიდან, რომ „უწყვეტი პროტესტი“ გრძელდება, ანუ ჩვენი საზოგადოების ნაწილი, თუმცა, სხვადასხვა მოტივით, მაგრამ მაინც მიდის ევროპაში, ანუ „შინ ბრუნდება“, ამიტომაც მეც თითისტარივით ვტრიალებ ევროკავშირში გაწევრიანების თემისა და ევროკომისრებისა და ევრომოხელეთა გარშემო.
ამჯერად გაირკვა, რომ საქართველომ დემოკრატიულობის ტესტი ვერ ჩააბარა, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან. შესაბამისად, ქ-ნ კალასს (ანუ კაიას) უთქვამს, რომ 2030 წლისათვის ევროკავშირში მისაღებად მხოლოდ ოთხი ქვეყნის კანდიდატურა განიხილება: ჩერნოგორია, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა (აი, ისინი, რომლებსაც, თუ რამე, უკან დავაბრუნებთო).
ბუნებრივია, უკრაინასა და მოლდოვას დემოკრატიას ვერ დავწამებთ, ისევე, როგორც ვერც ეკონომიკურსა და ფინანსურ სტაბილურობას. თუმცა, მაგალითად, უკრაინის შეგულიანება გასაგებია: ის საკუთარი ტყავით ატარებს დასავლეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს და რუსეთს ასუსტებს, ამდენად, აუცილებელია მათი წახალისება, ხოლო მოლდოვას თავი ქუდში გეოგრაფიის გამო აქვს: ის რუსეთს არ ესაზღვრება და, ფაქტობრივად, რუმინეთია. ამდენად, ვფიქრობ, დღესავით ნათელია, თუ რატომ ჩაწერეს ევროკავშირლებმა შესაბამის დოკუმენტში, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიის პრინციპებიდან გადაუხვია, ვინაიდან ან უნდა იომო, ან გეოგრაფია გეხმარებოდეს, ჩვენ კი ამ ორივე მიმართულებით, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, უმოწყალოდ ხელმოცარულები ვართ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





