ოხერი გეოპოლიტიკა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 22.09

ანუ დასამოყვრებლები
თუმცა ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოსადმი დასავლეთის დამოკიდებულება წლების განმავლობაში ფრიად და ფრიად არაერთგვაროვანი იყო და მას ევროპის უკანასკნელ დიქტატორსაც კი უწოდებდნენ. ისე მოხდა, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ის სრულად გაერიყა, ეგრეთ წოდებულ, ცივილიზებულ სამყაროს, ვინაიდან მხარე ცალსახად აირჩია.
მართალია, ბელარუსის მიმართ სანქციები დაწესდა, მაგრამ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბირთვული ობიექტები განლაგდა და, შესაბამისად, ალექსანდრ ლუკაშენკო კიდევ უფრო გაირიყა დასავლეთისგან, მაგრამ ხანი გამოხდა და, თუმც ჯერჯერობით მთლად „ეკბატანას ვარდიც“ არ გამხდარა, მაგრამ, ჯერ იყო და, თავად დონალდ ტრამპმა შეაქო, ბევრი პოლიტპატიმარი გამოუშვაო, სულ ახლახან კი მინსკში მას ტრამპის წარმომადგენელი ჯონ კოული ეწვია.
შეხვედრა მეტად თბილი და ამაღელვებელი იყო, ბელარუსის პრეზიდენტი ამერიკელ სტუმარს გულითადად გადაეხვია, მთლად ისეც არა, „ყელი ყელსა გადააჭდოო“, მაგრამ არც ბევრი აკლდა ამ ამბავს (ანუ მოსახდენი მოხდა), მით უფრო, რომ, თუმცა ბ-ნ კოულს უფრო მოკრძალებულად ეჭირა თავი, მაგრამ არ შეწინააღმდეგებია.
ასე იყო თუ მომეჩვენა, ბ-ნმა კოულმა განახადა, რომ ბელარუსულ ავიაკომპანია „ბელავიას“ სანქციები მოეხსნა, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეები ფრიად წარმატებით იფრენენ დასავლეთისკენ, თუ, რა თქმა უნდა, მოესურვილებათ. ამ დაახლოება-დათბობაში გასაკვირი არაფერია, იმიტომ რომ გეოპოლიტიკა, ანუ ინტერესები ოხერია, გასაკვირი ის არის, „მზე-პრეზიდენტი“ სალომე ზურაბიშვილი და აწ უკვე ტაივანის ლობისტად აღიარებული, ამასთან, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი (რომელსაც 2003 წლის ვარდების რევოლუციის ჩემპიონი უწოდა გიგა ბოკერიასთან დუეტში) შორეულ აშშ-ს რომ ესტუმრნენ, რათა საქართველოში დემოკრატიის დასამარებაზე ესაუბრათ (კიდეც ივიშვიშეს, ძირი გამოეთხარაო), მაგრამ ზემონახსენებმა ოხერმა გეოპოლიტიკამ მოითხოვა, რომ სენატს, ეგრეთ წოდებული, „მეგობარი აქტი“ არ მიეღო. ხოლო, თუ ამ ორ ამბავს გავაერთიანებთ (რომელთა საერთო ლაიტმოტივია: ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს ან პირიქით), მორიგ ჯერზე ვრწმუნდებით, რომ ჩერჩილზე არანაკლებ ჭეშმარიტებას ღაღადებენ „შერეკილი“ ქრისტეფორეს (გარიყულადან) ბაგენი: ისეთ რამესაც ნუ ვაკადრებთ ერთმანეთს, რომ დავმოყვრდებით, თვალებში შეხედვისა შეგვრცხვესო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან