პოლიტიკა

ოკეანისგაღმური გეოზმანებები

№19

ავტორი: ნინო ხაჩიძე 00:04

ამბები
დაკოპირებულია

ანუ დედაწულიანად ჰერაკლეები?!

აშშ-ის კონგრესის ქვედა წარმომადგენლობითმა პალატამ, როგორც იქნა, მიიღო ჯო უილსონის მიერ დაპირებული, ეგრეთ წოდებული, მეგობარი აქტი. ეგრეთ წოდებული, ვინაიდან მეგობარი აბრევიატურაა და მეგობრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, არც პირდაპირი და არც გადატანითი მნიშვნელობით. აქტმა გვამცნო, რომ, თუ საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს შეწყვეტს, აშშ-მა შესაძლოა, საქართველოსთან მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტს მოაწეროს ხელი. აქ საკვანძო სიტყვაა „შეიძლება“, ანუ არა დაბეჯითებით, არამედ შეიძლება, შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმიც კი დააწესოს, რომ ქართულ ბიზნესს აშშ-ში გაუადვილდეს პროდუქციის შეტანა და, მეტიც, თუ ჯეროვნად მოიქცევით, ვიზალიბერალიზაციასაც შეიძლება, გამოჰკრათ ხელიო.

რაც მთავარია, ხსენებული აქტი აშშ-ის თავდაცვის სექტორის ოფიციალურ პირებს დაავალდებულებს, რომ საქართველოსთვის სპეციალური ყოვლისმომცველი სამხედრო დახმარების პაკეტი შეიმუშაონ, რა თქმა უნდა, რუსულ ოკუპაციასთან საბრძოლველად. ოღონდ ეს ყოველივე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება (შესაძლებლობის დონეზე), თუკი აშშ-ის მთავრობა დაადასტურებს, რომ „საქართველომ აჩვენა მდგრადი პროგრესი დემოკრატიის აღორძინების მიმართულებით, რაც, მინიმუმ, გამოიხატება დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოს შექმნითა და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებით“. ეს კი, არც მეტი, არც ნაკლები, ნიშნავს, რომ არჩევნებში იმ ძალამ უნდა გაიმარჯვოს, რომელსაც აშშ მიიჩნევს დემოკრატიულად.

მე რომ მკითხოთ, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ, თუმცა აშშ გვპირდება, შეგვაიარაღოს რუსეთთან საბრძოლველად, პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ომი არ გვინდა, ვინაიდან 2008 წელსაც ვნახეთ შედეგი და უკრაინის ცოცხალი მაგალითითაც ვხედავთ (40-მილიონიან უკრაინას 50 ქვეყანა ეხმარება და მეოთხე წელი დაიწყო, რუსეთი ვერ გაუდევნია თავისი უზარმაზარი ტერიტორიიდან).

მაგრამ ჩვენ ისევ აქტს დავუბრუნდეთ, რომელმაც პროცესში სახელწოდება შეიცვალა და აწ იგი იწოდება, როგორც ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის შემაკავებელი აქტი საქართველოს ტერიტორიაზე. დიახ, არ ვხუმრობ, ამ სამივე სახელმწიფოს გავლენის შესუსტება დაგვაკისრეს ამოცანად, თუმცა მე არ ვიცი, როგორ უნდა შეაკავოს საქართველომ სამი ისეთი სახელმწიფოს გავლენა, რომელთა რიცხოვნობა და მოცულობა იმდენად აღემატება საქართველოს ტერიტორიასა და მოსახლეობას, რომ თმა ყალყზე დაგიდგება. თუ, რა თქმა უნდა, ჩვენს ოკეანისგაღმელ სტრატეგიულ პარტნიორებს არ ეზმანება, რომ საქართველოში სამი მილიონ 600 ათასი ჰერაკლე ვცხოვრობთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

19–25 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა