პოლიტიკა

მუქარათა გზაჯვარედინზე

№26

ავტორი: ნინო ხაჩიძე 17:00 02.07

ამბები
დაკოპირებულია

ანუ აქა ამბავი ათასწლეულებით „შეშინებულებისა“

ყველამ ვიცით, რომ სანამ დსთ-ის წევრი ვიყავით და აწ ოკუპირებულ რეგიონებში მხოლოდ რუსი სამშვიდობოები იდგნენ, რფ-ის სავიზიტო ბარათი (ჩვენი თავნებობის ასალაგმად) გაზის გათიშვა იყო, რა თქმა უნდა, ზამთარში, აი, ზუსტად იმ დროს, როდესაც დიდ ყინვებს დაიჭერდა. ბუნებრივია, გაზის მოწოდების შეწყვეტას გაზსადენზე ავარიას აბრალებდნენ (და ახლა უკვირთ, რატომ აუფეთქეს, სავარაუდოდ, ამერიკელებმა „ჩრდილოეთის ნაკადი“. არადა სამყაროს უყვარს წონასწორობა და ყველა, როგორც წესი, თავისივე ქმედების მსხვერპლი ხდება და ბუმერანგიც ყოველთვის პატრონს უბრუნდება).

ხოლო მას შემდეგ, რაც გაზი აზერბაიჯანიდან მოგვეწოდება (თუმცა გულალალად უნდა ვთქვათ, რომ იმ გაზის ნაწილი რუსულია, მაგრამ ეს უკვე აზერბაიჯანის საქმეა; მეტიც, ევროკავშირიც კი, აზერბაიჯანული რომ ჰქვია, იმ გაზის ნაწილს რუსულს მოიხმარს, მაგრამ თვალებს ხუჭავენ, ვინაიდან ფარისევლობა დიდი პოლიტიკის სისუსტეა), კრემლში, ბუნებრივია, პრ. პუტინის პირით საქართველოს ისტორიის თავიანთი ვერსიაც შემოგვთავაზეს (მანამდე კი ჩვეული ამბავი გახლდათ რუსული დამადლებები, რომ სპარსეთსა და ოსმალეთს გამოგვგლიჯეს და სახელმწიფო შეგვიქმნეს). გემახსოვრებათ, კრემლის პირველკაცმა ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გვაუწყა, რომ „ტიფლისსკაია გუბერნიად“ დაგვტოვებს, თუ ბევრს იანცებთო.

ოღონდ, რაკი ყოფილი დამპყრობლების მხრიდან მუქარას ჩვეულნი ვართ (თვით ბიზანტიაც კი გვერჩოდა, თუმცა მართლაც ერთმორწმუნე და ჩვენი იმჟამინდელი დასავლეთი იყო. ბარემ გავიხსენებ, რომ არც ბიზანტიას სურდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დედაეკლესია ანტიოქიისაა), ბუნებრივია, აინუნშიც არ ჩაგვიგდია, თუმცა გამოხდა ხანი და აწ უკვე აშშ-მა დაგვითვალა, რა ოდენობის თანხით შეგვეწია დამოუკიდებლობიდან, ვიდრე დღემდე. ამ პროზაული რიცხვების მოხმობა კი, მათი გადმოსახედიდან, ჩვენი უმადურობის წარმოჩენის დასტურად დასჭირდათ (სიმართლე გითხრათ, არ გამოვრიცხავ, ისიც წამოგვაყვედრონ, ჩვენს ტერიტორიულ მთლანობას რომ უჭერენ მხარს, მართალია, სიტყვიერად, მაგრამ მაინც). მე არ ვიცი, რით დასრულდება მუქარათა ჭიდილი, მაგრამ, ვფიქრობ, არ იქნებოდა ურიგო, თუ ახლანდელი მეგობრები ყოფილ დამპყრობლებთან კონსულტაციას გაივლიდნენ, იმაში დასარწმუნებლად, რომ ამდენი საუკუნეა ისე გადავშენდით, რომ ფრიად და ფრიად მდგრადი იმუნიტეტიც გამოგვიმუშავდა, რასაკვირველია, შემშინებლებზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული