პოლიტიკა

„მშვიდობის მტრედი“

№32

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 18.08

მშვიდობის მტრედი
დაკოპირებულია

ანუ გაფრენილი...

მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენი 8 აგვისტო გაგვჭირვებია, ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირები, ოფიციალურად, სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად (და მერე რა, რომ გეოპოლიტიკური ირონიაა, ოკეანის გაღმა ირჩეოდეს, რა მოხდება კავკასიონის ქედს აქეთ), რეალურად კი, იმისთვის, რომ ერევანმა ნება მისცეს აშშ-ს 99 წლით გააკონტროლოს ზანგეზურის დერეფანი, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზეა და არა მხოლოდ აზერბაიჯანს აკავშირებს თავის ავტონომია ნახიჭევანთან, არამედ აზერბაიჯანს, ნახიჭევანით, თურქეთთან, ესე იგი, თურქეთი უკვე სახმელეთო გზით დაუკავშირდება აზერბაიჯანსა და შემდეგ კასპიის ზღვით – თავის სანუკვარ ცენტრალურ აზიას, დევიზით: ერთი ხალხი – ექვსი სახელმწიფო (ტაჯიკეთია თამაშგარე სულ სხვა ეთნიკური წარმოშობის გამო).

თუ გავიხსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ესპანურმა გამოცემამ გაავრცელა ცნობა, რომ ვაშინგტონს, ბაქოსა და ერევანს შორის საიდუმლო მემორანდუმი გაფორმდა, სწორედაც რომ, ზანგეზურის დერეფნის შესახებ და, ბუნებრივია, შეხვედრის გარეშე ვერანაირი მემორანდუმი ვერ გაფორმდებოდა, ესე იგი, გეგმა მოისინჯა, რომელიც განხორციელდა. რასაკვირველია, ხელმოწერა ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს, თუმცა მაინც საინტერესოა, რას ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც ისე ძალუმად ირგებს „მშვიდობის მტრედის“ მანტიას, საცაა, შეიძლება, გაფრინდეს. სახელდობრ კი, ბ-ნი ტრამპი აცხადებს შემდეგს: ვაშინგტონი ასევე ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებებს ორივე ქვეყანასთან, ეკონომიკური შესაძლებლობების ერთობლივად გამოსაყენებლად, რათა სრულად გამოავლინონ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალი (ჩვენთან რომ აქვს ხელმოწერილი ქარტია, იმიტომაცაა, რომ ვერ ავუდივართ აშშ-ურ ინვესტიციებს); ეს ორი ერი მრავალი წელია, რაც ომობს, რამაც ათასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. მრავალმა ლიდერმა სცადა ომის დასრულება, მაგრამ წარუმატებლად, ვიდრე ეს დრო დადგებოდა, ტრამპის დამსახურებით (აშკარაა, თავმდაბლობა მისი სისუსტე ნამდვილად არ არის); ძალიან ვამაყობ ამ ორი მამაცი ლიდერით (იგულისხმებიან ფაშინიანი და ალიევი) მათი სწორი ქმედებების გამო სომხეთისა და აზერბაიჯანის დიდებული ხალხებისთვის. ეს იქნება ისტორიული დღე სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, აშშ-ისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.

ხოლო, რადგან ოფიციალურ განცხადებებს ლამის ჩალის ფასი აქვს, დრო გამოაჩენს, რა და როგორ მოხდება, თუმცა მაინც იბადება კითხვა, ბოლოს და ბოლოს, რა გაირკვა ვაშინგტონში: წინდაცვეთილია ფაშინიანის ასო თუ მაინც წინდაუცვეთავადაა შენახული?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა