მშვიდობის მტრედების შეჯიბრება
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 25.09

ანუ სამხრეთ კავკასიის სირიიზაცია?!
მოგეხსენებათ, მდგომარეობა ყარაბაღში, ანუ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა ფრიად და ფრიად დაძაბულია. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი მხრივ, დასავლეთი, როგორც ევროკავშირი, ისე აშშ და, მეორე მხრივ, რუსეთი ცდილობენ, თუ მშვიდობის ვერა, მედიატორის მტრედობა მაინც შეითავსონ, რათა სამშვიდობო ხელშეკრულების გამფორმებლის ბონუსი მიიწერონ, მოვლენები ისეთი დინამიკითა და ტრაექტორიით ვითარდება, რომ, ვეჭვობ, უფრო უარესი დაპირისპირება არ მივიღოთ.
რაკი რუსეთის იმედი აღარ აქვს, სომხეთის ხელისუფალმა რეგიონში დასავლეთი მოიპატიჟა, რაც, ბუნებრივია, საერთოდაც არაა ცუდი ჩანაფიქრი, ერთი ისაა, რომ ამ მოპატიჟებას უკრაინის ომის კონტექსტი გასდევს ლაიტმოტივად.
მე არ ვიცი, რის იმედი აქვს ნიკოლ ფაშინიანს, როგორ მოახერხებს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის განთავსებული სომხეთი, ქვემოდან – ირანმოსაზღვრე (რომელსაც არც თუ ტკბილი ურთიერთობა აქვს დასავლეთთან), საკუთარ ტერიტორიაზე კი – რუსულბაზაგანთავსებული (სომხური ენერგოობიექტებისა და რკინიგზის რუსულ მეპატრონეობაზე არაფერს ვამბობ), ვითარების სათავისოდ ისე შემობრუნებას, რომ თავადაც არ აალდეს, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ, ვეჭვობ, ოკეანის გაღმა მეტად მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეს.
კერძოდ, იური კიმი, აშშ-ის სახდეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, აცხადებს შემდეგს: „აშშ არ მოითმენს არანაირ სამხედრო ქმედებას მთიან ყარაბაღში“.
რაკი ამ განცხადებას განმარტება არ მოჰყოლია, რთული სათქმელია, ეს რას ნიშნავს. სავარაუდოდ, მათ შორის, იმასაც, რომ აზერბაიჯანმა უარი უნდა თქვას მთიანი ყარაბაღის იმ ნაწილზე, სადაც ახლა „არცახის“, ეგრეთ წოდებული, ადმინისტრაცია და რუსი სამშვიდობოები დგანან. ყოველ შემთხვევაში, სულ უფრო და უფრო რეალური ხდება სამხრეთ კავკასიის კარგა ხნის წინ დაანონსებული სირიიზაციის სცენარი, რაც, ცხადია, თავისუფლებისთვის ბრძოლით შეინიღბება (თუ ისე მოხდა, რომ მაინც გავარდა ტყვია), სინამდვილეში კი დიდი ბიჭების საქმის გარჩევა იქნება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან