მშვიდი ძილის მოსურნენი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 19.05

ანუ ცაჰკნას ვნებანი
უკვე შევეჩვიეთ, რომ, განსაკუთრებით, ბალტიისპირელი ევროდეპუტატები და ბალტიისპირეთის სახელმწიფოს წარმომადგენლები ფრიად და ფრიად უშვერად და ხისტად მოიხსენებენ საქართველოს ხელისუფლებას და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ, მათი აზრით, შესაბამისად, გააფთრებით არ უპირისპირდებიან რუსეთს. მეორე მხრივ, მათი ეს აღშფოთება საკმაოდ მერკანტილურსაფუძვლიანია (მიუხედავად იმისა, რომ სამივე ბალტიისპირული ქვეყანა ფრიად წარმატებით ვაჭრობს რუსეთთან ალკოჰოლური სასმელებით): ბალტიისპირეთი, თუ რფ-მ ევროკავშირზე გაიწია, პირველი სამიზნეა და, ამდენად, ისინი არც მალავენ, რომ, სანამ უკრაინა იბრძვის, თავს დაცულად გრძნობენ (რუსეთს არ სცალიაო). ასე რომ, ბუნებრივია, კიდევ უფრო მოუცლელი გახდება რუსეთი, თუ საქართველოზე გამოილაშქრებს და სამხრეთ კავკასია აირევა; შესაბამისად, ბალტიისპირელებიც მშვიდად დაიძინებენ.
შესაძლოა, სწორედ ამიტომაც ესტონეთის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესა. ხოლო ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვინმე მარგუს ცაჰკნამ ბრძანა: „ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო საზოგადოება, ევროკავშირის ჩათვლით, მიუღებლად მიიჩნევს რეპრესიებს საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩვეულებრივი ადამიანების, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, პოლიციის დაუსჯელობასა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას“ და „საკონტროლოც“ გაისროლა, „ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასაც განიხილავს“.
ვეჭვობ, პატივცემული ცაჰკნა „საკონტროლო გასროლით“ იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები უკიდურესად აღშფოთდებიან საქართველოს ხელისუფლებაზე, თუ ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციას გააუქმებს და ხელისუფლებაც შეიცვლება, ხოლო ახალი კი ესტონეთსა და მთლიანად ბალტიისპირეთს უფრო მშვიდი ძილის საშუალებას მისცემს, რადგან, ვფიქრობ, დარწმუნებული არიან, რომ ახლები აუცილებლად მოახერხებენ, გამოალაშქროს პუტინი, პათოსით: „იძინეთ მშვიდად“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან