პოლიტიკა

მოსალოდნელია თუ არა ადამიანის მიერ შექმნილი მანქანების ამბოხი შემქმნელის, ანუ ადამიანის წინააღმდეგ

№28

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 19.07

სოსო მანჯავიძე
დაკოპირებულია

ერიხ ფრომის აზრით, ადამიანი მთელი თავისი არსებით მიილტვის თავისუფლებისკენ, თუმცა, მიაღწევს რა მას, გაურბის, ვინაიდან ამძიმებს, იმდენად დიდი ტვირთია. მეორე მხრივ, ადამიანი იმდენად დაექვემდებარა ტექნიკას, ანუ ტექნიკურ პროგრესს, რომ საცაა, განადამიანების პროცესიც დაიწყება, თუ მანქანა ყველა უმეტეს ფუნქციას შეასრულებს. თან, მანქანა გაცილებით კომფორტულია: მას არ უნდა გადაუხადო ხელფასი, არ სჭირდება დაზღვევა, ავად არ ხდება, არ იღლება, არ ისვენებს, არ აქვს უფლებები, არც სცივა, არც სცხელა, არც ეძინება. ბუნებრივია, ადამიანები ერთობ მოხიბლულები არიან ხელოვნური ინტელექტის მიღწევებით, მაგრამ, ამასთან, თუ მანქანა იმუშავებს, ვის რაში სჭირდება 8-მილიარდიანი კაცობრიობა, რომელიც შეუქცევადად და საკმაოდ ინტენსიურად მრავლდება?! ამ თემას სოსო მანჯავიძესთან ერთად განვიხილავთ.

– მოსწყინდა ადამიანს ადამიანობა და ისეთივე ტვირთი აღმოჩნდა ადამიანობა, როგორც თავისუფლება?

– საქმე ისაა, რომ ადამიანს არ გადაუწყვეტია, რომ განადამიანდეს. ეს პროცესია, რომელშიც მთელი კაცობრიობაა ჩართული. თვითონ ეს ხელოვნური ინტელექტი არის ტექნოლოგია და ნეიროქსელები – ამის მათემატიკური საფუძველი. ეს არის მექანიკური პროცესი, რომელშიც ადამიანები არიან ჩართული. ჩვენ ხომ გარკვეული კანონების შესაბამისად ვმოქმედებთ?! ჩვენ ვაზროვნებთ გარკვეული კანონზომიერებების მიხედვით, რასაც ეწოდება ლოგიკა. ეს ლოგიკა ჩვენ არ მოგვიგონია, ასე დავიბადეთ, ანუ იმ აპარატით, რასაც ინტელექტი ჰქვია. ეს ინტელექტი მოქმედებს იმ კანონებით, რომლებიც აღწერილია მეცნიერება ლოგიკაში ჯერ კიდევ როდიდან. ჩვენი ინტელექტის ლოგიკური გამოვლინებები აღწერილია და მათემატიკური ფორმითაა ჩამოყალიბებული. დღეს, როდესაც განვითარება მივიდა იმ დონემდე, სადამდეც მივიდა, შესაძლებელი გახდა ამ პრინციპით რობოტების შექმნა. ჩვენი ლოგიკური აპარატი გადაიტანეს ხელოვნურად შექმნილ მექანიკურ მოწყობილობებში. ბუნებრივია, რაც ჩვენი ბუნების მექანიკურ გამოვლინებას ეხება, შესაძლებელია, გადაიტანო მექანიკურ მექანიზმებში და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამით ჩვენს თავს ვებრძვით, ვინაიდან ადამიანი არ არის თავისი ბუნების მექანიკური გამოვლინებები. ადამიანი, უპირველესად, არის ის, რაც აცნობიერებს თავისი ბუნების მექანიკურ გამოვლინებებს. ანუ ჩვენ თვითონ ვგავართ ბიორობოტებს, სანამ საკუთარ თავს არ გავაცნობიერებთ, რომლებიც მოქმედებენ მექანიკურად. მაგალითად, ვერ დამისახელებთ ადამიანს, რომელიც აკონტროლებს თავის ნივთიერებათა ცვლას.

– ან იმუნიტეტის მუშაობას, როდესაც უცხო სხეული იჭრება ადამიანის ორგანიზმში.

– ტრილიონობით უჯრედია ჩვენს ორგანიზმში, მთელი მიკროკოსმოსია. სამ კილოგრამამდე მხოლოდ მიკროორგანიზმია და თითოეული უჯრედი არის მთელი ქალაქი. ურთულესი მექანიზმი, რომლის მუშაობა, რომ გაადიდო, ძალიან ჰგავს სუპერკომპიუტერს: თავისი დედაპლატებითა და მოწყობილობებით. იგულისხმება თითოეული მათგანი და კიდევ სხვა თემაა მათი ურთიერთკავშირი და დაპირისპირება: გადაგვარებულ უჯრედებს, კიბოს უჯრედებს, მაგალითად, უწოდებენ აჯანყებას ორგანიზმში არსებული წესრიგის წინააღმდეგ. 80 მილიარდი მარტო ნეირონი გვაქვს ტვინში და ვერავინ დაადგინა, რა ენერგიით მუშაობს ეს უზარმაზარი მექანიზმი, რომელსაც ვერასდროს შეედრება ვერანაირი კომპიუტერი. თუ, მაგალითად, ჩათ ჯიპიტის მეორე ვერსიას სჭირდება კოლოსალური ოდენობის ენერგია, რომ დაამუშაოს, თუ არ ვცდები, 150 მილიარდი ცვლადი, ჩვენს ტვინს რა სჭირდება, წარმოიდგინეთ. ამას გარდა, ხელოვნურ ინტელექტს არ აქვს არანაირი შეხება ემოციასთან. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ადამიანის მიერ სამყაროს, სილამაზის, ჰარმონიის აღქმა – სულ სხვა განზომილებაა ადამიანის ემოციური სამყარო, რომელიც სჭარბობს ყველასა და ყველაფერს, რაც კი შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ. მაგალითად, მუსიკის შექმნის პროცესი, მისი დამახსოვრება გენეტიკურად და თაობიდან თაობას გადაცემა, მაგალითად, ქართული ფოლკლორის უწყვეტი გადაცემა. წარმოვიდგინოთ გურული ფოლკლორი, რომელიც გენეტიკურად გადაიცემა. ის, რასაც გრძნობს ადამიანი შემოქმედებითი პროცესის დროს, არის სულის გამოვლინებები. ინტელექტიც და ემოციებიც ადამიანის სულის გამოვლინებებია, რომელიც, თავის მხრივ, გლობალურ სულთანაა დაკავშირებული. ბუნებრივია, ამის გადატანა ხელოვნურ ინტელექტში შეუძლებელია და იმის წარმოდგენა, რომ ადამიანი აღარ იქნება საჭირო და ადამიანის გაიგივება ხელოვნურ ინტელექტთან იმ ადამიანების ნააზრევია, რომლებსაც არ შეუგრძნია თავისი არსი, ანუ თავისი ადამიანური მოცემულობა, ის, რომ სასუფეველია მასში, რა არის სასუფეველი ზოგადად და რა არის ადამიანის სული. ადამიანების დიდი უმრავლესობა, სამწუხაროდ, ისე ცხოვრობს ხოლმე, რომ იშვიათად „გაივლის“ საკუთარ თავთან და არც უგრძნია, რას წარმოადგენს თავად. ანუ, სამწუხაროდ, თვითშემეცნებისკენ ნაკლები მიდრეკილება გვაქვს და აქ არის საფრთხეც. ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში ჩართული არიან ძალები, რომლებსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და საფრთხე ისაა, რომ ისინი ცდილობენ, სწორედ ამ შეზღუდულ, პროკრუსტეს სარეცელში მოამწყვდიონ კაცობრიობა და ხელოვნური ინტელექტით კაცობრიობას შეუქმნან ერთგვარი ცისტა, ერთგვარი ციფრული წყალქვეშა ნავი, რომლისგანაც ხსნა და საშველი არ არსებობს. ასეთი ავადმყოფური მოსაზრებები არის. ამდენად, საფრთხე ხელოვნური ინტელექტი და რობოტები არ არიან.

– დიახ, ის, რისთვისაც გამოიყენებენ.

– დიახ და ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების აჯანყება კი არ არის პრობლემა, რასაც „ჰოლივუდი“ გვიხატავს, არამედ ის, თუ როგორ გამოიყენებენ ამ ტექნოლოგიებს უღმერთო ადამიანები. ვინ არიან უღმერთო ადამიანები? ისინი, რომლებსაც წაკვეთილი აქვთ მარადისობის განცდა, თავად არიან მექანიკურები და როგორც თვითონ არიან მექანიკურები, ზუსტად ისეთ მექანიკურ სამყაროში უნდათ ცხოვრება, სხვების მოქცევაც და იმ სხვებზე ბატონობა. ბატონობა, ანუ პატივმოყვარეობა არის მათთვის ერთადერთი მოტივი.

– მაგრამ, ზოგადად, ადამიანებიც დიდი ენთუზიაზმით აჰყვნენ ამ პროცესს. მოსწონთ ეს ხელოვნური ინტელექტი, ავტორიტეტად დაისვეს. თვითონ ადამიანი, ვის იოლად მართვასაც აპირებენ, რატომ გაიტაცა ამან?

– ნიცშე წერს „ამას ამბობდა ზარატუსტრაში“, რომ მორჩილება, სიზარმაცე ადამიანის მთავარი დამახასიათებელი თვისებებაა. იმიტომ რომ ადამიანს უნდა კომფორტი, მის მაგივრად რომ სხვებმა მიიღონ გადაწყვეტილება და იმავეს თქმა შეიძლება ხელოვნურ ინტელექტზე. ვნება იმისადმი, რომ მანქანებმა უზრუნველყონ ყველაფერი ისე, რომ ადამიანმა არაფერი ისწავლოს, არ იზრუნოს, არ აიღოს პასუხისმგებლობა და მიენდოს მანქანებს, დიდია. ამას ძალიან უხვად ვხედავთ ეგრეთ წოდებულ თანამედროვე ხელოვნებაში. აქ მთავარი ის არის, რისკენ უნდა მიისწრაფვოდეს ადამიანი. ხომ გვახსოვს ერთი კარგი იგავი?! ადამიანი იმას ჰგავს, ურჩხული რომ გამოეკიდოს, უფსკრულის პირას ხეზე ავიდეს და მან კიდევ ნაყოფის ჭამა დაიწყოს, გველეშაპიც დაავიწყდეს და უფსკრულიცო. ეს იგავი მთლიანად მოიცავს იმ თემას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ.

– გასაგებია, რომ მანქანა ადამიანს ვერ ჩაანაცვლებს, რამდენიც უნდა ხატოს და მუსიკა შექმნას ან სამეცნიერო აღმოჩენები იცოდეს. არსებულიდან რაღაცები გამოჰყავს. შედევრს ქმნის მხოლოდ ადამიანი, მაგრამ ის ხომ ფაქტია, რომ ადამიანების ასეთი სიმრავლე საჭირო არ იქნება და მათ რას უპირებენ?

– ასე არ არის. არის გარკვეული პროფესიები, რომელთა კოპირება შეიძლება.

– ეს საკმაოდ დიდი სფეროებია.

– ბევრი ისეთი პროფესიაა, რომლებსაც შეცვლის ხელოვნური ინტელექტი. თუმცა გასაოცარი ის არის, თუ როგორ წარმოაჩენენ ამ საკითხს: რადგან ადამიანების ასეთ საქმიანობას შეცვლის ხელოვნური ინტელექტი, ის ადამიანები საჭირო აღარ იქნებიან. შესაბამისად, მათი ბედი ისე გაიაზრება, რომ, რადგან საჭირო აღარ იქნებიან, მათი სიცოცხლეც საჭირო არ არის. ეს წმინდა კაპიტალისტური, მიზანთროპული ლოგიკაა. თუ ადამიანები მოგებას არ მაძლევენ და გაცილებით მომგებიანია მექანიზმები, რად მინდა მაშინ ადამიანები?! მაგრამ ახლა დავაკვირდეთ, ვინც ასე მსჯელობს, ესე იგი, თავს ადამიანად არ მიიჩნევს. მამონა და მოგება მისთვის უფრო მაღლა დგას: ის ადამიანებს განიხილავს, როგორც თავისი მოგების ინსტრუმენტს და თუ მათ მოგება არ მოაქვთ, ისინი არავის სჭირდება. ხომ ვაცნობიერებთ, როგორი აბსურდული მიდგომაა?! მაგრამ მეინსტრიმი ამას არ აცნობიერებს. აქედან გამოწვეული ემოციით მკითხეთ, ხომ, რომ ადამიანები საჭირო აღარ იქნებიან?! თორემ, სხვანაირად რომ მივუდგეთ ამ საკითხს, ხელოვნური ინტელექტი მოგებიანი იქნება, ადამიანების დრო თუ გამოთავისუფლდება, მათ მეტი საშუალება ექნებათ, განვითარდნენ, თავიანთი საყვარელი საქმით დაკავდნენ, დედამიწას მოუარონ, გადაჭრან პრობლემები და ასე შემდეგ. მაგრამ ამის მაგივრად ვხედავთ, რომ, რადგან ესა და ეს პროფესიები საჭირო არ იქნება და იქ ადამიანებს ხელოვნური ინტელექტი შეცვლის, ეს ადამიანები აღარავის დასჭირდება. აბსურდია ასეთი მიდგომა და იმავდროულად, მეტყველებს იმაზე, რომ, ვინც ასე უდგება საკითხს, მათი ტვინი ძალიან შეზღუდულია, როგორც მათ მიერ გაღმერთებული ცრუ-კერპი. ისინი ჰგვანან იმ სულს, რომელსაც შეიმეცნებენ, როგორც გოეთე ამბობს. ის ინტელექტი, რომელზეც ესენი საუბრობენ, ანუ ხელოვნური ინტელექტი, არის ადამიანის საერთო მოცემულობის ერთი ნაწილის მექანიზმის მექანიკური გადმოღება. თვითონვე შეჰყავთ მონაცემები, ძალიან მაღალი დონის ტექნოლოგიაა. მაგრამ ტექნოლოგია ყოველთვის არსებობს ადამიანთან მიმართებაში და ყოველთვის უნდა განვიხილოთ: საშიში ხომ არ არის ესა თუ ის ტექნოლოგია ზნეობრივი ან, თუნდაც, ეგზისტენციური თვალსაზრისით და არა ტექნოლოგია ტექნოლოგიისთვის. მანქანა კონტროლიდან ვერ გავა. შეიძლება, ტანკი დაიქოქოს თავისით, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხეა, რომ ეს ტექნოლოგია ადამიანებმა გამოიყენონ ტოტალური კონტროლისთვის. თვითონ მანქანა ადამიანის გარეშე კონტროლიდან ვერ გავა და ვერც იმ დონეს მიაღწევს ტექნოლოგია, რომ მანქანა გახდეს ისეთივე პერპენტუუმ მობილე, როგორიც, მაგალითად, ადამიანია.

– შესაბამისად, ის ინფორმაცია, რომ პროგრამამ შექმნა თავისი ენა და დაუკავშირდა სხვა პროგრამას ადამიანის გარეშე, ამიტომ ეს ორივე გამორთეს, არ არის სიმართლე?

– არა.

– თუ ისაა დაზღვევა, რომ ადამიანს შეუძლია, მანქანა გამორთოს?

– ჯერ ერთი, შეუძლია, გამორთოს. მთელი ეს ხელოვნური ინტელექტი ელექტროენერგიით იკვებება და ის შეიძლება, ნებისმიერ დროს გამორთო. ენერგიის სხვა წყარო მექანიზმებს, რომლებსაც ჩვენ ვქმნით, არ აქვს. ანუ ჩვენ ვაკონტროლებთ მათი ენერგიის წყაროს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა