პოლიტიკა

მოხერხებულები

№37

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 19.09, 2023 წელი

ჩინეთის დიდი კედელი
დაკოპირებულია

ანუ ბრიყვზე ბრიყვი არ დაილევაო

მაშინ, როდესაც, სახელდობრ, ჩვენ (და არც თუ უსაფუძვლოდ) ვდარდობთ ხოლმე (უფრო ხშირად – ვილანძღებით) ჩვენივე ისტორიული ძეგლების დაზიანებას როგორც მოუვლელობის, ისე უხეიროდ განახლების გამო და ბაგრატის ტაძრის იავარქმნა დღემდე რჩება გაუთავებელი დაპირისპირების საგნად, აღმოჩნდა, რომ ამ დედამიწაზე, ამ მიდრეკილებით, მარტონი არ ვართ.

გავრცელებული ინფორმაციით, ორმა მუშამ, არც მეტი, არც ნაკლები, ჩინეთის დიდი კედელი დააზიანა (აი, ის კოსმოსიდანაც რომ ჩანსო).

რაც მთავარია, მუშების თვითმიზანი, სულაც, არ ყოფილა ბოროტული, პირიქით, მეტად პრაქტიკული იყო, მე დავძენდი, რაციონალურიც (თუმცა, დღევანდელი კვერცხის პრინციპიდან გამომდინარე).

კერძოდ, ცენტრალური შაანსის პროვინციაში მუშებმა მხოლოდ იმ მიზნით, რომ სამუშაოებამდე მანძილი შეემცირებინათ, ახალი გზა გაიყვანეს (რა თქმა უნდა, ექსკავატორით), რომელიც ჩინეთის დიდ კედელზე გადიოდა, ამიტომაც, უბრალოდ, გზა გაიკვალეს, ესე იგი, ჩინეთის დიდი კედელი გაჭრეს.

ჩემთვის უცნობია, იცოდნენ თუ არა მათ, 55 წლის ქალმა და 38 წლის მამაკაცმა, რომ ჩინეთის დიდი კედელი არა მხოლოდ დაცული ტერიტორიაა, არამედ „იუნესკოს“ მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული და ისიც, რა სასჯელი ელით ამის გამო, მაგრამ ფაქტია, შესაძლოა, ისტორიას ისევე შემორჩნენ, როგორც არტემიდას ტაძრის გადამწვავი.

მეორე მხრივ კი, როგორც ჩანს, ამ სამყაროში არა მხოლოდ მჯობნზე მჯობნი, არამედ ბრიყვზე ბრიყვიც არ დაილევა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა